უკუღმა, ასინეთა,უკუღმა!
მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრძანა: "ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა მიმთითებლები და ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოთხოვნებს წამოგვიყენებენ. მეგობრობა სხვა რამეა - მეგობარი, რომელიც შენს ოჯახში შემოდის და თავისი გემოვნებით ავეჯის გადადგმას იწყებს, ის უკვე მეგობარი აღარაა".
ამ დროს ყველაფერი პირიქითაა: ეს ჩვენ გვინდა შესვლა ევროპულ ოჯახში და არა მათ - ჩვენთან. ჩვენ ვაკაკუნებთ ამდენი წელია მათ კარზე და როდესაც, როგორც იქნა, ეს კარი მართლაც გაიღო, ვამტკიცებთ, მანდ ჩვენი წესებითა და პირობებით უნდა მიგვიღოთო, ანუ ისინი გვეუბნებიან, მობრძანდით ჩვენს დიდ ოჯახში, უბრალოდ, აქ ჩვენი ქცევის წესები გვაქვს, მაგალითად, ტალახიანი ფეხსაცმლით ვერ შემოხვალთ, სახლში სიგარეტს არ ვეწევითო და ჩვენ ვეუბნებით, - რას ჰქვია, პირობებს მიყენებ, ამით ჩემს სუვერენიტეტს ლახავ, ღირსებას ფეხქვეშ მითელავ, ღირსებით ევროპისკენო! ისინი გვეუბნებიან: ესაა ჩვენი ოჯახის წესები და გინდათ, მობრძანდით, არ გინდათ - კარგად იყავით, წადით იქ, სადაც ტალახიანი ფეხსაცმელებით შეგიშვებენ და სიგარეტს მოგაწევინებენო. თქვენც ხომ ხვდებით, სადაა ის ადგილი, სადაც ტალახიანი ფეხსაცმელებითაც შეგიშვებენ და სიგარეტსაც მოგვაწევინებენ? რა თქმა უნდა, რუსეთია ასეთი ადგილი. ოღონდ მათ წიაღში დავბრუნდეთ და ჩახდილებმა რომ ვირბინოთ, ხმას არ ამოიღებენ. აი, ეს იქნება ჭეშმარიტი სუვერენიტეტი. რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ! თუ ესაა პრიორიტეტი, დავბრუნდეთ მაშინ უკან!
ჰოდა, თუ არა, მაშინ "უკუღმა, ასინეთა, უკუღმა!"
შოკირებული უცხოელები და "ოცნების" ცოტნე დადიანი
გმირები განა მარტო აქციის მონაწილეებს შორის არიან? ხელისუფლებასაც თავისი გმირები ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები პაპუაშვილია, რომელსაც თავი აქვს გადადებული და ყველაფერს კადრულობს. თუმცა, ამ კვირაში ახალი გმირიც გამოიკვეთა - აქამდე ნაკლებად ცნობილი დეპუტატი მარიამ ლაშხი, რომელმაც ისეთები უთხრა ბრიტანელ ჟურნალისტს, რომ ერთ დღეში გახდა ცნობილი არა მარტო საქართველოში. ჟურნალისტმა ჰკითხა: "გლობალურ ომის პარტიაზე" რომ ლაპარაკობს ეგ თქვენი პრემიერ-მინისტრი, ვინ იგულისხმებაო? ამან ძალიან ჭკვიანური სახით მიუგო: მაგალითად, მასონებიო. ბრიტანელი ჟურნალისტი ამ პასუხმა ისეთ შოკში ჩააგდო, რომ რამდენჯერმე გაამეორებინა პასუხი. ვერ იჯერებდა, რომ ქვეყნის მმართველი ძალის წარმომადგენელს ასეთი ზღაპრებით აქვს თავი გამოტენილი. სამაგიეროდ, მარიამ ლაშხს თავისუფლად შეუძლია დაწეროს სახელმძღვანელო "როგორ გავხდეთ ცნობილი ერთ დღეში".
არანაკლებ შოკირებულმა დატოვა საქართველო ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, ჯიმ ო’ბრაიანმა. იმ ბრიტანელ ჟურნალისტს შეთქმულების თეორიებზე ერთი რიგითი დეპუტატი მაინც ელაპარაკა და ამას მთლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოუჭედა ყურები "გლობალურ ომის პარტიაზე" საუბრით. ის კი არა, მერე თავად კობახიძემ გაგვიმხილა, კიდევ დავინდე ამერიკელი სტუმარი და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მხოლოდ 30 პროცენტი გავანდეო. პრესკონფერენციაზე ო’ბრაიანის სახე რომ მახსენდება, წარმოდგენაც არ მინდა, რა დაემართებოდა, ჩვენს პრემიერს ყველაფერი რომ მოეყოლა, რაც ბიძინამ ასწავლა. საბოლოოდ, ორმა რამემ ჩააგდო შოკში ო’ბრაიანი: ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის მიდრეკილებამ შეთქმულების თეორიებისადმი და ჟურნალისტების უზრდელობამ. ტრადიციულად ერთმანეთს კითხვის დასმა არ დააცადეს და კაცი პრესკონფერენციიდან გააქციეს.
მაგრამ "ოცნების" მთავარი გმირი მაინც მამუკა მდინარაძეა. კაცი ლეგენდა, კაცი ტრუსკავეცი. ხომ გახსოვთ, მიშა რომ შემოიპარა ქვეყანაში, სახალხოდ ამტკიცებდა, - სინამდვილეში სააკაშვილი უკრაინის საკურორტო ქალაქ ტრუსკავეცში ისვენებს, არ დაიჯეროთ ტყუილებიო, და ამ დროს მიშა თურმე ბათუმში დასეირნობდა.
ჰოდა, კი ვღლიცინებდით ამის გამო, მაგრამ საბოლოოდ, ეს კაცი ნამდვილი გმირი აღმოჩნდა. გამოაცხადა, თუ ამერიკა ხელისუფლების წევრებს სანქციებს დაუწესებს, მოვითხოვ, ყველას მაგივრად მე დამასანქცირონო. რითაა ახლა ცოტნე დადიანზე ნაკლები? სულ არ გამიკვირდება, მალე თაფლი რომ წაისვას და ამერიკის საელჩოს წინ გაწვეს.
საოცარი ტრიუკი
ესე იგი, ამ კანონის გამო მთელი ცივილიზებული სამყარო ხომ გადავიკიდეთ...
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს აგინებენ და ფიზიკურად უპირისპირდებიან, პარლამენტის წინ პოლიცია საკუთარ მოქალაქეებს სცემს, ოპოზიციურ აქტივისტებს ზონდერები სადარბაზოსთან ხვდებიან და სცემენ. "ფეისბუკში" ცალკე გინება და ერთმანეთის წაშლა მიდის, მეგობრები და ოჯახის წევრები ერთმანეთს გადაეკიდნენ და ის კაცი, ვინც ეს ფაფა მოხარშა, დაწყნარებული ქვეყანა არია, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ფეხბურთზე ფიქრობდა მხოლოდ, ზის სადღაც შუშის სასახლეში და ფიქრობს, რომ მაგარი ტრიუკი ჩაატარა.