ამბავი "ხელმარჯვე ოსტატისა" - გზაპრესი

ამბავი "ხელმარჯვე ოსტატისა"

მის ნამუშევრებში ყველა დეტალი ცოცხალი და ბუნებრივია: დედას პური თუ ახალამოვლებული ჩურჩხელები, ცეცხლზე შემოდგმული თათარის ქვაბი თუ სახელდახელოდ გაშლილი სუფრა, რომელსაც ტრადიციული, ქართული კერძები ამშვენებს, თანაც, ეს ყველაფერი საოცარი სიმყუდროვის და სიმშვიდის განცდას ტოვებს.

- სულ პატარა რომ ვიყავი და თოჯინებით ვთამაშობდი, მაშინაც სულ რაღაცას ვაკეთებდი: ან თოჯინებს ვუკერავდი ლამაზ-ლამაზ კაბებს, ან ჩემთვის ვიკერავდი. ბოლო ხანებში სახლების კეთება დავიწყე და რომ დავფიქრდი, ესეც ჩემი ბავშვობიდან მოდის: პატარები რომ ვიყავით, ბიძაშვილები პატარ-პატარა სახლებს ვაშენებდით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვის უფრო ლამაზი სახლი გამოუვიდოდა. როგორც ჩანს, ამ გატაცებამ წლების შემდეგ იჩინა თავი. გავიდა ხანი და ქსოვამ გამიტაცა. იმდენად კარგად ვქსოვდი და ვქარგავდი, რომ სტუდენტობის წლებში შეკვეთებსაც ვიღებდი.

- თქვენს პატარა მყუდრო სახლებში კახეთის კოლორიტი იგრძნობა. წარმოშობით კახელი ხართ?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, აფრიკის დასახლებაში, ახლაც აქ ვცხოვრობ, მამა და დედა კი კახეთიდან იყვნენ: მამა უჯარმიდან, ხოლო დედა - ხაშმიდან. მეზობელი სოფლებია, მხოლოდ ერთი მდინარე ჰყოფს - იორი. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი ბავშვობის დროინდელი მოგონებების გამოძახილია. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ აცხობდა ჩემი უჯარმელი ბებია თონეში პურებს, ხოლო თათარაობა და არყის გამოხდა, ანუ "ზაოტობა" ხაშმიდან მახსოვს, სადაც რთველის დროს ჩავდიოდით, მერე თათარობაზე გვეძახდნენ, ამის შემდეგ - ღორის დაკვლაზე. ხაშმი ბარაქიანი ადგილია უჯარმისგან განსხვავებით, რომელიც უფრო მაღალმთიანი, საკურორტო ზონაა. იქ დალოცვილი, ბარაქიანი მიწაა, ხაშმის საფერავი ხომ ცნობილია. იქიდან გამოყოლილი ბედნიერი მოგონებები ახლაც მახარებს, ყველაფერი თვალწინ მიდგას... რთველი ხომ ნამდვილი ზეიმი იყო. ერთი კვირით ადრე გვპატიჟებდნენ, ყურძენს დავკრეფდით, მერე ერთად შევგროვდებოდით და იყო ერთი ჟრიამული, სიცილი და მოლხენა! მახსენდება და გული მწყდება, რომ დღეს ასეთი სიტუაცია კახეთშიც იშვიათია. ხშირად ვფიქრობ: პურს თონეში ვინმე კიდევ აცხობს? ცხოვრება ასეთია - წლებთან ერთად, ბევრი რამ იცვლება და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. მეც, მიუხედადად იმისა, რომ ხელსაქმე ძალიან მიყვარდა, სულ სხვა მიმართულებით წავედი.

- განსხვავებული პროფესია აირჩიეთ?

- ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ ჩემი პროფესიით მხოლოდ 2-3 წელი ვიმუშავე. რომ იტყვიან, ძალით ვმუშაობდი, მხოლოდ სტაჟის გამო. ჩემი პროფესიით მერე აღარ მიმუშავია და თითქმის არაფერში გამომადგა. მხოლოდ ახლა, ხაზვა რომ დამჭირდა, მივხვდი, ცოდნა ზედმეტი არასდროსაა. სტუდენტობის დროს ძალიან კარგად ვხაზავდი, ლექტორებს ჩემი ნახაზები ედოთ ნიმუშად და ახლა, როცა ჩემს პატარა სახლებს ვქმნი, ხაზვის ცოდნა მეხმარება: წინასწარ უნდა ვიცოდე, რომელი დეტალი რა ადგილს დაიჭერს და დაპროექტება რომ ვიცი, ეს ძალიან კარგია.

gogrebi-1715961350.jpg

- ოჯახში როგორ ეკიდებიან თქვენს საქმიანობას?

- ერთადერთი შვილი მყავს - გიორგი შალვაშვილი, რომელიც პროგრამისტია და მაქსიმალურად მიწყობს ხელს, რომ ვიმუშაო. ოღონდ რაიმე ვინატრო და ვთხოვო ან ინტერნეტით გამომიწერს, ან ფულს მომცემს, რომ შევიძინო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შრომას უქმად არ ჩაუვლია, თუმცა, ძალიან რთული და მძიმე ცხოვრება გამოვიარე: მეუღლეს რომ გავშორდი, ოჯახებში დავდიოდი და ვალაგებდი, პარალელურად, ქორწილებსაც ვაფორმებდი, რათა შვილისთვის არაფერი მომეკლო. ერთხანს უცხოეთშიც ვფიქრობდი წასვლას, მაგრამ მისი დატოვება ვერ შევძელი და ვამჯობინე, „კაპიკებზე“ მეცხოვრა, ოღონდ, მის გვერდით ვყოფილიყავი. ახლა ვხვდები, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ჩემი შვილი ისე მიდგას გვერდში, რომ განვლილი, ცრემლიანი დღეები და ღამეები საერთოდ მავიწყდება. მას შემდეგ, რაც მან უმაღლესი დაამთავრა და კარგი სამსახური იშოვა, ოჯახის ტვირთი ერთი-ორად შემიმსუბუქდა. თავისუფალი დროც გამომიჩნდა და ჩემს საყვარელ საქმიანობას დავუბრუნდი.

- თავიდან რაზე მუშაობდით?

- ჯერ დეკუპაჟის ტექნიკას ვიყენებდი და უფრო მარტივ ნივთებს ვაკეთებდი. ჩემს ნამუშევრებში უმცირესი დეტალებიც კი ხელნაკეთია. 2016 წლიდან ვმუშაობ დეკუპაჟის მეთოდით, მაგრამ ბოლო ხანებში ეს საქმე მომწყინდა და სახლების შექმნა დავიწყე: ჯერ უბრალო, პატარა სახლებს ვაკეთებდი, მერე უფრო გავართულე. შემდეგ ერთმა მეგობარმა მითხრა, რას მიაცივდი ამ ევროპულ სტილს, რაღაც ქართული, ეროვნული გააკეთეო. მისი ნათქვამი გულში ჩამრჩა, პირველივე ცდაზე რთულ თემას შევეჭიდე და მარანი გავაკეთე. ყველაფერი რომ დავასრულე, ისეთ ეიფორიაში ვიყავი, არც კი მჯეროდა, ეს ჩემი ნამუშევარი იყო. სიხარულისგან მთელი ღამე არ მეძინა, რადგან ჩემი მარანი სოციალურ ქსელში დავდე და ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ გაოცებული დავრჩი. არც ერთ ჩემს ნამუშევარს ასეთი რეაქცია არ მოჰყოლია. ისეთი თბილი კომენტარები დამხვდა, რომ იმ დღეებში ბედნიერებისგან გაბრუებული დავდიოდი. ზოგი მწერდა: ბავშვობაში დაბრუნდიო, ზოგი - ცრემლი მომერია და ვიტირეო... მარნის შემდეგ თონე გავაკეთე, ამას მოჰყვა თათარაობა და სხვა ეპიზოდები ჩემი ბავშვობიდან. ახლა არყის გამოხდის სცენა უნდა გავაკეთო. 21 მაისს, ამერიკის საელჩოში, გამოფენა უნდა გაიმართოს, მეც მიწვეული ვარ და ძალიან მინდა, ეს ახალი ნამუშევარი მოვასწრო, რომ წარვადგინო. მეთოდს, რომლითაც ჩემს სახლებს ვქმნი, დიორამა ჰქვია. ეს არის პეიზაჟის, ხედის ან სხვადასხვა კადრის თუ სცენის სამგანზომილებიანი, მინიატიურული მოდელი, რომელსაც ქმნიან გასართობი, შემეცნებითი ან სასწავლო მიზნებისთვის.

ძირითადი მასალა ხე და თვითშრობადი მასა ანუ თიხაა, ასევე - დაპრესილი მუყაო, წებო, აკრილის საღებავები და ლაქი, ცოტა მეტალიც მჭირდება ხოლმე. ხილს, ჩურჩხელებს, დოქებს, ჯამებს, თეფშებს და შოთის პურებს თიხისგან ვამზადებ და მერე ვღებავ. უმეტესად, ჩვეულებრივ, ყოფით ნივთებს ვიყენებ, მაგალითად: უბრალო კორპს - ღვინის ბოთლის საცობს ბევრი რამისთვის ვიყენებ, ტუალეტის ქაღალდის მუყაოსგან შეიძლება შესანიშნავი თონე გაკეთდეს, თუ შიგნიდან და გარედან თიხას ან ხეს გამოაკრავ. ხშირად, უბრალო მუყაოს ყუთები და პენოპლასტის ნივთები გამომიყენებია. სახლში ბევრი ხელსაწყო მაქვს, რომელიც ჩემს საქმეში აუცილებელია და ცხადია, ესეც მეხმარება. ყველა დეტალი სათითაოდ უნდა გამოვძერწო, მივაწებო, მერე შევღებო და გავალამაზო. ეს, ძალიან რთული, შრომატევადი საქმეა. მაგალითად: ბოლო ნამუშევრის შესაქმნელად 7-8 დღე დამჭირდა - დილის 8 საათიდან რომ ვიწყებდი, ღამის 2 საათამდე ვმუშაობდი, იმდენად მოწადინებული ვიყავი, რომ წუთსაც არ ვაცდენდი. ბედნიერი ვარ, რომ სასურველი შედეგი მივიღე. ჩემთვის დიდი სტიმული იყო კახაბერ ქარაზანაშვილის შექება და კომპლიმენტები, რომელიც მაღალი დონის დიორამებს აკეთებს.

sakhlii-1715961333.jpg

- მაინც, რა არის საჭირო, რომ თქვენს საქმეში ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს?

- ხშირად ამბობენ, რომ წარმატების საწინდარი ნიჭია. რასაკვირველია, ასეა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობაა. მე მყავს მეგობარი, რომელსაც ძალიან "კარგი ხელი" აქვს, საოცრად ლამაზი ნამუშევრები ჰქონდა, მაგრამ პირველივე წარუმატებლობის შემდეგ ხელი ჩაიქნია. მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. 2016 წლიდან ამ მიმართულებით ვმუშაობ და არ მახსოვს წამი, როცა იმედი დავკარგე, ხელი ჩავიქნიე. ჩემი პრინციპი ასეთია: რაც უფრო მეტს იშრომებ, რაც უფრო არ შეეპუები ჩავარდნებსა და პრობლემებს, მით უკეთეს შედეგს მიიღებ. რასაც ვქმნი, ამას ჩემი სიამოვნებისა და ბედნიერებისთვის ვაკეთებ. ეს ჩემი მაცოცხლებელი საქმეა, რომელიც სიხარულს მჩუქნის. მთავარია, არ დანებდე და ყველაფერს შეძლებ.

დიდი კომპანიები დიორამების შესაქმენლად კომპიუტერულ პროგრამებსაც იყენებენ, მაგრამ მე ყველაფერს თვალისზომით ვაკეთებ და ჩემს ფანტაზიას ვრთავ. მგონია, რომ ცხოვრებაში ეს არის ყველაზე მთავარი: შენი საყვარელი საქმე უნდა აკეთო. ადამიანი შემდგარი და რეალიზებული მხოლოდ მაშინ არის, როცა საყვარელ საქმეს ემსახურება.

ხათუნა ჩიგოგიძე