"გვეხმარება, რომ განვვითარდეთ, გვქონდეს მეტი სტიმული და პუბლიკასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა" - გზაპრესი

"გვეხმარება, რომ განვვითარდეთ, გვქონდეს მეტი სტიმული და პუბლიკასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა"

ანა ლომიაშვილისთვის შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი აღმოჩნდა. უფრო მეტს საკუთარი წარმატებისა და საქმიანობის შესახებ თავად გვიამბობს.

- მე გახლავართ ანა ლომიაშვილი, საოპერო მომღერალი, სოპრანო, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) მაქვს დამთავრებული. 2020 წელს, როდესაც პანდემია დაიწყო და შეზღუდვები დაწესდა, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის მიგვებაძა და ონლაინკონცერტები ჩაგვეტარებინა. თავდაპირველად არანაირი ორგანიზაცია არ გვქონდა, მაგრამ ენთუზიაზმის ხარჯზე, ამ იდეისთვის გავერთიანდით, ვიპოვეთ შესაფერისი გარემო, როიალი, ვინტაჟური სივრცე, სადაც 3 კონცერტი გავმართეთ.

- ონლაინკონცერტები არა მხოლოდ შემსრულებლებისთვის, მსმენელისთვისაც ხომ ძალიან უცხო იყო, შთაბეჭდილებაზე მიამბეთ.

- პირველი საახალწლო კონცერტი გვქონდა. ჩვენთვის ცარიელ ოთახში, მაყურებლის და ყოველგვარი აპლოდისმენტების გარეშე გამოსვლა ძალიან უცხო იყო, მაგრამ „ლაივის“ შემდეგ გავეცანით გამოხმაურებებს, ყველა შეტყობინება და კომენტარი იყო სასიამოვნოდ წასაკითხი. გვთხოვდნენ, რომ მსგავსი კონცერტები კიდევ ჩაგვეტარებინა. ბუნებრივია, ის ემოცია, რომელიც ჩვენი მსმენელისგან მოდიოდა, გვაძლევდა უდიდეს სტიმულს. შემდეგ ქართული რომანსის საღამო ჩავატარეთ, სადაც ქართველი კომპოზიტორების ცნობილი და ნაკლებად ცნობილი რომანსები შევასრულეთ. კონცერტს "ესწრებოდნენ" ემიგრანტებიც, მათთვის ეს საღამოები კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო. შემდეგი კონცერტი იტალიურ რომანტიზმს მივუძღვენით. 2021 წელს, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები შემსუბუქდა, პირველი გასვლითი კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გვქონდა, შემდეგ მაჭახელას ხეობაში მიგვიწვიეს. ხელვაჩაურის კულტურის სახლის წარმომადგენლები აქტიურობდნენ, ასევე ქალბატონი გურანდა დოლიძე და მათი ხელშეწყობით, ღია სივრცეში კონცერტი გავმართეთ. 2021 წელს იმერეთში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში კონცერტი ჩავატარეთ "ნიკოობა 2021", რომელიც პანდემიის გამო მასშტაბურად ვერ ჩატარდა და მხოლოდ ჩვენი კონცერტით შემოიფარგლა ღია სივრცეში.

- როგორ შექმენით ორგანიზაცია "კლასიკური ჰანგები"?

- სანამ ამ ორგანიზაციას შევქმნიდი, მეგობართან ერთად 2 ორგანიზაცია მქონდა. ახლა უკვე მარტო ვმოქმედებ. ჩემი ორგანიზაცია "კლასიკური ჰანგები" აქტიურად გადის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე და საკმაოდ წარმატებულადაც. დაარსებისთანავე თბილისში დავაორგანიზეთ საახალწლო და დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტები.

- ახლახან კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში დაფინანსება მოიპოვეთ, ამის შესახებ მიამბეთ.

- დიახ, 3-4 წელია, რაც კულტურის სამინისტრო კონკურსებს აცხადებს და ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები. ეს უკვე მესამე გამარჯვებაა, მაგრამ ამ ორგანიზაციის სახელით - პირველი. ასევე, აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტებშიც გავიმარჯვეთ და ბათუმში რამდენიმე ღონისძიება ("ბათუმი არტ-შოუ") ჩავატარეთ. ამ ქალაქში შედგა პერგოლეზის "მოახლე ქალბატონი" პრემიერა, რომელიც იმით იყო გამორჩეული, რომ სიმებიანი კვარტეტის თანხლებით შესრულდა. ეს სპექტაკლი მაია გაჩეჩილაძის რეჟისორობით დაიდგა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "მოახლე ქალბატონი" პირველი კომიკური ოპერაა მსოფლიოში. ჩვენმა შემოქმედებითმა გუნდმა სალაპარაკო დიალოგები იტალიურიდან ქართულად დაამუშავა. ასე რომ, მაყურებლისთვის ტექსტი სრულად გასაგები და ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის საინტერესოა. ჯერ ვერ მოვახერხეთ თბილისში გაგვემეორებინა, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. ბათუმში ჩატარდა დიმიტრი არაყიშვილის 150 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ხულო, ქედა, ქობულეთში გასვლითი საღამოები აჭარის კულტურის სამინისტრომ დაგვიფინანსა.

რაც შეეხება საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსს - "კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო დადგმების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში", 35-მდე პროექტი იყო წარდგენილი და 12-მა გაიმარჯვა. ერთ-ერთი ჩვენი პროექტი იყო, რომელიც ვანო სარაჯიშვილის 145 წლის იუბილესადმი გახლდათ მიძღვნილი. კონცერტები გავმართეთ კოდაში, ერედვის კულტურის ცენტრში და სარაჯიშვილის მშობლიურ ქალაქ სიღნაღში. სიღნაღის მუნიციპალიტეტი მხარში ამოგვიდგა. წინა წლებში ტარდებოდა დღესასწაული ვანოობა, რომელიც შემდეგ შეწყდა და ჩვენ ამ ტრადიციის ამაღორძინებლებად ვიქეცით. ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმის მენეჯერი მაია გელაშვილი გვერდში გვედგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პროექტს ერქვა: "ვანო სარაჯიშვილი 145", ეს საღამო ვანოობად გამოცხადდა. ჩვენი პროექტი მხოლოდ კონცერტის გამართვას არ მოიცავდა, ეს იყო ვოკალურ-ინსტრუმენტული შემეცნებითი კონცერტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მსმენელს არა მხოლოდ შევუსრულოთ კონკრეტული ნაწარმოები, კომპოზიტორის ბიოგრაფიაც გავაცნოთ. ამიტომ ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. ამ დღისთვის გვქონდა მომზადებული "სლაიდ შოუ". ტენორი ალექსანდრე თიბელაშვილი გახლდათ, მევიოლინე მარიანა კირაკოზოვი, პიანისტი მარინა მეტრეველი, ამ კონცერტზე გამოდიოდნენ ია სილაგავა და ვიქტორია სურმავა, ასევე ტენორი დავით პეტრიაშვილი. შთამბეჭდავი საღამო გამოვიდა. ჩვენ გვქონდა შთაბეჭდილებების წიგნი, რომელშიც თავიანთი გულწრფელი და ძალიან დადებითი ემოციები გაგვიზიარეს... სიღნაღის მერმა და მერის მოადგილემ თანადგომა გამოგვიცხადეს, ყველაფერი დაგვახვედრეს, რაც საჭირო იყო. მუზეუმში ერთი ნომერი შევასრულეთ, დუეტი ფალიაშვილის "დაისიდან" მაროს და მალხაზის დუეტი. ცნობილია, რომ მალხაზის არია თავად ვანო სარაჯიშვილის თხოვნით ჩაამატა კომპოზიტორმა, ვანო ამ არიის უბადლო შემსრულებელი იყო. განსხვავებული ის გახლდათ, რომ რომანსი "ისევ შენ და ისევ შენ" ვიოლინოს თანხლებით შესრულდა.

8fce6349-3003-4dbb-87ac-e19620a18857-copy-1717396052.jpg

- მომავალში რა გაქვთ დაგეგმილი?

- 5 ივნისს დუშეთში კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოს ვატარებთ. იქ შესრულდება მისი სავიოლინო კონცერტი და კლასიკური რომანსები, რომელსაც თავად შევასრულებ. ვფიქრობთ თბილისში ჩავატაროთ სპექტაკლი, რომლის პრემიერაც ბათუმში გვქონდა. მე გახლავართ ერთი წიგნის "საოპერო მუსიკის ისტორიიდან აჭარაში" ავტორი, რომელზეც პანდემიის დროს ვიმუშავე. ბათუმელი გახლავართ და ამ თემაზე მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უკვე გამოსაცემად მაქვს მზად ამ წიგნის გაგრძელება "სიმღერით ანთებული ჩირაღდანი", რომელიც ახლო მომავალში გამოვა.

- გამოდის, რომ პანდემიის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენეთ.

- ძალიან, ჩემთვის აღმავლობის პერიოდი იყო. მე და ჩემი მეგობრები გავაქტიურდით მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გაჩერებული იყო. ჩაკეტილ სივრცეში „გაკეთებული“ კონცერტები უდიდესი სტიმული გახლდათ. საზოგადოებამ იმდენად კარგად მიგვიღო, უფლებაც აღარ გვქონდა, გავჩერებულიყავით. მნიშვნელოვანი იყო გასვლითი კონცერტები. დამეთანხმებით, ფინანსური მხარე, მნიშვნელოვანია. თავდაპირველად ყველაფერს ჩვენი ხარჯებით ვაკეთებდით, მაგრამ კულტურის სამინისტროს კონკურსებზე გასვლით დაფინანსება მოვიპოვეთ. რეგიონებისთვის ასეთი კონცერტები და საღამოები არის მნიშვნელოვანი. იქ მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ საშუალება კონცერტებზე დედაქალაქში იარონ.

ბევრი იდეა გვაქვს, მადლობელი ვართ კულტურის სამინისტროსი, რადგან პერიოდულად კარგ კონკურსებს აცხადებენ, ჩვენც გავდივართ და ვცდილობთ, დაფინანსება მოვიპოვოთ. ეს საღამოები არა მხოლოდ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, მუსიკოსებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვეხმარება, რომ განვვითარდეთ, გვქონდეს მეტი სტიმული და პუბლიკასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.

თამუნა კვინიკაძე