"სკოლა მარტომ დავამთავრე" - გზაპრესი

"სკოლა მარტომ დავამთავრე"

ამ დღეს დიდი ოვაციებით შეხვდნენ ბავშვები. იყო ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი, ცეკვა-სიმღერა, ხალისი და დამშვიდობება თვალცრემლიან მასწავლებლებთან. ბოლო ზარი ხომ ერთდროულად სიხარულიც არის და გულისწყვეტაც. გული გწყდება, რადგან ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მასწავლებლებს და იმ კედლებს, სადაც 12 წელი გაატარე. თუმცა ამავდროულად გიხარია, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამ. ამ დღეებში ქუჩებშიც განსაკუთრებული სიხალისე იგრძნობა. გადამდებია თეთრპერანგიანი გოგო-ბიჭების ჟრიამული და ხალისი. სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია, აქედან იწყებ ახლის შეცნობას.

როგორც გაირკვა, წელს რამდენიმე საჯარო სკოლას მხოლოდ ერთი მეთორმეტეკლასელი ჰყავდა, მაგრამ იქაც, როგორც სხვაგან, დიდი მხიარულება იყო. ამ ბავშვებს ეს დღე პედაგოგებმა და სკოლის სხვა კლასის მოსწავლეებმა გაულამაზეს.

ასე იყო ხონში, სოფელ გუბის საჯარო სკოლას 2023-2024 სასწავლო წელს ერთი კურსდამთავრებული ჰყავს. ანა აბზიანიძეს განსაკუთრებულად მიულოცეს ეს დღე პედაგოგებმა.

"გუბის საჯარო სკოლა ერთადერთმა და განსაკუთრებულმა მოსწავლემ დაასრულა. გილოცავთ, ანა, ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას და სკოლის დასრულებას. წარმატებულ მომავალს გისურვებთ!" - დაწერა სკოლის "ფეისბუკ"-გვერდზე სკოლის დირექტორმა. როგორც გავარკვიეთ, ანა (ანანო) აბზიანიძე ბებიასა და ბაბუასთან ერთად სოფელ გუბში ცხოვრობს.

- გუბის საჯარო სკოლის დამამთავრებელ კლასში მარტო მე ვიყავი. ამ სკოლაში მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ წამოვედი. მადლობა ჩემს პედაგოგებს, სკოლის დირექტორს და ყველას, რომ ამდენი სითბო და სიხარული მაჩუქეს. ჩემი ოჯახი დიდ ჯიხაიშში ცხოვრობს. მანამდე მეც დიდი ჯიხაიშის საჯარო სკოლაში დავდიოდი და 9 კლასი იქ დავამთავრე. ის სკოლა 9-წლიანია და მისი დამთავრების შემდეგ მომიხდა სოფელ გუბში, ბებიასა და ბაბუასთან წამოსვლა. დიდ ჯიხაიშში ბევრი თანაკლასელი მყავდა და კარგი წლები გავატარე მათთან ერთად. მინდა თითოეულს მივულოცო სკოლის დამთავრება და სურვილების ასრულება ვუსურვო ცხოვრების ახალ გზაზე. სკოლა იმიტომ გამოვიცვალე, რომ პრობლემები იყო ოჯახში.

anano-abzianize-gubis-skola-1716725192.jpg

- მაინც, რა პრობლემები გქონდათ?

- მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდები. ხუთნი ვართ, მყავს ოთხი ძმა. ყველაზე უფროსი ვარ, ყველაზე პატარა ძმა კი ახლა შევიდა პირველ კლასში. ოთხივე დიდი ჯიხაიშის საჯარო სკოლაში სწავლობს. ჩემი ერთი ძმა სპორტითაა გატაცებული და ფეხბურთზე დადის. ბევრს ვარჯიშობს, რადგან უნდა ფეხბურთელი გამოვიდეს... პრობლემა ოჯახში მას შემდეგ გაჩნდა, როცა ჩვენს სახლს ელექტროენერგიისგან ცეცხლი გაუჩნდა და ყველაფერი დაგვეწვა. იმ სახლისგან არაფერი დარჩა. ხის სახლი იყო და ნაცარტუტად იქცა. იმ დღეს მე და ჩემი ძმა სკოლაში ვიყავით, იქიდან დაბრუნებულებს ეს საშინელი სურათი დაგვხვდა. ყველაფრის გარეშე დავრჩით, არც ტანსაცმელი, არც სხვა ნივთები გვქონდა და ფაქტობრივად ქუჩაში აღმოვჩნდით. მას შემდეგ სხვის სახლში ვართ შეკედლებული. ჩვენს სოფელში არის კერძო სახლი, რომელიც დაკეტილი იყო და იმ ოჯახმა მოგვცა დროებითი თავშესაფარი. რთული მდგომარეობა გვქონდა და დღემდე ასეა, რადგან სახლის შეკეთებაც ვერ ხერხდება, ფინანსები არ გვაქვს. გამგეობა მცირედით დაგვეხმარა, მაგრამ იმ ფულით სახლს ვერ აღვადგენდით და დღემდე სხვის სახლში ვართ. ამას ისიც ემატება, რომ მამა ავად არის, მას თავზე ოპერაცია გაუკეთეს და ავადმყოფობის პენსია აქვს დანიშნული - ეს არის ჩვენი შემოსავალი. დედა აფხაზეთიდან დევნილია, ამიტომ ბავშვებს მხოლოდ დევნილების დახმარება გვეძლევა. სოციალური დახმარება მოგვიხსნეს... მას შემდეგ, რაც სახლი დაგვეწვა, დედიკომ განცხადებით მიმართა აფხაზეთის მთავრობას, ბინა რომ მოგვცენ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. კარგი იქნება, თუ დაგვეხმარებიან... ამ პრობლემების გამო მე ჯიხაიშიდან წამოვედი, ბებოსა და ბაბუასთან ვიზრდები. ისინი ამჟამად მარტო ცხოვრობენ, რადგან მამიდა საზღვარგარეთ არის წასული. ჩემი მამიდა და მამიდაშვილები მაქსიმალურად გვეხმარებიან, მადლობა მათ ამისთვის.

ცოტა მძიმე გამოდის ჩემი მონათხრობი, მაგრამ ეს არის რეალობა და არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი მომავალი. ჯიხაიშის სკოლაში გატარებული წლები მართლა კარგად გამახსენდება. იქ მშვენივრად ვერთობოდი და მასწავლებლებიც კარგები მყავდა. როგორც გითხარით, მეათე კლასიდან გუბის სკოლაში ვარ. კლასში სრულიად მარტო აღმოვჩნდი, მაგრამ კარგად მიმიღეს პედაგოგებმა. ყურადღებას მაქცევდნენ, სწავლისთვის ყველანაირი პირობები მქონდა შექმნილი. სხვა კლასის ბავშვებიც კარგად მექცეოდნენ და ადვილად მივეჩვიე ახალ გარემოს, რომელიც ჩემთვის დღეს ბევრს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მარტო დავამთავრე სკოლა, ბოლო ზარი მომიწყვეს. ეს დღე სამუდამოდ დამამახსოვრდება და მათი მადლიერი ვიქნები მუდამ. დამშვიდობებაში მასწავლებლებთან ერთად, სხვა კლასის ბავშვებიც მონაწილეობდნენ და ლამაზი დღე გამოვიდა. ჩემს მაისურზე წარწერები სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დატოვეს. ძირითადად წარწერები, კეთილი სურვილებია. ჩვენი სკოლის დირექტორმა სურვილებიც დამაწერა და ზარიც დამახატა. ბოლო ზარი მე დავრეკე 20 მაისს და ემოციებში ვიყავი. მაისურს სათუთად შევინახავ და სულ გამახსენებს სკოლის დამთავრებას. მადლობა ყველას, კეთილი სურვილებისთვის. ამ სოფელში ბავშვები მხოლოდ ზაფხულის არდადეგებზე ჩამოდიან და მაშინ ვერთობი მათთან, თორემ ისე ჩემი თანატოლი არავინ არის.

- ანანო, რა გეგმები გაქვს, რა პროფესიას უნდა დაეუფლო?

- პროფესია აუცილებლად მინდა მქონდეს, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია, რას ავირჩევ. მინდა ქუთაისში, კოლეჯში ჩავაბარო, ჭრა-კერვა მიყვარს. ასევე მანიკიურის შესწავლა მსურს, რომ სალონში შევძლო დასაქმება. როცა პროფესია გაქვს და შენი საქმე კარგად იცი, შემოსავალიც გექნება.

- შენმა ყოფილმა თანაკლასელებმა ხომ არ დაგპატიჟეს ბანკეტზე?

- დამპატიჟეს ჯიხაიშის სკოლის თანაკლასელებმა, ძალიან მინდა წავიდე, 4 ივნისს აქვთ ბანკეტი. კაბა კი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, არ წავალ, თავს შევიკავებ.

- რატომ?

- მათთან ერთად ყოფნას რა სჯობს, მაგრამ ოჯახს ვეღარ ვეუბნები, ცოტა ხომ არ დაჯდება...

ანანო აბზიანიძის მსგავსად, ბოლო ზარი ერთადერთი მოსწავლისთვის, ნათია ბილიხოძისთვის დაირეკა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლაში. მისმა პედაგოგებმა ნათია ბილიხოძესთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს. როგორც გავარკვიეთ, ნათიასაც ჰყავდა თანაკლასელები, მაგრამ ბოლოს ის კლასში მარტო დარჩა. სიყვარულით საუბრობს მასზე მისი კლასის დამრიგებელი თამარ სალაყაია: "ნათია უწყინარი, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, წყნარი და მეგობრული გოგონაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კლასებში მარტო დარჩა, სხვა კლასის ბავშვებთან მეგობრობდა. ყველასთან ცდილობდა ურთიერთობას, ყველას უყვარს. თავიდან მარტო არ იყო, მაგრამ ნელ-ნელა გადავიდნენ ბავშვები სხვა სკოლებში. მეცხრე კლასში სამნი იყვნენ, მერე ერთმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ორნი დარჩნენ, ბოლოს ის ერთიც წავიდა და ნათიას მარტოს მოუწია ბოლო ზარის დარეკვამ. ეს დღე გავულამაზეთ. შევეცადეთ გაგვეხარებინა, კოლეგებმა მცირედი საჩუქარი გავუკეთეთ და სხვა მოსწავლეებმაც მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი დღე. წარწერები გაუკეთეს მაისურზე, იყო ცეკვა, ხალისი. სკოლაში ელექტროზარიც გვაქვს, მაგრამ ნათიამ ძველებური ზარი დარეკა. 1820 წლით თარიღდება ჩვენი ზარი. სამწუხაროდ, წელს გურიაში მომხდარმა სტიქიამ ბევრი ოჯახი დააზარალა. კერძოდ ბაილეთში 60 ოჯახამდეა დაზარალებული და სტიქიის გამო ბევრს მოუხდა სოფლიდან გადასვლა. სახლების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია, მოსახლეობის ნაწილი კი შიშმა შეიპყრო და ამანაც გამოიწვია სკოლებში ბავშვების სიმცირე. ამჟამად 97 მოსწავლე გვყავს... გვინდა ნათიას გზა დავულოცოთ, მამით ობოლი გოგონაა, დედასთან ერთად ცხოვრობს. არაჩვეულებრივ გოგონას ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ".

natia-bilixoze-1716725238.jpg

ნათია ბილიხოძე:

- მართლა კარგი ემოციები მქონდა. ცოტას ვღელავდი, ვნერვიულობდი, სკოლის დამთავრება კი მინდოდა, მაგრამ ამას გულისწყვეტაც ახლავს. რომ იცი, შორდები სკოლას, პედაგოგებს, რომლებთან ერთადაც ამდენი წელი გაატარე, ძნელია. მე დავრეკე ბოლო ზარი და ძალიან გამიხარდა. დედაჩემი არ დასწრებია ამ ღონისძიებას, შეუძლოდ იყო და ვერ მოვიდა სკოლაში. მამა ცოცხალი არ არის, სამწუხაროდ... სახლში მე და დედა ვცხოვრობთ. ის ამჟამად არ მუშაობს, მაგრამ სოციალური დახმარება მაინც არ გვეძლევა. ძალიან მინდა კოლეჯში ჩავაბარო, პროფესიას დავეუფლო. ვფიქრობ, კომპიუტერები შევისწავლო.

- როგორც შევიტყვე, თავიდან მარტო არ იყავი ამ სკოლაში.

- არა, ადრე მყავდა თანაკლასელები. ბოლოს ორნი ვიყავით, ძალიან ვმეგობრობდი მასთან და გული დამწყდა, რომ წავიდა. ჩვენ უკვე ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს და ამაზეც გული მწყდება... მართალია, თანაკლასელი არ მყავდა, მაგრამ სხვებთან ვმეგობრობდი. ეს ეტაპი დამთავრდა და იმედი მაქვს, წინ კარგი მომავალი მელოდება. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და ვფიქრობ, ჩემს პედაგოგებსაც კარგად დავამახსოვრდები. ვცდილობდი კარგად მესწავლა. მინდა ყველა თანატოლს მივულოცო სკოლის დამთავრება, ყველას ვუსურვებ წარმატებას და მადლობა ჩემს სკოლას, რომ ლამაზი დღე მომიწყვეს. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მე ბანკეტი არ მექნება, მაგრამ ამას უნდა შევეგუო. ღმერთმა ქნას, ყველა სოფელში იყოს ბევრი ბავშვი და ასე თითო-ოროლა სკოლის მოსწავლე არ ჰყავდეს სოფლის სკოლებს. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩემით.

კიდევ ერთი მოსწავლე, რომლისთვისაც ზარი დაირეკა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაშის წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის საჯარო სკოლაში სწავლობს, სადაც სულ 20 მოწაფე ჰყავთ.

vazha-lashis-skola-1716725276.jpg

ვაჟა კვინიკაძე:

- მე მარტო დავამთავრე ჩვენი სკოლა, მაგრამ ემოციური დღე იყო ჩემთვის. არ ველოდი ასეთ გაცილებას, ძალიან კარგი საღამო გამოვიდა და ეს მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება. ცოტა საწყენია სკოლას რომ ამთავრებ და მიდიხარ, ამას ახლავს ღელვა, მაგრამ მეორე მხრივ კარგია, რომ იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. თავიდან კლასკომპლექტი იყო, მეხუთე კლასიდან კი უკვე მარტო ვიყავი. შევეჩვიე ამას და მომწონდა კიდეც სწავლის პროცესი. გაკვეთილები ჩვეულებრივად მიტარდებოდა. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს. ყველა საგანს შეძლებისდაგვარად ვსწავლობდი, განსაკუთრებით მიყვარდა გეოგრაფია.

- როგორც გავიგე, სკოლის დამთავრებამდე მართვის მოწმობაც აგიღიათ.

- დიახ, მანქანის მართვა ბიძამ მასწავლა, მერე მეც ვიყიდე მანქანა და შემდეგ ჩავაბარე გამოცდები, ავიღე მართვის მოწმობა. ახლა მინდა პროფესიას დავეუფლო. ვფიქრობ, მანქანის ხელოსნობა შევისწავლო ან სხვა რომელიმე გამოსადეგი პროფესია. ზუსტად რა გზას ავირჩევ, ამაში ჩამოვყალიბდები. ის ვიცი, რომ უმაღლესში ჩაბარება არ მინდა. მირჩევნია სპეციალობა მქონდეს. 18 წლის ვხდები 4 ივნისს და შემოდგომაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნა მომიწევს, ვფიქრობ, ჯერ ჯარში წავალ და ამის შემდეგ დავეუფლები პროფესიას. ჩვენ 4 დედმამიშვილი ვართ. ყველაზე უფროსი ვარ მე, სამი და მყავს. კარგი დაძმობა გვაქვს.

- რადგან მარტო იყავი კლასში, ხომ არ გიფიქრია სხვა სკოლაში გადასვლაზე?

- სხვა სკოლაში გადასვლაზე არ მიფიქრია, რადგან აქ ყველა მასწავლებელთან კარგი ურთიერთობა მქონდა. თუ სწავლა გინდა, როცა კლასში მარტო ხარ, უკეთესად ისწავლი კიდეც, რადგან ინდივიდუალურად გიხსნიან ყველაფერს. კარგი წლები გავატარე ამ სკოლაში და მადლობა ჩემს პედაგოგებს, რომლებიც ძალიან მიყვარს. სამწუხაროდ, სოფელი დაცლილია, ყველა ქალაქშია წასული. მეზობელ სოფელშიც ერთი ბიჭია დაახლოებით ჩემი ასაკის. ის ჯერ კიდევ სკოლაში დადის და მალე დაამთავრებს. თანატოლი, ვისთანაც შეგიძლია ითამაშო, გაერთო, ასეთი არავინაა. ჩემზე უფროსებთან ვერთობოდი ადრე, მათ სკოლა დაამთავრეს და სასწავლებლად წავიდნენ. ახლა უმცროსებთან მაქვს ურთიერთობა. ჩემს სახლთან ახლოს, ჩემი დედმამიშვილების გარდა, სხვა ბავშვები არ არიან. სახლში ძირითადად ტელეფონით თუ გაერთობი. ადრე ზაფხულში მაინც ჩამოდიოდნენ სოფელში ბავშვები დასასვენებლად, ახლაც ჩამოდიან, მაგრამ ცოტანი. სამწუხაროდ, დაცლილია სოფელი.

- სამომავლოდ დარჩები ლაშეში?

- სოფლიდან ისე წასვლას არ ვაპირებ, როგორც სხვებმა გააკეთეს. მიდიან და აღარ ბრუნდებიან. ბანკეტი არ მექნება, მარტო რა ბანკეტი უნდა მქონდეს? სამაგიეროდ, დღევანდელი დღე ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი იყო. ბავშვები ცეკვავდნენ. მხიარულობდნენ. ჩემს მაისურზე, რომელიც ბოლო ზარზე მეცვა, მასწავლებლების და ბავშვების წარწერები დარჩება. ყველა ჩემს თანატოლს ვულოცავ სკოლის დამთავრებას და ვუსურვებ წარმატებებს!

როგორც შევიტყვეთ, ვაჟას ოჯახი სოციალურად დაუცველია. მისი დები სკოლის გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეები არიან. ისინი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას აპირებენ. სკოლაშია დასაქმებული ბავშვების დედაც.

P.S. გვინდა ყველა მე-12 კლასელს სკოლის დამთავრება მივულოცოთ და ბედნიერი მომავალი ვუსურვოთ მათ!

თეა ხურცილავა