კალის „ლაგურკა“, ლეგენდები შალიანის ხატზე და სიწმინდის მცველები - გზაპრესი

კალის „ლაგურკა“, ლეგენდები შალიანის ხატზე და სიწმინდის მცველები

საუკუნეების მანძილზე სვანეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ცენტრს და სვანეთის მთავარ სალოცავს წარმადგენდა. მონასტერში დაცული შალიანის ხატი კი სვანეთის მთავარი სიწმინდე და „საფიცარია“...

როზეტა გუჯეჯიანი, ეთნოლოგი:

- წმინდა კვირიკეს მონასტერი (სვანურად, „ლაგურკა“ ლაგვირკა“) მესტიის რაიონში, კალის თემში მდებარეობს. მონასტერი მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს, მაღალ მთაზეა აღმართული. ტრადიციულად, ეს მთაც საკრალურად ითვლება და საგულდაგულოდაა დაცული. კალის მონასტერში მოხვედრა ერთადერთი საცალფეხო ბილიკითაა შესაძლებელი...

მთა, რომელზეც მონასტერი მდებარეობს, ხშირი წიწვოვანი ტყითაა დაფარული. ტყე საეკლესიოდ ითვლება და ადგილობრივები მასაც საგულდაგულოდ იცავდნენ. კალელებმა ბართოლომეის (რუსი მოხელე და ნუმიზმატი, რომელმაც 1854 წელს იმოგზაურა ბალსზემო სვანეთში) განუმარტეს - ეს ტყე საეკლესიოა და აქედან ხის მოჭრა ღვთის სასტიკ წყრომას გამოიწვევსო. საეკლესიო ტყით სარგებლობა მხოლოდ მონასტრის საჭიროებისთვის შეიძლებოდა, მაგალითად, დღეობებზე, როცა ხეტყე შეშად სჭირდებოდათ ან როცა ხის მასალა ტაძრის შეკეთებას ხმარდებოდა...

„ლაგურკა“ შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესიაა. იგი აგებულია X-XI საუკუნეებში. ეკლესიის მოხატვის ზუსტი თარიღია ცნობილი წარწერიდან - მოხატულია მეფის მხატვრის თევდორეს მიერ 1111 წელს, კალის ხევის ფეოდალების დაკვეთით. ტაძრის დასავლეთით დგას სამრეკლო, რომელიც ადგილობრივებს XX საუკუნის 60-იან წლებში, ძველი დანგრეული კოშკის საძირკველზე აუგიათ.

სამრეკლოს გვერდით მდებარეობს ე.წ. ლადბაშ, დამხმარე ნაგებობა, სადაც სამი სარიტუალო კერაა გამართული და განსაკუთრებული ზომის სპილენძის ქვაბები დგას, რომლებშიც ზვარაკს (ხარებს) ხარშავენ. მონასტერი მაღალი კბილოვანი, ქვითკირის გალავნითაა გარშემორტყმული. შემონახულია ძველი სენაკი და სატრაპეზო.

კალის „ლაგურკა“ ცნობილი სასულიერო ცენტრი იყო. XVIII საუკუნის დამლევამდე, იგი მოქმედებდა, როგორც დედათა მონასტერი. მონასტერში მოღვაწეობდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოშობის სასულიერო პირები, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის და თვით სამეფო დინასტიის წარმომადგენლებიც კი. ლაგურკის მონასტერში მონაზვნად შემდგარა იმერეთის მეფის ასული თეკლა, რომელიც, როგორც ჩანს, იყო „იმერთა მეფის ბაგრატის ასული თინათი, იგი 1704 წელს ეკურთხა მოლოზნად“.

მონასტერი ფლობდა სამონასტრო ქონებას: სახნავ და სათიბ მიწებს, არა მარტო კალას თემში, არამედ ქვემო სვანეთშიც, ჩოლურში. მონასტრის საკუთრებაშია მის გარშემო მდებარე ტყეც...

შალიანი ხატი - მონასტრის მთავარი სიწმინდე

მონასტრის მთავარ სიწმინდეს წარმოადგენს, ბიზანტიური ხელოვნების ნიმუში, ჯვარცმის ამსახველი სანაწილე ხატი „შალიანი“. ხატი იმ ჯვრის ნაწილის შესანახად ყოფილა განკუთვნილი, რომელზეც ქრისტე ეცვა ჯვარს, თუმცა მღვდელ პოლიევქსტოს კარბელაშვილის მოგზაურობის დროს, ძელი ჭეშმარიტის ნაწილი უკვე არ ჩანს... სვანი ხალხის რწმენით, სიწმინდე განსაკუთრებული ძალის მატარებელია და უდიდეს პატივს მიაგებენ...

კალის კვირიკეს ტაძარი მთელი სვანეთის მთავარ სალოცავს წარმოადგენს, ასეთი პატივი მას სწორედ შალიანის ხატმა მოუპოვა: „კალის ეკლესია სვანებისათვის ის არის, რაც მთელი საბერძნეთისთვის დელფოს ტაძარი იყო. ეს აერთიანებს სვანებს თემებად დაყოფილს ისე, როგორც დელფოს ტაძარი აერთიანებდა სხვადასხვა ბერძენთა რესპუბლიკებს“. ვერა ბარდაველიძის აზრით, კალის „შალიანი“, დროშა „ლემი“ და სეტის წმ. გიორგის ხატი მთელი სვანეთის სალოცავი და გამაერთიანებელი იყო.

ლეგენდებიშალიანის ხატზე

კალის წმინდა კვირკეს მონასტრის აგებასა და მასში დავანებულ „შალიანის“ ხატთან არაერთი ლეგენდა და გადმოცემაა დაკავშირებული. დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის ჩაწერილი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ, სოფელ „ზეგანს“, იფარის საზოგადოებაში მცხოვრები შალიანის შვილს, ერთ დღეს სამწყემსურში ყოფნისას ძროხისათვის მინდორში ნაპოვნი ქვა უსვრია, ქვას ტყვიასავით გაუხვრეტია ძროხა და იქვე მოუკლავს. შალიანს მოუნახავს ეს ქვა და მჭედლისთვის ცელი გამოუჭედინებია, რომლისთვისაც ფოლადის ნაცვლად ეს ქვა ჩაუტანებია. იმ დროს, სვანებს ვალდებულებად ჰქონდათ იმერთის მეფეებისთვის ყოველ წელიწადს დაეთიბათ ქუთაისის მახლობლად მდებარე გეგუთის მინდორი. სათიბად შალიანიც წასულა და ეს ცელი წაუღია, ქუთაისში მეფესთან გამოცხადებულა: მეფევ! თუ გეგუთის მინდორი, რომელიც სვანეთმა ერთ დღეს უნდა გათიბოს - მარტო მე მოვთიბო ერთ დღეს, რაც გთხოვო ის მაჩუქეო. კარგიო! - უთქვამს მეფეს. შალიანს თავისი ცხენისთვის კუდზე მოუბამს და გეგუთის მინდორი მოურონიებია, ცელი თურმე თავისით თიბავდა და საღამომდე გეგუთის მინდორი ერთიანად მოუთიბავს... შალიანს მეფისთვის ჯვარცმის ხატი უთხოვია და სვანეთში წამოუღია... კალის მცხოვრებთ წინასწარ სცოდნიათ შალიანს სასწაულმოქმედი ხატი მოაქვსო. შეუჩნდა თურმე ერთი ქალი და თავისთან დაიწვინა; როდესაც ამის შესახებ ქმარმა და საზოგადოებამ შეიტყო, შალიანს ხატი დაატოვებინეს... და მონასტერში დააბრძანეს: "სვანეთს შალიანისათვის ის უპირატესობა მიუნიჭებია, რომ მის შთამომავლობას, რომელნიც დღეს მულახში ცხოვრობენ და შარვაშიძეებად ითვლებიან, არა ხვდებათ ერთი ძროხა, რომელიც ყოველმა სვანმა, ვისაც წმ. კვირიკეზედ ფიცი უნდა, უნდა მიუყვანოს ჯერ ეკლესიას და მერე ფიცის ნება აქვს“.

ლეგენდის ამ ვარიანტით „შალიანის“ ხატის სვანეთში მობრძანებისას, წმ. კვირიკეს მონასტერი უკვე აშენებული ყოფილა, ექვთიმე თაყაიშვილის მასალით კი ეკლესიის აგება სწორედ ხატის გადმოსვენებას მოჰყოლია: სვანების გადმოცემით, შალიანი სვანი იყო. ერთხელ იმერეთის მეფემ ასი სვანი გამოიწვია და მათ შეუკვეთა გეგუთის ველის მოთიბვა... შალიანმა დათქმულ დროზე მარტომ შეასრულა საქმე, გასამრჯელოდ კი კალას ხატი მოითხოვა. მეფემ პირობა აუსრულა... შალიანი სვანეთში გამოემგზავრა. კალის თემის მცხოვრებლებმა ის მოკლეს და ხატი ხელში ჩაიგდეს. მაგრამ არ იცოდნენ, სად წაეღოთ, ამიტომ შეაბეს უღელში ორი კურო; უღელზე ბოძი მიაკრეს, ბოძზე ხატი დაამაგრეს და ისე გაუშვეს თავის ნებაზე... ხარებმა გადალახეს ენგური, შეუდგნენ აღმართს და იმ მთის წვერზე გაჩერდნენ, სადაც ახლა წმ. კვირიკეს ეკლესია დგას. სვანებმა ამ ადგილზე მონასტერი ააგეს და მას შემდეგ შალიანის ხატი აქ ინახება“.

კიდევ ერთი ვერსიით, შალიანს „შარშხლანი“ ერქვა და დღევანდელ შერვაშიძეთა წინაპარი იყო, ხოლო ის კალელი, ვინც შარშხლანს ხატი დაატოვებინა, იოსელიანია. შემდგომ იოსელიანს ხატი დადეშქელიანებმა წაართვეს, მაგრამ მათ სიწმინდე მალევე მოჰპარეს გოშთელიანმა და ბერიანმა, რომლებმაც იოსელიანს დაუბრუნეს. სიწმინდე კალის წმ. კვირიკეს მონასტერში მოათავსეს და შეიარაღებული ყარაული დაუყენეს.

- შალიანის ხატის დასაცავად რომ მონასტერს დღენიადაგ იცავდნენ სვანი „მეციხოვნენი“, ამას ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალებიც ადასტურებს...

- სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტის დროდ, ისტორიულ წყაროებში მეთვრამეტე საუკუნის მიწურული სახელდება. შემონახულია ტრაგიკული შინაარსის გადმოცემა, შემოსეული „თათრების“ მიერ მონასტრის აწიოკებისა და მონაზვნების დახოცვის შესახებ. სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტის შემდეგ „ლაგურკის“ მოვლა-პატრონობა ადგილობრივმა მოსახლეობამ ითავა. მონასტერს საგულდაგულოდ იცავდა კალის თემი და ეკლესიაში შესვლა უცხო პირისათვის მეტად გაძნელებული იყო, რასაც ყველა მკვლევარ-მოგზაური ადასტურებს. რამდენიმე მათგანი აღნიშნავს კიდეც, რომ კალელებმა მონასტერში არ შეუშვეს, რადგანაც, ადგილობრივ მოსახლეობას მიაჩნდა, რომ უცხოელის მიერ „შალიანისათვის“ თვალის შევლებას შესაძლოა, სოფლისთვის ათასი უბედურება დაეტეხა თავს.

ჩვენამდე მოღწეული პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც მოთხრობილია ამ მონასტრის შესახებ, არის რუსი მოხელის და ნუმიზმატის ბართოლომეის ჩანაწერები, რომელმაც 1854 წელს იმოგზაურა ბალსზემო სვანეთში. მასში მოთხობილია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საგულდაგულოდ იცავდა ტაძარს. იქაურობას დღედაღამ ყარაულობდნენ შეიარაღებული მცველები...

- შალიანის ხატს წელიწადში მხოლოდ ორჯერ თუ შეეხება კაცის ხელი...

- დიახ, აღდგომის კვირის შაბათს და 28 ივლისს - კვირიკობის („ლიგურკე“) დღესასწაულზე. ამ დღეებში ხატის ხელის ხლების უფლება რჩეულ პირებს, მოკილებს ანუ ტაძრის მცველებს ეძლევათ. მათ აღდგომის დამდეგ კვირას ირჩევენ. ამ დღეს „ლაგურკაში“ თავს იყრის მთელი კალას თემი. რჩეულ პირებს უფლება აქვთ შემდგომ აღდგომამდე მიხედონ და უპატრონონ მონასტერს. ამჟამად ამ მიზნით 12 კაცს ირჩევენ. აღდგომის კვირის შაბათს და კვირიკობის დღეობაზე შალიანის ხატს წყალში ავლებენ. ხატის „ნაბანი“ წყალი წმინდად ითვლება და სასოებით ინახავენ სპეციალურ ჭურჭელში, სპილენძის სურაში. ხატისაგან განსხვავებით, რომელიც მუდმივად მონასტერში უნდა იყოს დაცული, "წმინდა" წყლით სავსე სურის ეკლესიიდან და თვით სოფლიდან გატანაც კი შესაძლებელია. განსაკუთრებულ შემთხვევებში მას სოფლიდან სოფელში ჩამოატარებენ და იყენებენ ფიცის დადებისას, ავადმყოფობისაგან განსაკურნებლად.

მორწმუნეთა აზრით, მას სასწაულმოქმედი ძალა აქვს. წყალი მძიმე ავადმყოფებთან შინ მიაქვთ, ხოლო ვისაც ფეხზე დგომა შეუძლია, ის თავად ეახლება მონასტერს, სადაც ავადმყოფის „ამენით" დალოცვის რიტუალიც სრულდება. ეს ხდება „ლიგურკეს“ - კვირიკობის დღეობაზე შემდეგი სახით: ავადმყოფის პატრონი შეპირებული საკლავის გულ-ღვიძლს, სალოცავ პურებს - ლემზირებს და არყით სავსე დოქს დააწყობს პატარა ტაბლაზე, ანთებს სანთლებს და რჩეულ პირებს - მლოცველებს შესთხოვს ავადმყოფის დალოცვას. ლოცვას („ლიმზირი“) გარშემო მყოფი ხალხის „ამენ“ აგვირგვინებს. ყოველ „ლიგურკეზე“ რამდენიმე ასეთი დალოცვა სრულდება.

შორენა მერკვილაძე