ქართველი ჟურნალისტი იტალიაში ამერიკის კონსულთან ერთად დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს - გზაპრესი

ქართველი ჟურნალისტი იტალიაში ამერიკის კონსულთან ერთად დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს

უკვე დაიგეგმა ამ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია საქართველოში...“ - იტალიაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე თავისი დიდი მიღწევების შესახებ გვიამბობს...

- ნინა, ახლახან იტალიელმა რეჟისორმა ფილმში გადაგიღოთ, გვიამბეთ ამის შესახებ....

- იტალიური კინოკომპანიის FILMIT-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ჰქვია „NAPASSIONE“, პროექტი რობერტო პარლატის ეკუთვნის... ფილმში მონაწილეობენ ამერიკის გენერალური კონსული ნეაპოლში Tracy Roberts-Pounds, ტელეწამყვანი სტეფანო დე მარტინო და სხვები. როგორც ქართველი ჟურნალისტი, მე ჩამწერეს. მართალია, ინტერვიუები მქონია, მაგრამ იმდენად სხვა განზომილება იყო, ძალიან ვღელავდი, ვნერვიულობდი... თუმცა მგონი, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო.

მოქმედება ნეაპოლში ხდება. ფილმში ინტერვიუებია რვა პერსონასთან და მათგან ერთ-ერთი ბიჭი ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანი, ყოფილი მოცეკვავეა - სტეფანე დე მარტინო. ფილმში გადაიღეს ამერიკის კონსულიც, რომელმაც სურვილი გამოთქვა, ფილმის თარგმნა და ჩვენება ინგლისურ ენაზე მოხდეს. ჩემი ჩაწერის მერე გადამღებ ჯგუფს და პროდიუსერს სურვილი გაუჩნდათ, ფილმს ქართულ ენაზეც გასდევდეს სუბტიტრები. უკვე დაიგეგმა ამ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია საქართველოშიც.

- იტალიაში თქვენი მიღწევები მეტად შთამბეჭდავია. როგორ შეაჯამებდით გასული წლების მიღწევებს, ექსკლუზივებს?

- 2023 წელი განსაკუთრებული და ნაყოფიერი იყო ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის და ასევე, რიგითი მოქალაქისთვის. განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ჩემი 12-წლიანი ემიგრაციული ცხოვრების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს დრო მუდმივად ვინარჩუნებდი ჩემს მთავარ პროფესიასთან, ჟურნალისტიკასთან კავშირს, შეიძლება ითქვას, რომ ახლა თავით გადავეშვი ამ ყველაფერში. აგვისტოში დავაფუძნე ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი „ErmesTV – ერმესი მედია“, რომელიც ნელ-ნელა ფეხზე დგება და უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ქართველ ემიგრანტებში. ეს არის სივრცე, სადაც მკითხველი და მაყურებელი უამრავ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიიღებს; ეს არის სივრცე ყველასთვის, ვისაც საკუთარი პერსონისა და საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა სურს. ჟურნალისტური პროდუქტი ხშირად იქმნება ორ, ქართულ და იტალიურ ენებზე. ახალი, ქართულ-იტალიური მედიამაუწყებლის ERMES TV-ს დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი იდეა, გარდა საქართველოს და ქართული დიასპორის პოპულარიზაციისა, სწორედ ისიც არის, რომ ჩვენი სათქმელი ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ მათ მშობლიურ ენებზე.

წელს განხორციელებული აქტივობებიდან გამოვარჩევდი ნაპოლისთან დაკავშირებულ საოცარ ამბებს. გარდა იმისა, რომ ნაპოლის საჩემპიონო წლის თამაშებს როგორც აკრედიტირებული ჟურნალისტი ვესწრებოდი, სკუდეტოს დღეს, ქართველი და იტალიელი გულშემატკივრების მსვლელობა მოვაწყვეთ, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი "ნაპოლის" საგულშემატკივროდ. მანამდე მოვაწყვეთ ქართული ღვინის დეგუსტაცია იტალიელი ჟურნალისტებისა და „ტიფოზებისთვის“. ეს იყო ემოციების ზღვა - ისეთი, ცხოვრების ბოლომდე რომ არ დაგავიწყდება. რამდენჯერმე მომიწია შეხვედრამ ხვიჩასთანაც და უნდა აღვნიშნო, რომ ხომ საოცარი ფეხბურთელია, ხომ არის ჩემპიონი, მაგრამ უფრო დიდი ადამიანია და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რა საგანძური გვყავს ქართველებს მისი სახით. ასევე უნდა აღვნიშნო, ლუჩანო სპალეტისთან ურთიერთობის გამოცდილება. სპალეტიც რამდენადაც პროფესიონალია, იმდენად კარგი ადამიანია, რაც მთავარია, ძალიან უყვარს ჩვენი კვარა და მისგან გამომდინარე, ჩვენც, ქართველები.

- გიორგი კეკელიძის პროექტში იყავით ჩართული, წიგნის „კვარას საქართველოს“ აქტივობებში...

- ბოლო დროს, ჩემს მეგობარ მაკა ხაჩოშვილთან ერთად, რომელიც აკრედიტირებული თარჯიმანია ნეაპოლში, აქტიურად ვარ ჩართული გიორგი კეკელიძის პროექტში, მისი იტალიურ ენაზე ნათარგმნი წიგნის „კვარას საქართველოს“ აქტივობებში. ჩვენ ამ პროექტის წარმომადგენლები ვართ იტალიაში. ვფიქრობ, ამ არაჩვეულებრივ და დიდ პროექტში ჩემი ჩართულობა, ერთგვარად ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელშიც უკვე წელიწადზე მეტია აქტიურად ვარ. მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს ერთ-ერთ კლუბში, ნაპოლიში გადმოვიდა და ვესწრები მატჩებს, აქტიურად ვაშუქებ ხვიჩა კვარაცხელიაზე ამბებს და ნაპოლის თემებს, გიორგი კეკელიძის ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში ყოფნა ჩემთვის სრულიად ორგანული და სასიამოვნო პროცესია.

- ბევრს ზრუნავთ კულტურული პროექტების განსახორციელებლად. რამდენიმე კონცერტი გაიმართა, გვიამბეთ ამის შესახებ...

- კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება, რომ ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა, მით უმეტეს, თუ ეს უცხო ქვეყანაში ხდება. მიუხედავად სირთულეებისა, აქამდე განხორციელებულ პროექტებს ძალიან კარგი შედეგი და საუკეთესო გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, მაისში ფლორენციაში ჩავატარეთ მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის სოლო კონცერტი, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. ასევე აღსანიშნავია თავისუფალი თეატრის სტუმრობა და სპექტაკლი ემიგრანტებისთვის, რომელიც ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის მოძღვრის, არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის ინიციატივითა და მონდომებით დაიგეგმა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მამა ანდრიას. სამშობლოდან მოწყვეტილი ქართველისთვის სულიერი საზრდო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...

419265591-951065299822550-7265113805163143006-n-copy-1716726864.jpg

- პროფესიული კურსები დააარსეთ, რაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ისტორიული ნაბიჯია. რა შედეგები მოჰყვა ამას?..

- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უამრავ ემიგრანტთან ძალიან მჭიდრო შეხება მაქვს და ზედმიწევნით ვიცი მათი გულის წუხილი, ყოველდღიური წვრილმანი, თუ უფრო დიდი მასშტაბის პრობლემები... იქიდან გამომდინარე, რომ წლების წინ დამოუკიდებლად, სრულიად მარტოს მომიწია უამრავი ბიუროკრატიული თუ ადამიანური პრობლემის გადალახვამ, ჩემი დიდი სურვილია, ქართველ ემიგრანტებს მსგავსი სირთულეები შეძლებისდაგვარად ავარიდო... უცხო ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ინტეგრაციის სირთულეა, რაც გამოწვეულია ენობრივი ბარიერით, ინფორმაციის ნაკლებობით, უნდობლობით... დიდი ხანი ვფიქრობდი, ჩემი რესურსით რისი გაკეთება შეიძლებოდა ქართველი ემიგრანტებისთვის, რომ ის მოჯადოებული ბნელი წრე გაგვერღვია, რასაც 24-საათიანი, გამოუსვლელი, 24/7-ზე სამსახურები ჰქვია, სადაც ემიგრანტი ფაქტობრივად, საკუთარ ცხოვრებაზე უარს ამბობს, რაც დროთა განმავლობაში ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება... ამიტომ გადავწყვიტე, რომ მხოლოდ ქართველებისთვის უნდა შექმნილიყო სხვადასხვა მიმართულების პროფესიული კურსი, სადაც ასაკი შეზღუდული არ იქნებოდა და სასწავლო განრიგი მაქსიმალურად ემიგრანტებზე მორგებულია. გასათვალისწინებელი იყო ასევე ენობრივი ბარიერი, ამიტომ კურსებს უნდა ჰყოლოდა პერსონალური თარჯიმანი, რომელიც სასწავლო პროცესს გაამარტივებდა. ამ პროექტის განხორციელების ინიციატივით მივმართე ჩონფლავორო PMI Fირენზე-ს პრეზიდენტ ენრიკო ფანტინის. მინდა მას თქვენი საშუალებით უდიდესი მადლობა გადავუხადო მყისიერი რეაგირებისა და მხარდაჭერისთვის. ბატონი ფანტინის თანადგომით, პროექტს განვახორციელებთ აკრედიტირებულ სასწავლო ცენტრ Bეეთრაინედ-თან ერთად, რომელიც ტოსკანას რეგიონის ოფიციალურ სერტიფიკატებს გადასცემს კურსდამთავრებულებს... ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ-იტალიური მედიამაუწყებლის "EრმესთV – Eრმეს Mედია" საშუალებით, მაქსიმალურად დეტალურად მივაწოდე ქართველ ემიგრანტებს. სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, სურვილი იმდენმა ადამიანმა გამოთქვა. ეს იმის ნიშანია, რომ მიუხედავად იმ მძიმე ყოფისა, ურთულესი გრაფიკისა და ბარიერებისა, რისი გადალახვაც უცხო ქვეყანაში ემიგრანტებს უწევთ, მაინც აქვთ მომავლის რწმენა, განვითარებისა და სწავლის გაგრძელების სურვილი...

პირველ ეტაპზე განვახორციელებთ "პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს". პირველი ჯგუფი ინფორმაციის გამოცხადებიდან ორ დღეში შეივსო. ასევე ვგეგმავთ „პერსონის პირადი დამხმარის კურსს“, რომელიც შესანიშნავი შესაძლებლობაა მოხუცებულთა და სარეაბილიტაციო ცენტრებში დასაქმებისთვის. თუმცა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, ახლო მომავალში ვგეგმავთ ასევე ენისა და სხვა პროფესიული კურსების გახსნას.

- საქართველოს თუ ეწვევით და რა გეგმები გაქვთ?

- საქართველოში მივლინებით სულ მალე მიწევს ჩამოსვლა. უცნაურად კი ჟღერს ჩემს ქვეყანაში მივლინებით რომ მოვდივარ, მაგრამ ჩემი პროფესია ამ ყველაფრის საშუალებას მაძლევს. უფრო ხანგრძლივი ვიზიტით კი ზაფხულში ჩამოვალ. ერთი რაღაც აღმოვაჩინე საკუთარ თავში: როდესაც შვებულებას ვგეგმავ, საქართველოს გარდა, სხვაგან წასვლაზე უბრალოდ ვერ და არ ვფიქრობ.

მანანა გაბრიჭიძე