ამბები კაკო ძიძიგურზე, პლაკატების კონკურსზე, ტელევიზიის თანამშრომლებზე... - გზაპრესი

ამბები კაკო ძიძიგურზე, პლაკატების კონკურსზე, ტელევიზიის თანამშრომლებზე...

- იმათზე, ვის გვერდითაც კარგა ხანს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელერადიოკომიტეტში. ასევე იხსენებს კოლორიტული და იუმორით გამორჩეული პიროვნებებისგან მონაყოლ ამბებს.

კოლეგიის სხდომაზე

- ორშაბათობით, ტელერადიოკომიტეტში კოლეგიის სხდომა იმართებოდა. რასაკვირველია ესწრებოდა ბატონი აკაკი ძიძიგურიც, როგორც თავმჯდომარის მოადგილე. იმ დღეს, ცოტა არ იყოს უჩვეულო ამბავი მოხდა. კოლეგიის ჩატარება ცეკას ერთ-ერთი მაღალი რანგის მუშაკმა მოინდომა, რომელიც ტელევიზიასაც კურირებდა. ეტყობა ის კაცი, იმ დღეს მაინცდამაინც ხასიათზე ვერ იყო და არცთუ ისე კორექტულად მიმართავდა თანამშრომლებს: კრეტინებო, იდიოტებო, შტერებო... უცნაური დრო იყო და ბევრი როდი ბედავდა პროტესტის გამოხატვას. სხვების გასაკვირად, ბატონი კაკოც დუმდა, თუმცა სხვა დროს ჰაი-ჰარად არავის არაფერს შეარჩენდა. შუა კოლეგიის დროს როლში შესულ „მაღალ სტუმარს“ კარი მდივანმა შემოუღო: უკაცრავად, მაგრამ სასწრაფოდ გთხოვენ ცეკას პირველ მდივანთანო. არ ესიამოვნა ეშხში შესულ უფროსს, მაგრამ რა ექნა? წამოდგა სტუმარი და სხდომის გაგრძელება ბატონ კაკოს დაავალა, - მიიყვანე ბოლომდეო... დაბრძანდა ბატონი კაკო სავარძელში, გაისწორა თავისი ოქროსფერი პენსნე, დაკვირვებით გადახედა თანამშრომლებს და სერიოზულად წარმოთქვა: კაცო, რას ერჩით ამ ჩვენს უფროსს, აქედან ყველანი მართლაც იდიოტებს ჰგავხართო!

ისევ ბატონ კაკოზე

- ადრე იმართებოდა გამწვანების დეკადები. მაგალითის მომცემი ქვეყნის პარტოკრატია იყო. თურმე იმ დღესაც, თბილისის ზღვაზე გავიდნენ ნერგების ჩასაყრელად. მაშინ ცეკას ერთ-ერთ მდივანს, რომ იტყვიან, „წყალი ჰქონდა შეყენებული“, მაგრამ ჯერჯერობით მოხსნილი არ იყო. სანამ ამბავს გავაგრძელებ, ერთი იუმორესკა უნდა მოგიყვეთ: გზის პირას ორი ადამიანი შრომობს, ერთი ორმოს თხრის, მეორე კი იმავე ორმოში მიწას ყრის. გამოუვლია მგზავრს და გაოცება ვერ დაუფარავს: ასეთ ორ კრეტინს პირველად წავაწყდიო!.. - შეგეშალათ, მე მესამე ვარ, მეორე არ მოსულა, იმას ნერგები უნდა მოეტანაო... ჰოდა, ის ცეკას მდივანიც სხვებთან ერთად ღვრიდა ოფლს. თავის ხვალინდელ დღეზე დარდით თუ სიმსუქნის გამო, მალე დაღლილა და ხვნეშა დაუწყია. შეეცოდა ბატონ კაკოს და თავად გააგრძელა მიწის თხრა. - რას შვრებით, ბატონო კაკო? - გაოცებულა ვასილ მჟავანაძე. - არაფერს, ბატონო ვასო, ცეკას მდივანს ორმოს ვუთხრიო!

ვერ იცნო!

- ტელეკომენტატორს, თანაც ისეთს, ეკრანზე ხშირად რომ ჩანს, ხალხი ბუნებრივია ადვილად ცნობს ქუჩაში და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ერთ დღესაც მოვდივარ და უცებ ქუჩის მეორე მხრიდან გამწარებული ძახილი მესმის: ერთი წუთით, ძალიან გთხოვთ, დაგვიცადეთ, სულ ერთი წუთით - იძახის ქალი და მანქანებით გადაჭედილი ქუჩის გადმოჭრას ცდილობს. თან 10-12 წლის ბიჭს თითქმის ძალით მოათრევს აქეთ. შემეშინდა, ასეთი მოძრაობაა და თვითონ გადავალ იქითა მხარეს-მეთქი, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. სახეაწითლებულმა და აქოშინებულმა ქალმა სამშვიდობოს გამოაღწია და დიდი ხნის შეყვარებულივით ჩამეკრა გულში.

- თქვენი ჭირიმე, რა კარგია, რომ შეგხვდით, როგორ მინდოდა თქვენი გაცნობა... რა ბედნიერი ვარ!

- დიდი მადლობა, მაგრამ რატომ ჩაიგდეთ თავი საფრთხეში, დაგეძახათ და მე თვითონ გადმოვიდოდი.

- რას ბრძანებთ, ეგ არაფერი... ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარს თქვენი რეპორტაჟები, უცნაური დაწყება, სხვებისგან განსხვავებული მოყოლა, ანეკდოტები... რომც არ უნდოდეს კაცს, მაინც დაგიგდებს ყურს. თქვენი ჭირიმე...

მართალი გითხრათ, გულში მიხარია, ეს ქალი კი ხოტბა-დიდებას მასხამს და როგორც ვატყობ, გაჩერებას არც აპირებს. ბიჭი კი სულ არ გვაქცევს ყურადღებას, ქუჩაში გამვლელ მანქანებს აყოლებს თვალს და წამოიძახებს: დედა, „ვოლვო“... შეხედე „მერსედესი“... ვაიმე, დედა, „ჯიპ-ჩეროკი“... ყმაწვილი თავის სამყაროშია. არ აინტერესებს არც ჩემი კომენტატორობა და არც დედამისის სადღეგრძელოები.

- ბიჭო, მოიხედე აქეთ, ეს ადამიანი ვერ იცანი? - ბიჭმა ცალი თვალით გადმომხედა.

- კარგად დააკვირდი, ვიცი, შენც მოგწონს მისი გამოსვლები.

- ვერ ვიცანი და რა ვქნა? - არც მოუხედავს ყმაწვილს ჩემკენ.

- სირცხვილი, შენი სირცხვილი... ვალერი კვარაცხელია ვერ უნდა იცნო, ბიჭო?

პლაკატების კონკურსი

- დღის ბოლოა, ის იყო რედაქციიდან წასვლას ვაპირებდი, რომ საქალაქთაშორისომ დარეკა. - ჭიათურაა, - მითხრა მორიგემ. ჩვენი კორესპონდენტის, ვაჟა ხარატიშვილის ხმა ვიცანი. მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთმანეთი.

- ე, ბიჭო, არ მითხრა უარი, ვერ ვრეკავ გამომშვებებთან და... ბოდიშს ვატყობ ტონში.

- რა გინდა, ვაჟა, მითხარი.

- შენი ჭირიმე, გადმოგცემ პატარა ინფორმაციას, მაპატიე!

- გისმენ, - მოვამზადე ქაღალდი და საწერ-კალამი. ჯერ ჭიათურელ მაღაროელებზე და სოციალისტურ შეჯიბრებაზე ჩამაწერინა სიუჟეტი, მერე კი...

- არ ვიცი, გამოგადგებათ თუ არა, თან მეშინია, პოლიტიკური არ იყოს.

- რა არის ასეთი?

- ჭიათურაში ჩატარდა პლაკატების კონკურსი. ადგილობრივმა მხატვრებმა ბევრი საინტერესო ნიმუში წარმოადგინეს. ერთ თვეს მუშაობდა ჟიური და პირველი ადგილი ერთხმად მიანიჭეს ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევარს, რომელზეც ჭიათურელი მაღაროელი მონგრეულ ქანს უყურებს, ქვევით კი წარწერაა: „რაც შეიძლება მეტი შავი ქვა - რუსეთს!“

marcxnidan-pirveli-zaur-gomarteli-marjvniv-kako-ziziguri-copy-1717395899.jpg

ეგ არ გეთქვა და მოგეკალი!

- ზაფხულია, რედაქციაში ვსხედვართ და სიცხისაგან ისე ვართ დაოსებული, ძლივს ვსუნთქავთ. მიშა წულაძემ ინატრა - ერთ კათხა ლუდში სამი წლის სიცოცხლეს მივცემო.

- წამოდი, დაგალევინებ, - შესთავაზა გურამ მეტრეველმა.

- გაგიჟდი? ახლა სახრე რომ მირტყან, ქუჩაში ვერ გამაგდებ...

ოთახში მთავარი რედაქტორის მოადგილე გივი ჭელიძე შემოვიდა: მიშა, შენი ჭირიმე, უნდა გავარდე სადმე. არაფერი გვაქვს „მოამბისათვის“.

- აუჰ, ეგ არ გეთქვა და მოგეკალი! წამოიხრიალა წულაძემ, მაგრამ გივის უარს ვერ ეტყოდა და ძალიან ზანტად აიღო ტელეფონის ყურმილი.

- ალო, ვაგონშემკეთებელია? მიშა ვარ, წულაძე, გამარჯობათ. სად არის დირექტორი?

- არ გახლავთ, ბატონო მიშა, ქალაქკომშია.

- მთავარი ინჟინერი?

- ეგ მინისტრთა საბჭოშია.

- მოადგილე?

- მივლინებაშია...

- კი მაგრამ, მარტო არ გეშინიათ?!

ადვილი „სამსახური“...

- კოლორიტი კაცი, თბილისელი ზაურ გომართელი განგებამ მეგობრების დასახმარებლად მოავლინა ამქვეყნად. მისთვის არ არსებობდა ნაცნობი თუ უცნობი მაღალი თანამდებობის პირი. მეგობრის გამო ყველასთან მივიდოდა და წარმოიდგინეთ, უარით იშვიათად გამოუსტუმრებიათ. ერთხელ ჩვენმა საერთო მეგობარმა ჯიმი თვალიაშვილმა მოაკითხა:

- ზაურ, შენი ჭირიმე, ვიღუპები კაცი, ჯარში მივყავარ და თუ შეგიძლია დამეხმარე.

- რით დაგეხმარო, მითხარი!

- ბიძაშენი ხომ არის ფსიქიატრიულში მთავარი ექიმი. წამყევი, არ უწყენს ღმერთი და მომცეს ცნობა, რომ მთლად კარგად ვერ ვარ... - ადვილი სამსახურია! სახვალიოდ აღარ გადაუდო საქმე ზაურმა და წავიდნენ. ბიძამ გიჟის ცნობა მისცა ჯიმის და ჯარში აღარ წაიყვანეს. გავიდა ხანი, თვალიაშვილმა ისევ მიაკითხა ზაურს:

- ცოტა ფულს მოვუყარე თავი. წავიდეთ და ბიძაშენს პატივი ვცეთ.

- ნეტავი ერთი შენ, რა პატივი უნდა სცე. ბიძაჩემმა თქვა, - რას წუხდებოდი, მაგ შენს მეგობარს ის ცნობა ნაღდად ეკუთვნოდაო...

shuashi-seva-eliava-copy-1717395889.jpg

„შენზე ბრონი იყო დადებული“

- ბატონი სევა ელიავას, კოლორიტული პიროვნების ნაამბობს გავიხსენებ: მისი მეგობარი მაღალი სკამიდან „დაუცურებიათ“. მეორე დილით ქუჩაში შეხვდა თურმე სევა. ის უკვე, არაუფროსი, რა თქმა უნდა, ფეხით მოდიოდა. გადაეხვია სევა და კოცნა და კოცნა გაუთავებლად. გაუკვირდა უფროსყოფილს: - რა იყო, რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდაო? - რას ჰქვია რა იყო? შენზე „ბრონი“ იყო დადებული და ასე ახლოს ვინ მომიშვებდაო?

სად მიდიხარ ზაფხულში?

- ზაფხულია, შვებულებების დრო - ზოგი საგზურზე დარბის, ზოგი სოფელში დასასვენებლად ემზადება. ტელევიზიის სტაჟიან ოპერატორს ეკითხებიან: - რაჩიკ, სად მიდიხარ ზაფხულში? - ან გაგრაში, ან ზღვაზე...

ობოლი

- ლია თოდუა სატელევიზიო ჟურნალ „თბილისი და თბილისელების“ რედაქტორი იყო. შეუჩნდა რაჩიკა, გინდა თუ არა, ყველა გამოშვებაში ჩემი სიუჟეტები გაუშვიო. ლია წინააღმდეგი იყო, თუ მაინცადამაინც, კინო ან ფოტომასალა მოიტანე, ხოლო ტექსტებს სხვები დაწერენო. რაჩიკამ იფიქრა, ამას თუ არ მოვეფერე, საერთოდ გადამიკეტავს გზას ჟურნალშიო. ერთ დღეს მოვიდა, შოკოლადის დიდი ფილა დაუდო მაგიდაზე და სევდიანი თვალებით შეხედა:

- შენ ხომ იცი, ობოლი ვარ, დედ-მამა არა მყავს.

- არც მე, რაჩიკ, რას იზამ... თავს ხომ არ მოვიკლავთ?

- ჰო, სწორი ხარ, მაგრამ ხომ არის ასეთი ნათქვამი - მამობილი?

-- კი, როგორ არა.

- ხომ არის დედობილი?

- ეგეც არის.

- ხომ არის ძმობილი...

- მერე?

- შენ იქნები ჩემი დებილი...

ნანული ზოტიკიშვილი