ქართველი დიზაინერები თურქული "ოქროს ოსკარით" დაჯილდოვდნენ
სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებები მოიპოვეს. გიორგი, იგივე "იაგაში" 20 წელია უკვე სტამბოლში ცხოვრობს. ხუთი წელია მასთან ერთადაა თორნიკე ძავაშვილიც...
გიორგი ბაღათურია:
- სტამბოლში ჩატარდა „ALTIN ORKIDE“ ანუ ოქროს ორქიდეა, ხელოვნების ფესტივალი, სადაც მოვიპოვეთ ჯილდო როგორც "საუკეთესო ჰოტ კუტურ დიზაინერებმა", Haute Cuture... ასევე ვიზუალისა და შემოსვის გამო საღამოს სიმპათიებადაც დაგვასახელეს... ფესტივალზე მოწვეული იყვნენ ბიზნესმენები, მსახიობები, მომღერლები, მთელი თურქეთის მასშტაბით წარმატებული ადამიანები... გულწრფელად გითხრათ, ფესტივალზე დაჯილდოებას არ ველოდით. ფოტოები მოგვთხოვეს, რაღაც გასაუბრება იყო და უცებ გამოაცხადეს, წარმატებული დიზაინერები თიჯეი, იაგაში...
მოულოდნელობისგან გავოგნდით, ეს ძალიან დიდი სიხარული იყო... ჩანაწერიც არსებობს, სადაც ამბობენ, ყველაზე საუკეთესო პერსონაჟებს, ჰოლივუდის წარმომადგენლებს ჰგავდითო, რაც ჩვენთვის საუკეთესო კომპლიმენტი გახლდათ და მოტივაცია ახალი კოლექციის შესაქმნელად...
შემდეგ კიდევ მიგვიწვიეს კონკურსზე, რომლის სახელწოდებაც არის GOLD MEDIA AWARDS, ანუ ოქროს ოსკარი... იქაც ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი იყო მიწვეული, მათ შორის ტელევიზიის წამყვანები, პროდიუსერები, რესტორნების მფლობელები... იქ ჩვენი დაჯილდოება აღარ ყოფილა მოულოდნელი, რადგან წინა კონკურსზე გარკვეული სიმპათიები უკვე გვქონდა მოპოვებული... აქაც ჩაცმულობითა და გარეგნობით გამორჩეულებად შეგვაფასეს და დაგვაჯილდოეს. ასევე მოვიკითხავ და თქვენი ჟურნალის მეშვეობით წარმატება მინდა მივულოცო ჩვენს ქართველ მეგობარ ნანა სტამბოლიშვილს, რომელიც კონკურსზე LEGEND FASHION-ზე დააჯილდოეს, როგორც "წლის საუკეთესო საერთაშორისო ქალი მსახიობი". კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ ნანას თავის პროფესიაში. ყოველთვის მახარებს თითოეული ქართველის წარმატება უცხო ქვეყანაში...
- როგორც ვიცი, თავდაუზოგავი შრომით დიდი მიზნებისკენ მიიწევთ...
- დიახ, ნამდვილად თავდაუზოგავად ვშრომობთ, რადგან ვფიქრობ, რომ გაჩერებით ვერაფერს მიაღწევ. არასდროს არ უნდა იყო კმაყოფილი საკუთარი თავით, თორემ ვერ განვითარდები... ახლა კოლექციაზე ვმუშაობთ და ვაპირებთ პარიზის, ნიუ-იორკის მოდის კვირეულებზე წარდგენას, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს ზუსტად სად და როდის წარვადგენთ. ეს იქნება გრანდიოზული ჩვენება, რაც კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ჩვენს ფირმას. ასევე მიწვეული ვართ საქართველოს მოდის კვირეულზე, რომელსაც თინათინ მაღალაშვილი ატარებს. ვფიქრობთ, მაგრამ დაზუსტებით არ გვაქვს გადაწყვეტილი, წარვადგენთ თუ არა ჩვენს კოლექციას ამ კვირეულზე, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ვიდრე მსოფლიო გაგვიცნობს, ჯერ სამშობლოში უნდა გვიცნობდნენ... თურქეთში რაც გასაკეთებელი იყო, მაქსიმალური გავაკეთეთ. ამაზე მეტს თურქეთი ვეღარ მოგვცემს და ამიტომაც ვაპირებთ ჩვენი საქმე ევროპაში ან ამერიკაში გავაგრძელოთ. ალბათ დიდი გამართლება იქნება, თუ ამერიკაში შევძლებთ წარმატებულ საქმიანობას...
თორნიკე ძავაშვილი:
- ახლა თურქეთში კიდევ ერთ დაჯილდოებაზე ვართ მიწვეული, შემოთავაზება სხვა ქვეყნიდანაც გვაქვს... ეს ყველაფერი დიდ ძალას გვმატებს, ჩვენი საქმის გასაგრძელებლად.
მანანა გაბრიჭიძე