პატარებისთვის ერთ-ერთi ყველაზე საყვარელი ზღაპარი "ბომბორა" სპექტაკლად იქცა
კარლო და არჩილ სულაკაურების თანაავტორობით 1968 წელს შექმნილი, გივი კერვალიშვილის ილუსტრირებული ზღაპრის, "ბომბორას" წიგნის პრეზენტაცია და ამავე სახელწოდების სპექტაკლის პრემიერა. პრეზენტაციას უძღვებოდნენ ქალბატონი მარიამ კასრაძე, "ბომბორას" მხატვარი გივი კერვალიშვილი და მისი ვაჟი, სპექტაკლის რეჟისორი რაჟდენ კერვალიშვილი.
სპექტაკლში მოქმედება საქართველოში, ერთ პატარა ქალაქში ვითარდება. ონავარი ბომბორა ქუჩებში დაეხეტება, მოქალაქეებს აშინებს და გამუდმებით ამტვრევს ფარნებს. ამის გამო მეფარნე საო, ვინც დიდი ხანია ქალაქის განათებაზეა პასუხისმგებელი, ისე გაბრაზდება, რომ ქალაქის დატოვებას გადაწყვეტს. ჩაბნელებულ ქალაქში ქაოსია, ხალხი ვეღარაფერს ხედავს, ერთმანეთს ეჯახებიან, ფარნებს კი აღარავინ ანთებს. საბოლოოდ, როგორც თითქმის ყველა ზღაპარში, აქაც ყველაფერი კარგად დამთავრდება - ერთი ჭკვიანი, თბილი და კეთილი გოგონას წყალობით ბომბორა გამოსწორდება, ფარნების ანთებასაც ისწავლის, მერე კი ქალაქში ძველებურად, სინათლე და სიმშვიდე დაისადგურებს.
ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი რაჟდენ კერვალიშვილია, დამდგმელი მხატვარი: გივი კერვალიშვილი, კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე, მუსიკალური გაფორმება: გიორგი ბერიძeს ეკუთვნის, ხოლო ქორეოგრაფია: თინათინ ქოიავას. თოჯინის მხატვარ-შემსრულებელი თამარ სოხაძეა, რეჟისორის თანაშემწე - თამაზ ქარაული.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნანა ვარამაშვილი, სოფიო ფერაძე, ასმათ ქურციკიძე, ლიკა შუკაკიძე, ედმონდ გაბედავა, კახა გაბელაია, გიორგი გოგიშვილი, ვანო დუგლაძე, ლევან კაციაშვილი, რაჟდენ კერვალიშვილი, ლაზარე კერვალიშვილი, რატი ნავაძე, დევი რეხვიაშვილი, გიორგი შავგულიძე, მერაბ შარიქაძე, მალხაზ შაყულაშვილი, სერგო შვედკოვი. ბავშვები: მარიამ დუგლაძე და ტასო როსტომაშვილი.
წარმოდგენა კარლო სულაკაურის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. რეჟისორი და სცენარისტი სულ 21 თოჯინური ფილმის ავტორია. ანიმაციური ფილმის რეჟისორობამდე გრძელი გზა გაიარა. კარლო სულაკაური იგონებდა: "თელავის თეატრში დავდგი სპექტაკლი "ბარათაშვილი", მაგრამ ეს მხოლოდ უფროსებისთვის იყო. მომინდა, ბავშვებისთვის შემექმნა თოჯინების თეატრი. ჩემი პირველი სპექტაკლი იყო "ბებია დარეჯანის ზღაპრები"... შემდეგ გადამიყვანეს რუსთავში, იქიდან - თბილისის თეატრში... კულტურის სამინისტრომ სერგეი ობრაზცოვთან (თოჯინების თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი) სტაჟირებაზე მოსკოვში 1959 წელს გამგზავნა. იმავე წელს გადაწყდა, რომ თბილისის სტუდიაში თოჯინური ფილმების გადაღება დამეწყო. მოცულობითი მულტიპლიკაციის შესწავლა დავიწყე "სოიუზმულტფილმში". მოსკოვიდან დაბრუნებულმა რეჟისორ შალვა გედევანიშვილთან ერთად გადავიღე ფილმი "ნიკო და სიკო". ამას კი სხვა ფილმები მოჰყვა"...
კარლო სულაკაურმა თოჯინების მუზეუმი პირველად 1989 წელს, თავის სტუდიაში იმ ექსპონანტებისგან შექმნა, რომელსაც მრავალი წელი აგროვებდა. საბჭოთა კავშირის დროს თოჯინური ფილმების გადაღების შემდეგ თოჯინებს არ ინახავდნენ, მათი სხვა ფილმისათვის გამოყენება არ შეიძლებოდა და ანადგურებდნენ. კარლო სულაკაური მათ ჩუმად აგროვებდა, რომ არ არეოდათ, თითოეულის ასლს სპეციალურად აკეთებინებდა, ორიგინალებს კი ინახავდა და ასე არაერთი თოჯინა განადგურებას გადაარჩინა.
ანა კალანდაძე