"ახლა დაღლა არ შეიძლება, ყველა წუთი და დღე გადამწყვეტია..." - გზაპრესი

"ახლა დაღლა არ შეიძლება, ყველა წუთი და დღე გადამწყვეტია..."

- მასშტაბურმა აქციებმა რეგულარული სახე მიიღო... მართალია, "ქართულ ოცნებას" განზრახვაზე ხელი ვერც ხალხმრავლობამ ააღებინა, მაგრამ თავის მხრივ, არც ახალგაზრდები იხევენ უკან - დაკავებების, ფიზიკური დაპირისპირებების, ფინანსური ჯარიმების ფონზე, მასშტაბური აქციები გრძელდება.

ხელისუფლების გაფრთხილებებმა, შემდეგ კი მუქარამ შედეგი ვერ გამოიღო, პირიქით, საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი უერთდება. გაიფიცნენ თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, მათ შეუერთდა ლექტორების ნაწილიც - პროტესტის გამო, დღეს სასწავლო პროცესი არ განახლებულა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ უმაღლეს სასწავლებელში 8000-მდე სტუდენტი, 277 პროფესორი, 69 მეცნიერ-თანამშრომელი და 460 მიწვეული პედაგოგია... იგივე მოხდა, საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სადაც ადგილობრივი პროტესტი ძალას იკრებს.

ახალგაზრდებმა სოციალურ ქსელებში შიდა ჯგუფები შექმნეს, სადაც გეგმავენ მიმდინარე პროცესს და ერთმანეთს აქტიურობისკენ მოუწოდებენ, ასევე ცდილობენ, მოემზადონ სპეცრაზმის დარბევებისთვის და ამისთვის შესაბამისი აღჭურვილობის მობილიზებას ცდილობენ. აირწინაღები, საწვიმრები, სათვალეები, პირბადეები, ფიზიოლოგიური ხსნარი და გადასახვევი მასალა - ეს ნივთები აქციებზე მუდმივად რიგდება, თუმცა, საკმარისი არასდროს არის...

როგორც კი სპეცრაზმი დემონსტრანტების დასაშლელად გაზსა და წიწაკის სპრეის გაუშვებს ან წყლის ჭავლს, ქაფს გამოიყენებს, აქციის მონაწილეები ცდილობენ ერთმანეთს დაეხმარონ. როგორც ახალგაზრდები ამბობენ - უკვე ერთი თვეა თავისუფლების მოედანზე "ცხოვრობენ", უდიდესი გამოცდილება დააგროვეს და შეუძლიათ სასარგებლო რჩევები მოგცენ, დაგეხმარონ ფიზიოლოგიური ხსნარით თვალების ამობანაში, დაგიმუშაონ სახე, პირბადე დაგისველონ იმავე ხსნარით, რადგან ასე გაზს უფრო მეტად აკავებს... ცდილობენ, ჭყლეტა აიცილონ თავიდან, რისთვისაც დერეფნებს აკეთებენ და დაზარალებულები სამშვიდობოს გაჰყავთ...

აქციების დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო წყლისა და საკვების მობილიზება. ახალგაზრდების მიმართ სოლიდარულია გარშემო არსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტების ნაწილი - პერიოდულად ისინი აქციის მონაწილეებს უფასო ჩაით და ყავით უმასპინძლდებიან.

23 წლის ნიკა ჯანაშია მეუბნება, რომ გაზის გაშვებისას ყველაზე უსაფრთხო ადგილი ალექსანდრეს ბაღია - იქამდე გაზის სუნი ვერ აღწევს, თუმცა, ყველა იქ ვერ მოიყრის თავს, ამიტომ, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ებრძვის:

- სახეზე ვიფარებთ ხელებს ან ვიხდით ტანსაცმელს და თავ-პირს ვიფარავთ. ლამის პირველი დღიდან აქ ვარ და უკვე შევეჩვიე. ცუდი ის არის, რომ ღამენათევს მეორე დღეს სწავლა მაქვს, შუალედურები, გამოცდები და ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, მაგრამ მეგობრები ერთმანეთს ვამხნევებთ, ვცდილობთ შევენაცვლოთ: როდესაც დატვირთული დღეები მაქვს, სხვები მოდიან და შემდეგ ჩვენ ვრჩებით...

ორი წელია არდადეგებზე გერმანიაში, გაცვლითი პროგრამით მივდივართ სამი თვით, სადაც საკმაოდ ნორმალურად გვიხდიან და თანხას ვაგროვებთ. წელსაც გვინდოდა, მაგრამ ჩემს მეგობარს მიუნხენის შოკოლადის ფაბრიკიდან მოსწერეს - თქვენს ქვეყანაში ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოდან წარმომადგენლების მიღებისგან თავს შევიკავებთო... ეს პირველი ნაბიჯია, რაც პირადად მე შემეხო და სხვა სტუდენტებიც ჰყვებიან მსგავს შეზღუდვებზე. რა გამოდის, რას ემსახურება ეს ყველაფერი, არ უნდა ვისარგებლოთ ევროპის სიკეთეებით?.. თუ კანდიდატის სტატუსზე საუბრები შეწყდება, სხვა რა არის ეს კანონი, თუ არა რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების წინა პირობა?.. ასე რომ, ახლა დაღლა არ შეიძლება, ყველა წუთი და დღე გადამწყვეტია.

ჰაერში გაშვებული გაზის გაფანტვის მოლოდინში, სხვა ახალგაზრდებიც შემოგვიერთდნენ. სტუდენტების თქმით, მათ სასწავლო წლის მიწურულს, სხვა გზა არ დაუტოვეს და აიძულეს აუდიტორიებიდან გამოსულიყვნენ, თავიანთი სიტყვა ქუჩაში, ხმამალღა, ტრიბუნებთან ეთქვათ... 21 წლის ჯონი მეტრეველის თქმით, რაღაც დროის განმავლობაში ცდილობდა არ ეაქტიურა, თუმცა, "პოლიტიკისგან თავის შორს დაჭერა" არ გამოუვიდა...

evropa3-copy-1715959326.jpg

- დღე და ღამე ვსწავლობ და თან ვმუშაობ, რაღაც საერთაშორისო პროექტებში ვარ ჩართული, ჩემი უცხოელი მეგობრები და პარტნიორები ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად მეკითხებოდნენ, - რა ხდება საქართველოში, უარს ამბობთ ევროპაზე?.. რა მოხდება, თუ ევროპაში ჩამოსასვლელად ისევ ვიზები დაგჭირდებათო?.. ამასობაში, ჩემი მეგობრები, ერთმანეთის მიყოლებით გავიდნენ ქუჩაში. ჩემი ბავშვობის მეგობარმა, რომელიც სწრაფი კვების ობიექტში კურიერად მუშაობს, ჩემ თვალწინ თავისი ერთი თვის ხელფასი იმ ჯგუფის ფონდში ჩარიცხა, რომლითაც აქციის მონაწილეები აირწინაღებს, საწვიმრებს, სათვალეებსა და სხვა ნივთებს ყიდულობდნენ... იგივე კიდევ რამდენიმემ გააკეთა - ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენს რიცხავდა. ახლა რომ მესმის, დაფინანსებული აქციებიო, ძალიან ვბრაზდები, რადგან თავად ვარ შემსწრე, ჩემი მეგობრები როგორ რიცხავენ იმ ფონდში თავიანთ მცირე დანაზოგს. არადა, თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ზაფხულში ერთი კვირით ან ათი დღით სადმე ბიუჯეტურად დაისვენონ, მაგრამ ახლა არაფერზე ფიქრობენ, გარდა იმისა, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლონ... მართლა ჰგონიათ, რომ ხალხს დააკავებენ და ამით შეგვაშინებენ ან დაგვღლიან, ან უბრალოდ, იმედს გადაგვიწურავენ? ეს არ მოხდება - პროტესტი არ შეწყდება! ყოველ მომდევნო დღეს უფრო მეტნი ვიქნებით. სტუდენტები და ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არავის ვაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას, ვერ შეგვაშინებენ... მე უკვე არ მაქვს ის ასაკი, რომ მშობლებთან ერთად ვიარო, მაგრამ ჩემზე უმცროს მეგობრებს პირველ დღეებში შეშინებული მშობლები ურეკავდნენ - ტელევიზორში აჩვენებენ, სპეცრაზმია მობილიზებული, გაზი და წიწაკის სპრეი უნდა გაუშვან, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაგარბევენო... მომდევნო დღეებში უკვე თავადაც შემოგვიერთდნენ თავიანთ მეგობრებთან ერთად, შორიახლოს იდგნენ. მომისმენია, ზოგიერთი როგორ იხსენებდა 9 აპრილს - ნამდვილი ბრძოლა მაშინ იყო, ეს რა არის, მაშინ ჭყლეტაში მოვყევი და კინაღამ გავიგუდე, ბეწვზე გადავრჩიო...

ჩვენ არავის ვეჯიბრებით, უბრალოდ რუსეთში დაბრუნება არ გვინდა, იქიდან აქეთ გამორბიან - პერიოდულად, რუსი ახალგაზრდები მოდიან და გვეუბნებიან, ჩვენთანაც ასე დაიწყო, მაგრამ უმეტესობამ წაუყრუა, ეგონა, საშიში არაფერი მოხდებოდა და კი ხედავთ, სადამდე მივედითო... ძალიან ბევრს ეროვნების გამხელის ერიდება - ინგლისურად გვესაუბრება. იციან, რომ არ მოგვწონს. მე არ მინდა ჩემი ქვეყანა, ჩემი ეროვნება დასამალი მქონდეს; არც ის მინდა, ქვეყნიდან წასვლამ მომიწიოს. იმისთვის ვსწავლობ, რომ შემდეგ ევროპაში გავაგრძელო განათლების მიღება, კვალიფიკაცია ავიმაღლო და თუ ვერ წავედი, რა ჯანდაბად ვათენე ღამეები, ვხარჯე დრო და ენერგია?..

ემიგრანტი მშობლები ჰყავს 25 წლის ვახოსაც. მისი თქმით, ერთი თვეა "თავისუფლებაზე" "გადმოცხოვრდა", სადაც უამრავი ახალი მეგობარი გაიჩინა და მათ თანამებრძოლებს უწოდებს...

- ჩვენს წილ საქართველოს ვიცავთ და ვუფრთხილდებით, მაგრამ ამას დასაყვედრებლად არ ვამბობ, ასეთი ხელისუფლების პირობებში, სხვა გზა არ დაგვიტოვეს. უფროსებისგან მომისმენია და წამიკითხავს, რუსის ჩექმამ რა კვალი დაგვატყო, ამიტომაც ვიბრძვით ასე... თავიდან ვიღაცები "ენჯეოს" დამცველებს გვიწოდებდნენ - შვილებს ეუბნებოდნენ, თქვენ გამო ვართ აქ, თორემ ვიღაც არასამთავრობოს უფლებები რაში მედარდებაო? შემდეგ თანდათან გაიგეს, რომ საქმე უფრო სახიფათოდაა. ზოგი ალმაცერადაც გვიყურებდა, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ სამწუხაროდ, არც ჩვენ გვინდობს ჩვენი პოლიცია და სპეცრაზმი, წიხლებით გვისწორდება, მუშტებს თავ-პირში გვირტყამს...

სხვების აზრის მოსმენაც მინდოდა, მაგრამ ცოტა ხანში ვიღაცამ დაიყვირა, რომ სპეცრაზმმა დარბევა დაიწყო და იქაურობას უნდა გავრიდებოდით, ახალგაზრდების ნაწილმა ორგანიზებული უკან დახევა, სხვების უკან გაყვანა და ერთ ადგილზე მობილიზება დაიწყო. გაწევ-გამოწევაში, ნიღბიანებმა ვიღაცებს ხელი დაავლეს და მანქანისკენ გააქანეს. ახალგაზრდების ნაწილი უკან მაინც არ იხევდა. "რუსებო", "მონებო", "გამყიდველებო" - ერთხმად ეძახდნენ ისინი, პასუხად კი პოლიცია იერიშზე გადმოდიოდა. "რას შვრებით, ქალები და გოგოები დგანანო", - ეძახდნენ სხვები. ქალებსა და გოგონებს ზოგავდნენ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საერთო გაწევ-გამოწევაში მაინც მოგხვდებოდა ერთი-ორი მუჯლუგუნი.

შემდეგ სიტუაცია ჩაწყნარდა - აქციის ორგანიზატორებმა ხმის გამაძლიერებლები მოიტანეს და მუსიკა ჩართეს. იქაურობა ისევ გაივსო, ფერად სამოსში გამოწყობილი, საქართველოსა და ევროკავშირის დროშაშემოხვეული, სველი, გაყინული, მაგრამ მაინც ლაღი და მხიარული ახალგაზრდებით. ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ხუმრობდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ, ძალიან ლაღები იყვნენ. დროდადრო ერთმანეთს ამხნევებდნენ შეძახილებით - ხომ არ დავიღლებით?.. არა!.. ბოლომდე ვიბრძოლებთ?.. კი!..

რამდენჯერმე ჩამოარიგეს წყალი, ცხელი ყავა და ჩაი. მიგვასწავლეს, რომ გარკვეულ ადგილებში საკვებსა და ტკბილეულსაც არიგებდნენ. რამდენიმე მათგანი დიდი პარკით ნაგავს აგროვებდა. ქაშუეთის ტაძართან მდგარ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მსხდომი ბრიგადა დაზარალებულებს თვალებს, სახის არეს უმუშავებდა. დანარჩენები მოთმინებით იდგნენ რიგში. შევამჩნიე, როგორ შემოარბენინეს რამდენიმე გოგონა ბიჭებმა, რომელთაც, როგორც ჩანს, დიდი დოზით წიწაკის სპრეი მოხვდათ თვალებში... ასევე მოიყვანეს რამდენიმე ნაცემი ბიჭიც, თუმცა, თან ამშვიდებდნენ - მთავარია "იმათ" არ გაგიტაცეს, ეს მალე მოგირჩებაო...

აქციის მონაწილეები მიყვებიან, რომ "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად დემონსტრანტები მთელი საქართველოდან უწყვეტ ნაკადად ჩამოდიან. ორგანიზატორებმა, რამდენიმე კერძო ბიზნესის დახმარებით, შექმნეს ონლაინჯგუფები, სადაც სხვა ქალაქებიდან ჩამოსულების კვებასა და დაბინავებას უზრუნველყოფენ.

ცოტა ხანში ისევ ვიგრძენით გაზის სუნი, რომელიც ნაწვიმარ ჰაერში ნისლივით ჩამოწვა. გამოცდილებმა მირჩიეს ორმაგი პირბადის გაკეთება. ვიდრე ინსტრუქციებს ვისმენდი, სასუნთქი გზები და თვალები ამეწვა, სუნთქვა გამიძნელდა და რამდენიმე წუთით თითქოს მხედველობა დავკარგე... დემონსტრანტების ნაწილმა გამზირზე არსებული ეკლესიის ეზოსკენ აიღო გეზი და ხალხის ტალღამ მეც გამიყოლა...

"გაზი გაუშვეს, ასე ადრე რატომ, ნეტავ?!. ეტყობა, ძალიან შეშინდნენ, თორემ უფრო გვიან უშვებენ ხოლმე - ასე, დილის 4-5 საათისთვის... დღითი დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ ემსგავსებიან რუსებს..." - ამბობდნენ ისინი.

ჩემ გვერდით მომავალ ქალს შვილის ხელი ძლიერად ჩაებღუჯა და ქაშუეთისკენ გზის გაკვალვას ცდილობდა. დროის იმ მონაკვეთში გაზის გაშვების არავითარი საჭიროება არ იყო, არც დაძაბულობა ყოფილა, არც დაპირისპირება, სცენაზე წამყვანები გამოდიოდნენ, თავისუფლებისა და ევროპის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ, რა საჭირო იყო გაზის გაშვება, განზრახ ძაბავენ სიტუაციასო, - ემოციურად ამბობდა...

evropa7-1715959340.jpg

"სასწრაფოს" თითქმის ყველა მანქანასთან დაზარალებული ადამიანების რიგი იდგა - ზოგი პირდაპირ მიწაზე დაჩოქილი ცდილობდა, მომწამვლელი აირის შედეგებს გამკლავებოდა...

"ამას როგორ ვაპატიებთ ამ მონებს, საკუთარი ხალხის ამ დღეში ჩაგდებას არასდროს ვაპატიებთ", - ამბობდნენ ჩემ გარშემო მყოფები...

- მირჩიეს, რომ წყლის ჭავლის გაშვებისას, პირველ ხაზზე არ ვმდგარიყავი, რადგან წყლის წნევა დამაზიანებდა, ხოლო თუ სპეცრაზმი დარბევას დაიწყებდა და გაქცევას ვერ მოვასწრებდი, მათკენ ზურგით დავმდგარიყავი და ხელები თავზე დამეფარებინა - პირველი დარტყმა ზურგჩანთაზე ხდება და შენ ასე თუ ისე, დაცული ხარ, - ემოციურად მიხსნიდა ბიჭი და მარიგებდა, ზურგჩანთაში რა ჩამელაგებინა.

იმის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნება" უკან დახევას არ აპირებს, თავის მხრივ, არც ქართველი საზოგადოება და ყველაზე მთავარი, ახალგაზრდები აპირებენ დათმობას და როგორც ჩანს, აქციებზე მიღებული გამოცდილება გამომადგება.

"ეს არის ნერვების ომი. რა ცუდად იცნობს თავის ხალხს, ახალგაზრდებს, ამათ რა დაღლით, ყველაფერს იუმორით უდგებიან, ხუმრობენ, ერთმანეთს ამხნევებენ, კრეატივით, იმედით და ღიმილით ხვდებიან, აქედან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უცხოელ მეგობრებს ურეკავენ და უაქცენტო ინგლისურით უყვებიან თავიანთ სამშობლოში მიმდინარე პროცესებს... ორი შვილი მყავს, აბიტურიენტი და 19 წლის სტუდენტი. მართლა მეგონა, რომ მათ და მათ მეგობრებს, ტელეფონისა და გაჯეტების მეტი არაფერი აინტერესებდათ, თურმე ვცდებოდი, ყველაფერი იციან, სამშობლო ჩვენზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ უყვართ, თითქოს ხელახლა დავიბადე. სულ ვეკითხები, ამდენი რამე თუ იცოდით, აქამდე რატომ არაფერს მეუბნებოდით-მეთქი? აქამდე ამის საჭიროება არ იყოო... მე მარტო არ ვარ, ბევრი ამბობს ასე - აქ ჩვენი შვილები თავიდან გავიცანით, სხვაგვარად დავინახეთ და როგორ არ ვენდოთ, როგორ არ გავყვეთ მათ არჩეულს გზას?.." - ამბობს 48 წლის ნინო ჩვენთან საუბარში.

- ცოტა ხანში კიდევ იქნება, უკვე ვცნობთ "ჩვენი რუსების" ხელწერას - მითხრა ერთმა ახალგაზრდამ და პირბადე დამისველა, ასე უფრო კარგად იჭერს გაზის სუნსო... მართლაც, ცოტა ხანში, უფრო ხანგრძლივი და ძლიერი დოზით გაუშვეს. - ჩვენი შეშინება უნდათ, ჩვენს მოთმინებას ცდიან, მაგრამ არაფერი გამოუვათ, - ამბობდნენ აღელვებული ახალგაზრდები. გაზისა და წიწაკის სპრეის რამდენიმე "თერაპიის" შემდეგ, კანცელარიასთან სიტუაცია დაიძაბა და წყლის ჭავლმაც არ დააყოვნა... ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ხალხი შემცირებულიყო, ცენტრალურ გამზირს უფრო მეტი მოაწყდა - არადა, სწორედ ეს იყო მოტივი, ე.წ. აგენტების კანონის მიღების დროის გასაწელად...

როდესაც "ქართულმა ოცნებამ" დაინახა, რომ ესეც არ ჭრიდა - სხვა გზას მიმართა, ივანიშვილს ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას აქცია გაუმართა. იმის დასამტკიცებლად, რომ ვითომ ეს კანონი ქართველი საზოგადოების დაკვეთად წარმოეჩინა. თუმცა, რადგან იცოდა, აქციების საპირწონე ხალხს ვერ შეკრებდა, ადამიანები, ძირითადად რეგიონებიდან ჩამოყვანილი საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლები იყვნენ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამის გაგება არავის გასჭირვებია... ამ მხრივ, არც სასულიერო პირები დავიწყებიათ, რომელთაც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი გავლენები აქვთ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მესიჯებს, რომელიც მან ე.წ. სამთავრობო აქციაზე (ასე უწოდა ქართველმა საზოგადოებამ) გააკეთა: მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას "გლობალური ომის პარტია" ებრძვის, რომლისთვისაც "საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს" და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა. ივანიშვილის განმარტებით, "აგენტების" და "ლგბტ პროპაგანდის" საწინააღმდეგო კანონპროექტების ინიცირებისთვის დრო "იდეალურად არის შერჩეული" და ერთ-ერთი მიზანია - "აგენტურას" ძალები გამოაცალოს შემოდგომის არჩევნებისთვის - "ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების" კიდევ ერთი მცდელობის მოლოდინში.

ლალი პაპასკირი