ირმა გორდელაძე: "დანის პირზე გავდივართ: ან გავიმარჯვებთ, ან - დავიღუპებით!" - გზაპრესი

ირმა გორდელაძე: "დანის პირზე გავდივართ: ან გავიმარჯვებთ, ან - დავიღუპებით!"

მათი უმრავლესობა სტუდენტია, თუმცა, მიტინგებს და მსვლელობებს სკოლის მოსწავლეებიც ესწრებიან. ამ თემაზე აქტივისტი და პედაგოგი ირმა გორდელაძე გვესაუბრა.

- ზოგი მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციებში სტუდენტები და მოსწავლეები არ უნდა მონაწილეობდნენ - ეს საბჭოური პროპაგანდის მიერ დამკვიდრებული და გავრცელებული მოსაზრებაა, რომელიც საქართველოში დღემდე აქტიურად ვრცელდება. ამ მოსაზრებას თუ დავუჯერებთ, პოლიტიკაში არც სპორტსმენები უნდა ჩაერიონ, არც ხელოვანები, არც ახალგაზრდები და არც ძველგაზრდები, რაც ჩვენს სამშობლოს კარგს არაფერს მოუტანს. არადა, რეალურად, პოლიტიკაში ყველა ვართ ჩართული, რადგან ნებისმიერ გონიერ ადამიანს აინტერესებს კურსი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. როდესაც ეს კურსი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას საფრთხეს უქმნის, ყველა ფენა უნდა ჩაერიოს, მათ შორის, ახალგაზრდებიც. აბა, მოქალაქეობრივ მოვალეობას ვინ შეასრულებს? სინამდვილეში, ხელისუფლების მიზანია, პროცესებს ჩამოაშოროს ყველაზე დაუღლელი, ყველაზე მოუსყიდველი და ნათელი ძალა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყოველთვის გადამწყვეტ როლს ასრულებდა. სწორედ ეს ძალა დაუპირისპირდა რუსულ კანონს და ვხედავთ, რა ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს.

- თუმცა, ოპონენტები მათ "გაშავებას" ცდილობენ: ამბობენ, რომ ახალგაზრდებს სვირინგები აქვთ, რომ მეტისმეტად თამამები არიან და ა.შ.

- ესეც დისკრიმინაცია და მრავალფეროვნების უარყოფაა. 21-ე საუკუნეში ნებისმიერ ადამიანს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მრავალფეროვან გარემოში ცხოვრობს, რომ გარეგნული ნიშნით ადამიანის შეფასება არ შეიძლება. პიროვნება მხოლოდ მისი აზროვნებით და ქმედებებით უნდა შეაფასო. ხელისუფლების მომხრეები ამ ახალგაზრდების მიმართ აშკარა აგრესიას ავლენენ და ეს არც მიკვირს: ნებისმიერ მოღალატე მთავრობას ეშინია ახალგაზრდების... 9 აპრილის თაობის წარმომადგენელი ვარ - იმ თაობისა, რომელიც უზარმაზარ, ბოროტ ძალას დაუპირისპირდა და საქართველოს დიდი ხნის ნანატრი დამოუკიდებლობა მოუტანა. იმ ახალგაზრდების უკან, რომლებიც ქუჩაში დგანან და რუსულ კანონს აპროტესტებენ, მათი მშობლები, ბებიები და ბაბუები არიან. სწორედ ამ პროცესის, ამ ჯაჭვის შიში აქვთ და ამიტომ ცდილობენ, ყველას დამაკნინებელი იარლიყი მიაკერონ, ტალახში გასვარონ და ამ გულანთებულ ახალგაზრდებს რაღაცები დააბრალონ. თუმცა, ამ დღეებმა დაგვანახვა, როგორი ახალი თაობა გვყოლია: პატრიოტები, განათლებულები და მებრძოლები... მართალია, კრემლის პროპაგანდა სულ სხვა რამეს ამტკიცებს, რადგან კრემლი საქართველოში აქტიურად მუშაობს, მაგრამ ეს პროპაგანდა აუცილებლად გადატყდება. ამ ძალას, ამ ტალღას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეაჩერებს.

- ხელისუფლება იმეორებს, რომ კანონი, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს, რუსული არ არის. რატომაა ეს კანონი მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის?

- თუ ამ კანონს დაამტკიცებენ, ის ძირეულად შეცვლის საქართველოს ბედს, ჩამოგვაშორებს დემოკრატიული განვითარების ორბიტას და ისევ რუსეთის იმპერიის წუმპეში დაგვაბრუნებს. რუსეთში ამგვარი კანონი 2012 წელს მიიღეს და მერე, ერთიმეორის მიყოლებით გააქრეს არასამთავრობო ორგანიზაციები, კრიტიკული ტელევიზიები და ჟურნალისტები, მერე ამ ხალხის დაჭერაც დაიწყეს და არჩევნებში ხმის უფლებაც ჩამოართვეს. დღევანდელ რუსეთში უკვე აღარ არსებობს თავისუფალი ხმა, რომელიც პუტინის რეჟიმს შეეწინააღმდeგება. საქართველოშიც ანალოგიური წესრიგის დამყარება სურთ. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, აქ აღარ იყოს არასამთავრობო სექტორი, აღარ იყოს კრიტიკული მედია. ჩვენმა ახალგაზრდობამ გააცნობიერა, რომ ევროპასთან დაახლოების ისტორიულ შანსს ვკარგავთ და სწორედ ამას მოჰყვა მათი გულწრფელი და მწვავე პროტესტი.

- "ოცნების" მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტია, რომ კანონი, რომელსაც ამხელა წინააღმდეგობა შეხვდა, არასამთავრობო სექტორის შემოსავლებს უფრო გამჭვირვალეს გახდის...

- ცოტა უჩვეულო ხომ არ არის გამჭვირვალობის კანონის შემოღება კორუმპირებული ხელისუფლებისგან? ეს მათი ხარჯებია ბუნდოვანი, თორემ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები და ხარჯები ისედაც გამჭვირვალეა: ეს მონაცემები სამთავრობო ვებგვერდზეც დევს და შემოსავლების სამსახურშიც იციან. ასეთი თემებით ცდილობენ მოსახლეობის ნაწილი მოატყუონ და ზოგჯერ ეს გამოსდით. ჩვენ ახლა დანის პირზე გავდივართ: ან გავიმარჯვებთ, ან - დავიღუპებით. რა თქმა უნდა, დაღუპვა არავის უნდა და არც ვაპირებთ.

- რას იტყოდით მთავრობის მომხრე თქვენს კოლეგებზე - მასწავლებლებზე?

- ჩერჩილმა თქვა, - ომს მასწავლებლები იგებენო. მთელი 30 წლის განმავლობაში, რაც პატრიოტიზმის მარცვალი ჩაგვიგდია, ახლა ვიმკით. ეს თაობა ძალიან ბევრი ღირსეული მასწავლებლის გამოზრდილია. პატრიოტული აზროვნება, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა მათ სწორედ ჩვენ ვასწავლეთ, მაგრამ მე კარგად ვიცი: ბევრი მასწავლებელი ხმას ვერ იღებს, მიუხედავად იმისა, რომ სწორად აზროვნებს და სწორი კურსი აქვს. საბჭოურმა რეჟიმმა დიდხანს იმუშავა, რომ ეროვნული მოძრაობისთვის ყველაზე მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი ფენა ჩამოეშორებინა. ამაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ და შედეგიც მიიღეს - ბევრი პედაგოგი დააშინეს. ისტორიას რომ გადავხედოთ, გასული საუკუნის დასაწყისში, ჩვენი საზოგადოების ფლაგმანები ძირითადად, მასწავლებლები იყვნენ. დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრებიც პედაგოგები იყვნენ და უდიდეს ავტორიტეტს ფლობდნენ იმ სოფლებსა თუ ქალაქებში, სადაც საქმიანობდნენ. სწორედ ამ ძალის დათრგუნვასა და დამორჩილებაზე იმუშავა საბჭოურმა რეჟიმმა და ამას დღემდე აგრძელებს. ამიტომ, ზოგიერთი ჩემი კოლეგა თავის პოზიციას თამამად გამოხატავს, ზოგი კი - არ არის სწორ პოზიციაზე ან ჩუმად ყოფნას ამჯობინებს.

- ამის მიზეზი რა არის?

- მათ აქვთ შიში, რომ სამსახურიდან გაუშვებენ და ულუკმაპუროდ დარჩებიან. ძირითადად, სწორედ ამ მეთოდით ცდილობენ პედაგოგთა ფენის გაჩუმებას. არადა, ყველამ ხმა რომ აიმაღლოს, სკოლიდან ყველას ხომ ვერ გაუშვებენ? შეიძლება ზოგიერთი მასწავლებელი ხელისუფლების მომხრეც იყოს, მაგრამ როცა ხედავ, რომ მთავრობა შენი ქვეყნის მომავლისთვის და შენი გაზრდილებისთვის საშიშ, სახიფათო პოლიტიკას ატარებს, ხმა არ უნდა აიმაღლო? ძალზე სამწუხაროა, რომ ქართული სკოლები პოლიტიზებულია და სკოლის დირექტორებიც დიდი წნეხის ქვეშ არიან. ეს კარგად გამოჩნდა 29 აპრილს, "ოცნების" მიერ გამართულ აქციაზე, სადაც ზოგიერთი მასწავლებელი არ წავიდა, მაგრამ ბევრ სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. რატომ? - მასწავლებლები აქციაზე იყვნენ და გაკვეთილებს ვინ ჩაატარებდა? მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამ შეცდომას გააცნობიერებენ და ისტორიის სწორ მხარეს დადგებიან. საარსებო წყაროს დაკარგვის შიშით, ადამიანმა ღირსება არ უნდა დაკარგოს. ჩვენს ქვეყანაში 65 ათასამდე მასწავლებელია და მე მაინც მგონია, რომ მათი უმრავლესობა სწორად აზროვნებს და სწორ მხარეს დგას, ამას იმიტომ ვამბობ, რომ აქციებზე მათი შვილები, დისშვილები, ძმისშვილები ან მეგობრების შვილები დგანან - იმათ ხომ ვერ უღალატებენ? აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩემი მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა გაცილებით საღად აზროვნებს, ვიდრე საბჭოური მენტალიტეტის მქონე მასწავლებლები ან მათი მშობლები. მათ იციან, რომ ეროვნული მოძრაობის ლოკომოტივი საქართველოში ყოველთვის ახალგაზრდობა იყო.

- ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა იმას, რომ ახალგაზრდებმა ილიასეული ტრიადა - "ენა, მამული, სარწმუნოება" შეცვალეს და სარწმუნოების ნაცვლად "ერთობა" ჩასვეს.

- სხვათა შორის, ილია ჭავჭავაძემაც იგივე გააკეთა: ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სარწმუნოების ხალხი ცხოვრობს, სიტყვა "სარწმუნოება" ილიამაც "ერთობით" ჩაანაცვლა. "ენა, მამული, სარწმუნოება" მთლიანობაში ერთობას ნიშნავს და ერთობაა ის, რისიც ყველა მოღალატე ხელისუფლებას ტყვიასავით ეშინია. როცა მთელი ქვეყანა, განურჩევლად ასაკისა და სოციალური მდგომარეობისა, ერთ მუშტად იკვრება, მას ვეღარაფერი დაამარცხებს.

irmaaaa-1715539341.jpg

- საყურადღებოა, რომ ყველას, ვინც "ოცნებას" გააკრიტიკებს ან "ნაცად" ნათლავენ, ან ლგბტ-თა მომხრედ - ეს რით შეიძლება ავხსნათ?

- აშკარაა, რომ მსგავსი სცენარები მოსკოვში იწერება. ლგბტ თემის არსებობა ძალიან სენსიტიურია მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ამიტომ, მორწმუნე მრევლს სწორედ ამ საკითხით აღიზიანებენ: მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ვინც ევროკავშირისკენ ისწრაფვის, ლგბტ თემს უწევს პროპაგანდას, მაგრამ ეს სპეციალურად შეთითხნილი პრობლემაა. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ნამყოფია ან ახლა იმყოფება ევროპის ქვეყნებში და ყველა ხედავს, რომ იქ ოჯახი, სარწმუნოება და ერთგულება ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი, ამიტომ ეს კიდევ ერთი, თითიდან გამოწოვილი სიცრუეა, რომლითაც ხალხის მოტყუებას ცდილობენ. ამ თემას ძალიან კარგად იყენებენ და ავრცელებენ ისევე, როგორც გაცვეთილ შეკითხვას - "აბა, ომი გინდათ?" ოპონენტებისთვის "ნაცის" ძახილიც აპრობირებული ხერხია, მაგრამ ისიც აღარ ჭრის - უკვე გაცვდა, როგორც ეს ხელისუფლება.

- დაბოლოს, რას ეტყვით იმ ხალხს, ვისაც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედი დაკარგული აქვს?

- ბევრს არაფერს: თუ უკეთესი მომავალი გვინდა, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ! ან გავიმარჯვებთ ან სამშობლოს დავკარგავთ, რაც ამ ლაღი, მებრძოლი თაობისთვის წარმოუდგენელია. ისინი უკან დამხევები არ არიან, ამიტომ, უფროსი თაობა წინ უნდა გაუძღვეს. თუ საჭიროა, ჩვენი მომავალიც სასწორზე უნდა დავდოთ. მეც ჩემი სამსახური და მომავალი გვერდზე გადავდე, რადგან სამშობლო და მისი მომავალი უპირველესია! ყველამ ვიცით, რომ ქართული გენი და ჯიში დიდ საიდუმლოს ინახავს, ისიც ცნობილია, რომ ქართველი მონობის უღელს არ დაიდგამს... ეს ქვეყანა დროებით მოსულ მთავრობებს კი არა, ჩვენ გვეკუთვნის და ნუთუ არ ვიმსახურებთ ეროვნულ ხელისუფლებას, რომელიც ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე იზრუნებს? - ნამდვილად ვიმსახურებთ!

ხათუნა ჩიგოგიძე