"შუშანიკის წამების" რეტროსპექტული გამოცემა პარიზის წიგნის ფესტივალზე - გზაპრესი

"შუშანიკის წამების" რეტროსპექტული გამოცემა პარიზის წიგნის ფესტივალზე

ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი. ის ასევე გაიხსენებს ოთარ ეგაძეს, რომელსაც უკავშირდება 40 წლის წინ იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამების" გამოცემა, ეს წიგნი ახლა ფოლიანტია და იშვიათ გამოცემად ითვლება.

- პარიზში წარდგენილი "შუშანიკის წამება" 40 წლის წინ დაბეჭდილი წიგნის რეტროსპექტული გამოცემაა. დიზაინი იგივეა, ფორმატშია განსხვავება - მოცულობა დააპატარავეს და წიგნი უფრო მოქნილი გახდა. რეტროსპექტულ გამოცემას ზომას იშვიათად უცვლიან, მაგრამ ამ შემთხვევაში წიგნმა მისცა ამის საშუალება. "შუშანიკის წამების" ამ გამოცემის ხელახალი დაბეჭდვის იდეა ეკუთვნის მწერალთა სახლს და ქეთევან დუმბაძეს. წიგნის ფესტივალზე წარსადგენად გამოიცა სხვა წიგნებიც, რომელთა შორის აღნიშვნის ღირსია "ვეფხისტყაოსანი" ფრანგულ ენაზე, სერგი წულაძის ნათარგმნი. წიგნი გამოვიდა შეზღუდული ტირაჟით. ეს თარგმანი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ სერგი წულაძემ მიაწოდა პირველად ფრანგ მკითხველს "ვეფხისტყაოსნის" სრულყოფილი ტექსტი. წიგნი თავის დროზე (60-იან წლებში) გამოიცა საფრანგეთში გამომცემლობა "გალიმარის" მიერ და მან იყიდა საავტორო უფლებები. პარიზის ფესტივალისთვის მზადების წინა პერიოდში, ამ გამომცემლობასთან მიდიოდა მოლაპარაკება და შეთანხმდნენ იმაზე, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობა დაიბეჭდებოდა წიგნის ფესტივალზე პრეზენტაციისთვის. პარიზში ვნახე ეს წიგნი, რომელიც უკვე იშვიათობად ითვლება. ქართველ წიგნის მოყვარულებს შეუძლიათ თქვან, რომ საშოვნელი აქვთ "ვეფხისტყაოსანი" ფრანგულ ენაზე, რომელიც სულ რამდენიმე ათეული ცალი დაიბეჭდა. ჩემს კოლექციაში არის ის პირველი წიგნიც, სტაფილოსფერი ყდა აქვს, ძლივს ვიშოვე.

კიდევ ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც ასევე საფრანგეთს უკავშირდება. ბალმონტის მიერ რუსულად ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი" 1933 წელს გამოიცა პარიზში. მერე საბჭოთა კავშირში უნდოდათ მისი გამოცემა, მაგრამ გამომცემლობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოხდა ისე, რომ გამოიცა თბილისში 100 ცალი და ყველა დანომრილი იყო ("ზარია ვოსტოკა" ერქვა, სადაც დაიბეჭდა). ე.ი. ვერც წინა საუკუნის დასაწყისში და ვერც ახლა, ვერ მოხერხდა შეთანხმება ფრანგულ გამოცემასთან, რომ მასობრივი ტირაჟი გამოსულიყო. როგორც გავიგე, სერგი წულაძის წიგნის დაბეჭდვაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს კულტურის მინისტრს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ეს არის "წულუკიანის გამოცემა" - მე ასე ვეძახი.

- ვისაუბროთ 40 წლის წინ გამოცემულ "შუშანიკის წამებაზე", რომლის შემდგენელი და რედაქტორი ოთარ ეგაძე იყო. ისიც მითხარით, როგორ გაიცანით ბატონი ოთარი?

- ოთარ ეგაძეს დიდუბის პანთეონში შევხვდი. ვიცოდი, რომ ოთარი იყო, მაგრამ არ ვიცნობდი. ის იდგა ერთ საფლავთან, როცა სპეციალურად გვერდით გავუარე. გამაჩერა და მკითხა: ყმაწვილო, იცით, აქ ვინ არის დაკრძალულიო? - ნატო ვაჩნაძე-მეთქი. მან მითხრა, რომ ნატოს კარგად იცნობდა, რომ საფლავში მხოლოდ მისი მკლავია და სხვა... მერე სახლამდე გავაცილე, ფეხით ვიარეთ დიდუბიდან ვაკეში მის სახლამდე. მან შინ მიმიპატიჟა, მაგრამ თავაზიანი უარი ვუთხარი. მთხოვა, მეორე დღეს მივსულიყავი. მივედი და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ბატონმა ოთარმა სახლში მაჩვენა თავისი გამოცემული წიგნები, რომელთა შორის იყო "შუშანიკის წამება". ვკითხე: როგორ მოახერხეთ ამის დაბეჭდვა-მეთქი? მართლაც იყო პრობლემები ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების დაბეჭდვასთან დაკავშირებითო, მითხრა, და მიამბო, რა უძღოდა ამას წინ. მანამდე გამოსცა ერთ წიგნად, ბრეჟნევისა და ლენინის თითო ნაწარმოები, რომლებსაც ერთი და იგივე სათაური ჰქონდათ. ამაში მიიღო კომკავშირის პრემია, ამიტომ უკვე კარგი სახელი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბევრი ნაცნობი ჰყავდა. სხვათა შორის, ის წიგნი აქვს ეროვნულ ბიბლიოთეკას. ერთხელაც, დღევანდელ პრეზიდენტის სასახლეში, სადაც განთავსებული იყო "ოვირის" განყოფილება (შსს-ს ეკუთვნოდა), ბატონი ოთარი ესწრებოდა რაღაც სემინარს და იქ სიტყვით უნდა გამოსულიყო. ტრიბუნაზე გასვლამდე მოუფიქრებია სათქმელი და "გაურტყია" კიდეც. მან თქვა: გამომცემლობა "ხელოვნებას" მზადა აქვს "შუშანიკის წამება" შვიდ ენაზე და ჩვენ გვინდა, რომ გამოვცეთო. ამ დროს, არაფერი არაა მომზადებული. იქ იყვნენ სტუმრები რუსეთიდან, ცეკას წარმომადგენლები იდეოლოგიის დარგში და სხვა სერიოზული ხალხი. ტაშის გრიალში ჰკითხეს, რა არის საჭიროო? და მასაც ჩამოუთვლია: ტყავი, ბეწვი, ძვირფასი ლითონები... ამის მერე, დაუკავშირდა საუკეთესო მხატვრებს - მირზაშვილი, სლავინსკი, მალაზონია და სხვები (შვიდმა მხატვარმა გააფორმა წიგნი), კალიგრაფია ეკუთვნის გიორგი ნადირაძეს. მოუწვევია მთარგმნელებიც და ასე მოგვარდა საქმე. ნაწარმოები დაიბეჭდა შემდეგ ენებზე: ძველი ქართული, თანამედროვე ქართული, რუსული, ლათინური, ინგლისური, ფრანგული, ესპანური, გერმანული. მერე ყდა შეუკვეთეს, სადაც ჯვარი იყო გამოსახული. ჯვარი დაიწუნეს და სამი ვერსია შეუთავაზებია: მთლიანად ჭედურობით გაფორმებული, ჩვეულებრივ ლიდერინის ყდაში და მესამე - ნახევრად ჭედური და ნახევრად ბეწვისა. სპეციალურად ხბოს ბეწვი შევარჩიეთო. ეს ამბები მომიყვა და წიგნი 1983 წელს დაიბეჭდაო. მახსოვს, ეგ წიგნი მაღაზიებში კარგა ხანს იყიდებოდა, 80 მანეთი ღირდა, რაც მაშინ დიდი ფული იყო. თუმცა, მაინც გაიყიდა. მაშინდელი 80 მანეთი, დაახლოებით ახლანდელი 1.200 ლარის ტოლფასია.

კიდევ ერთი გამორჩეული წიგნი ვნახე ოთარ ეგაძის ოჯახში. მას ჰქონდა მიხეილ ვადბოლსკის აკრძალული წიგნი "ქართული ჰერალდიკური სიმბოლიკა". ამაზეც მესაუბრა: მითხრა, როგორ დაიბარა ჟიული შარტავამ (ცეკას მდივანი იდეოლოგიის დარგში), რომელსაც დაენანა მთელი ტირაჟის განადგურება და გადაწყვიტა, რომ ფურცლები ამოეხიათ. შარტავას დავალებით მოვიდა რამდენიმე ადამიანი, უკვე შეფუთული წიგნები გახსნეს და ის გვერდები ამოხიეს, სადაც თავადების გვარები იყო ჩამოწერილიო. ამ წიგნის სრული ვერსია - ერთი ცალი, სახლში მაქვს. მეორე - ბიბლიოთეკასაც ვუშოვე და ისიც სრული სახით. წიგნი მომცა ტინიანოვის ცოლმა, ეს კაცი შევარდნაძის დროს ცეკაში პარტიულ თანამდებობას იკავებდა.

chvens-stendtan-copy-1714374546.jpg

- როგორც ჩანს, ბატონი ოთარი ძალზე საინტერესო ამბებს ჰყვებოდა...

- ფანტასტიკურს! იმდენად არაჩვეულებრივი მოსაუბრე იყო, ვთქვათ, დილით რომ მისულიყავი მასთან სტუმრად, დაღამებამდე ისე გაატარებდი დროს საუბარში, რომ ვერც მიხვდებოდი. ერთი ამბავი მისი გასვენების დღეს მოვისმინე. საერთოდ, ბატონ ოთარს ჩვევად ჰქონდა, რომ ყოველთვის დანის პირზე უნდა გაევლო, ვაჟკაცი პიროვნება იყო. როცა "საბჭოთა ხელოვნების" რედაქტორად მუშაობდა, ეს ბრწყინვალე ჟურნალი ცარცის ქაღალდზე გამოდიოდა. ერთხელ ლენინის პორტრეტი ისე უცნაურად დაახატვინა და დაბეჭდა, რომ არ მოეწონათ და ჟურნალის გამოცემა გააჩერეს. ოთარს ბევრი მეგობარი ჰყავდა ცეკაში და გამომცემლობა "ხელოვნების" დირექტორად დანიშნეს. აქ დააწყებინეს მუშაობა შევარდნაძის ქალიშვილს, რომელსაც თურმე სიგარეტის მოწევა ჰყვარებია და ყოველთვის დერეფანში ეწეოდა. ქალბატონ მანანას ერთი-ორჯერ შენიშვნა მისცეს - სიგარეტის მოწევა არ შეიძლებაო, ერთხელ საყვედურიც გამოუცხადეს, მაგრამ ყურად არ იღო... ბატონ ოთარს პენსიის ასაკმა მოუწია, ერთ დღესაც დაიბარეს და უთხრეს, რომ თავად უნდა დაეწერა წასვლაზე განცხადება. 2 დღე დამაცადეთო, უთქვამს და სამსახურში მეორე დღესვე დაუწერია ბრძანება მანანა შევარდნაძის განთავისუფლების შესახებ, მართლაც გაათავისუფლეს. ედუარდ შევარდნაძემ ცეკაში დარეკა: ოთარ ეგაძეს თავი დაანებეთ, არ მოხსნათო. ასე შეინარჩუნა თანამდებობა კიდევ 2 წლის მანძილზე. მერე კი წამოსულა. მაგარი კაცი იყო.

- პარიზის წიგნის ფესტივალიდან რას გაიხსენებთ, დამთვალიერებელს რა შეკითხვა ებადებოდა ჩვენი სტენდის ნახვისას?

- საინტერესო გამოფენა მოეწყო, ჯერ სტენდი იყო ძალიან ორიგინალური, მხედრულად ეწერა "საქართველო", აი, სკოლაში ხაზებიან რვეულში რომ ვწერდით - იმგვარად. მე ვფიქრობ, რომ ბავშვებმა უნდა იცოდნენ ქართული დამწერლობის ნუსხური და ასომთავრული სახეობებიც. ხშირად უნდა გამოიყენებოდეს ასომთავრული ასოები, თუნდაც წიგნის გაფორმებაში. ქართულ შრიფტს შეჩვეულები ვართ და სასიხარულოა, როცა ძალიან მოსწონთ სხვებსაც. წიგნის ფესტივალზე უფრო ხშირად ჩვენს სტენდთან შრიფტის გამო შემოდიოდნენ. შეხედავდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რა ქვეყანაა. რომ ვეუბნებოდით "საქართველო", ბევრმა არც იცოდა მისი არსებობა. ზოგს გაგებული ჰქონდა საქართველო, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ჩვენი შრიფტი გვქონდა. ეგონათ, რომ ლათინურად ვწერდით. ზოგიერთი ძალიან გაკვირვებული იყო: არაბულ შრიფტს ჰგავს და თქვენ მართლმადიდებლები ხართო? ასეთებიც იყვნენ და როცა მათ ვუხსნიდით ვინ ვართ, მერე ის უკვირდათ, ამდენი წლის ისტორია გქონიათო. სხვათა შორის, ბევრმა ფრანგმაც არ იცოდა არაფერი საქართველოს შესახებ. ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ფლიგელში ფოიეს იატაკის მოზაიკა ტაო-კლარჯეთში მდებარე იშხნის ტაძრის იატაკის ფრაგმენტების მიხედვითაა შესრულებული. ახლა კიდევ ერთგან გავაკეთეთ ბაგრატის ტაძრის იატაკის იდენტური, გარშემო ასომთავრული და ნუსხური ასოებით.

ნანული ზოტიკიშვილი