ამერიკული დახმარება უკრაინელებს და ქართველი მეომრები ფრონტის ხაზზე - გზაპრესი

ამერიკული დახმარება უკრაინელებს და ქართველი მეომრები ფრონტის ხაზზე

უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ინფორმაცია CNN-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. კანონპროექტის მიღებას 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი (210 დემოკრატი, 101 „რესპუბლიკელი“), წინააღმდეგ კი 112 წავიდა (ყველა „რესპუბლიკელი“). პენტაგონის სპიკერის, გენერალ პატრიკ რაიდერის თქმით, ამერიკა უკრაინაში 60-მდე სამხედრო მრჩევლის გაგზავნას გეგმავს. დამატებითი კონტინგენტი ხელს შეუწყობს ლოჯისტიკას და ზედამხედველობას შეიარაღებაზე, რომელსაც ამერიკა უკრაინაში გაგზავნის.

ამერიკელების ამ გადაწყვეტილებამ პოზიტიური მოლოდინები შექმნა უკრაინაში. „ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს მაშინ... მადლობელი ვართ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, მისი სპიკერისა და ორივე პარტიის წევრების, უკრაინის დახმარების დიდი ხნის ნანატრი კანონპროექტის მიღებისთვის. ყველამ, ვინც ეს გადაწყვეტილება რეალობად აქცია, სწორი არჩევანი გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა. ველით, რომ კანონპროექტი სწრაფად იქნება მიღებული სენატში, ხელი მოეწერება პრეზიდენტის მიერ და მას ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრები იგრძნობენ", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველები - ჯგუფ „შერეკილების“ მეთაური ავთო ქაჯაია და ლადო გამსახურდია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინიშნა კავკასიური კავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელად (მანამდე მხოლოდ „კავკასიურ ლეგიონს“ მეთაურობდა) - მოლოდინებსა და მებრძოლთა განწყობებზე გვესაუბრებიან.

ავთო ქაჯაია:

- ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს ამერიკელებმა, ამ ამბავმა ძალიან გაგვახარა, მეტი მოტივაცია მოგვცა. ჩვენ უმეტესად მსხვილკალიბრიანი იარაღი გვიჭირდა. სადაზვერვოს სამსახურის ცნობით, ამ თვის ბოლოს ან მაისის შუა რიცხვებისთვის, რუსები შეტევაზე გადმოსვლას აპირებენ. უკრაინა მზადებაშია. ამ წუთში მე უკრაინაში არ ვარ, მაგრამ რამდენიმე დღეში იქ ვიქნები და ჩვენ, „შერეკილები“, „კავკასიურ ლეგიონთან“ ერთად, მნიშვნელოვან ოპერაციებს განვახორციელებთ. ისე დაემთხვა, რომ ვიდრე თქვენ დამიკავშირდებოდით, რამდენიმე დღით ადრე ლადო გამსახურდიას ველაპარაკე. შევთანხმდით, რომ „შერეკილებს“ იერიშებზე გადასვლისას, საცეცხლე მხარდაჭერას „კავკასიური ლეგიონი“ გაგვიკეთებდა. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ ჩემს ზურგს უკან ქართველი ჯგუფი იქნება. ლადოს იმედით ყველგან შევალ.

ლადო გამსახურდია:

- „კავკასიური ლეგიონის“ საბრძოლო მოქმედებებს ახლა გიორგი კესარელი ხელმძღვანელობს. ჩვენ ერთმანეთთან განვიხილავთ ამ საქმეს და ყველაფერს კოორდინირებულად ვაკეთებთ. ავთოს მოუთმენლად ველით, სერიოზული გეგმები გვაქვს... „კავკასიურ ლეგიონს“ და „შერეკილებს“ ერთად ბრძოლის კარგი გამოცდილება გვაქვს. ამჯერადაც ასე ვაპირებთ, რამდენადაც მოგვეცემა შესაძლებლობა, ერთად დავგეგმავთ სამხედრო ოპერაციებს. გარდა იმისა, რომ ამერიკულ დახმარებას მივიღებთ, ცვლილებებია უკრაინულ არმიაშიც. გენერალი სირსკის ბრძანებით, მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, ყველა მიმართულებით გაძლიერდა თავდაცვა... ასე რომ, მოვიდნენ, დავხვდებით...

ავთო:

- გენერალი სირსკი როგორც კი დაინიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, მაშინვე ტაქტიკურად უკან დაიხია და შეიძლება ითქვას, ავდეევკას მიმართულებით მებრძოლ ბიჭებს სიცოცხლე შეუნარჩუნა. დღეს ეს გადარჩენილი ძალა მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს. რეფორმების შემდეგ შეივსო ბრიგადებიც, უკრაინული არმია 500 ათასამდე გაიზარდა. მოკლედ, გაძლიერებული და შევსებულები ველოდებით რუსულ შეტევას. დიდი ბრძოლები გველის, მაგრამ გამარჯვების იმედი გვაქვს.

- ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს შორის სერიოზული დაპირისპირებებია.

ლადო:

- რა გითხრათ, მგონია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბები - ქართველი მებრძოლების დაპირისპირების შესახებ პროპაგანდის შედეგია. პირადად მე არავისთან მაქვს დაპირისპირება, ჩვენ ყველა ერთ მხარეს, ერთი იდეისთვის, ერთი სამშობლოსთვის ვიბრძვით. ავთო დამემოწმება, რომ სიმართლეს ვამბობ. სხვათა შორის, ერთმანეთის მხარდამხარ ჯერ კიდევ მაშინ ვიბრძოდით, როდესაც არც „კავკასიური ლეგიონი“ იყო შექმნილი და არც „შერეკილები“. ქართველები იმთავითვე არ ვზოგავდით ერთმანეთისთვის თავს. მახსოვს პირველი შეტევა დონეცკის მიმართულებით - რამდენიმე ათეული ქართველი დავიჭერით, ასევე რამდენიმე ათეული მოგვეწამლა... ერთმანეთი გასაჭირში არც მაშინ მიგვიტოვებია და არც ახლა ვტოვებთ.

ავთო:

- მეც მახსოვს ეგ ოპერაცია. მე და ლადო პოლონეთიდან ერთად ჩავედით უკრაინაში... ერთ კვირაში ჩავერთეთ საბრძოლო მოქმედებებში. დაიგეგმა ოპერაცია, რომელშიც 30 კაცი ვმონაწილეობდით. ლადო, შრამა (რამაზა ჯანგიძე) და კიდევ რამდენიმე კაცი პირველივე შეტაკებისას დაგვეჭრა, მეორე დღესაც დაგვიჭრეს ხალხი, მერე ფოსფორი დაგვარტყეს და სხვებთან ერთად მეც მოვიწამლე. ლადო ორი თვე იწვა ჰოსპიტალში, მე - ერთი თვე... ამასობაში დავიშალეთ. მერე ლადომ „კავკასიური ლეგიონი“ ჩამოაყალიბა, მე - „შერეკილები“. რაც შეეხება დაპირისპირებას, შეიძლება იყოს რაღაც წვრილმანი, მაგრამ ისეთი არაფერია, მოვგვარდებით... არაერთი ვიდეომასალა არსებობს, სადაც კარგად ჩანს ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობები და ერთმანეთისადმი თავგანწირვა. სხვათა შორის, როდესაც ლადო „კავკასიური კავშირის სამხედრო კომიტეტის“ თავმჯდომარე გახდა, მისი ინიციატივით თორმეტმა მოხალისე ქვედანაყოფმა და ბატალიონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ეს ბიჭები მაგარ საქმეებს აკეთებენ. პირადად მყავს ნანახი ბრძოლის ველზე ლადოს ჯგუფი, ვაკო სულაძის „შავი არწივი“, გოჩა ხორავას „თბილისელები“ და ვაფასებ მათ შეუპოვრობას... ყველანი თავგანწირული მებრძოლები არიან. სხვადასხვა დანაყოფი რომ გვაქვს შექმნილი იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, საქმეს სჭირდება ასე... მე და ხორავა ბახმუტში ერთმანეთს ვცვლიდით, გოჩას რომ დაეჭრებოდა ხალხი, მე შევდიოდა და ა.შ. ბოლოს, ლიმანში მე ჩემი „შერეკილებით“ შეტევაში ვიყავი, ლადო კი თავისი „კავკასიური ლეგიონით“ საცეცხლე მხარდაჭერას გვიკეთებდა.

- როგორც ვიცი, ლადო გამსახურდიას უკრაინის ომის დაწყებამდე საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა.

- კი, ეგ მართალია, ის ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასიის“ თავმჯდომარე იყო და პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობდა, მაგრამ როგორც კი დასჭირდა, სწრაფად შეითვისა სამხედრო საქმე. ჩვენ, გამოცდილი სამხედროები წვრთნებს რომ ვატარებდით, გვერდიდან არ გვშორდებოდა, ყველაფერს იწერდა, იმახსოვრებდა, ვარჯიშობდა... ძალიან ბეჯითი ადამიანია. პირველივე ჯერზე ურთულეს ოპერაციაში ჩაერთო. ეს სწორედ ის 30-კაციანი ოპერაცია იყო, ლადომ რომ გაიხსენა. უკრაინელებმა პირდაპირ გვითხრეს, იმ პოზიციაზე 2014 წლიდან ვერავინ შევიდა და თქვენი ნებაა, თუ გარისკავთო. ჩვენ სამხედროები ვიყავით, მისიებშიც გვქონდა მონაწილეობა მიღებული, ზოგი აფხაზეთში იყო ნაბრძოლი და არც იყო გასაკვირი, რომ რისკზე წავიდოდით, ლადოსთვის კი პირველი იყო, მაგრამ არც დაფიქრებულა... პირველი საბრძოლო ნათლობა და პირველი ჭრილობა ერთად მიიღო. უკრაინელებმა სულ გიჟები გვეძახეს...

avto-kajaia-da-lado-gamsaxurdia-copy-1714375177.jpg

ლადო:

- უკრაინელები ქართველებზე ხშირად ამბობენ, გიჟები არიანო, ავთოს ჯგუფსაც მაგათ დაარქვეს „შერეკილები“. ყოველთვის ისეთ ადგილებში შედიოდა, სადაც სხვები არ ან ვერ შედიოდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეთაური ანუ ავთო ქაჯაია თავის ჯგუფს ყოველთვის წინ მიუძღოდა, ზურგში არასდროს დამალულა. მეც მისგან ავიღე მაგალითი. მივიჩნიე, რომ ეს იყო სტანდარტი, წესი და მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი. როდესაც ჯარისკაცი ხედავს, შენ მის გვერდით ხარ ან წინ მიუძღვები, ძალიან დიდი მოტივაცია ეძლევა.

- საქართველოში დღეს მიმდინარე ამბებზე რას ფიქრობთ, როგორია თქვენი პოზიცია?

- თვალყურს ვადევნებ, მხარს ვუჭერ და მივესალმები ახალგაზრდების აქტიურ ბრძოლას თავისუფლებისათვის. ძალიან ლაღი და გამბედავი თაობაა. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გულისა და გონების კარნახს მიჰყვებიან; არ დაუშვებენ, რომ საქართველოში რუსულმა ძალებმა იბოგინონ. ჩვენ აქ ვიბრძვით საქართველოს ნათელი მომავლისთვის, მანდ კი ამ ბავშვების ნათელი გონებისა და წრფელი, შეურყვნელი გულის იმედი გვაქვს.

ავთო:

- ამ ბავშვებმა გააკეთეს ის, რაც ამ დრომდე ჯერ არავის გაუკეთებია, ფიცი დადეს საქართველოსთვის თავდადებული გმირების მემორიალთან. ამ ამბავმა ემოციურად ძალიან იმოქმედა... ამ დრომდე ხშირად ვფიქრობდი, რომ ჩემი წვალება, ოჯახიდან მოწყვეტა, ტყვიაზე წასვლა დაუფასებელია-მეთქი, მაგრამ ახლა, რაც ამ ბავშვებმა გააკეთეს, ამის მერე მივხვდი, რომ ამაოდ არაფერსაც არ ჩაუვლია. ალალი იყოს ჩემი ჯანმრთელობა და ჩემი სიცოცხლე საქართველოს მომავალი თაობისთვის, უკრაინაში ხომ იმიტომ წამოვედი, რომ რუსული მონსტრი აქ დამარცხებულიყო და ჩემს შვილებს საკუთარ ქვეყანაში მშვიდად ცხოვრების და განათლების მიღების საშუალება, სპორტითა და ხელოვნებით დაკავების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ხათუნა ბახტურიძე