ვახტანგ კობალაძე: "სპეცრაზმელებმა მხოლოდ იმიტომ მცემეს, რომ ჩემთვის უცნობი ადამიანის დახმარებას ვცდილობდი" - გზაპრესი

ვახტანგ კობალაძე: "სპეცრაზმელებმა მხოლოდ იმიტომ მცემეს, რომ ჩემთვის უცნობი ადამიანის დახმარებას ვცდილობდი"

და ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს, მათ შორისაა ჩვენი ერთგული რესპონდენტი, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი - ვახტანგ კობალაძე, რომელიც გვიამბობს, როდის და რატომ დაიჭირეს ძალოვანებმა.

- პირველი მაისი რომ თენდებოდა, აქციის მონაწილეებთან ერთად რუსთაველის პროსპექტზე ვიყავი. იმ ღამეს აქციას დიდხანს, საათების განმავლობაში შლიდნენ, მაგრამ ხალხი ისევ უკან ბრუნდებოდა. სპეცრაზმელები ცრემლსადენ გაზს უშვებდნენ. ღამის 3 საათი იყო და რუსთაველზე საშინელი სუნი იდგა. ჩემთვის დღესაც გაუგებარია, რატომ შლიდნენ ძალოვანები ამ აქციას, რადგან იქ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ერთ-ერთი დაშლის დროს, რობოკოპების ხაზთან ახლოს მოვხვდი. დავინახე, რომ ერთი ადამიანი დაიჭირეს, მიწაზე დააგდეს და გამეტებით ცემა დაუწყეს. ეს არ იყო დაკავება ან მიტინგის დაშლა, ეს სასტიკი ანგარიშსწორება გახლდათ. მერე მეორეც დაიჭირეს და სცემდნენ. ამ კაცთან ახლოს მივედი და ვცდილობდი გამომეთრია. სამწუხაროდ, ვერაფერი მოვასწარი, მეც თავიანთ რიგებში შემათრიეს და ჩემი მეგობარიც, რომელიც უკან მომყვებოდა. ქუჩაში ბანდა რომ დაგესევა, ისე დაგვესივნენ და ცემა დაგვიწყეს. მიწაზე დაგდებულსაც მცემდნენ, მერე ამაყენეს და მიკროავტობუსში ჩამსვეს სხვა დაკავებულებთან ერთად.

- მიკროავტობუსში ბევრი ადამიანი დაგხვდათ?

- იქ საშინელი სურათი დამხვდა: ექვსი ადამიანი ჰყავდათ დაკავებული და სამი მათგანი საშინლად ნაცემი იყო. სახე დასივებული, დასისხლიანებული ჰქონდათ, კბილები - ჩამსხვრეული. ის კაცი, რომლის დახმარებაც ვცადე, ამბობდა, - მგონი, ნეკნები მაქვს ჩამტვრეულიო. საავადმყოფოში რომ გადაგვიყვანეს, აღმოჩნდა, რომ ორი ნეკნი მართლაც ჩამტვრეული ჰქონდა. ჩემ გვერდით იჯდა ახალგაზრდა, რომელსაც ზურგზე დიდი ჭრილობა ჰქონდა. პოლიციელებს ვეუბნებოდი, "სასწრაფო" გამოიძახეთ, კაცი ცუდადაა-მეთქი. არ გამოიძახეს. გვემუქრებოდნენ, რომ კიდევ გვცემდნენ, გვაგინებდნენ და გვლანძღავდნენ, მერე ერთი შემოვარდა, - ახლა სულყველას დაგერევითო. პოლიციელები ჯერ დაგვცინოდნენ, მერე ერთმა გამოკითხვა დაგვიწყო: რა გინდათ, აქციებზე რატომ გამოდიხართო?! მე პასუხი გავეცი, რა თქმა უნდა, ზრდილობიანად, მაგრამ მის გვერდით მდგომმა სახეში მუშტი ჩამარტყა. ნახევარი საათი მიკროავტობუსში ვისხედით და მერე პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში გადაგვიყვანეს. ორი დღე იზოლატორში მაყურყუტეს და ბრალი წამიყენეს, რომ ვიგინებოდი და პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიე, სინამდვილეში, არც ერთი მომხდარა და არც მეორე. 48 საათის შემდეგ, ღამის სამ საათზე გამომიშვეს. მერე გავიგე, რომ ჩემი მეგობარი ხაშურის პოლიციაში წაუყვანიათ და იქიდან გამოუშვიათ, ისიც ღამის 3 საათზე.

- ოჯახმა თუ იცოდა თქვენი ადგილსამყოფელი?

- განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, ეს ამბავი ჩემს მეუღლეს გააგებინეს, რომელიც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" დაუკავშირდა. ამის შემდეგ იზოლატორში ადვოკატიც შემოვიდა, მეორე დღეს დამკითხეს და ექსპერტიზა ჩამიტარეს. სახალხო დამცველის წარმომადგენელიც იყო შემოსული, თუმცა არ მჯერა, რომ ამ ყველაფერს შედეგი მოჰყვება!

- რატომ?

- ვიცი, ვერც ერთ ძალოვანს, რომელმაც ასე გამიმეტა, ვერ ვიპოვი, რადგან ყველა ნიღბით იყო და ამოსაცნობი ნომრებიც არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, ეს სპეციალურად ხდება, რომ დაუსჯელობა იყოს, თორემ სტანდარტია, პოლიციელს, რომელიც აქციაზე ნიღბითაა, ამოსაცნობი ნომერი მაინც უნდა ჰქონდეს, რათა რაიმე გადაცდომის შემთხვევაში პასუხი აგოს...

- ხელისუფლების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ სხვა ქვეყნებში მიტინგებს უფრო მკაცრი მეთოდებითაც არბევენ, ეს არგუმენტი რამდენად საფუძვლიანია?

- დასავლეთის ქვეყნებში ძალადობრივი მიტინგებიც იმართება და მშვიდობიანიც. როდესაც აქცია ძალადობრივია და სრულ დესტრუქციაში გადადის, როცა მომიტინგეები მაღაზიებს და სხვა ობიექტებს არბევენ, პოლიცია უნდა ჩაერიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, პოლიცია ხალხს კი არ იცავდა, პირიქით იქცეოდა. მერე რატომ უკვირთ ხალხის აგრესია? - აქციის მონაწილეებს აგრესია უჩნდებათ, როდესაც პოლიციელი უკანონო ბრძანებას ემორჩილება. ეს, ჩვეულებრივი დანაშაულია, რადგან მოქალაქე არ არის ვალდებული, პოლიციელის უკანონო ბრძანებას ან იმ ხელისუფლებას დაემორჩილოს, რომელიც კონსტიტუციას არღვევს. პირიქით, მისი ვალია, კანონი დაიცვას.

- თქვენი აზრით, რატომ უპირისპირდებიან არასამთავრობო სექტორს ასე თავგამოდებით?

- იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გვაკონტროლებენ. ჩვენი კონტროლის ბერკეტი არა აქვთ, გარდა ამ ტიპის რეპრესიული ზომებისა. ჩვენ სიმართლეს ვამბობთ და მართლა გამჭვირვალობაზე ვართ ორიენტირებული, პირველ ყოვლისა, ხელისუფლების გამჭვირვალობაზე, რადგან ხელისუფლება ჩვენი გადახდილი გადასახადებით არსებობს, ისინი უნდა იყვნენ ხალხის სამსახურში და არა ხალხი - ხელისუფლების სამსახურში. ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ და ლამისაა, ხალხის მტრებად გამოგვაცხადონ. ჩვენ გადასახადებს ვიხდით და ყოველთვე ვგზავნით მონაცემებს შემოსავლების სამსახურში. ეს ჩვეულებრივი ბუღალტერიაა, რომელსაც ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ასრულებს და თუ ხელისუფლებას მართლა გამჭვირვალობა სურს, ამ იარლიყებს არ მოგვაწებებს და არ იტყვის, რომ ჩვენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები ვართ. მე არ მესმის, თუ უცხოურ დაფინანსებაზე ხარ, რატომ ხარ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი?

ეს ოფშორების კანონი რომ მიიღეს, გამჭვირვალობას უწყობს ხელს? ამას წინათ, საკუთარი თვალით ვნახე სამინისტროების წლიური ანგარიშები. ყველა სამინისტრო ვალდებულია, წელიწადი რომ დასრულდება, სამი თვის შემდეგ გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში. აპრილის ბოლოს ვნახე მათი ანგარიშები და 11-დან 8 სამინისტროს არ ჰქონდა გამოქვეყნებული... ჩნდება შეკითხვა, - ჩვენი ფულით რას აკეთებენ? - იმის სურვილიც კი არა აქვთ, რომ სამინისტროების ანგარიში გამოაქვეყნონ და ხალხს გააცნონ, ამ დროს კი ჩვენს გამჭვირვალობაზე ლაპარაკობენ.

არასდროს ვყოფილვარ "ნაციონალების" მომხრე. 2007 წლიდან საპროტესტო აქციებზე დავდიოდი და "ქართული ოცნების" მოსვლას მხარს ვუჭერდი, მაგრამ ახლა ხომ ვხედავ, სადამდე მივედით?! იგივე დაემართება ყველა მთავრობას, რომლის ძალაუფლება შეზღუდული არ იქნება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ შეიძლება ერთ პარტიას ან ერთ ადამიანს შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდეს.

- ჩვენს ჩინოვნიკებს 10-12 კი არა, 20 წლის მერეც არ სურთ ხელისუფლების დათმობა. ეს ჩვენს ბუნებაში ხომ არ დევს?

- მე კი მგონია, რომ ეს განუვითარებელი დემოკრატიის და საბჭოთა სისტემის ზეგავლენაა. რუსეთის მონობამ 200 წლის განმავლობაში ამ დონემდე მიგვიყვანა, თორემ ნახეთ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული იყო: არჩევნებში ქალებიც მონაწილეობდნენ და პარლამენტის წევრები ქალები გვყავდა, როცა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ამას ათწლეულების შემდეგ მიაღწიეს. ნორმალური განვითარება რომ დაგვცლოდა, ახლა ძალიან კარგ, ცივილიზებულ ქვეყანაში ვიცხოვრებდით, მაგრამ ვინ დაგვაცადა? ახლაც ცდილობენ, რომ ისევ ბნელ მხარეს გადაგვათრიონ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობა საქართველოში არ გაამართლებს, რადგან მისი წევრები ერთმანეთს დაერევიან.

- თავიდან "ოცნება" რომ მოვიდა, ისიც კოალიცია იყო, მაგრამ მერე არასწორი პროცესები დაიწყო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - პოლიტიკური ძალა, რომლის წევრები საკუთარი აზრის გამოთქმასაც ვერ ახერხებენ. ხმის ამომღები ვინც იყო, პარლამენტიდან გაუშვეს და მხოლოდ ის ხალხი დაიტოვეს, ვინც დავალებებს უსიტყვოდ ასრულებს. თან, თავსაც იქებენ, მშვიდობა შევინარჩუნეთო. აბა, 26 მარტის შემდეგ სიტუაცია ვინ არია? - ძალიან კარგი სიტუაცია იყო: კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და მთელ ქვეყანაში დიდი ეიფორია იყო. ასეთ დროს არიეს სიტუაცია და კიდევ მშვიდობაზე გველაპარაკებიან?!

- გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ხელისუფლება ამბობს, რომ ის რუსული არ არის. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე?

- ეს რუსული კანონია თუნდაც იმიტომ, რომ რაც პუტინის რუსეთში მოხდა, ჩვენთანაც მეორდება: იქ ნელ-ნელა დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის შეზღუდვა, ყველას "აგენტები" უწოდეს! თავიდან ეს ვითომ უბრალო სიტყვა იყო, რომელსაც უარყოფითი დატვირთვა არ ჰქონდა, მაგრამ თანდათან გაამკაცრეს და ბოლოს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს ყველას, ვისაც აგენტის სტატუსი მიანიჭეს. სწორედ ეს არის რუსული სახელმწიფოს მიდგომა - ასე ექცევა პუტინის რეჟიმი თავის მოქალაქეებს და სამოქალაქო საზოგადოებას. მეორეც - ეს იმიტომაა რუსული კანონი, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, ევროკავშირს უნდა გამოვემშვიდობოთ. ამის შემდეგ სად დავბრუნდებით? - ისევ რუსულ ორბიტაზე. ამ კანონით დავკარგავთ ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც ჩვენს ერთიანობას მხარს უჭერენ, წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარით რომ გვეხმარებოდნენ და ახლაც გვეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის დახმარების დიდი წილი სწორედ სახელისუფლებო უწყებებზე მოდის. სხვადასხვა პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, თუნდაც, გზები და ინფრასტრუქტურა, სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების ფულით კეთდება. ამ კანონის მიღებით ჩვენს მოკავშირეებს ზურგს შევაქცევთ და რუსეთთან პირისპირ დავრჩებით. რუსეთი განვითარებას დაგვაცდის? - ცხადია, არა!

ხათუნა ჩიგოგიძე