ანსამბლი "ჩაკრულო" ლოს-ანჯელესში "ნასას" ღონისძიებაზე მიემგზავრება - გზაპრესი

ანსამბლი "ჩაკრულო" ლოს-ანჯელესში "ნასას" ღონისძიებაზე მიემგზავრება

თითქმის 30 წელია, რაც მსახიობ-მომღერალი თამაზ ბლუაშვილი სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის - "ერისიონი" ერთ-ერთი უცვლელი წევრია. პარალელურად "ერისიონთან" არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ "ჩაკრულოს" ხელმძღვანელობს. მაისში ანსამბლი კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) კონფერენციაზე მიემგზავრება, რომლის დასრულების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები და სხვა სტუმრები ქართული სიმღერის ნიმუშებს მოისმენენ. აღნიშნულ კონცერტსა და დეტალებზე ანსამბლის ხელმძღვანელი თამაზ ბლუაშვილი გვესაუბრა.

- თუ შეგიძლიათ ერთგვარი პარალელი გაავლოთ წარსულსა და აწმყოს შორის და თქვათ, ფოლკლორისადმი ინტერესი როგორი იყო მაშინ, თქვენს თაობაში, როცა სიმღერა დაიწყეთ და რა ვითარებაა დღეს?

- 1995 წელს არანაირი სტუდია არ არსებობდა. მაშინ ვანო ჩხაიძეს პატარა გუნდი ჰყავდა, თუმცა ეს არ იყო ანსამბლი, უბრალოდ, რამდენიმე ბავშვს, ვისაც სიმღერის შესწავლა სურდა, გაკვეთილს უტარებდნენ. სტუდიების ჩამოყალიბება 2000 წელს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა ანსამბლს "ერისიონი" დაერქვა და გარეკლამდა პროექტი "ქართული ლეგენდა". იმ დროს მოზღვავებული ინტერესი გაჩნდა და ბევრი ბავშვი მოგვმართავდა სიმღერის შესწავლის სურვილით. შემდეგ წლებში ნაკადმა იკლო, რადგან დღესდღეობით სკოლებში სიმღერის არაერთი სტუდიაა გახსნილი და მშობელს ურჩევნია, შვილმა სახლთან ახლოს იაროს გაკვეთილებზე, სადაც დამოუკიდებლად მივა-მოვა და გზაშიც ფული არ დაეხარჯება.

- თქვენ როგორ დაიწყეთ სიმღერა?

- ბავშვობაში სიმღერაზე არ მივლია. ჩემი პირველი პედაგოგი მამაჩემი ოთარ ბლუაშვილია. ის 1975 წლიდან მღეროდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ახლანდელი "ერისიონი"), ხოლო 1998 წლიდან ანსამბლის გენერალური დირექტორია. მოგეხსენებათ, ანსამბლს "ერისიონი" 1999 წელს დაერქვა. ქართული ხელოვნებით ოჯახში "მოვიწამლე". ბატონი ჯემალ ჭკუასელი და მამაჩემი მეგობრობდნენ, სულ ერთად იყვნენ. ორი დედმამიშვილი ვართ, ჩემი ძმა ჩემზე ერთი წლით უფროსია, პროფესიით რეჟისორი. ბავშვობაში თვე ისე არ გავიდოდა, რამდენჯერმე მომღერლები არ გვსტუმრებოდნენ და თითოეულს სიმღერა არ ესწავლებინა ჩვენთვის. ამავდროულად, მამაჩემს ხშირად დავყავდი რეპეტიციაზე. შესაბამისად, "ერისიონში" არ დავბადებულვარ, მაგრამ ანსამბლში გავიზარდე და ის ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ჩემი ყოველდღიურობა. თავი ამ ერთი დიდი ოჯახის გარეშე ვერც წარმომიდგენია. ბატონ ჯემალსა და მამაჩემს მათ დიდ სამეგობროში ხშირად დავყავდი. გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა არც ინტერნეტი იყო და არც მობილური, მსგავსი შეხვედრები ჩვენთვის საუკეთესო გართობის ადგილი გახლდათ, სადაც სულ სიმღერა ისმოდა. კარგად მახსოვს ეპიზოდი ჩემი ბავშვობიდან: 4 წლის ვიყავი, ჩემი ძმა 5-ის, ჯვრის მონასტერში უცხოელებთან "შენ ხარ ვენახი" რომ ვიგალობეთ. მამას შენახული აქვს ის ჩანაწერებიც, სადაც მე და ჩემი ძმა უფრო პატარა ასაკშიც ვმღერით. რაც შეეხება "ერისიონს", აქ უკვე 1995 წლიდან ვარ. მას შემდეგ კი, რაც ანსამბლში ბატონ ჯემალ ჭკუასელთან მივედი, სულ სხვა "რელსებზე დავდექი", აკადემიურ სიმღერასა და პროფესიონალიზმს ვგულისხმობ.

- და დღეს, "ერისიონში" სიმღერის პარალელურად, ანსამბლსაც ხელმძღვანელობთ...

- დიახ, 2003 წლიდან ჩემს ანსამბლს ჩავუდექი სათავეში. თავდაპირველად მას "მომავალი" ერქვა, 2016 წელს კი "ჩაკრულო" დავარქვით. ქალ-ვაჟთა ანსამბლში მუშაობას სკოლის ასაკიდან ვიწყებთ, ანუ ბავშვების 90%-ს 6-8 წლის ასაკიდან ვიღებთ. ძალიან იშვიათად, 5 წლისაც ამიყვანია, თუ განსაკუთრებული ნიჭითა და სმენითაა დაჯილდოებული, კარგად მეტყველებს და ათვისება არ უჭირს. ანსამბლის სახელწოდება რამდენიმე ფაქტის მიხედვითაც შევარჩიეთ, პირველ რიგში ის, რომ სიმღერა "ჩაკრულო" "ერისიონთან" ასოცირდება და თან, ის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერაა და ამავდროულად, ჩემს ოჯახს ბევრი რამ აკავშირებს ამ სიმღერასთან.

tamaz0-1714982757.jpg

- კერძოდ, რას გულისხმობთ?

- ყველასათვის ცნობილია, რომ "ჩაკრული" 1977 წელს "ნასას" მიერ ხომალდების "ვოიაჯერ1"-ისა და "ვოიაჯერ 2"-ის მეშვეობით კოსმოსში გაიგზავნა. სიმღერა 1975 წელს ჩაიწერა. "ჩაკრულოს" ასრულებდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომელსაც დღეს "ერისიონი" ჰქვია. სოლისტები იყვნენ: ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი. სამწუხაროდ, დღეს ორივე გარდაცვლილია. ამ პროექტის განხორციელებაში თავისი წვლილი შეიტანეს ფოლკლორისტმა ალან ლომაქსმა და მეცნიერმა კარლ საგანმა. გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, კარლ საგანს გაუჩნდა იდეა, "ნასასთან" ერთად განეხორციელებინა პროექტი, რომლის მიხედვით დედამიწიდან უნდა გაეშვათ რაკეტა, რომელზეც დატანილი იქნებოდა ძალიან დიდი ინფორმაცია დედამიწისა და მისი მობინადრეების შესახებ. შეიქმნა ე.წ. ოქროს დისკი, რომელზეც დაიტანეს სხვადასხვა ინფორმაცია: მათემატიკური ფორმულების, ადამიანებისა და ცხოველების ფოტოების, ბუნების სხვადასხვა მოვლენის, მაგალითად, ჭექა-ქუხილის ხმებთან ერთად, ოქროს დისკზე დაიტანეს 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა შორისაა "ჩაკრულოც". როგორც უკვე გითხარით, ჩემი ძმა რამაზ ბლუაშვილი რეჟისორი და მკვლევარია, მაშინ ამერიკაში სწავლობდა და "ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების ისტორიასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძია. შეხვდა კარლ საგანის მეუღლეს და მისგან არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ამ სიმღერის შერჩევა კოსმოსში გასაგზავნად თუ სხვა დეტალები. მათ შორის შეიტყო ისიც, რომ საბჭოთა კავშირის სურვილი იყო დისკზე რუსული სიმღერა "პადმასკოვნიე ვეჩერა" მოხვედრილიყო. ამის გამო სპეციალურად დაურეკეს მოსკოვიდან კარლ საგანს, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვლილა და "ჩაკრულოს" სიდიადემ გადაწონა. ეს ისტორიები ჩემმა ძმამ ამერიკიდან ჩამოიტანა, ამ ამბავზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაზეც უკვე ვისაუბრე, ჩემს ანსამბლსაც "ჩაკრული" დავარქვი. აღნიშნული ფილმის პრემიერა წელს, შემოდგომაზე გაიმართება.

- ახლა იმ მთავარი ამბის შესახებაც მიამბეთ, რომელიც თქვენს ანსამბლს უახლოეს მომავალში ელის...

- ჩემი ძმა განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდის "ნოვა" დამფუძნებელია, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს "ნასასთან". აღნიშნული ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ნაცნობობისა და კომუნიკაციის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ჩვენი ანსამბლი ვაშინგტონში მიეწვიათ, რასაც მეც და ბავშვების მშობლებიც სიხარულით შევხვდით. "ნასას" ეგიდით გამართულ ამ მსოფლიო კონფერენციაზე, 2019 წელს ვაშინგტონში ვიყავით. ეს კონფერენცია ყოველთვის "ჰილტონის" სასტუმროთა ქსელის რომელიმე შენობაში იმართება. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. საკონცერტოდ გამოგვიყვეს დიდი დარბაზი. მომდევნო წლებში, როცა კოვიდპანდემია დაიწყო, ისევე როგორც ბევრი პროექტი თუ კონცერტი, ეს ღონისძიებაც აღარ გამართულა. შარშან ისევ მივიღეთ წერილი "ნასას" კონფერენციაში მიწვევაზე, სადაც უფრო ფართო მასშტაბით გვეპატიჟებიან და ამავდროულად ეს დღე "ნასას" დაბადების დღეს ემთხვევა. მშობლები აღფრთოვანებულები შეხვდნენ ამ ფაქტსაც და ახლა ლოს-ანჯელესში გავემგზავრებით... ასე რომ, 23-26 მაისს, ანსამბლი "ჩაკრულო" "ნასას" კონფერენციის მონაწილე იქნება, რომელსაც ილონ მასკი გახსნის. კონფერენციის წევრები არიან: ტომ ჰენქსი, ტომ კრუზი და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები. კონფერენციის დასრულების შემდეგ, 1500-კაციან დარბაზში კონცერტს გავმართავთ. ჩვენ ერთსაათიანი პროგრამის ფარგლებში, ყველა კუთხის 15-მდე სიმღერას შევასრულებთ, გვექნება ცეკვის ნომრებიც და ინსტრუმენტულიც, რის საშუალებასაც სცენა მოგვცემს. ამავდროულად, იმ 10 დღის განმავლობაში, რასაც ლოს-ანჯელესში გავატარებთ, იქაურ ქართულ ტაძარში კონცერტს ემიგრანტებისთვისაც გავმართავთ.

ანა კალანდაძე