წითელი ხაზი გადაკვეთილია - გზაპრესი

წითელი ხაზი გადაკვეთილია

ამერიკიდან სანქციებით მუქარის მიუხედავად, ხელისუფლებამ უკან არ დაიხია და "რუსული კანონი" საბოლოოდ მაინც მიიღო.

მე გეტყვით, რატომ არიან ესენი ჯერ კიდევ ასეთ რიხზე. ბიძინა მათ არწმუნებს, რომ მთელი ეს სანქციებით მუქარა დასავლეთიდან და ა.შ. არის მხოლოდ ზეწოლის ხერხი, რათა როგორმე შეგვაშინონ და კანონი არ მივიღოთ, თორემ, როგორც კი ვეტოს დავძლევთ და საბოლოოდ დასრულდება ყველა პროცედურა, დაინახავენ, რომ ზეწოლამ არ გაჭრა და ეგრევე თავს დაგვანებებენ, აბა, მართლა ხომ არ გაწყვეტენ ჩვენთან ურთიერთობასო?

ჰოდა, ვეტო დაძლეულია, რუბიკონი გადალახულია! ახლა ჯერი ქართველ ხალხზე და ჩვენს დასავლელ პარტნიორებზეა. იმედია, დასავლეთი უკან არ დაიხევს და დაპირებულ სანქციებს დაუწესებს ყველას, ვინც ამ "რუსულ კანონს" მხარი დაუჭირა და ქვეყანა პარტნიორებთან და მეგობრებთან, ანუ დასავლეთთან დააპირისპირა, ვინც ჩაგვიხერგა ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, რომელიც მოულოდნელად გაიხსნა.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოთქვამენ, რანაირი ჩვენი მეგობარია ამერიკა, სანქციებით გვემუქრებაო. ესე იგი, მას მერე, რაც ეს კანონი დააინიცირეს, ვყვირით, რომ ამ კანონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მეგობრებს, ანუ ამერიკას და ევროპას მტრებად აცხადებსო და ახლა "ოცნებაში" მოთქვამენ, რანაირი მეგობრობაა ამერიკის და ევროპის მხრიდან დასანქცირებაო? ანუ შენ მტრად უნდა გამოაცხადო და ის მაინც უნდა გემეგობროს? ამერიკასაც თავისი ინტერესი აქვსო. რა თქმა უნდა, ამერიკასაც თავისი ინტერესი აქვს და რუსეთსაც, უბრალოდ, ჩვენ გვაქვს არჩევანი: ჩვენი ინტერესი დაემთხვეს ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის ინტერესებს და ვიყოთ მათი მოკავშირე ან დაემთხვეს რუსეთის, ირანის, სირიის, ჰეზბოლას ინტერესებს და ვიყოთ მათი მოკავშირე - სულ ესაა.

თუ ამერიკამ ეს ჩვენი ხელისუფლების წევრები დაასანქცირა, ევროკავშირის ქვეყნებმაც დაასანქცირეს, ვისთან უნდა ჩავიდნენ ვიზიტებით? ჩინეთსა და ირანში? ირანში კი იყო წინადღეს ჩვენი პრემიერი. ჩინეთთან კი გავაფორმეთ სტრატეგიული მოკავშირეობა. ალბათ მალე რუსეთთანაც აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას. აი, ამ შედეგებამდე მივყავართ ამ ვითომცდა "უწყინარ" კანონს, რომელსაც "გამჭვირვალობის კანონი" დაარქვეს და სინამდვილეში არის "რუსული", რადგან ქვეყანაში დარჩენილი ორი დამოუკიდებელი სექტორის - არასამთავრობო სექტორისა და მედიის კონტროლს ითვალისწინებს.

ამ ფონზე დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე გამოდის პრემიერი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტს ქართული ჯარის წინაშე მოღალატეს ეძახის. არადა, ახლა დგას სწორედ პრეზიდენტი სწორ მხარეს, მაგრამ რომც არ იდგეს, სხვა ქვეყნის ელჩებისა და ჯარის წინაშე, როგორ უნდა იკადრო და ქვეყნის პრეზიდენტი, მთავარსარდალი მოღალატედ გამოაცხადო, თან მაშინ, როცა შენ გვაპირისპირებ მეგობრებს.

მაგრამ რა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან ისეთ დაპირისპირებაზეც კი მიდის, რომ ევროკომისარს საჯაროდ ადანაშაულებს, - მკვლელობით დამემუქრა, რადგან საუბარში სლოვაკეთის პრემიერზე თავდასხმა მიხსენაო. კაცმა უთხრა, - გაიტანეთ უკან ეს კანონი, რომელიც საზოგადოებას ასე ყოფს, ერთმანეთს აპირისპირებს და ზრდის პოლარიზაციას; ხომ ნახეთ, პოლარიზაციას ზოგჯერ ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ, სლოვაკეთში ხომ ხედავთ დაპირისპირება სადამდე მივიდაო, და ეს აღიქვა პრემიერმა მკვლელობის მუქარად, ანუ სპეციალურად მიმანიშნეს იმ თავდასხმაზე და ამით გამაფრთხილეს, რომ შეიძლება მომკლანო.

წარმოგიდგენიათ ასეთი რამე ოფიციალურ სატელეფონო საუბარში, რომელიც იწერება, ევროკომისარი პრემიერს მკვლელობით რომ ემუქრება? ჩვენ რომ ევროკავშირი გვგონია, კობახიძის წარმოდგენაში "კოზა ნოსტრა" ყოფილა.

მაგრამ რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც "გლობალური ომის პარტიის" და მასონების სჯერა? ამ ყველაფერზე ოლივერ ვარჰეის პასუხის წაკითხვის მერე სულ ვფიქრობ: რა კულტურული კაცი ყოფილა!

საკადრის პასუხს კი "ოცნებას" ქართველი ხალხი გასცემს არჩევნებზე. ამ ყველაფრის მერე რას უნდა დაჰპირდნენ ამომრჩეველს, რომ მათ ხმა მისცენ? ვიღაცები ამბობენ, აფხაზეთის დაბრუნებას დაჰპირდებიანო. ეს კობახიძემაც ახსენა 26 მაისს და მაშინვე გასცეს პასუხი რუსეთიდან: ოცნებას თავი დაანებეთ და საქმეს მიხედეთო.

P.S. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას და გისურვებთ, აღარასდროს ვყოფილიყავით სიტუაციაში, როდესაც დამოუკიდებლობის ზეიმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს მოღალატეს უწოდებს!