უკრაინაში მებრძოლი ქართველების თვალით დანახული საქართველო... - გზაპრესი

უკრაინაში მებრძოლი ქართველების თვალით დანახული საქართველო...

- ამ განცხადებით ეხმაურება "კავკასიური კავშირის" სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი კავკასიის" ხელმძღვანელი და "კავკასიის ლეგიონის" ყოფილი მეთაური ლადო გამსახურდია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ განცხადებასაც პასუხობს, რომლის შინაარსის მიხედვითაც, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი მზადყოფნას აცხადებს, ჩამოვიდეს საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. "ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება და სუს-ი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ცდილობენ, ყველა და ყველაფერი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენონ, ამ შემთხვევაშიც ჩვენზე გადაწყვიტეს ტალახიანი ხელების შეწმენდა", - ამბობს გამსახურდია და ირწმუნება, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები არათუ არ გეგმავენ საქართველოში არეულობის მოწყობას, არამედ პირიქით, საკუთარ სისხლს ღვრიან უცხო მიწაზე იმისათვის, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს.

- სრული აბსურდია, რომ რომელიმე ქართველმა მებრძოლმა საქართველოში არეულობის მოწყობაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი ბიჭები საკუთარ სისხლს ღვრიან უცხო მიწაზე, საკუთარი ოჯახებისგან შორს და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ რუსული ტირანი უკრაინაშივე დაამარცხონ და საქართველოში ინტერვენციის განხორციელების საშუალება აღარასოდეს მისცენ. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს - რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ჯერ კიდევ 2020 წელს ჩამოვაყალიბე "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასია". ყველა ფრონტზე ვიბრძოდით, იქნებოდა ეს პოლიტიკური ველი, დიპლომატიური გზა თუ კიდევ სხვა. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, იქაც ჩავედი და "კავკასიური ლეგიონი" ჩამოვაყალიბე. დღეს მე და ჩემი თანამოაზრეები რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით, როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური პლატფორმიდან, ასევე ფრონტის ხაზიდან.

- რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერთ მხარს საქართველოში და დღეს მიმდინარე პროცესებში თუ მონაწილეობს თქვენი ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასია"?

- მხარს ვუჭერ ყველა იმ ოპოზიციურ ძალას, რომელიც რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძვის. მე და დედაჩემი აქტიურად ვმონაწილეობდით 2019 წლის 20 ივნისის აქციებში, სადაც მე გაზითაც მოვიწამლე და რეზინის ტყვიებითაც დავიჭერი - თავსა და ფეხში, ფეხში დაიჭრა დედაჩემიც. სხვათა შორის, რუსულ პრესაში ჩემზე წერდნენ, რომ რუსოფობიურად განწყობილი დედის გაზრდილი ვარ. სასაცილოა ეს ყველაფერი, აბა, როგორ უნდა ვიყოთ განწყობილი მე, დედაჩემი ან დანარჩენი ოჯახის წევრები, როდესაც რუსებმა საკუთარი სახლ-კარიდან გამოგვყარეს? ჩემი პოლიტიკური ორგანიზაცია დაარსების დღიდან აქტიურადაა ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში და დღემდე ასეა, უბრალოდ ამ ეტაპზე ორგანიზაციის დიდი ნაწილი უკრაინაში ვართ წამოსულები. თუმცა, საქართველოშიც დარჩნენ საბჭოს წევრები და ისინი იმ ახალგაზრდების გვერდით დგანან, რომლებიც საკუთარი სამშობლოს რუსეთისთვის ჩაბარებას არ დაუშვებენ. რაც უნდა მოინდომოს "ქართულმა ოცნებამ", ჩვენ ჩირქს ვერ მოგვცხებს, რადგან ჩვენი ბრძოლის გზა არის სუფთა, ჩვენ ვიბრძვით სამშობლოს კეთილდღეობისთვის.

- პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სუს-ი უკრაინაში მებრძოლ ქართველებს საქართველოში არეულობის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა, არგუმენტები არც ერთხელ არ წარმოუდგენიათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ სუს-ის ეს განცხადებები მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს?

- პრევენციის რა მოგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლება ჩვენში ხედავს ძალას. მე საუბარი არ მაქვს მხოლოდ "კავკასიურ ლეგიონზე", ვგულისხმობ ყველას, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში სწორ მხარეს დადგა. "ქართულმა ოცნებამ" იცის, საქართველოში რომ ჩამოვიდეთ და პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთოთ, გაცილებით დიდი რეიტინგი გვექნება, ვიდრე მათ აქვთ. ერთ მხარეს დგანან რუსულ რუბლს დახამებული მონები, მეორე მხარეს კი თავისუფლებისმოყვარე, მებრძოლი ხალხი. დარწმუნებული ვარ, ქართველების დიდი ნაწილი ჩვენ დაგვიჭერს მხარს, იმიტომ, რომ საქართველო, როგორც ყოველთვის, დღესაც ისტორიის სწორ მხარეს დგას.

- როგორც ვიცი, თქვენ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები გაქვთ უკრაინელ პოლიტიკოსებთან. როგორია მათი განწყობები და შეხედულებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?

- უკრაინის რადაში არიან დეპუტატები, რომლებიც კავკასიის რეგიონის საკითხებზე, უშუალოდ რუსული გავლენებისგან გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ. ალბათ გახსოვთ, რომ უკრაინის "რადამ" იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულ რესპუბლიკად აღიარა და ჩეჩენი ხალხის გენოციდი დაგმო. ასევე, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ცნეს ინგუშების უფლება, შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო. იმედი მაქვს, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში ჩამოეშლება ძალაუფლება კავკასიაში და საქართველოს ტერორისტული რუსეთის ნაცვლად, მეზობლებად ეყოლება დემოკრატიული და სუვერენული კავკასიური ქვეყნები. რაც შეეხება უკრაინელების დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისინი საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევიან (როგორც ამის წარმოჩენა უნდათ ხოლმე "ქართული ოცნების" ლიდერებს), მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე კი ნამდვილად გულშემატკივრობენ საქართველოს, მხარს გვიჭერენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლაში. უკრაინელები ჩემთან საუბრისას ხშირად აღნიშნავენ, რომ უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი არის ნატოში გაწევრება. კარგად ხედავენ ქართველი ხალხის სურვილს, მონდომებას ამ მიმართულებით და მთელი გულით თანაგვიგრძნობენ. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს. შეხედეთ, როგორ ექცევიან ქართული ძალოვანი უწყებები აქციის მონაწილეებს. მიტინგებსაც კი რუსული მეთოდებით არბევენ.

- თქვენ ახლა რუსეთის გავლენებისგან თავისუფალ კავკასიურ ერთობაზე ისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ექსპერტები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთისგან გათავისუფლებული ჩრდილოკავკასიური ქვეყნები საქართველოსთვის ახალ საფრთხედ და გამოწვევად იქცევიან.

- რატომ ვიკლავთ ჩვენ თავს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებაზე?! საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მტკიცედ გააგრძელოს გზა ევროატლანტიკური ალიანსებისკენ, გარდა ამისა, საქართველომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს რეგიონში დემოკრატიის, განათლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შემოტანა. თქვენ იცით, "კავკასიური კავშირი" საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა. ამ ორგანიზაციის ყველა წევრი შევთანხმდით, რომ გაეროს შტაბბინა საქართველოში უნდა გადმოვიდეს. მსგავსი მნიშვნელობის ორგანიზაციების შემოყვანა საქართველოში გარკვეულწილად ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენი ორგანიზაცია ამ მიმართულებით მუდმივად მუშაობს, ერთ პატარა შანსსაც კი არ უშვებს, რომ არ გამოიყენოს. რუსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მსოფლიოსთვის კავკასიელები ტყიურებად გაეცნო. სამწუხაროდ, რუსეთის მცდელობამ შედეგი გამოიღო და დასავლურ სამყაროში ბევრს შეექმნა ჩვენ შესახებ არასწორი წარმოდგენა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავამტკიცოთ, რომ უძველესი ცივილიზაციის მქონე ხალხი ვართ და რუსეთის ან სხვა რომელიმე იმპერიის "დახმარების" გარეშეც კარგად შეგვიძლია განვითარება. საქართველოს ნამდვილად აქვს რესურსი, რომ ძლიერი ჯარი შექმნას, დემოკრატია განავითაროს და ეკონომიკაც გააძლიეროს. რა საფრთხისა და გამოწვევის მატარებელი უნდა იყოს საქართველოსთვის ჩრდილოკავკასიელი მეზობლები, თუ ჩვენ ვიქნებით ნატოსა და ევროკავშირის წევრები, გვეყოლება ძლიერი ჯარი, გვექნება ძლიერი ეკონომიკა და პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელები ვიქნებით რეგიონში?

- ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, პირველ რიგში, რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, თუმცა ამ მიმართულებით, ჩვენამდე არცთუ სახარბიელო ინფორმაციები აღწევს. დღემდე არსებული ცნობების მიხედვით, ამერიკული დახმარების დაგვიანების გამო ინიციატივა რუსეთის ხელში გადავიდა, უკრაინა დამატებით ტერიტორიებს კარგავს.

- არც ასეა საქმე. ახალი ტიპის ტექნოლოგიურ ომში რუსეთს ახალი გამოწვევები შეექმნა - ძალიან უჭირთ თავიანთი მძიმე ტექნიკის შემოყვანა. მათ რამდენიმემილიონიან ტანკებს 300, 500-დოლარიანი დრონები აფეთქებს. კი, რუსები წინ მიიწევენ, თუ შეიძლება წინ წაწევად მივიჩნიოთ ნახევარი სოფლის დაკავება ან ერთი კილომეტრით, 500 მეტრით შემოწევა რომელიღაც მონაკვეთზე. ეს არ არის დიდად მნიშვნელოვანი მიღწევა... უკრაინა ფეხზე დგას, უკრაინა იცავს საკუთარ თავს. მალე ამერიკული დახმარებაც მოვა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ შეიცვლება.

- ლადო, საქართველოში ჩამოსვლას აპირებთ?

- ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ვფიქრობ ამაზე, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში ახლა ძალიან გააქტიურებულია რუსული აგენტურა. ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი, ჩამოვიდე თუ არა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის დიდი სურვილი მაქვს. ჯერ ისიც არ ვიცი, დამოუკიდებლად ჩავერთვები საარჩევნო მარათონში თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებ, კანდიდატი ვიქნები თუ ისე დავეხმარები რომელიმე პროდასავლურ პარტიას, გზების ძიებაში ვარ...

ხათუნა ბახტურიძე