"ქოცებო,თქვე ნაცებო!"
კი, "ქართული ოცნება" დღეს თითქმის იგივეა, რაც "ნაციონალური მოძრაობა". მარტო იმიტომ კი არა, რომ "ოცნებაში" ბევრი ნაცია გადაბარგებული, არამედ მართვის მეთოდებია იგივე. გახსოვთ, 2012-ში რა გააკეთა სააკაშვილმა მაშინდელი ოპოზიციური აქციების საპასუხოდ? სამთავრობო აქცია დაგეგმა და "დინამოს" სტადიონზე რეგიონებიდან ისევე ჩამოიყვანა ხალხი, როგორც ეს ორშაბათს "ოცნებამ" გააკეთა. მაშინ მიშა ცდილობდა, ოპოზიციურად განწყობილი ხალხისთვის სამთავრობო აქცია დაეტოლებინა და ახლა იგივე გააკეთა "ოცნებამ".
რუსთაველზე ეს დღეებია იკრიბება ხალხი, რომელიც ყოველგვარი ორგანიზებისა და ჩამოყვანის გარეშე, თავისით მოდის და მთელ პროსპექტს ავსებს, თან - მხოლოდ თბილისელები. ხელისუფლება კი აორგანიზებს აქციას, სადაც მთელი ქვეყნიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოჰყავს საჯარო მოხელეები და მხარდამჭერები; ცდილობს გვაჩვენოს, ჩვენ მეტნი ვართო.
როდესაც ხელისუფლება მთელი თავისი რესურსით ეჯიბრება გულწრფელი პროტესტით მოსულ ხალხს, ეს უკვე მისი მარცხია. წარმოიდგინეთ, ამ არაორგანიზებულმა აქციებმა ისეთი მასშტაბი მიიღო და იმდენი ხალხი გამოდის, რომ ხელისუფლება იძულებული ხდება, ძალის დემონსტრირება ასე მოახდინოს. პლუს, მთავარი ფალავანი - ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანოს, რომელიც წლებია ასეთ აქციებზე აღარ გამოჩენილა. თან, მთავარია, რა დაპირება გასცა ბიძინამ? არჩევნების მერე "ნაციონალურ მოძრაობას" გავასამართლებო.
ტიპს მეოთხე ვადით უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და მისი მთავარი საარჩევნო დაპირებაა არჩევნების მერე იმ პარტიის გასამართლება, რომელიც 12 წლის წინ გავისტუმრეთ. აქამდე სად იყო? აქამდე უცხო ძალები არ მაძლევდნენ საშუალებასო. ახლა ჯერ იმ უცხო ძალებს ანუ "გლობალურ ომის პარტიას" დავამარცხებ და მერე "ნაცებსაც" მივხედავო. ბიძინა ყოფილა სუპერგმირი, რომელმაც სამყარო უნდა გადაარჩინოს ბოროტი ძალებისგან.
ე.ი. ტიპს უნდა ხელისუფლებაში ყოფნიდან მე-12 წელსაც არჩევნები წინა ხელისუფლების სიძულვილის ხარჯზე მოიგოს. პლუს, იმ შიშების დანერგვით, რომ ვიღაც ომში ჩვენს ჩართვას და თან ჩვენს "გაპიდარასტებას" ცდილობს. მოკლედ, თუ ბიძინას მეოთხე ვადით არ ავირჩევთ, ცუდადაა ჩვენი საქმე: ან მოგვკლავენ, ან...
სიმართლე გითხრათ, ამ კანონის მეორედ შემობრუნებამდე ვფიქრობდი, რომ "ოცნებას" ოქტომბერში არჩევნების მოგების და მეოთხე ვადით დარჩენის რეალური შანსი ჰქონდა, რადგან ოპოზიცია გონივრულობის ნიშნებს საერთოდ არ ამჟღავნებდა, მაგრამ იმ დღიდან, რაც ეს კანონი შემოაბრუნეს და დალაგებული სიტუაცია თავადვე არიეს, ეჭვი აღარ მეპარება, რომ ისინი ამ არჩევნებზე მარცხთან ისე ახლოს იქნებიან, როგორც არასდროს.
ბიძინამ ამ ნაბიჯით ფაქტობრივად საკუთარ ფეხში ისროლა. დღეს კი თქვა, სწორი დრო შევარჩიე კანონის შემოსაბრუნებლად, რადგან არჩევნებამდე მუხტი გაიწოვებაო, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე მცდარი ანალიზია, რაც კი აქამდე გაუკეთებია.
კი წაიტრაბახა, ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ადასტურებს, რომ არ ვცდებიო, მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობა ბოლოს კისერს აუცილებლად წაიტეხს და ეს დრო ახლა დადგა.
სინამდვილეში, აქამდეც ცდებოდა, უბრალოდ, აქამდე მის შეცდომებს მიშა "აზღვევდა". ხალხს სულ ამ არჩევანს სთავაზობდა: ან მე, ან მიშა, და ხალხი მიშას მობრუნების შიშით ყველაფერს ივიწყებდა, მაგრამ ამ კანონის შემობრუნებით და ბოლო გამოსვლით, მან მომავალი არჩევნებისთვის მოსახლეობა დააყენა არჩევანის წინაშე: ან მე, ან დასავლეთი; ან მე, ან ევროკავშირი.
ჰოდა, მიშას კი უგებდა ყველა სიტუაციაში არჩევნებს, მაგრამ დასავლეთს მოუგებს? დასავლეთს, რომელსაც ყველა გამოკითხვით ქვეყანაში ლამის 80-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. აქვს არა იმიტომ, რომ ევროპა ყველას ესმის ან ყველას უყვარს, არამედ იმიტომ, რომ მისი საპირწონე რუსეთია.
ჰოდა, მისი ანალიზი მცდარი იმიტომ კი არაა, რომ ეს მუხტი არჩევნებამდე შეიძლება არ დაეცეს, არამედ იმიტომ, რომ, რომც დაეცეს, ის არსად გაქრება და საარჩევნო ყუთთან ამოხეთქავს. როცა არჩევნები იქცევა რეფერენდუმად: ევროპა თუ რუსეთი, არჩევნებზე ის ხალხიც მივა, ვინც აქამდე არ დადიოდა და ეს იქნება გადამწყვეტი.
დაბოლოს, ერთი საინტერესო დეტალი: აქციაზე ბიძინას გამოსვლა მორჩა თუ არა, ჩაირთო "ჩაკრულო": "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავაქციოთ ბანიაააა!"