"ფრთხილად უნდა ვიყოთ, რუსეთიდან მომავალი საფრთხე იქიდან გამოქცევის შემდეგ არ სრულდება"
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად რუსეთიდან გაქცეული რომან ჰერმანი ერთ-ერთია იმ ასობით ათასს შორის, ვინც პუტინის რეჟიმისგან თავის დაღწევას ცდილობს... ეთნიკური გერმანელის ოჯახი წლების წინ, ციმბირში ჩაასახლეს. მათი ნაწილი გერმანიის მოქალაქეა, ნაწილი - რუსეთის და ცდილობს, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდეს.
რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ ნახევარი წელი საქართველოში იცხოვრა და ამბობს, რომ მძიმე პერიოდში მიღებული ეს გადაწყვეტილება ყველაზე საუკეთესო იყო.
- ომის დაწყებამდეც და უფრო ადრეც, რუსეთში ვცხოვრობდით და სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მე და ჩემს ოჯახს რუსეთის მოქალაქეობა გვაქვს, მაგრამ ეთნიკურად გერმანელები ვართ. ციმბირში ვცხოვრობდით, რადგან ჩემი წინაპარი იქ ჩაასახლეს. როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ჩვენ მაშინვე ვიგრძენით საფრთხე, რომ ომში წაგვიყვანდნენ და თადარიგი დავიჭირეთ, როგორ გავქცეულიყავით იქიდან. გარშემო უკვე ისეთი სიტუაცია იყო, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ომში გავეწვიეთ, მე კი, პუტინის დანაშაულებრივ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, არასდროს მისვრია ადამიანისთვის და ვერც ვერასდროს ვესვრი. ის, რომ პუტინი ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის, განსაკუთრებით კი საქართველოსა და უკრაინის მიმართ უსამართლო, დანაშაულებრივ პოლიტიკას აწარმოებდა, რუსეთის მოსახლეობის დაზომბებული ნაწილის გარდა, ყველამ იცის. როცა მობილიზაცია გამოცხადდა, მიხვდი, ჩემი დღეები დათვლილი იყო და ძალიან მალე ფრონტის ხაზზე მიკრავდნენ თავს, რადგან პირველ რიგში, ეთნიკურ უმცირესობაზე გაკეთდა აქცენტი...
ვიცოდით, რომ რუსეთი უკრაინას ასე ადვილად არ შეეშვებოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბური თავდასხმა თუ იქნებოდა, არ მეგონა და არ დავუჯერე ჩემს ძმას, რომელიც მეუბნებოდა, - პუტინს ძალაუფლების გადარჩენა უნდა და რაღაც გრანდიოზულს აპირებს, წავიდეთ აქედანო.
- თვითონ წავიდა რუსეთიდან?
- დიახ, ის ჩემზე ადრე წავიდა და გერმანიის მოქალაქეობაც მიიღო... მას შემდეგ, რაც კიევზე იერიში მიიტანა, მე და ჩემმა გარემოცვამ, მეგობრებმა მაშინვე რუსეთის დატოვების გზებზე დავიწყეთ ფიქრი და მესამე დღეს ასეც მოვიქეცით. ყველაფრის მიუხედავად, ეს ადვილი არ იყო, დიდი ბიზნესები და შემოსავლები არასდროს გვქონია, მაგრამ დავტოვეთ ერთადერთი სახლი, რომელიც გვებადა, მისი გაყიდვის ან გაქირავების თავი და შესაძლებლობა არც გვქონდა. ახალი საცხოვრებელი უნდა მოგვეძებნა, არც ენა ვიცოდით, არც ის ვიცოდით, როგორ და სად გავაგრძელებდით ცხოვრებას. თუმცა, ვიცოდით, რომ გერმანია დიდი სიხარულით არ ხვდებოდა რეპატრიანტებს. ერთი სიტყვით, ძალიან სწრაფად ჩავბარგდით და წავედით.
- სად?
- თავდაპირველად უზბეკეთში, ტაშკენტში წავედით, რათა იქაურობას დროულად გავრიდებოდით და სამომავლო გეგმები დაგვეწყო. ჩემი ოჯახი, მეუღლე, მშობლები, ძმა, რძალი შოკში იყვნენ. ჩემი ძმა მეჩხუბებოდა, ხომ გეუბნებოდი, რომ ეს გარდაუვალი იყო, პუტინი თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხალხის გაწირვას არასდროს ერიდებოდა და ახლა მით უმეტეს, ახლავე წამოდითო... ჩემი ძმა აქტიურად აპროტესტებდა რუსეთის საქართველოზე თავდასხმას 2008 წლის ომშიც და შესაბამისად, მის მიმართ სრულიად არაკეთილგანწყობილები იყვნენ. ეს იცოდა მან და ხვდებოდა, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ფრონტის ხაზზე გაამწესებდნენ... ერთი სიტყვით, უზბეკეთი ამოსასუნთქად და იმის გასააზრებლად გვჭირდებოდა, რაც მოხდა...
- რუსეთში ახლობლებთან კავშირი თუ გქონდათ?
- დიახ, ისინი მიყვებოდნენ, რაც ხდებოდა - ზოგი მართლა თავისით მიდის ფრონტზე, მაგრამ უამრავს ძალით ერეკებიანო. მათივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ვიღაცები მოტყუებით წაიყვანეს სამხედრო კომისარიატში, ზოგიც აიძულეს, ზოგს ფულს შეჰპირდნენ და ციმბირში მცხოვრები ხალხისთვის, სადაც უამრავი უმუშევარია, სახელმწიფოს მხრიდან შემოთავაზებული თანხა სრულიად მისაღები აღმოჩნდა.
კიდევ ერთი, ეს ხალხი, მთელი ცხოვრება თავს არარეალიზებულად, უსარგებლოდ მიიჩნევდა და ახლა თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცათ უდანაშაულო, თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების დახოცვის ხარჯზე, მაგრამ ეს არ ანაღვლებთ... მეტიც, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რუსეთის მოქალაქეებს რომ უთქვამთ, უკრაინელები ჩვენი ხალხია და ჩვენზე უკეთ რატომ უნდა ცხოვრობდნენ თუნდაც გარყვნილების ხარჯზეო? ანუ ევროპა, დასავლეთი მათთვის გარყვნილებაა. მოკლედ, მათ ახლობლებსაც, ოჯახის წევრებს, დედებს, ცოლებს მათი გმირებად მოხსენიების შესაძლებლობა მიეცათ... როგორც ვიგებ, ბევრი სიამაყით ამბობს თურმე, რომ მისი ოჯახის წევრი ომშია. ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულებრივ ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ქვეყნის დასატოვებლად გზების გამონახვას ცდილობენ. მით უფრო, ნახეს, თუ რა მდგომარეობაში დაბრუნდნენ ისინი, ვინც პირველი ეტაპის დროს თავისი ნებით წავიდა - თითქმის ყველას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მათი ნაწილი ეტლით გადაადგილდება, უამრავს ფსიქიკური პრობლემა აქვს. ასეთი კატეგორიის მიმართ, რუსეთის სახელმწიფო არასდროს იყო ლოიალური. როგორც ვიცი, ახლა ეს ხალხიც ცდილობს როგორმე ქვეყანა დატოვოს და თავის გადასარჩენად სხვადასხვა "ქეისით" დასავლეთს მიმართოს. ეს ალბათ არ იქნება მარტივი ამბავი, მაგრამ ცდად ღირს.
რუსეთში ნამდვილად არიან ისეთებიც, ვისთვისაც რუსეთის მმართველობის დამპყრობლური პოლიტიკა მისაღებია - ჩემი ქვეყანა უფრო გაფართოვდება და განვითარდებაო, ახლა ასე ირწმუნებიან. გაფართოებასა და განვითარებას შორის განსხვავება ვერა და ვერ დავანახვე.
ჩემს ოჯახს სულ რომ არ შეხებოდნენ, პუტინის პოლიტიკა, როგორც საგარეო, ასევე საშინაო კუთხით მიუღებელი იყო ჩემთვის და ასეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, მისთვის გადასახადების გადახდას, იქ შვილების აღზრდას არ ვაპირებ... ეს არის არაპროგრესირებადი ქვეყანა, რომელიც პუტინისა და მისი გარემოცვის, მაფიოზების კეთილდღეობას ემსახურება. არადა, მოსახლეობის უმეტესობას მართლა სჯერა, რომ ამერიკისა და ევროპის მთავარი მიზანი "დიადი რუსეთის" განადგურებაა.
- საქართველოში როგორ აღმოჩნდით?
- უზბეკეთში ყოფნისას ჩემმა მეუღლემ "მწვანე ბარათი" მოიგო და აშშ-ში გავფრინდით, რაც სიმართლე გითხრათ, დიდად არ მინდოდა, რადგან ჩემს ისტორიულ სამშობლოში, გერმანიაში მსურდა დაბრუნება და თავის დამკვიდრება; იქ, სადაც ჩემი ნათესავები ცხოვრობენ. გარდა ამისა, მენტალურად და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ამერიკა არ იყო ჩემი ოცნების ქვეყანა, სადაც ომის შემდეგ რუსეთიდან გაქცეულ რუსეთის მოქალაქეებსაც აღფრთოვანებით არ ხვდებიან... დროებით - კი, ბატონო, მაგრამ არა სამუდამოდ. თუმცა, ამ შემთხვევაში არჩევანი არ გვქონდა და აშშ-ში გავფრინდით, სადაც ორი თუ სამი თვე დავრჩით, შემდეგ, იქიდან საქართველოში ჩამოვედით და ექვსი თვე ვიცხოვრეთ. ეს პერიოდი ძალიან კარგად, საინტერესოდ და თბილად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც თავშესაფარი არ გვქონდა, არსად გველოდებოდნენ და ემოციურად მძიმე მდგომარეობა გვქონდა, მაგრამ ქართულმა სტუმართმოყვარეობამ გაგვამხნევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას ძალიან დიდი მიზეზი აქვს, არ ვუყვარდეთ, მაინც კარგად გვექცეოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც რუსეთის მოქალაქეების მიმართ აგრესია გამოხატეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს არავის უნდა გაჰკვირვებოდა. ქვეყანამ, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ათეულობით წლის განმავლობაში სამხედრო, პოლიტიკური, იდეოლოგიური გზებით ავიწროებდა, ესროდა, ტერიტორიებს ართმევდა, 2006 წელს კი სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს იქ მყოფი ქართველები, ამ ფონზე, უკრაინაში ომის დაწყებიდან სამ-ოთხ თვეში 30 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შეიფარა და დახმარების ხელი გაუწოდა... მე რომ თბილისში ჩამოვედი, ჩემი ნაცნობი რუსები იქ უკვე მოწყობილი იყვნენ, შემდეგ წავიდნენ თუ დარჩნენ, არ ვიცი.
- საქართველოში რატომ ჩამოხვედით?
- მეგონა, საქართველოდან გერმანიაში მოხვედრის შანსები უფრო გვქონდა ან სულ ცოტა, იქიდან უფრო მივიპყრობდი ჩემი ისტორიული სამშობლოს ყურადღებას. თბილისში რამდენიმე აქციაც გავმართეთ დიპლომატიური სამსახურების წინ, სადაც გერმანიისგან პასუხს ვითხოვდით, მაგრამ უშედეგოდ - სავარაუდოდ, არც კი ინტერესდებიან ჩვენი თემით, გვაიგნორებენ, თითქოს არც ვარსებობდეთ.
- გერმანიაში წასვლაზე ომამდე არ გიფიქრიათ?
- კი, როგორ არა, "კოვიდამდე" გვქონდა საბუთების მომზადება დაწყებული, თუმცა, ეპიდემიის დროს ყველაფერი შეაჩერეს, მათ შორის დააპაუზეს რეპატრიაციის პროგრამები, რამაც ჩვენი დოკუმენტაციის მომზადება შეაყოვნა, ომის დაწყების შემდეგ კი, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი დახმარების საკითხი დაეჩქარებინათ, საერთოდ გააჩერეს და ბედის ანაბარად დავრჩით. ჯერ კიდევ ციმბირში ყოფნისას, მერე უკვე უზბეკეთსა და საქართველოდან ვთხოვდით მათ დახმარებას ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მეტიც, მას შემდეგ, რაც ჩვენ წერილს წერილზე ვგზავნიდით დიპლომატიურ სამსახურებში, მამაჩემს, რომელსაც დედა გერმანიის მოქალაქე ჰყავს, უარი უთხრეს. ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ.
ასეთი დამოკიდებულება ბიუროკრატიის დამსახურებაა. შესაბამისმა გერმანულმა უწყებებმა იციან, რომ მხოლოდ ციმბირიდან 50 ათასზე მეტი ეთნიკურად გერმანელია გაქცეული სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ამაზე არავინ წუხს. მამაჩემს სკოლაში "ნემეცს", "ფაშისტს", "უცხოტომელს" ეძახდნენ. დაახლოებით იგივე იყო ჩემს დროსაც, რასაც ახლა ისიც დაემატა, რომ რუსეთში "უკრა-ნაცისტები" ვართ, ანუ ორმაგ ფაშისტებად გამოვყავართ... სინამდვილეში კი, გერმანელობა არასდროს დაგვიკარგავს, მაგრამ მისი ნაწილი ვერასდროს გავხდით.
- ახლა რა მდგომარეობაში ხართ?
- საქართველოდან ისევ აშშ-ში დავბრუნდით, სხვა არჩევანი არ დაგვრჩა. თუმცა, გერმანიაში კანონიერად დაბრუნების იმედი არ დაგვიკარგავს. აშშ ჩვენთვის სათადარიგო აეროპორტივით არის, მაგრამ რადგან "მწვანე ბარათი" გვაქვს, გერმანიასთან შედარებით, ამერიკა ძალიან ჰუმანურად გვექცევა. ბევრად მძიმე მდგომარეობაში არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მექსიკით ან სხვა გზებით შემოვიდნენ, ახლა გადარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ უკან, რუსეთში დაბრუნებაზე მაინც არავინ ფიქრობს. უამრავი სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული და იმათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან შვილებთან ერთად ერთი ადგილიდან მეორეში გადადიან და არ იციან, რა იქნება ხვალ. მათ უმეტესობას არ აქვს მუშაობის უფლება, არ იციან ენა და ა.შ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩვენმა ისტორიულმა სამშობლომ ჩვენი არსებობა არც კი აღიარა, ამ დროს კი ამერიკაში უკრაინელები დაგვეხმარნენ.
- რაში?
- თავის დამკვიდრებაში, სამსახურის პოვნაში. ისინი იქ 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ და უკვე ინტეგრირებული არიან. ასევე, აქ არიან დიდი ხნის წინ წამოსული ქართველებიც, რომლებსაც იდენტობა არ დაუკარგავთ. როდესაც გაიგეს, რუსეთი რატომ დავტოვეთ, ძალიან თბილად მიგვიღეს.
- ცნობილია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები რეგულარულად უკავშირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაქცეულ რუსეთის მოქალაქეებს. ისინი თქვენთან დაკავშირებას თუ შეეცადნენ?
- დიახ, არაერთხელ მსმენია მსგავსი ფაქტის შესახებ, წამიკითხავს და მოუყოლიათ კიდეც, - ფრთხილად იყავით, ჩვენზე ნადირობაა გამოცხადებულიო... ეს მოსალოდნელიც იყო, რუსეთის მმართველობის პრინციპია, ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა არ მისცენ: ვიღაცები პირადი თავმოყვარეობის შელახვად მიიჩნევენ შენს გაქცევას; არავინ უნდა გაიგოს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრების უკეთესი პირობებია, ადამიანის უფლებები დაცულია, კარგი შემოსავალი აქვთ, ინფრასტრუქტურა განვითარებულია... ამიტომაც, სპეცსამსახურები ყველანაირ პროვოკაციაზე მიდიან, ცდილობენ წამოგიკიდონ, შარში გაგხვიონ, სხვა თუ არაფერი, იმ ქვეყნისთვის მიუღებელ პერსონად გაქციონ, რომელმაც მძიმე დროს დახმარების ხელი გამოგიწოდა. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რუსეთიდან მომავალი საფრთხე იქიდან გამოქცევის შემდეგ არ სრულდება.
ლალი პაპასკირი