"ყველა ხელოვანი რეალურ ზღაპარში ცხოვრობს" - გზაპრესი

"ყველა ხელოვანი რეალურ ზღაპარში ცხოვრობს"

არაერთხელ გააცოცხლა და დავიწყებას გადაარჩინა. ჩემი რესპონდენტი პროზაიკოსი გიორგი აღნიაშვილი გახლავთ. საკუთარი საქმიანობის შესახებ უფრო მეტს, თავად გვიამბობს.

- ბატონო გიორგი, თქვენი ემოციის ფურცლებზე გადატანა რა ასაკიდან დაიწყეთ?

- წერა სკოლის პერიოდში დავიწყე. მართალია, ეს გულუბრყვილო მცდელობა იყო, მაგრამ ჩემთვის ძალზე სასიამოვნო.

- ვის აკითხებდით, თქვენი პირველი შემფასებელი ვინ იყო?

- როცა წერას ამ ასაკში იწყებ, ყოველთვის ცდილობ, ჩაკეტილ სისტემაში იყო, რადგან არსებობს მოლოდინი, შენი ნაფიქრი შეიძლება არაადეკვატურად გაიგონ. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემი ნამუშევრების ნაწილი გადამიკეთებია კიდეც, იმის მიხედვით, როგორ მეცვლებოდა შეხედულება. 2000-იანი წლიდან ჟურნალებში დაიწყო ჩემი ნამუშევრების დაბეჭდვა, შემდეგ ჩემი პირველი წიგნიც გამოვიდა, მქონდა თარგმანები.

დღეს სოციალურ ქსელში ბევრი ლიტერატურული გვერდია, იქ ვაქვეყნებ ნაწერებს. სულ მაინტერესებს, რა კატეგორიის ხალხი კითხულობს და ვინ აფასებს ამ ნამუშევრებს. არის მეორე მომენტიც: შენი ფიქრები, შენი განცდები, მსოფლმხედველობა რამდენად სწორად მიგაქვს მკითხველამდე და რამდენად სწორად აღქმის შესაძლებლობას აძლევ მას. რომანი არასდროს დამიწერია, ნოველებს და მოთხრობებს ვწერ. ეს მიმართულება ე.წ. ბალასტს ვერ იტანს. იქ ყველაფერი "გაწურული" უნდა იყოს. ეს კი პროზაიკოსს საშუალებას გაძლევს, მკითხველამდე ყველაფერი ზუსტად ისე მიიტანო, რისი თქმაც გინდოდა.

- მკითხველთა შეფასებებიდან რა გახსოვთ გამორჩეულად?

- მე უფრო ის მაინტერესებს, მკითხველს რა ამახსოვრდება ჩემი ნაწერებიდან, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც უშუალო ურთიერთობისას მკითხველები ნაწარმოების შეფასებას აკეთებენ, ყველაზე მეტად იმით ვინტერესდები, რა დარჩა ნაწარმოებისგან მას, როგორც მკითხველს. ბევრს ციტატა უთქვამს, ბევრს აღუნიშნავს, რომ კონკრეტული ნაწარმოები მას გულზე ძალიან მოხვდა.

- პროზა თუ პოეზია, სად უფრო კარგად ამბობთ თქვენს სათქმელს?

- პროზაიკოსი უფრო ვარ. პროზა უფრო მეტ საშუალებას იძლევა იმისთვის, რომ შენი სათქმელი სწორად გადმოსცე. პოეზია უფრო ემოციურია.

- და მეტად პრეტენზიულიც, არა?

- რა თქმა უნდა. პროზაში შეგიძლია დააკონკრეტო, მეტად განავრცო რისი თქმა გინდა.

- პროფესიით ვინ ხართ?

- მშენებელ-ინჟინერი ვარ, სამშენებლო ქიმიის სპეციალისტი. დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარი ვიყავი, მერე სხვა მიმართულებით წავედი. დღეს ძირითადად სოფლის მეურნეობით ვარ დაკავებული, ამ ეტაპზე ესაა ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო.

- ყველაზე ხშირად რა გიქმნით წერის განწყობას?

- ყველა ხელოვანი რეალურ ზღაპარში ცხოვრობს, რომლის დანახვაც და ხელით შეხებაც ყველას შეუძლია, მაგრამ მისი აღქმა მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ. როდესაც რაღაცას ქმნი, არსაიდან მოტანილს ვერ დაწერ, ეს რაღაცამ უნდა გიკარნახოს, შენმა სულიერმა მდგომარეობამ, გარემომ, ფაქტმა, რომელიც შენ გარშემო მოხდა...

- ადამიანმა...

- ესეც ძალიან ხშირად ხდება, ზოგიერთი პირდაპირ თემას გაწვდის, სტიმულს გაძლევს, სხვაგვარად გაფიქრებს.

- თქვენ ლეგენდების შემგროვებელს გიწოდებენ, ამის შესახებ რას გვეტყვით?

- დიახ, ლეგენდებს ვიწერ და ვაქვეყნებ. იმ ლეგენდებს, რომლებიც ხალხშია მიმოფანტული. ერთსა და იმავე ლეგენდას რამდენიმე სხვადასხვა მიმართულება შეიძლება ჰქონდეს. იქიდან მთავარ დედააზრს ვიღებ და ისე ვაწვდი მკითხველს. ლეგენდები წლების განმავლობაში ვაგროვე. მინდოდა გამომცემლებთან მეთანამშრომლა, მაგრამ მითხრეს, მოთხოვნა ნაკლებიაო. მკითხველს თუ არ შესთავაზე, ბუნებრივია, ნაკლები მოთხოვნა იქნება.

- ლეგენდებს ვისგან იწერთ, ისმენთ?

- მწყემსებისგან, ასაკოვანი ადამიანებისგან... 80-90 წლის ხალხი საოცარ ამბებს ჰყვება ხოლმე.

- შეგიძლიათ ერთი ლეგენდა გაიხსენოთ?

- ლეკების შემოსევისას ყვარლის ციხე ალყაში მოაქციეს. არავითარი საშველი აღარ იყო, უამრავი ხალხი იხოცებოდა, მაგრამ ციხეს ლეკები ვერ იღებდნენ. თურმე იქ მყოფმა დედამ, რომელსაც ქმარ-შვილი ბრძოლებში ჰყავდა დაღუპული, ყვარლის ციხის კარიბჭე საკუთარი მანდილით შეკრა. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მეფის ჯარი მივიდა და ციხე ლეკებისგან იხსნა, დიდი სასწაულის შემსწრენიც აღმოჩნდნენ. კარიბჭე, რომელსაც მტერი ვერ იღებდა, საკიდებიდან ამოვარდნილი იყო. ის დირე, რომელიც კარებს კეტავდა, გატეხილიყო. კარიბჭე მხოლოდ დედის მანდილს ეკავა. ძალიან ბევრი ასეთი თქმულებაა შემორჩენილი და არ მინდა დაიკარგოს.

- მთხრობელთაგან თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება რომელმა მოახდინა?

- ერთ კაცს სრულიად შემთხვევით შევხვდი, 90 წელს გადაცილებული იყო, სამწუხაროდ მისი გვარიც არ ვიცი, უკვე გარდაცვლილია, გომბორის გზიდან შემაღლებულ ადგილზე ციხე მოჩანს, რომელსაც ზოგიერთი ირმის ციხეს ეძახის, ზოგიერთი - შვლისას. ამ ადამიანმა მიამბო ირმის ციხის ლეგენდა.

სპარსთა ლაშქარი შემოსეოდა კახეთს, ერი უკვე ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგა. მომხდური ჩვენს ტაძრებს ანადგურებდა, ტყვეთა ბაზრისკენ ერეკებოდა ქართველობას. მოსახლეობის ნაწილი გომბორის ტყეს შეხიზვნია, იქ დიდხანს მშიერ-მწყურვალები ყოფილან, მკერდგამშრალი დედები ვეღარ კვებავდნენ თავიანთ პირმშოებს. ქალებს და ბავშვებს მამაკაცთა მცირე რაზმი იცავდა, მომხდურები კი დაეძებდნენ საკბილოს, ტყვედ წასაყვანს უსიერ ტყეებში. ერთ ღამეს მღვიმეში შეყუჟული ხალხი ტოტების მტვრევის ხმას გამოუფხიზლებია. ბანაკის მცველებს ხმლები უშიშვლიათ, მაგრამ მტრის ნაცვლად მათ წინ უზარმაზარი ქორბუდა ირემი მდგარა, მის უკან - ფურ-ირემთა დიდი ჯოგი. იმ ირმებს ბავშვები გამოუკვებავთ, ქალებს ფურები მოუწველიათ. შემდეგ ფურები იმ ადგილს გარიდებიან, მხოლოდ ხარირემი დარჩენილა და უნიშნებია, რომ გაჰყოლოდნენ. მთვარის შუქზე გაჰყოლიან ადამიანები ირემს, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, მთის კლდოვან ზედაპირზე, რამდენიმე დიდი მღვიმე შეუმჩნევიათ. იქვე კლდის ნაპრალებიდან თურმე ანკარა წყარო მოჩუხჩუხებდა, გარშემო ერთი ზომის ქვები ყოფილა მიმოფანტული. ადამიანებს ციხე-სიმაგრის აშენება დაუწყიათ და ეს ციხე მიუდგომელ ციხესიმაგრედ უქცევიათ. როგორც ამბობენ, მათთან ახლოს მდებარე უჯარმის ციხეში შეუტყვიათ ამ ადამიანების შესახებ, ზოგიერთი იქაც შეუფარებიათ. იმასაც ამბობენ, ვიდრე ქართველებს ძნელბედობის ჟამი ედგათ, ფურ-ირმები აკითხავდნენ და მაცოცხლებელი რძით ამარაგებდნენო.

ეს ამბავი მოვისმინე 90 წელს გადაცილებული კაცისგან, მას მონათხრობი პაპისგან ახსოვდა.

ყვარლის რაიონში მსგავსი ამბები გადმოცემით თუ ვინმემ იცის და წავაწყდები, ყველა ლეგენდას ვაგროვებ, მკითხველს სოციალური ქსელების საშუალებით მაინც რომ მივაწოდო. დაინტერესება დიდია, ბევრს მოსწონს, კომპლიმენტებსაც კი ვიმსახურებ, ეს ლეგენდები არ უნდა დაიკარგოს.

- თქვენი პროზაული ნაწარმოებების უმეტესობა რეალური ამბიდანაა ნაკარნახევი?

- დიახ, ზოგიერთი ამბების კრებითობაა. ასეთი ამბებისგან მაქვს შექმნილი "ბედნიერების ლომბარდი", მასში ჩემი პირადი ამბებიცაა შესული. როდესაც ეს ნაწარმოები პირველად დაიბეჭდა, ბევრს მოეწონა და მაღალი დონის ლიტერატორებმა კარგი შეფასება მისცეს.

- ერთ-ერთ ლექსში საკუთარ თავს "ჭიქა ღვინის მიჯნურს" უწოდებთ. ეს "გამიჯნურების" ამბავი რა გავლენას ახდენს წერის პროცესზე?

- (იცინის) ღვინო, როგორც სასმელი, არ არის ნაგულისხმევი. ეს ის სამყაროა, სადაც თავისუფლდები ყველანაირი რუტინისგან და ყოველდღიური დავიდარაბისგან, რჩები საკუთარ თავთან, იმ განცდებთან, ემოციასთან რაც შენ გახარებს და გაბედნიერებს. ჩემთვის ღვინო ეს არის და არა თრობის საშუალება.

- რა არის შემოქმედისთვის მთავარი?

- ლიტერატურული კრიტიკა უნდა არსებობდეს. ბევრი ისეთი ნაწარმოები წამოვიდა, რომელიც უბრალოდ არ უნდა გამოქვეყნდეს.

- მაგალითად?

- ლიტერატურაში ბილწსიტყვაობა ყოვლად დაუშვებელია. ერისთვის ლიტერატურა ერთ-ერთი სიწმინდე თუ არ არის, მის განვითარებას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება. პრობლემაა გამოცემის საკითხი. 7 ძალიან კარგი წიგნი მაქვს მზად გამოსაცემად, მაგრამ ფინანსურად არ მაქვს ამის შესაძლებლობა. ბიზნესმენების უმეტესობამ კარგად იცის, რომ ლიტერატურაში ფულის დაბანდება მომგებიანი არ არის.

- რამდენად ახდენს დღეს ლიტერატურა გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე?

- ნაკლებად ახდენს. ქართული ლიტერატურა თავისი პოტენციალით, იდეოლოგიით, მსოფლმხედველობით, არც ერთი ქვეყნის ლიტერატურას არ ჩამოუვარდება. საქართველოს დიდი საგანძური აქვს, მაგრამ თაობამ წიგნებთან ურთიერთობა დაკარგა. დღეს ყველაფერი სოციალურ ქსელებზეა მიმაგრებული.

- დაბოლოს, რას ეტყვით მკითხველს?

- რაც შეიძლება მეტი იკითხეთ ქართველი პროზაიკოსების ნაწარმოებები! ეს მწერლისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს უბიძგებს უფრო ღირებული ნაწარმოებების შექმნისკენ. ტელევიზიებს, ჟურნალ-გაზეთებს შეუძლიათ სერიოზული როლი ითამაშონ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში. მთავარი მონდომებაა, მედიას შეუძლია სასწაული მოახდინოს.

თამუნა კვინიკაძე