"ფული ავიღე გადატრიალების მოსაწყობად" - გზაპრესი

"ფული ავიღე გადატრიალების მოსაწყობად"

რადგან ამბობთ, ეს კანონი იმიტომ გვჭირდება, რომ უცხოური ფონდები აქ რადიკალიზმს, გადატრიალებას და რევოლუციას აფინანსებენო, ეს კანონი ამისგან როგორ დაგაზღვევთ, თუ მხოლოდ დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებსო?

კობახიძის პასუხი დაახლოებით ასე ჟღერდა: დეკლარაციაში საჯაროდ რომ გამოჩნდება, ვინაა დამფინანსებელი, შერცხვებათ და ამას აღარ იზამენო. გეფიცებით, მართლა ეს იყო მისი პასუხის დედააზრი.

წარმოიდგინეთ, მე ვარ ფონდი, რომელიც ამერიკის ან რაღაც მითური "გლობალური ომის პარტიის" დაფინანსებით, საქართველოში ვაპირებ გადატრიალება მოვაწყო და რომელიღაც ქართულ არასამთავრობოს ფულს ვაძლევ, რომ ხალხს გადატრიალებაში ტრენინგები ჩაუტაროს (ჯერ ეს ხომაა მაგარი - ტრენინგებით რომ გინდა გადატრიალების მოწყობა) და წარმოიდგინეთ, ეს არასამთავრობო ამას დეკლარაციაში წერს: "ფული ავიღე გადატრიალების მოსაწყობად". წარმოგიდგენიათ ასეთი რამე? ვინ ჩაწერს ამას დეკლარაციაში? ჩაწერს, რომ გრანტი ავიღე, მაგალითად, დემოკრატიაზე ლექციების ჩატარებაში, მერე რა ხდება? როგორ ამოწმებს მთავრობა ლექციების დროს რაზე ილაპარაკეს: დემოკრატიაზე თუ გადატრიალებაზე? სუს-ის აგენტს შეგზავნიან? და თუ აგენტი უნდა შეგზავნო და მან უნდა გამოავლინოს, მაშინ ეს კანონი რაღა საჭიროა?

მოკლედ, ყველა ფეხის ნაბიჯზე მჟღავნდება, რომ ამ კანონის მიზანი სრულიად სხვაა, ვიდრე ამას ხელისუფლება გვეუბნება. სინამდვილეში, მათ გამჭვირვალობა საერთოდ არ ადარდებთ, რადგან კარგად იციან, ვინ საიდან და რამდენით ფინანსდება. მთელი ეს ამბავი იმისთვის აქვთ ატეხილი, რომ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, ვისაც ვერ აკონტროლებენ, ყველას "უცხო ძალის ინტერესების" გამტარებლის იარლიყი მიაწებონ, რათა შემდეგ, როდესაც ისინი მთავრობას ამხელენ ან გააკრიტიკებენ, თქვან: მაგის კრიტიკას რა ფასი აქვს, უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს, ანუ დავალებით მოქმედებსო. პლუს, ჰქონდეთ საშუალება ამ ორგანიზაციებში შემოწმებაზე შევიდნენ (ამის უფლებას მათ კანონის მე-8 მუხლი აძლევთ).

კარგი, ერთი წუთით დავიჯერეთ, რომ ენჯეოები ქვეყანაში მართლა გადატრიალებას აწყობენ და ეს კანონი ამას აღკვეთს, მაშინ მედიაც რატომ შეიყვანეს იქ? მედია რა შუაშია? არც ერთ თავის გამოსვლაში ხელისუფლების არც ერთ წევრს არ უხსენებია, მედია აწყობს რაიმე გადატრიალებასო. მაშინ მედიაზეც რატომ ავრცელებენ ამ კანონს, მით უმეტეს, უკვე არსებობს მაუწყობლობის შესახებ კანონი, რომლის საფუძველზეც ყველა მაუწყებელი ისედაც ვალდებულია წელიწადში ერთხელ სრული ფინანსური ანგარიში ჩააბაროს მარეგულირებელ კომისიას? ანუ დეკლარაციის შევსებას რომ ითხოვენ, ამ დეკლარაციებს მაუწყებლები ისედაც ავსებენ. ხვდებით ხომ, ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს? უცხოური გრანტებით ჩვენთან ძირითადად რეგიონული მედია სულდგმულობს, რადგან რეგიონებში მედიას უჭირს შემოსავლებით არსებობა. ჰოდა, ახლა ამ კანონით თითქმის ყველა რეგიონული მედიასაშუალება "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად" უნდა გამოცხადდეს?!.

სწორედ ამიტომ ამბობენ აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები, ამ კანონით ძირს უთხრით ჩვენს ურთიერთობასო, რადგან ეს კანონი ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიის მცირე ნიშნებსაც აუქმებს. და რით პასუხობს დასავლეთის კრიტიკას ხელისუფლება? კობახიძემ ამერიკელებს დაუწერა, თქვენ თქვენს დარბეულ მიტინგებს მიხედეთო. უკვე სერიოზულად ველოდები, როდის გაახსენებს ირaკლი კობახიძე აშშ-ს ზანგების წამებასა და ინდიელების დახოცვას, როგორც ამას ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის დროს რუსები აკეთებდნენ.

ამიტომაც გამოდის ამდენი ხალხი თბილისის ქუჩებში ამ კანონის გასაპროტესტებლად, რადგან ეს კანონი გვაპირისპირებს დასავლეთს და თუ დასავლეთმა ზურგი შეგვაქცია, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის პირისპირ დავრჩებით მარტო და ისევ მათი უკანა ეზო გავხდებით. აქ ყველაზე ნიშანდობლივი ისაა, რომ აქციაზე ძირითადად პარტიული აქტივისტები კი არა, ახალგაზრდობა და სტუდენტობა დგას. სტუდენტები და ზოგადად ახალგაზრდები როდის გამოდიან ქუჩაში და როდის ერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში? ეს ხომ ყოველდღიურად არ ხდება? პირიქით, ძალიან იშვიათად ხდება. მაგალითად, სტუდენტები გამოვიდნენ 1968 წელს საფრანგეთში და დე გოლი დაამხვეს; სტუდენტები გამოვიდნენ 1978 წელს საქართველოში, როდესაც ქართულ ენას საშიშროება დაემუქრა და საბჭოთა მთავრობას უკან დაახევინეს; სტუდენტები გამოდიოდნენ ეროვნული მოძრაობის დროს, როდესაც დამოუკიდებლობის საკითხი წყდებოდა.

ანუ როდესაც სტუდენტები და ზოგადად, ახალგაზრდები გამოდიან ქუჩაში და პოლიტიკურ პროცესში ერთვებიან, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება რაღაც ძალიან ძვირფასს ეხება ცუდად ან რაღაც მნიშვნელოვანი დევს სასწორზე. ახალგაზრდები ყველანაირ პოლიტიკურ პროცესებში არ ერთვებიან. როგორც წესი, ისინი სხვა საქმეებით არიან დაკავებულები. ჰოდა, რადგან ახლა გამოვიდნენ და ჩაერთვნენ, სწორედ ესაა ბევრი რამის ინდიკატორი. ამას რომ ვერ ხვდება მავანი და ამ ყველაფერს ამერიკისა და ნაცებისგან მართულად აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ ან თავს იტყუებს, ან ჩვენს მოტყუებას ცდილობს.

სპორტსმენებიც ამიტომ გამოხატავენ პროტესტს, რომ არავის უნდა ეს ქვეყანა ისევ რუსეთს დარჩეს და არა იმიტომ, რომ ვინმე აძალებთ. არადა, ამ კანონის შემოგდებამდე სპორტსმენები კი არა, აღარავინ ფიქრობდა პოლიტიკაზე, იმდენად ბედნიერი ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გასვლით. ხელისუფლებამ კი იმდენი მოახერხა, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა და ფეხბურთელები ვრცელი პოლიტიკური გაცხადებების კეთებაზე გადავიდნენ.

P. S. ვატყობ, ევროპის ჩემპიონატის ყურებაც რუსთაველზე მოგვიწევს.