ვისი მისამართით დაიწერა და რა საიდუმლოს მოიცავს "ჩაკრულოს" ტექსტი - გზაპრესი

ვისი მისამართით დაიწერა და რა საიდუმლოს მოიცავს "ჩაკრულოს" ტექსტი

აზრთა სხვადასხვაობა სიმღერის ტექსტმა გამოიწვია, რომლის წარმოშობის, მისი ისტორიული შინაარსისა და ადრესატის შესახებ ისტორიკოსს, პოეტსა და სიმღერების ავტორს, თამარ ფარჩუკიძეს გავესაუბრეთ.

- სიმღერა "ჩაკრულოს" ირგვლივ სჯა-ბაასში მუსიკოს დათო ცინცაძის აქცენტმა "გაუშიფრავი ჩაკრულოების" შესახებ, თქვენი ნარკვევი, "ყივჩაღიადა" გამახსენა, სადაც ხსენებულ სიმღერასაც განიხილავთ.

- ადრე თუ გვიან, ეს მოხდებოდა. უხერხულობას ქმნის ის, რომ მიზეზად იქცა შესანიშნავ ბავშვთა მშვენიერი შესრულება. თუმცა, ამაშიც არის გარკვეული კანონზომიერება, რადგან ის, თუ რას და რატომ ვმღერით, ყველა ასაკის მსმენელმა უნდა იცოდეს. ამ სიმღერის ისტორია ფილმის სცენარად გამოდგებოდა: მთავარი გმირი იქნებოდა მუხრანბატონების სამეფო შტოს ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული პერსონა - "შატო მუხრანის", დღეს უკვე ნახევრად ქართული სახელის სასახლისა და მამულების უწინდელი პატრონი ივანე ბაგრატიონი (1812-1895). მის პიროვნებაში შერწყმული იყო რუსეთსა და საფრანგეთში მიღებული ცოდნა, ინოვაციური აზროვნება, ავანტურისტული ბუნება, უბადლო ორგანიზატორისა და მეურნის გამჭრიახი გონება, მარკეტინგული ნიჭიერება, აღებ-მიცემობის ინტუიცია, მაამებლური და ამავდროულად, მედიდური ხასიათი და გასაოცარი მიმტევებლობა.

- კონკრეტულად რაში გამოიხატა მისი ეს თვისებები?

- თავისი "იმპერიის" შექმნისას მემკვიდრეობით მიღებული 40 თუმნითა და უდიდესი ძალისხმევით ბევრისთვის უტოპიური იდეები იმ დონემდე განავითარა, რომ მუხრანული ღვინის პროდუქცია რუსეთის, ევროპისა თუ მსოფლიოს ბაზრებზე კონკურენტუნარიან ბრენდად აქცია და ჩვენშიც და კავკასიაშიც მეღვინეობის ახალ ერას დაუდო სათავე.

იმხანად დიდებული სასახლის 5 ჰექტარ ფართობზე, უცხოელი სპეციალისტების მეშვეობით, საუცხოო ბაღიც გააშენა, ხოლო 1870 წელს მოწვეული ფრანგი სტუმრები ბაღის შუაგულში აღმართული ულამაზესი ცქრიალა ღვინის შადრევნით გააოცა. ამით მან 21-ე საუკუნის ალკოჰოლურ შადრევნებს ორი ასწლეულით დაასწრო. ჰოდა, ევროპელებთან ერთად ზეიმს, ლხინი და სიმღერაც ხომ სჭირდებოდა?! ასეთ დროს ის მარტყოფიდან იწვევდა მომღერალთა გუნდს, რომლის მთავარი სიმღერა, არც მეტი, არც ნაკლები, "ჩაკრულო" იყო. თანაც, სწორედ იმ ტექსტით, ყველას რომ კარგად მოგეხსენებათ: "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია" და ა.შ.

მასპინძელს ორი საღამოს ნაცვლად, მომღერლები ხანგრძლივად - მათი მრავალხმიანი, უნიკალური რეპერტუარით მოხიბლული სტუმრების წასვლამდე დაუტოვებია. ამასობაში, უბატონო მარტყოფიდან გუნდის ხელმძღვანელის - ადამას ვაჟსაც ჩამოუკითხავს და მემამულისთვის გარეკახურად მიუხლია საყვედური: "ე ხალხი რო ამოდენა ხან დაიტოვე, მარტო სიმღერა დაარჩენთ? სამჭკუაანთ ბაღებს ვინღა მიხედოს?!" "რა გაგიმზადო, უღელი ხარ-კამეჩი სურსათ-სანოვაგით, ოქრო-ვერცხლი თუ ბაღ-ვენახის მოსავალი?" - უკითხავს მადლიერ მუხრანბატონს. "რათ მინდა შენი სარჩო-საბადებელი, კომლობადავსილი კი არა ვართ!" - იუარა თურმე ადამამ. "აბა, ისე როგორ გაგიშვათ, რამე მაინცა მთხოვე", - არ შეშვებია ივანე. "რახან არ იშლი, ა, ეგ წყვილი ყანწი მამეცი", ამაზე კი თავისებურად შეუცხადებია თავადს და თავი გაუქნევია: "ნეტა, ეგ არა და სხვა რაც გინდა, გეთხოვა, ძაან მიყვარს ეს ჯიხვის რქები, მაგრამ სიტყვას ხო არ გავტეხამ?!."

- ყანწებს რა ბედი ეწია?

- აი, ეს ფოტო ოჯახური სურათია იმ პირმოვერცხლილი ყანწებისა, რომელთაც სოფლიდან სოფელში სალხინო მოგზაურობისას ხელმრუდისაგან წვერსამკაულები კი განეძარცვა, მაგრამ "ჩაკრულოს" თავგადასავლის ხსოვნას დღემდე ინარჩუნებს და ტრადიციისამებრ, ადამას შთამომავლებში სამჭკუაანთ უმცროს ვაჟს ერგება ხოლმე. ამჟამად ისინი ჩემი ბიძაშვილის, ნიკო სამჭკუაშვილის ოჯახში ინახება.

- მთავარი სიმღერა "ჩაკრულო" იყოო, თქვით და რა რეაქცია ჰქონია სიმღერის ტექსტზე თავად ივანე ბაგრატიონს?

- იცინოდა! აი, ასეთი ფსიქოტიპი იყო! მას შეეძლო მშვიდად შეხვედროდა პარალელური ბიზნესის ჩავარდნას და დროდადრო გლეხებისგან მოწყობილ "საპროტესტო აქციებს"; მიწის რეფორმის საკითხზე კამათისას ილია ჭავჭავაძესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა და მერე ბოდიში მოეხადა. მეტიც, 1884 წლის აპრილში, 24 წლის თავადმა სუმბათაშვილმა 7 სროლიდან ოთხი დაჭრა, მაგრამ ივანემ უარი თქვა 4 წლით კატორღაში მის გადასახლებაზე და გაათავისუფლებინა.

პეტერბურგის საიმპერატორო კარის ექსკლუზიური მიმწოდებელი, ევროპულ ბაზარზე კარტოფილისა და ხორბლის მოსავლით აღიარებული ბიზნესმენი შეიძლებოდა შეუბრალებელიც ყოფილიყო, მაგრამ იქნებ საკუთარ უძლეველობაში დარწმუნებულ მსხვილ ფეოდალს სულაც არ ანაღვლებდა სხვისი, თუნდაც, მრავალთა აზრი. შესაძლოა, ეს სასახლისა თუ წარჩინებულთა კარზე არსებული ძველი ტრადიციის გამოც იყო. აკი შიგადაშიგ დადგებოდნენ ხოლმე ძლიერნი ამა სოფლისანი თვითირონიის ხასიათზე და უბრალო ხალხს გულმოწყალების ნიშნად, ტკბილ-მწარე კრიტიკის უფლებასაც აძლევდნენ. მისი ბუნებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ივანემ იცოდა რას და ვისზე მღეროდნენ, ამიტომაც მიიწვია ეს გუნდი.

papa-joqola-samchkuashvili-tavisive-xelnaketi-sakravit-copy-1715539779.jpg

- რატომ იმუქრებოდნენ? მაინც, რამ გააჯავრა მარტყოფელები?

- იმან, რითიც უღმერთო ივანე მუხრანბატონმა თავს ლაფი დაისხა. ამ ინციდენტის ტირაჟირება რომ არ მინდოდა, ახლობლებთანაც კი ვერიდებოდი "ჩაკრულოზე" საუბარს. ახლა ალბათ, დრო დადგა. 1837 წელს თბილისს იმპერატორი ნიკოლოზ პირველი სტუმრობდა. სტუდენტობაში დაძმაკაცებულ ივანეს იგი "ჩემს ცელქს" ეძახდა. სწორედ მის საამებლად ჩაიდინა მუხრანბატონმა უთავმოყვარეო, მაამებლური საქციელი და სტუმარს მაიკო ორბელიანი მიართვა...

თბილისმა "წაუყრუა" ამ სამარცხვინო, მოღალატეობრივ ფაქტს. პერიფერიებში ალბათ, არც გაუგიათ, მაგრამ ვინც გაიგო და ვერაფერს შეცვლიდა, სიმღერაში ასახა. მწარედ და დამუქრებით ამოიმღერ-ამოიძახა და თანაც ისე, რომ ორასი წლის შემდეგ სიმღერამ "იუნესკოს" არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხამდეც მიაღწია და ამასთან ერთად, კაცობრიობის სხვა კოსმოსურ გზავნილებთან ერთად, გალაქტიკაშიც სამუდამოდ გაინავარდა.

1870 წლის ხსენებული მუხრანული ზეიმისას, იმ უღირსი ქმედებიდან (ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავი, საწყალი მაიკოც მალევე იმსხვერპლა ჭლექმა) სამ ათეულ წელზე მეტი იყო გასული. ვერ გეტყვით, "ჩაკრულოს" მრავალრიცხოვან ტექსტურ ვარიაციებში მანამდეც იმღერებოდა განხილული ვარიანტი თუ მუხრანბატონის ხასიათს შეთამამებულმა მარტყოფელებმა ჯავრის ამოსაყრელად, სპეციალურად სამუხრანო სტუმრობებისათვის შექმნეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ისტორია "ჩაკვრით" ანუ "გადაკვრით" ნათქვამ-ნამღერი ტექსტისა და სათაურის შესახებ, ბავშვობაში ხშირად მომისმენია და ასაკოვან მარტყოფელებსაც დღემდე კარგად ახსოვთ.

- და "ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა" და მსგავსი "სოციალური" საყვედურები?

- მუხრანბატონთა ეს ოჯახი დიდად კეთილშობილი, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირსებებისა არასოდეს ყოფილა. გავიხსენოთ მისი ძმა, გიორგი, რომლის აზრითაც, მცირერიცხოვანი ხალხები მსხვილ ეროვნულ ერთეულებში უნდა შერწყმულ-გათქვეფილიყვნენ. მადლიერი ყმა-გლეხი ბევრი რომ არ ჰყავდათ, ცნობილია, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ვახსენოთ "ხიზანთა სია", რომლის მიხედვითაც, ყველაზე ნაკლები ყმა-გლეხი მისი სამფლობელოდანაა გახიზნული! ვინ იცის, შესაძლოა, ესეც წინასწარ გათვალა და ამიტომ ჩამოასახლა მუხრანში არაქართველი მუშახელი, სხვაგან ადვილად რომ ვერ გაქცეულიყვნენ.

- რატომ არ თქვეს უარი მარტყოფელებმა მისთვის სიმღერაზე?

- და რათ უნდა ეთქოთ? ბანს ვერ დაანგრევდნენ თავზე და აღარც ემღერათ? (მპასუხობს ღიმილითა და კახური აქცენტით. - ავტ.)... იმ ბრალდებული თავადის სასამართლოში ნათქვამი მახსენდება: ივანე "ჭკუით საზღვრავს და სარგებლობს თავის გარემოებით, რომელსაც არა აქვს არავითარი კაცობრული გრძნობა და რომელსაც მისსავე ხრიკების წყალობით, მოყვასის დაღუპვა ოდნავადაც არ უტანჯავს სინდისს..." მგონია, ამ სიტყვებში მაიკოს ამბავიც იგულისხმება...

შეეძლო ასეთ კაცს არხეინად მოესმინა მის მიმართ მუქარის (ან როგორც ახლახან უწოდეს "რევოლუციური") შემცველი სიმღერა? შეეძლო! მუხრანში მოწვეულ ფრანგებს კი, იმედია, სიტყვასიტყვით არ უთარგმნიდნენ!

- როგორ ფიქრობთ, უნდა ვიმღეროთ ტექსტის ეს ვარიანტი?

- ჰო! იმიტომ, რომ უზნეობის წინააღმდეგ პროტესტის ისტორიული ფაქტია! არა! - იმიტომ, რომ უკეთესი ვერსიებიც არსებობს! მე მომხრე ვარ ცვლილებების იმ ბუნებრივი პროცესისა, რაც ხალხურ ფოლკლორს დროთა და ვითარებათა ცვლასთან ერთად ახლავს.

joqolas-shvilebi-eter-ketevan-da-vazha-samchkuashvilebi-da-tamar-parchukizis-shvilebi-ia-da-iakob-giorgazeebi-1715539766.jpg

- მიუხედავად ამისა, ნარკვევში, "ყივჩაღიადა", თქვენ ერთმნიშვნელოვნად უარყოფთ "მუხრანულის" იგივე "შემომეყარა ყივჩაღის" სადღეისო დაბოლოებას - "ქალი წავიდა სხვისასა". თან, იმდენად გინდათ "მუხრანელი დედაკაცის" "რეაბილიტაცია", ლექსადაც კი დაწერეთ: "სხვისას არ წაველ, ვერ წაველო..."

- უქმრო ქალი "სხვაგან" ან წავა, ან არა. ასე იყო და იქნება ყველგან და ყველა ეპოქაში. მაგრამ "კეისრის ცოლზე არ უნდა ითქვას!" არის ეტალონად ქცეული მხატვრული ნიმუშები და სახეები ან როგორც გაბრიელ ჯაბუშანური იტყოდა, "წმინდა პოეზია", რომლის შეხება არასწორია. საქართველო დღემდე ვერ მოაღწევდა, თუ არა ჩვენი მყარი და მაღალი სულიერი "კონსტიტუცია", ოჯახის სიმტკიცე და ზნეობრივი ტრადიციების დაცვა. ამ ღირებულებებს მშვენივრად ასახავს ჩვენი ხალხური მითოლოგია, ფოლკლორი: ბალადები, ცეკვები...

"მუხრანულის" შემთხვევაში მთავარი არგუმენტია ის, რომ ეს ლექსი საფერხულო სიმღერის ტექსტი იყო და წარმოუდგენელია ფერხულისას სოლისტი ომახიანად გასძახოდეს "ცოლი წავიდა სხვისასაო" და მეფერხულენიც დიდი აღმაფრენით იმეორებდნენ: მაშა, მაშა, წავიდა, აბა, შენ ხსოვნას ხო არ შეაკვდებოდა, ნამუსს ხო არ შეგინახავდა, ქვრივობის სიწმინდეს ხო არ დაიცავდაო(?!).

დიდი მონდომებით ვამტკიცებთ: "ქალი წავიდა სხვისასა" და აკი, მასობრივად "წავიდნენ" კიდეც! წავიდნენ საკუთარი სახლებიდან, ოჯახებიდან, სამშობლოდან! სიტყვა მატერიალიზებული ფიქრია მოქმედებად ქცევის გარდაუვალი პოტენციით. მეტიც, ეს ყოველივე, სამყაროს წარსულის, აწმყოსა და მომავლის საინფორმაციო ველში ტრიალებს და არსად ქრება. ამგვარი გააზრებით, სწორედ კოსმოსთან, ღმერთთან სიახლოვის გამო იყო, რომ ჩვენმა წინაპრებმა არათუ ლექსი და სიმღერა, არათუ თითოეული სიტყვა, ასო-ბგერაც კი უდიდესი ცოდნითა და კოდირებული ინფორმაციით შექმნეს! და ჩვენ ვაკვირდებით რას ვამბობთ, ვწერთ ან ვმღერით? ხშირად - არა! შედეგიც არ აყოვნებს.

- "ბანის დანგრევაც" ხომ არ აღსრულდა?

- დიახ, "ჩაუხტნენ" და "თავს დაანგრიეს!" თანაც, უომრად, კახური სიდინჯით, სიმღერით! - მამის გარდაცვალებიდან მალევე, შვილებმა სასახლე ჯერ ბანკში ჩადეს, 1899 წელს კი მთელი მამული 750.000 მანეთად მიჰყიდეს საქართველოს მთავრობას. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ეს ადგილი ბოლშევიკებმა დაიკავეს და გააპარტახეს, შემდეგ მასში ილიას მკვლელ გიგლა ბერბიჭაშვილს ჰქონდა კანტორა. საბჭოთა პერიოდში სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის კუთვნილებას 80-იან წლებში "მხედრიონელების" შტაბმა მოუღო ბოლო. 2002 წლიდან კი ქართველი და უცხოელი დამფუძნებლების ჯგუფის 49-წლიან კუთვნილებაშია, რომლის 65%-ს შვედი ფრედერიკ პოლსენი ფლობს...

mamachemis-tengiz-parchukizis-mier-shekmnili-muxranbatonebis-sasaxlis-maketi-1715539747. - Copy.jpg

- თქვენ მიერ გამოცემულ "ქეთევან დედოფლის საზოგადოების" საიუბილეო კალენდარში რაც ამოვიკითხე, მგონი, მუხრანულ-მარტყოფული ისტორიის ახალი ისტორიაა.

- ამ ფურცლის დაწერა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. იმ მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელის - ადამას შვილთაშვილი დედაჩემი მარტყოფიდან მუხრანში გამოთხოვდა. სამჭკუაანთ ქალის რძლობა, რომელიც მეუღლესთან ერთად მუხრანზე სიმღერებითა და ქეთევან წამებულზე საგალობლით დამშვენდა, იმით დასრულდა, რომ ახლა ის "შატო მუხრანის" სიახლოვეს, ძველი ნატაძრალის ადგილას, დიდმოწამე ქეთევანის სახელობის მისგან წამოწყებული მშენებარე მონასტრის ეზოში განისვენებს.

და კიდევ: მუხრანის გადასახვევთან ჩემს ბავშვობაში ჯერ კიდევ იყო ხიდი და ამ ადგილს ორი სახელი ჰქონდა: ხიდისთავი და საფონავი. ადამას მოდგმისებს ეს სიმღერა აკვნიდან გვესმოდა, ბოლოჯერ, პაპამ, წარსულში ცნობილმა ლოტბარმა, ჯოყოლა (ნიკოლოზ) სამჭკუაშვილმა და მისმა მონაგარმა მუხრანში, ჩემს ქორწილში ვიმღერეთ "ჩაკრულო", "ჩავუკარით" და "ჩავუხტით" მუხრანბატონს... საოჯახო არქივში გვაქვს ადამას გუნდის წევრების სიაც. აქედან ერთ-ერთის, ნინიკას შთამომავალი, 84 წლის ყარამანა ძია ახლახანაც ვნახე...

ახლა მუხრანბატონების შესახებ ჩემს მთავარ სათქმელს გეტყვით - 2024 მუხრანბატონთა შტოდან სამყაროს დიდი საჩუქრის - "ივერიის მნათობად" მოვლენილი დიდმოწამე ქეთევანის საიუბილეო (400/450) წელია, ამ საქმეს საქვეყნო ზრუნვა და ახალდაარსებულ "ქეთევან დედოფლის საზოგადოებასაც" თანადგომა სჭირდება. ყველას ვალია, მინიმუმ, ხანდახან ვახსენოთ მაინც ჩვენი მოკვლევით, სადღეისოდ ოცდაერთ ქვეყანაში ცნობილი "იბერიელი გაუტეხელი სიმტკიცე", მისი ნათქვამ-ნაწერი და იმ ნათესავისგან სრულიად განსხვავებული მისი წმინდა თვისებები.

შორენა ლაბაძე