კერამიკის საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები - გზაპრესი

კერამიკის საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები

და ბოლო წლების განმავლობაში ეს ტენდენცია ფეხს ჩვენშიც იკიდებს. დეკორატიულ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი პროდუქტი, სასურველი საჩუქარია როგორც ნაცნობ-მეგობრებისთვის, ისე საკუთარი თავისთვის და ამგვარ ხელნაკეთ ნივთებს შორის ერთ-ერთი „ლიდერი“ კერამიკული ნაკეთობებია.

ლედი შპეტიშვილი:

- სოფელ მარტყოფში ვცხოვრობ. დედა ყოველთვის დაკავებული იყო ხელსაქმით, მათ შორის საკონდიტრო საქმეც კარგად გამოსდიოდა. აწ გარდაცვლილი მამაჩემი კი ბუხრებს აშენებდა, თვითნასწავლი იყო და სიცოცხლის განმავლობაში 15-მდე ბუხარი მაინც ააშენა. ვფიქრობ, ხელსაქმისადმი ინტერესი მშობლებისგან გენეტიკურად გადმომეცა. პროფესიით თექის ხელოსანი ვარ, კერამიკით კი მოგვიანებით დავინტერესდი. თექაზე მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ ხელსაქმე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო. როცა ამით ვკავდებოდი, თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობდი, შემეძლო ჩემი ხასიათი გამომევლინა. თექისგან პირველი ნივთი 2012 წელს გავაკეთე: ორნამენტებიანი ჟილეტი იყო, ჩემი სადიპლომო ნაშრომი. მომდევნო ეტაპზე პატარ-პატარა შეკვეთები მქონდა და ამ საქმეს მოყვარულის დონეზე მივდევდი. მოგვიანებით სამსახური დავიწყე, პლასტიკურ ბარათებს ვამზადებდი. ჩემთვის ძალიან რუტინული საქმე აღმოჩნდა. ასე გატარებული 5-წლიანი რეჟიმის შემდეგ მივხვდი, თავს ვკარგავდი და ეს უნდა დამესრულებინა. თიხით მანამდეც, ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული, ძერწვა მიყვარდა. ერთ დღესაც თიხის ვორკ-შოპზე როგორც მოყვარული, ისე წავედი და იმ დღიდან „მოვიწამლე“. მივხვდი, ეს ის მასალა იყო, რომლითაც უნდა მემუშავა. თავისუფლება ვიპოვე და კერამიკაში საკუთარი თავი ხელახლა აღმოვაჩინე. ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთ სახელოსნოში ვმუშაობდი და თან, ვეზიარე ყველა იმ დეტალს, რომელიც ამ მასალაზე მუშაობისას არის საჭირო. თუმცა, კერამიკა იმდენად ამოუწურავია, ალბათ შეუძლებელია ყველაფერს ბოლომდე ფლობდე. მას შემდეგ სამი წელია კერამიკის ნივთებს ვქმნი და თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვგრძნობ. ახლა რეზო გაბრიაძის თეატრის კერამიკულ სახელოსნოში ვმუშაობ და ხშირად, შინ დაბრუნებულიც ამ საქმეს ვაგრძელებ. ვინაიდან ჩემი საკუთარი სახელოსნო არ მაქვს და არც ღუმელი, მეგობრების დახმარებით ნივთები მარტყოფიდან თბილისში, ერთ-ერთ სახელოსნოში გამოსაწვავად მიმაქვს.

6-copy-1715539540.jpg

მინდა გითხრათ, რომ თიხა ძალიან მგრძნობიარე მასალაა. თუ მასთან ცუდ ხასიათზე მყოფი მიხვალ, არაფერი გამოდის. თიხასთან მუშაობა ჩემთვის განტვირთვა და ერთგვარი თერაპიაა. თბილისიდან შინ დაბრუნებული რაც უნდა დაღლილი ვიყო, მასთან ურთიერთობა ენერგიის აღდგენაში მეხმარება.

დღესდღეობით ვამზადებ როგორც დეკორატიულ, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე სხვადასხვა აქსესუარს: როგორც ნაძვის ხის მოსართავ სათამაშოებს, ისე თმის სამაგრებს. ხშირად დავდივარ ეროვნულ თუ სხვა მუზეუმებში და ვეცნობი ორნამენტებით გაფორმებულ, ქართული თიხით შექმნილ ნივთებს. სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს ძველი ქართული კერამიკა თანამედროვეობაშიც გადმოვიტანო. ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა სახელოსნო მქონდეს და ამ მიზნის მისაღწევად ვიბრძვი. იქვე იქნება მაღაზიაც, სადაც ნებისმიერ ადამიანს სასურველი ნივთის ადგილზე შერჩევის საშუალება ექნება. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ეს ადგილი შეიძლებოდა მარტყოფში ყოფილიყო, მაგრამ დედაქალაქში აჯობებს - თბილისში უფრო მეტ ადგილობრივსა და ტურისტს შეუძლია მესტუმროს.

ანა კალანდაძე