ზაზა ფირალიშვილი: "ადამიანების დიდ ნაწილს გაუჩნდა გრძნობა, რომ სახელმწიფოს ჰპარავენ" - გზაპრესი

ზაზა ფირალიშვილი: "ადამიანების დიდ ნაწილს გაუჩნდა გრძნობა, რომ სახელმწიფოს ჰპარავენ"

ე.წ. კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომლის გამოც თავისი მოსახლეობის უმეტესობასთან ერთად, მთელი ცივილიზებული სამყარო დაუპირისპირდა? - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ჟურნალთან "გზა" ფილოსოფოსმა, ზაზა ფირალიშვილმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა.

- კანონპროექტის უკან გაწვევამ, როგორც ჩანს, სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიაყენა ბიძინა ივანიშვილს. ამას ის მაფიქრებინებს, რომ ეს მობრუნება და ოფშორებთან დაკავშირებული კანონის გატანა დროის თითქმის ერთ მონაკვეთში მოხდა. ეტყობა გარკვეულმა წრეებმა მიიჩნიეს, რომ ის საქართველოში სიტუაციას ვერ ფლობს. ჰოდა, ამ დარტყმის კომპენსირება გადაწყვიტა. როგორც ჩანს, მან და მისმა გარემოცვამ მიიჩნიეს, რომ პირველი მცდელობის შემდეგ საკმაოდ დაამუშავეს საზოგადოებრივი აზრი (გაიხსენეთ, რა ხშირად იმეორებდნენ არასამთავრობოთა მიმართ გამოთქმას "უცხო ქვეყნის აგენტები"), საკმაოდ მოახდინეს ფუნდამენტალისტური და საბჭოთა ყაიდის ნაციონალისტური განწყობების მობილიზება, საკმაოდ "ხალხურად" ამეტყველდნენ და გადაწყვიტეს, რომ ამგვარი შტურმის შედეგად, წინააღმდეგობა მორალურად იყო გატეხილი. სხვა რაციონალური მიზეზი ვერ მომიძებნია. როგორც ჩანს, ისიც მიიჩნიეს, რომ საკმაოდ დააშანტაჟეს დასავლეთი ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებითა თუ რუსეთთან არაფორმალური ფლირტით და იმედი ჰქონდათ, რომ ის კანონის მობრუნებას ჩუმად შეხვდებოდა.

ყველაფერთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ავანსად კი არა, დათმობად აღიქვეს. უნდა ვაღიაროთ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ცუდად იცის ევროპული პოლიტიკა და ევროპის დიპლომატიის ენა. საბოლოოდ, ჩათვალეს, რომ ყველას გაცურება შეეძლოთ და მიუხედავად ვიოლა ფონ კრამონის მოწოდებისა - ხრიკებს შეეშვითო, ჯიუტად იგივე გააგრძელეს. ქართული პოლიტიკა ასეთი პლებეიზებული არასოდეს ყოფილა. ასე მივიდნენ საბედისწერო შეცდომამდე. ეს ისტორია რომ არ ყოფილიყო, ოქტომბერში "ოცნება" ზედმეტი დაძაბვის გარეშე იგებდა არჩევნებს. ახლა კი ადამიანებში ეგზისტენციალური საფრთხის გრძნობა გააღვიძეს. ყალბი პროდასავლური რიტორიკა არ ჭრის. ერის ღირსებასა და სუვერენიტეტზე ლაპარაკი მათგან უკვე უხერხულია. რაც მთავარია, არ გაითვალისწინეს ის, რასაც მუდმივად უყურადღებოდ ტოვებდა წინა ხელისუფლებაც - ქართველი საზოგადოება თითქმის ყოველთვის მხოლოდ სასაზღვრო სიტუაციაში იწყებს მოძრაობას. მას, როგორც კოლექტიურ სუბიექტს, არ უყვარს სიმშვიდის დათმობა.

წარსულის მუდმივმა პოლიტიკურმა ქარტეხილებმა რევოლუციური მოწოდებების მიმართ უნდობლობა გამოუმუშავა. ეს უკვე იგრძნობოდა სააკაშვილის დროს, ამიტომ, მასაც და დღევანდელ მმართველებსაც ილუზია შეუქმნა, რომ ყველაფერი კარგადაა და კარგი პიარით ადამიანებს ნებისმიერი "სოუსი" შეუძლიათ მიართვან. ვერავითარი სოციოლოგია ვერ გაზომავს იმას, სინამდვილეში რა მწიფდება ამ საზოგადოებაში და წინა პლანზე რა ენერგიები გამოვა. ამის განსაზღვრა მხოლოდ პოლიტიკოსის ალღოს შეუძლია. სამწუხაროდ, ეს ალღო არ აღმოაჩნდა არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს და არც "ოცნებას". ამასთან ერთად, ვერ განსაზღვრეს მთავარი - როგორ მოიქცეოდა ქართველი საზოგადოება და მით უმეტეს, ახალგაზრდა თაობა, თუ ქვეყანას რუსული ჰეგემონიის დაბრუნების სახით რეალური ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრებოდა.

ყველაზე მეტად ის მაოცებს, თუ ვის მოუყარა თავი ბიძინა ივანიშვილმა - მას აღარ სჭირდება დამოუკიდებელი ადამიანები, მხოლოდ ისინი სჭირდება, ვინც მის იდეებს გაახმოვანებს. მის სელექციას უძლებენ მხოლოდ ისინი, ვინც უსიტყვოდ მიჰყვება ან ვისაც სხვადასხვა მიზეზთა გამო თავისი პრინციპების დათმობა შეუძლია, ან საერთოდ არ გააჩნია ეს პრინციპები. ვეტოს დაძლევით ისინი იმ კრიტიკულ ზღვარს გადალახავენ, რომლის შემდეგაც უკან დახევა შეუძლებელია. ამის შემდეგ ან მათი პოლიტიკური და ადამიანური კრახია, ან დაუფარავი ავტორიტარიზმი.

ივანიშვილს ერთი დიდი სისუსტე აქვს - არ იცის, რომ არსებობს ზღვარი, რომლის შემდეგაც ფული უკვე აღარ მუშაობს. ის მთელი ცხოვრება ფულით ახდენდა თავისი რეალობის მოდელირებას და ახლა უჭირს ამ სტრატეგიის დათმობა. სახელმწიფოც მისთვის, უმალ, ბიზნესკორპორაციაა და არა პოლიტიკური ფენომენი. ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ სულ სხვა მექანიზმები იწყებენ მოქმედებას - სწორედ ის მექანიზმები, რომლებსაც ერთ დროს ირონიით უყურებდი: ეროვნული და პიროვნული ღირსება, საკუთარ სასიცოცხლო გარემოზე ზრუნვა და ა.შ. მან უმთავრესი შეცდომა დაუშვა: კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების დიდ ნაწილს გაუჩნდა გრძნობა, რომ სახელმწიფოს ჰპარავენ.

- "ოცნების" განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, აშშ-ში მხოლოდ ტურისტული მისიით ჩადიან და ეს არ აშინებთ. რომ აგვიხსნათ, რა საფრთხეებს შეიცავს და რა პრობლემებს მოუტანს ეს ქვეყანას, მის იმიჯს?

- ცხადია, ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებაა. ტურისტული ინტერესების გარდა, მათ საკმაოდ აქვთ ბიზნესინტერესებიც. თუ აშშ ფინანსური სანქციების გზას დაადგება, ეს "ოცნების" ბევრი ლიდერის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება... და მაინც, ეკონომიკურ შედეგებზე აჯობებს ეკონომისტებმა ილაპარაკონ. შედარებით დაბეჯითებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი ტურისტული სეზონი, როგორც ჩანს, დაზარალდება და ამის მიზეზი ახალგაზრდული მოძრაობა კი არა, ის რეპუტაციული ზიანია, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანას მიაყენა. შეუძლებელია, ავტორიტარიზმის გზაზე მდგომი ქვეყანა, რომლის ლიდერებიც რუსებთან პოლიტიკურ ფლირტში არიან მხილებულნი, დასავლელ ტურისტებს შორის პოპულარული იყოს.

- თვეზე მეტია ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული აქციები გრძელდება. რა სცენარს ელოდებით, რისი შეცვლა შეუძლია ამ თაობას?

- ამ თაობას ბევრი შეუძლია. ისინი 2000-იანელები არიან, არც საბჭოთა კავშირს მოსწრებიან და არც 90-იანებს. თავისუფალი თაობა გაიზარდა და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უფროსი თაობის ქცევის წესი მათთვის ხშირად გაუგებარია და ეს კარგიცაა. უფროსებს სოციალური ქცევისა და აზროვნების ბევრი ისეთი წესი გამოგვყვა, რომელიც უკვე ათეული წლებია, სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ხელს უშლის.

მათ არ ვაიდეალებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მათთვის უცხოა, როდესაც ვინმე ჭეშმარიტების მონოპოლიური ფლობის პრეტენზიას აცხადებს, ხოლო ყველა სხვა, ვინც არ ეთანხმება მისი ცხოვრების ყაიდას და შეხედულებებს, იმთავითვე ბოროტების განსახიერებაა. მათი სამყარო უფრო გახსნილია და მიმღებელი; მათთვის გაუგებარია საბჭოთა ადამიანის ინსტინქტური ავტორიტარიზმი და სტალინი, როგორც პოლიტიკური ქცევის მოდელი, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ბევრი უბედურების წყაროდ რომ იქცა. მათში მეტია რწმენა, რომ ეს ქვეყანა ზრუნვას, დიალოგსა და თანამშრომლობას საჭიროებს და არა ყოვლისშემძლე ავტორიტარს. ეს იმედს მაძლევს, რომ წინამორბედებივით ისინი აღარ შობენ მონსტრებს, რომელთა დაძლევაც შემდეგ უდიდესი ძალისხმევით გვიწევს. მათთვის უცხოა პოლიტიკური ცხოვრების გამარტივებული მოდელი "ნაცებისა" და "ქოცების" ბრძოლის სახით, არადა, ეს ორი პოლიტიკური სუბიექტი წლების განმავლობაში ცდილობდა, სწორედ ამ მნიშვნელზე დაეყვანა ყველაფერი. ორივე დასაძლევია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაკეტილ წრეს თავს ვერ დავაღწევთ.

ჩემი აზრით, ახლა მთავარი პრობლემაა, რამდენად შეძლებენ თავისი მოძრაობის პოლიტიკურ ყაიდაზე არტიკულირებას, რამდენად არიან მზად და სოციალურად მწიფენი, რომ მოქმედების სამიტინგო მოდელში სტრუქტურულობა შეიტანონ და კონკრეტული პოლიტიკური იდეების განხორციელებას შეუდგნენ. პერმანენტული მიტინგების რესურსი შეიძლება ამოიწუროს, თუ რაღაც ახალი სტრატეგიები არ შეიმუშავეს.

ცხადია, ყველაფერი კარგად არ იქნება. ბევრ შეცდომასაც დაუშვებენ და მათ შორისაც აღმოჩნდებიან მიუღებელი პირები, მაგრამ ძარღვი ჯანსაღი აქვთ და ესაა მთავარი. ძველი პარადიგმებით მოქმედი პოლიტიკური კლასი მკვეთრად ჩამორჩა მას.

ნიშანდობლივია, რომ პრემიერ-მინისტრი თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ მდგომარეობას შეეხო. როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ პროტესტანტი ახალგაზრდები "ნაცმა" პროფესორებმა გაზარდეს და აუცილებელია უმაღლესი სასწავლებლების მიხედვა. რა უნდა ვთქვა?!. მთელი ცხოვრება უმაღლეს სასწავლებლებში გავატარე და მხოლოდ ის ვიცი, რომ ასე არ არის და ამ რწმენის საფუძველზე თუ რაიმე ნაბიჯებს გადადგამენ, კიდევ უფრო გაიუარესებენ მდგომარეობას.

მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლი. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მისი პოლიტიკური როლი მოკრძალებული იყო და ბევრი "ოცნების" დანამატად აღიქვამდა, მაგრამ სასაზღვრო სიტუაციაში, როდესაც ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრა, ისე მოიქცა, როგორც ვისურვებდით მოქცეულიყო. მისმა ოპოზიციურმა ოპონენტებმაც აღიარეს მისი როლის მნიშვნელობა. "ოცნებისათვის" ის პირველ მტრად იქცა. აქედანაა მისი მისამართით ისეთი უხერხული გამონათქვამები, რომლებსაც ყველაზე პერიფერიული ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ვერ შეხვდებით.

მისი განცხადებული "ქართული ქარტია" მომავლისათვის ერთიანი ბრძოლის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და დიდი იმედი მაქვს, ამ დოკუმენტის სულისკვეთება შეძლებს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ქაოსის დაძლევას და ერთიანი ზოგადი სტრატეგიის დამკვიდრებას. პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორი უთანხმოებაც უნდა სუფევდეს მათ შორის, ერთიანი კონცეფციის, ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში უნდა იმუშაონ. ყოველ ისტორიულ სიტუაციაში არსებობს რაღაც, რაც არც რევიზიას ექვემდებარება, არც გადასინჯვას, არც პოლიტიკური ბრძოლის საგანია და პოლიტიკური ძალები ამაზე უნდა შეჯერდნენ.

ერთადერთი, რასაც ამ "ქარტიას" დავამატებდი, ლუსტრაციის კანონის მიღებაა. უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა მიზეზით გავურბივართ ამ კანონს, თუმცა აშკარაა, რომ ის ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაწმენდდა. მესმის, ეს ბევრ ობიექტურ თუ სუბიექტურ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ აუცილებელია.

ოპოზიციამაც, თავის მხრივ ახალ, ოპტიმალურ საარჩევნო კონფიგურაციაზე უნდა იმუშაოს.

ოპოზიციაც მუშაობს ახალ საარჩევნო კონფიგურაციაზე და დიდი იმედია, ეს უკანასკნელი ოპტიმალური იქნება.

1-1717395457.jpg

- ვეტოზეც გკითხავთ, რომელსაც დიდი ალბათობით დაძლევენ - რა იქნება შემდეგ - ევროპული საგარეო კურსის შეცვლის აშკარა მცდელობის მომსწრენი ვართ?..

- ვეტოს დაძლევას, ცხადია, მძიმე შედეგები მოჰყვება. პირველი და უმთავრესი შედეგი ის არის, რომ მკაფიოდ გამოხატულ ნაბიჯს გადავდგამთ რუსული ორბიტისაკენ. დავკარგავთ ბევრ რამეს, რასაც წლების განმავლობაში ვაშენებდით. რუსეთსა და დასავლეთს შორის მწვავე დაპირისპირება ის კონტექსტია, რომელშიც კანონთან დაკავშირებული მოვლენები აღმოჩნდა აღქმული და "ოცნებამ" ეს ვერ გათვალა - ან, იქნებ გათვალა კიდეც? რუსებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაიმე მკვეთრ საგარეო წარმატებას მიაღწიონ. უკრაინაში წარმოებული არც ისე წარმატებული ომის შემდეგ, ამან შეიძლება გადაფაროს ის უკმაყოფილება და უიმედობა, რომელიც რუსეთში იჩენს თავს ომის გამო. თუ რუსულ ტელევიზიებს თვალს ადევნებთ, დაინახავდით, როგორი იმედები გაუჩნდათ საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. ზოგჯერ მგონია, მთელი თავისი დაკონსერვებული აგენტურა აქ აამოქმედეს.

იმავენაირად, დასავლეთს არ სურს დაუშვას რუსეთის წარმატების პრეცედენტი, მით უმეტეს, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში. ხშირად გვავიწყდება, რომ დასავლეთი რუსეთს უმეტესწილად, როგორც დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს კი არა, როგორც ჩინეთის მიერ აშვებულ ქოფაკს, ისე უყურებს. ამასთანაა დაკავშირებული ერთ-ერთ დასავლურ განცხადებაში საქართველოში მოქმედი ჩინური აგენტურის ხსენება.

ამ ფონზე იოლად შეიძლება გავიაზროთ, თუ რა შედეგები მოჰყვება ვეტოს დაძლევას. ქვეყნის შიგნით ბრძოლა გაგრძელდება, რადგან ყველას გვესმის, რომ ან პერიფერიულ, რუსეთის სატელიტ ავტოკრატიად ჩამოვყალიბდებით, ან ამ წინააღმდეგობას გადავლახავთ. "ოცნებამ" რომ შეძლოს არჩევნების გაყალბებით წარმატებას მიაღწიოს, მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იქნება. მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისათვის იქნება ლეგიტიმური და მისი საშინაო რეპუტაციის რღვევა შეუჩერებლად გაგრძელდება. პარადოქსია, მაგრამ საარჩევნო მარცხი შეიძლება მათთვის ერთგვარი მაშველი რგოლიც აღმოჩნდეს იმ აზრით, რომ გარკვეული ნაწილის გამოკლებით, აქტიურ პოლიტიკაში შეძლებენ დარჩენას და შემდგომი არჩევნებისათვის მომზადებას. ჯერჯერობით კი ეჭვი მაქვს, "ოცნების" ლიდერები ჯერაც 2012 წლის სიმაღლეზე გრძნობენ თავს (ისევე, როგორც 2012-ში სააკაშვილი თავს 2003 წლის სიმაღლეზე გრძნობდა) და მოვლენებს დროებით სიძნელეებად განიხილავენ.

ვფიქრობ, აზრი დაკარგა "ოცნების" დეპუტატებისადმი მოწოდებებმა, ვეტო არ გადალახოთო. მათ ეშინიათ, რომ ამან შეიძლება ზვავისებრი პროცესები გამოიწვიოს და ბევრ მათგანს ქვეყანაში აღარ დაედგომება. ამიტომაც იყოჩაღებენ თავს.

ადრე ვივარაუდე, უკრაინის ომის დაწყებისას "ოცნების" ლიდერებმა ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადეს და თანაც საკმაოდ მოუხეშავად მალავდნენ ამას. მაშინდელმა პრემიერმა ლამის საზეიმოდ გვამცნო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შევუერთდებიო, ხოლო ერთი მინისტრი ოპტიმისტურად გვამცნობდა, რა მოგებას ვნახავდით ამგვარი არმიერთების წყალობით. თავად ის ფაქტი, რომ იმ სიტუაციაში ასეთ პლებეურ, პრაგმატულ არჩევანს აკეთებ, კარგს არაფერს მეტყველებს შენზე.

ზედმეტად ხანგrძლივი ყოფნა ხელისუფლების სათავეში, როგორც ჩანს, ქართველ კაცს საკუთარი საზოგადოების აღქმის უნარს და რეალობის გრძნობას უკარგავს. ორი საარჩევნო ვადა საკმარისია, რომ თავისი ფსიქოლოგიური რესურსები ამოწუროს. ამის შემდეგ უკვე მიიჩნევს, რომ ბედის რჩეულია და ყოველგვარ შეცდომაზე მაღლა დგას. ხოლო როდესაც აღმოაჩენს, რომ სინამდვილე სადღაც სხვაგანაა, უფრო და უფრო დიდი შეცდომების დაშვებას იწყებს. ახლა მთავარია, ქვეყნისთვის ეს შეცდომები არ აღმოჩნდეს საბედისწერო.

- პრემიერმა ერთიანი საქართველოს კონტექსტში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ახსენა - რას ფიქრობთ ამაზე?

- დარწმუნებული ვარ, ახლა "ოცნება" გამალებით ეძებს რაიმე თემას, რომელზეც საზოგადოების ყურადღების გადატანას შეეცდება. ასეთი შეიძლება იყოს აფხაზეთის თემა. უკვე რამდენჯერმე გაიელვა ინფორმაციამ რაღაც ფარული მოლაპარაკებების არსებობის შესახებ. დაბალ დონეზე შეიძლება დაიწყოს კიდეც რაღაც შეხვედრები, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი ეს საზოგადოებრივი აზრის "მოთვინიერების" მცდელობა იქნება და არავითარ რეალურ შედეგს არ იქონიებს. მხოლოდ გულუბრყვილო თუ წარმოიდგენს, რომ რუსეთი რაიმეს დათმობს ისე, რომ კიდევ უფრო მეტის ჩაგდების იმედი არ ჰქონდეს. მოკლედ რომ ვთქვა, ასე შემოთავაზებული აფხაზეთის ფასი, მთელი საქართველო იქნება.

ლალი პაპასკირი