ვინ გადაარჩენს ქვეყანას... - გზაპრესი

ვინ გადაარჩენს ქვეყანას...

რომელიც ხელისუფლებამ მოუწყო საკუთარ მოქალაქეებს. ჯერ ყველაფერი ზარებით დაიწყო, აქციების აქტიურ მონაწილეებს და მათი ოჯახის წევრებს ტელეფონებზე ურეკავდნენ, აგინებდნენ, მერე პირდაპირ ცემაზე გადავიდნენ. ალბათ, ტელევიზიებით ყველამ ნახეთ დასისხლიანებული სახეები, დამტვრეული ცხვირ-პირი, კადრები, როგორ ესხმის თავს ადამიანს ხუთი ზონდერი სადარბაზოსთან და სცემს.

"ოცნება" და მისი მომხრეები აქამდე, როცა ეუბნებოდი, რომ "ნაცებისგან" არაფრით განსხვავდებითო, გიპასუხებდნენ, - ჩვენ მოძალდე რეჟიმი არ ვართო. ჰოდა, ახლა ხართ, ბატონებო. ეს ხელისუფლება უკვე ვერასდროს მოიშორებს "მოძალადე რეჟიმის" სახელს. სწორედ ამ სახელით შეხვალთ ისტორიაში.

თან ამ ყველაფერზე ხელისუფლებას უტიფრული პასუხი აქვს: ძალადობას ზოგადად ვგმობთ, მაგრამ ყველაფერი ოპოზიციამ დაიწყო, როდესაც მოიწონა, ელისაშვილი მდინარაძეს რომ დაესხა თავსო. ანუ სინამდვილეში არც უარყოფენ, რომ ეს ყველაფერი მათი გაკეთებულია, უბრალოდ, თქვენ დაიწყეთო, ანუ ტოლობის ნიშანს სვამენ დეპუტატების ჩხუბსა და ხელისუფლების დავალებით ზონდერების მხრიდან ხალხზე ნადირობას შორის.

თუმცა, უტიფრობა ხომ ყველა ხელისუფლების სავიზიტო ბარათია. რამდენიმე დღის წინ "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეებმა ყველაზე მასშტაბური აქცია მოაწყვეს "ევროპის მოედანზე", ზოგი დათვლით, მონაწილეთა რაოდენობამ ორასი ათასსაც კი მიაღწია. მამუკა მდინარაძე გამოვიდა და მაქსიმუმ, ოცი ათასი თუ იქნებოდაო. კარგი, შეიძლება თქვა, რომ ორასი ათასი გადაჭარბებული რიცხვია, რომ მაგის ნახევარი იყო ან ჯანდაბას, თქვი, რომ ოთხმოცი ათასი იყო, მაგრამ ამდენი ხალხი ოცი ათასამდე როგორ უნდა დაიყვანო? სად ისწავლება ასეთი მათემატიკა? ალბათ, ბიძინას აკადემიაში.

არანაკლები საოცრებები ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც. გამოაცხადა, რომ ჩაატარეს კვლევა, რითაც მათი მხარდამჭერების IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) გაზომეს და, - ჩვენს მხარდამჭერებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მოწინააღმდეგეებსო.

ეს თემა ისე ჩაიხვია, მერე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე წამდაუწუმ იმეორებდა: "IQ, ზრდილობა, კულტურა"; "IQ, ზრდილობა, კულტურა". სოციალურ ქსელში გაჩნდა ხუმრობა, რომ ილია ჭავჭავაძის ცნობილი ტრიადის (მამული, ენა, სარწმუნოება) მერე ისტორიას კობახიძის ტრიადა შემორჩება: "IQ, ზრდილობა, კულტურა".

მე კი ამის მერე ვცდილობ გამოვიცნო, IQ-ს დატოლების შემდეგ ხელისუფლება რის დატოლებას შემოგვთავაზებს?

ასევე მთელ ხელისუფლებას ჩახვეული აქვს, რომ გვებრძვის "გლობალური ომის პარტია". კობახიძეს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, გვითხარით, ვინ არიან ამ პარტიის წევრებიო? კობახიძემ, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ იმას კი მოგახსენებთ, რომ ისინი აკონტროლებენ როგორც ამერიკის, ისე ევროკავშირის პოლიტიკასო. ანუ ეს "გლობალური ომის პარტია" ამერიკას და ევროკავშირს კი აკონტროლებს, მაგრამ "ოცნების" დამსახურებით, საქართველოში "ფეხი არ ჩაუვიდა" და ახლა, როგორც ვხვდები, ამერიკაც და ევროკავშირიც ჩვენი საშველი ყოფილა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ "გლობალური ომის პარტიის" დიქტატისგან.

თუმცა, კობახიძისგან ერთი სარგებელი მაინც მივიღეთ. როგორც იქნა, გავიგეთ, რას ერჩის ივანიშვილი დასავლეთს. კობახიძემ მორიგ პრესკონფერენციაზე მოგვახსენა: ივანიშვილი ყოველთვის აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელშიო.

ამის მერე სოციალურ ქსელში გაჩნდა მოწოდება, თუ ამ 2 მილიარდის გამო დააპირისპირა ამ კაცმა ქვეყანა დასავლეთს და ამ ფულის გამო გვიპირებს რუსეთის ხახაში ჩაგდებას, მოდით, ხალხო, ბიძინას ეს 2 მილიარდი ავუგროვოთო. კარგი იდეაა. ასევე ვფიქრობ, აქციის მოთხოვნები უნდა შეიცვალოს და ასე ჩამოყალიბდეს:

"სიკვდილი "გლობალური ომის პარტიას", რომელმაც გაძარცვა ჩვენი მამა-მარჩენალი!"

"ფარჩაკებო, დაყაჭეთ ბიძოს 2 მილიარდი!"

"ვინც ფული არ დააბრუნოს, ის იყოს "გლობალური მშვიდობის პარტია!"

თქვენ, "გლობალური" კი არა, "რეგიონული ომის პარტიაც" კი არ ხართ! შორს თქვენი სისხლიანი ხელები ამერიკისგან და ევროკავშირისგან! "ბიძოსთვის ფული არაფერია, 2 მილიარდი - ყველაფერი!"

"თქვენ მოგეცათ ჩვენი ცოდვა!" და ა.შ.

ასევე კარგი იქნება, ბიძოსთვის მოსაგროვებელი ფულის რაოდენობას მდინარაძეს თუ დავათვლევინებთ, იაფში გამოგვიყვანს.

P.S. ხუმრობის გარეშე კი, რამხელა ტრაგედიაა, როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ, როგორც ქველმოქმედი და ქვეყნის გადამრჩენი და 12 წლის შემდეგ ხალხი ფულს გიგროვებს, რომ როგორმე ქვეყანას თავი დაანებო.