"კანონი არ უნდა იყოს ქოთანივით, რომელსაც ყურს საიდანაც გვინდა, იქიდან მოვაბამთ" - გზაპრესი

"კანონი არ უნდა იყოს ქოთანივით, რომელსაც ყურს საიდანაც გვინდა, იქიდან მოვაბამთ"

და ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული აქციები არ წყდება, თუმცა, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს და კანონს მაინც დაამტკიცებს... კანონპროექტის მიღების პარალელურად, საქართველოს ურთიერთობა ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან იძაბება.

ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "აგენტების კანონი" ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს ევროატლანტიკურ გზას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ისაუბრა.

"გვჯერა, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე გადაიყვანს, ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის. ჩვენ ამის ახსნას გავაგრძელებთ, ისინი კი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ", - განაცხადა მილერმა.

კითხვაზე, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, მილერმა აღნიშნა, რომ არ აპირებს, განცხადება გააკეთოს სანქციებზე, იმაზე, თუ რას ვაპირებთ ან რის გაკეთებას განვიხილავთ. ასეთი რამ პრაქტიკაში არა აქვთ...

1-ლ მაისს საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე მიმდინარე პროცესებს აფასებს.

- როგორ შეიძლება "წაიკითხოს" მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები ევროპულმა სამყარომ?

- მოცემული კანონის ამ ფორმით მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსის წარმატებულ რეალიზაციას, რამდენადაც უკვე არაერთგზის მოვისმინეთ როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი პარტნიორებისგან, რომ ის ნაბიჯები, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება დგამს, არ შეესაბამება ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და წინააღმდეგობაში მოდის იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომელიც საქართველომ აიღო საკუთარ თავზე, როგორც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, ისე - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანითა და კანდიდატის სტატუსის მიღებით.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ მოცემული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა რისკის ქვეშ დგება. შეგნებულად არ ვეხები ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატების განცხადებებს, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა, არ აისახოს ევროკავშირის პოზიციაზე, ვსაუბრობ მხოლოდ იმ განცხადებებზე, რაც მოცემული ორგანიზაციის, ასევე ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ გაკეთდა.

- ასევე იყო მინიშნება აშშ-დან, რომლის თანახმადაც, კანონის მიღებამ შესაძლოა აშშ-ის ხელისუფლებას უბიძგოს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისკენ. რას მოგვიტანს ეს?

- საკმაოდ სახიფათო შედეგებს, ამიტომაც, ასევე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. შესაბამისად, რასაც უნდა ვფიქრობდე მე, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები, ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ, ყოველგვარი მინიშნების გარეშე გვეუბნებიან, რომ კანონის ამ ფორმით მიღება დააზიანებს ურთიერთობებს ან გამოიწვევს ურთიერთობების გადახედვას. აღნიშნულიდან გამომდინარე რთულია საქართველოს ხელისუფლების პოზიციის ახსნა, როდესაც ის იმეორებს "ღირსებით ევროპისკენ" და ცდილობენ დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, 2030 წელს ევროკავშირში გაწევრებას შევძლებთ. მეტიც, თუ საქართველო აპირებს ევროკავშირის წევრობას, ცოტა გაუგებარია ის მტრული რიტორიკა, რაც საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებს აქვთ.

ძალიან მიჭირს გავიხსენო ევროკავშირის ან აშშ-ის მიმართ გაკეთებული მსგავსი განცხადება ჩინეთის, რუსეთის, ირანის ლიდერების მხრიდანაც კი, რომლებიც ტრადიციულად ანტიდასავლურ ვექტორს წარმოადგენენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ დაშვებითაც კი, რომ საქართველო იცვლის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს და ჩინურ-რუსულ ბანაკში გადადის ან მცდელობებს იწყებს გადავიდეს მულტივექტორულ დიპლომატიაზე, მსგავსი ტიპის განცხადებები შეცდომა მგონია, რომელიც პირველ რიგში, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებასვე საკმაოდ ძვირად დაუჯდეს... დავუშვათ ისიც, რომ ცალკეული დასავლური ფონდები მართლაც ცდილობდნენ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების დასპონსორებას.

- რა ხდება ასეთ დროს?

- ასეთ დროს, გარდა უკიდურესი შემთხვევებისა, სახელმწიფოები ერიდებიან მოცემულ თემაზე ღიად საუბარს და საკითხები, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა გვარდება. ამავდროულად, თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლება სიმართლეს ამბობს, გამოდის, რომ საქართველოში მოქმედი ცალკეული ორგანიზაციები და პარტიები უცხოური მხარდაჭერით მოქმედებენ სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რაც დანაშაულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ასევე, თუ ყველაფერი, რასაც ამბობს ხელისუფლება, სიმართლეა, ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი. შესაბამისად, საჭიროა ამ ყველაფრის გამოძიება და მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი შედეგი.

- იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს მოქმედი კანონმდებლობის აღსრულებას, გაუგებარია, რაღა საჭიროა კიდევ ერთი უკიდურესად სადავო ნორმის მიღება?

- დიახ, მით უფრო, კანონის, რომელიც ერთი მხრივ არ იქნება ეფექტური, მეორე მხრივ კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სერიოზული რისკის წინაშე აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს.

დღეს საქართველოს კანონმდებლობა, ამ კანონის გარეშეც ყველა პირობას ქმნის, რომ სწორი და ეფექტური აღსრულების შემთხვევაში ქვეყანა დაცული იყოს ნებისმიერი ტიპის რისკისგან, მათ შორის პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და სხვა დამატებითი ნორმის მიღების აუცილებლობა უბრალოდ არ არსებობს.

რაც შეეხება მთავრობის რიტორიკას, რომლის მიხედვითაც, თურმე დასავლური დონორების მხარდაჭერით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ძირს უთხრიან ქართულ იდენტობასა და ფასეულობებს, ატარებს უკიდურესად საშიში პოპულიზმის სახეს, რამაც შესაძლოა, ქვეყანაში საზოგადოების ცალკეული ჯგუფების რადიკალიზაციას შეუწყოს ხელი, მეორე მხრივ კი მოახდინოს საზოგადოების სხვა ჯგუფების დეჰუმანიზაცია და წაახალისოს ძალადობა მათ წინააღმდეგ.

- მაგალითად?

- თუნდაც, მოვიყვანოთ კანონი ე.წ. ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა მოცემული ნორმის საჯარო განხილვა საქართველოს რეგიონებში, ჩვენ ვერ მოვისმინეთ რეალური დასაბუთება იმისა, თუ რით იყო განპირობებული მოცემული კანონის მიღება. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მისი მიღების დღიდან ადგენს, რომ ქორწინება ეს არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. არ მახსენდება არც ერთი ხელისუფლება, რომელსაც ექნებოდა აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის ცვლილების სურვილი, არ მახსენდება არც ერთი დისკუსია, აღნიშნული ნორმის ცვლილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაუგებარია, რამ წარმოშვა მოცემული ნორმის საქართველოს კონსტიტუციაში ასახვის აუცილებლობა. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ ყველა კანონს აქვს ძალიან დიდი სოციალური ფუნქცია და ნებისმიერი ნორმა, რომელიც ადგენს ან კრძალავს რაიმე მოქმედებას, უნდა პასუხობდეს ქვეყანაში არსებულ სოციალურ პროცესებს. არსად მახსენდება, დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, ყოფილიყო დისკუსია ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილის აყვანის შესაძლებლობაზე ან ბავშვებისთვის სქესის შეცვლაზე. რაც შეეხება ინცესტს, აღნიშნული ისედაც მოქმედი კანონმდებლობით რეგულირდება და შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოცემული ნორმა ერთგვარი პოპულისტური სპეკულაცია იყო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ერთი მხრივ, მემარჯვენე ელექტორატის მობილიზება, მეორე მხრივ კი, ეკლესიის გულის მოგება. სინამდვილეში, არც ერთი ეს საკითხი არ ყოფილა აქტუალური, რაც კარგად გამოჩნდა განხილვისას ღიმილის მომგვრელ პასაჟებში.

თუმცა, აღნიშნულ ნორმაში არის ერთი საგანგაშო მომენტი, საუბარია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის გავრცელებასა და მის აღსრულებაზე, მაშინ, როდესაც კანონი არ ადგენს პროპაგანდის განსაზღვრებას. ასეთ დროს ჩვენ შესაძლოა მივიღოთ ე.წ. მავნე ღირებულებებისგან დაცვის მოტივებით გამართლებული ცენზურა. საერთოდ, უნდა გვესმოდეს, რაც უფრო ბუნდოვანია კანონის ტექსტი, მით უფრო დიდია მისი არასწორი და საზოგადოებისთვის საზიანო ინტერპრეტაციის რისკები. კანონი არ უნდა იყოს ქოთანივით, რომელსაც ყურს საიდანაც გვინდა, იქიდან მოვაბამთ. ასევე აღსანიშნავია, რომ მმართველი ძალა ხშირად ახდენდა როგორც საქართველოს პარტნიორების, ისე კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

- რაც საზოგადოებაში პოლარიზაციას ამძაფრებს, არა?

- დიახ და ეს მათ ძალიან კარგად იციან... გარდა იმისა, რომ ქვეყნის შიგნით აღრმავებს პოლარიზაციას, ქვეყნის გარეთ საქართველოს ხელისუფლებას წარმოაჩენს, როგორც შეთქმულების თეორიებით მოქმედ, არასანდო ჯგუფს, რომელთან თანამშრომლობაც არ არის კეთილსაიმედო, რადგან რთულია მასთან ურთიერთობისას მოვლენების პროგნოზირება. ასეთ ჯგუფებთან თანამშრომლობას, როგორც წესი, ერიდებიან არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებში, არამედ ზოგადად ყველგან, რადგან საერთაშორისო ურთიერთობებში თანამიმდევრულობა, ნდობა, კეთილსაიმედოობა არის გადამწყვეტი. ჩვენ ვნახეთ, როგორ წაიკითხა მმართველი გუნდის განცხადებები ევროპულმა სამყარომ. ეს მათთვის იყო შემაშფოთებელი, რადგან დაინახეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევის რეალური საშიშროება.

- როგორია თქვენი მოლოდინი "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით, რის ფასად შეეცდებიან მის გატანას?

- დღევანდელი გადმოსახედიდან, რთულია მოვლენების პროგნოზირება. თუმცა, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით ვიტყვი, რომ შესაძლოა, არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად ქვეყანას მოუწიოს ამ სადავო კანონის გამო საკმაოდ მაღალი ფასის გადახდამ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ მეტის თქმა იქნება შესაძლებელი ახალი მოწვევის ევროპარლამენტის შეკრების შემდეგ, თუმცა, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველომ შესაძლოა გადაუხვიოს ევროპასთან ინტეგრაციის კურსს, ევროკავშირმა შეიძლება ჩათვალოს, რომ არ არსებობს საფუძველი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მიუხედავად სირთულეებისა ურთიერთობებში, ევროპული ქვეყნების დაინტერესებას შეძლებს უვიზო მიმოსვლით. ჩვენ არ გვყავს ბევრი და მდიდარი მოსახლეობა, რომელიც ევროპის ტურისტულ ბაზარზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და აქ პოლიტიკური ვითარების გაუარესება, რაც ასევე პირდაპირპროპორციულად აისახება ეკონომიკაზე, გაზრდის საქართველოდან მიგრაციის რისკებს, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვს, ეს კი შესაძლოა გახდეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საფუძველი. ყოველ შემთხვევაში, ევროპელები პროცესს ასე ხედავენ.

440774737-347364594619897-1255748881558009924-n-1715538735.jpgdefault.jpg

- მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჰაკერული ჯგუფის - "ანონიმუსის" აქტიურობაზეც გკითხავთ - რამდენად რეალურია "ქართული ოცნების" ლიდერების ფინანსური გადარიცხვების გამოაშკარავება და რას გამოიწვევს ეს?

- რაც შეეხება "ანონიმუსს", რაც არ უნდა კეთილი სურვილებით იყოს ეს განპირობებული, ვთვლი: პოლიტიკური პროტესტის გამოხატვა ან პოზიციის დაფიქსირება კიბერდანაშაულის ჩადენით, მიუღებელია. უნდა აღვნიშნოთ, რომ სამთავრობო ვებგვერდების მეშვეობით არაერთი ჩვენი მოქალაქე იღებს საჯარო სერვისებს დისტანციურად, შესაბამისად, ამ ტიპის აქტივობა არ ემსახურება არც პროტესტს და არც სხვა ლეგიტიმურ მიზანს. ასევე არ არის ჩემთვის საინტერესო ჰაკერული ჯგუფების მიერ მოპოვებული პირადი მიმოწერის გასაჯაროება: ერთი, რომ ეს არის დანაშაული, მეორე, ეს უბრალოდ არ არის საინტერესო.

ლალი პაპასკირი