რას ამბობს ზურა ყიფშიძე პოლიტიკაზე, აქციებსა და შვილთან უთანხმოებაზე - გზაპრესი

რას ამბობს ზურა ყიფშიძე პოლიტიკაზე, აქციებსა და შვილთან უთანხმოებაზე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". არ წყდება ცხარე კამათი სოციალურ ქსელებშიც. ზოგიერთ ოჯახში უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციაზე დგანან და თავიანთ მოსაზრებებსაც სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. მსახიობი ნატალია ყიფშიძე ერთ-ერთია, ვისთვისაც ეს კანონპროექტი მიუღებელია და მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერშიც ისაუბრა, რომ აქციებზე ქვეყნის მომავალს იცავს, რასაც მისი ბაბუა, ბევრისთვის საყვარელი მსახიობი ზურა ყიფშიძე გამოეხმაურა... გთავაზობთ ამონარიდებს საიტზე "კვირის პალიტრა" გამოქვეყნებული ინტერვიუდან, სადაც მსახიობი საუბრობს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კომენტარებსა და ქვეყანაში არსებულ ახლანდელ ვითარებაზე:

- ამ სისულელეებს რომ ავყვეთ, ვერ გავჩერდებით, მე რომ ჩემს შვილიშვილს კომენტარი დავუწერე ნახევრად იუმორით, ისეთი ლანძღვა-გინება მივიღე, სასაცილოც კია. სირცხვილია, რა ამბავიც ააგორეს. ნატალიკო ჩემი ახალგაზრდობის მუსიკას უსმენს, "ბითლზის" ჩემი საყვარელი ბოლო ოთხი ფოტო სწორედ მას ვაჩუქე. არაჩვეულებრივი ურთიერთობა რომ გვაქვს, იმიტომაც მივმართე ასე იუმორით! რა ვიცოდი, თუ ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა, თორემ სულ არ დავწერდი არაფერს, ისე ვეტყოდი, ყურში... მწყინს, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, ბოლომდე ვერ გაიგეს, რა და როგორ არის, იყენებენ მათ და ესაა საწყენი. ეს ბავშვები უჭკუოები და გაუნათლებლები რომ იყვნენ, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ასე არაა, პირიქით, აზროვნებენ, თავიანთი შეხედულებები, გემოვნება აქვთ და უცბად... რა არის ეს?!

- თქვენთვის მიუღებელია, რომ იმ აქციაზე დგანან?

- რასაკვირველია. ჯერ ერთი, უნდა გაერკვე ადამიანი, რა კანონია და რა ხდება. რაც არ ვიცი, მე იმაში ცხვირს არ ვყოფ... ჩემი შვილიშვილები ჩემს ხელში გაიზარდნენ, ნიკუშა 23 წლისაა და ახლაც ჩემთანაა; ნატალია გადავიდა, თორემ ხშირად მოდის, თავის პატარა და-ძმას ეფერება, უვლის. მწყინს, რომ ალექსანდრე, ჩემი შუათანა შვილიშვილი ცოტა დაგვეკარგა. გენიოსი ბიჭია. მე და ნატალიას აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, როგორიც ბაბუასა და შვილიშვილს უნდა ჰქონდეს.

- გიორგის მცირეწლოვანი შვილები - კოსმო და ლუნა თქვენს სახლში იზრდებიან. როგორია ამ ასაკში პატარებთან ურთიერთობა?

- კი, უსაყვარლესები არიან, ოღონდ ჯანი მომცა, ბოლომდე ვერ ვქაჩავ, ვერ ვყვები მათ ტემპერამენტში. მათთან ურთიერთობა სიამოვნებაა. ვეთამაშები ხოლმე, მათი ასაკის შესაბამის წიგნებს ვუკითხავ, მაგრამ მაინც ინტერნეტში თუ ტელეფონში შეძრომა უნდათ. ცოტა რომ წამოიზრდებიან, მიხვდებიან, რომ წიგნის ფასი არაფერია. წიგნს სხვა სუნი აქვს, თვალი და ტვინი სხვაგვარად მუშაობს. მაგალითად მე, წიგნებს, სცენარებს ვერ ვკითხულობ ტელეფონით და ინტერნეტით, ქაღალდი მჭირდება აუცილებლად, წიგნი.

- გიორგი ამჟამად საქართველოში არ არის, ხომ?

- ბიშკეკშია სამკურნალოდ, მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებენ იმ უბედურებაზე (დამოკიდებულებაზე), თან მონაწილეობს... სამწუხაროდ, ერთი წელია მასთან ურთიერთობა არა მაქვს.

- რა მოხდა თქვენ შორის?

- არაფერი, რაღაც გაუგებრობა მოხდა და ვერ მიხვდა ადამიანი, დედასა და მამასა პატივი ეციო... ამით იწყება ყველაფერი, ხომ? რაღაცას რომ აწყენინებ, მერე ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს... მერე დათმობაზე წავედი, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვიგრძენი, ამიტომ დღეს ასეა.

- კამათი ყველა მშობელსა და შვილს მოსვლია, თქვენს შემთხვევაში რა საკითხზე იყო?

- მისი ცხოვრების სტილზე, ცოლების ცვლაზე, მე ეს არასწორი მგონია და ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოეპყრა სიყვარულსაც, ბავშვების შექმნასაც და როცა ვერ გავუგეთ ერთმანეთს, დავეჯახეთ. ამასობაში კი ერთი წელი გავიდა...

- რას ფიქრობთ იმ ყველაფერზე, რაც ბოლო პერიოდში ხდება ჩვენს ქვეყანაში?

- ეს არის ერთ-ერთი სვლა იმისთვის, რომ ზოგიერთმა საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს, ძალაუფლება მოიპოვოს, მოასხდნენ, მოიპარონ, მერე შური იძიონ და ა.შ. ათას მაიმუნობას ვხედავ ამ ყველაფერში. აბა, როგორ შეიძლება "ნაცისტების" მობრუნება?! ეს ერთი წუთითაც კი როგორ უნდა გაიფიქრო?! მაშინ უნდა გავიქცეთ და ალბათ, გზაში დაგვეწევიან და იქ გვესვრიან.

- მმართველი გუნდის აქციაზე წასვლას თუ აპირებთ?

- კი, ვაპირებ. მთავარია, წნევამ არ შემაწუხოს. ბევრი მანერვიულეს და დახტის ჩემი წნევა. ათასი რამეა სანერვიულო...

თამთა დადეშელი