„რატომ უნდა ვიყოთ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყით, როდესაც საკუთარ ქვეყანას ვემსახურებით?“ - გზაპრესი

„რატომ უნდა ვიყოთ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყით, როდესაც საკუთარ ქვეყანას ვემსახურებით?“

„მე, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის წევრი, მოქალაქეებს ყოველდღიურად, უსასყიდლოდ ვუწევ იურიდიულ მომსახურებას. ამ მოქალაქეებს არა აქვთ შესაძლებლობა და ძალა, სახელმწიფო სტრუქტურებს დაუპირისპირდნენ. რამდენი მოქალაქისათვის იმედი დაგვიბრუნებია მაინტერესებს, რატომ უნდა ვიყოთ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყით, როდესაც საკუთარ ქვეყანას ვემსახურებით? საჭიროების შემთხვევაში პროფესიით გაცილებით მეტ შემოსავალს მივიღებდით, მაგრამ მერე რა ბედი ელის იმ ათობით ათას მოქალაქეს, რომლებიც დახმარების გარეშე დარჩებიან? ხალხზე არავინ ფიქრობს. ზოგისთვის მთავარია, რომ კრიტიკულ ხმას აღარ გაიგონებს ბიძინას ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება. გამჭვირვალობას არ სჭირდება იარლიყი. ეს თვალთმაქცობაა, ეს კანონი ეხება ყველას!“ - ამბობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე.

- 2007 წლიდან ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს უფასო იურიდიულ მომსახურებას ვუწევთ. არაერთ საქმეს ვაწარმოებდით. სხვადასხვა საქმეში ვიცავდით საქართველოს იმ მოქალაქეების ინტერესებს, რომლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა და ძალა დაუპირისპირდნენ სახელმწიფო სტრუქტურებს. რამდენი მოქალაქისათვის იმედი დაგვიბრუნებია. ადამიანის უფლებათა ცენტრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ვიცავთ არასრულწლოვანთა, შშმ პირთა, პატიმრების, სამედიცინო მომსახურების მიღებისას დაზარალებულ პირთა, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირების, ასევე ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრებ პირთა უფლებებს, დევნილი, სოციალურად დაუცველი, ხანდაზმული და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს. ჩვენი ცენტრი ყოველწლიურად 5000 მოქალაქეს უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს. 144 მოქალაქის ინტერესებს წარმოვადგენთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ჰოდა, მე მაინტერესებს, რატომ უნდა ვიყოთ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყით, როდესაც საკუთარ ქვეყანას ვემსახურებით?

კანონის მიღების შემთხვევაში მოგვიწევს შევწყვიტოთ საქმიანობა და ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალურად დაუცველებს, ხანდაზმულებს, არასრულწლოვანებს არ შეეხებათ ეს კანონი? ჩვენგან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ვერ მიიღებენ სხვადასხვა სერვისს, რითაც აქამდე სარგებლობდნენ.

- ხელისუფლების რეალური მოტივაცია რა არის ამ ნაბიჯის გადადგმისას და რა შედეგებს გამოიწვევს ევროინტეგრაციის გზაზე?

- კანონის პროექტი უცხო ძალად მიიჩნევს სტრატეგიულ პარტნიორებს; ნებისმიერ დროს აძლევს იუსტიციის სამინისტროს ინსპექტირების უფლებას, მათ შორის ანონიმური შეტყობინების საფუძველზე. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიზანია არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიისათვის უარყოფითი იმიჯის შექმნა, მათ მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტება. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტზე მუშაობის დროს არ ყოფილა ჩართული არც ერთი იმ ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენელი, ვისაც ეს კანონი ეხება. „ქართული ოცნების“ კანონპროექტის მიზანია გააქროს, დააკნინოს თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების წინ. შესაბამისად, არავინ იქნება, ვინც შეძლებს და უსამართლობაზე ხმას ამოიღებს. როდესაც ვამბობთ, რომ რუსული კანონია, მხოლოდ შინაარსობრივ მხარეს კი არა, შედეგებსაც ვგულისხმობთ. კანონის მიღების შემთხვევაში სწორედ იმ შედეგებს მივიღებთ, რაც რუსეთშია. კანონის მიზნად გამჭვირვალობის დასახელება ხალხის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ადამიანის უფლებათა ცენტრის ყველა პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზე, მიმდინარეც და დასრულებულიც, მიზნებიც და გამოყოფილი თანხაც. ასევე, ცენტრის ფინანსური ანგარიშიც ყოველწლიურად საჯაროდ ქვეყნდება.

და ამ ფონზე ვიცით, რაში იხარჯება ქართველი ხალხის ფული? არ გაინტერესებთ სად მიდის ჩვენი გადახდილი თანხა? იმისთვის ვმუშაობთ და ვიხდით გადასახადებს, რომ კონკრეტულმა პირებმა ვილები აიშენონ, თუნდაც ხელფასები გაიზარდონ და დანამატი ხელფასის ოდენობაზე მეტი გამოიწერონ ყოველთვიურად? და ამ რეალობის ფონზე, რამდენი ადამიანი გვყავს სიღარიბის ზღვარს მიღმა ეს კანონი გამჭვირვალობას კი არ ემსახურება სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლაა, სადაც აუცილებლად დამარცხდებიან.

centri-copy-1714373582.jpg

- საპროტესტო აქციებს როგორ აფასებთ და კიდევ როგორ უნდა დაუპირისპირდეს ოპოზიცია, მთელი საზოგადოება ამ პროცესს?

- რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ვფიქრობ, ხალხს სწორი რეაქცია აქვს დღევანდელ რეალობაზე. მშვიდობიანი და მიზანმიმართული პროტესტი ხელისუფლებას ხალხის ძალას დაანახვებს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მხრიდან დღევანდელი ვითარების სწორ შეფასებას ვერ ვხედავთ. მათი წარმომადგენლები ხან რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ითვლიან, ხანაც შეკრებილ ახალგაზრდობას ლანძღავენ. იგივე სურათი იყო ლაზარეს დაკავებისას, როდესაც სრულად არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, დამნაშავედ გამოაცხადეს დაკავებისთანავე და უფრო მეტიც, მისი გარეგნობით, ჩაცმის სტილით დაკავებულის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.

ქართველმა ხალხმა კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ, რომ ვირჩევთ ევროპულ მომავალს. ევროპული განვითარება ჩვენი და ჩვენი წინაპრების არჩევანია. საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია. ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ საქართველოს გარუსება, ჩვენი ქვეყნის გამოყენება იმისათვის, რომ ზოგიერთებმა სანქციებს თავი აარიდონ, „შავი ფულის სამალავი“ გავხდეთ.

გიორგი მეფარიძე