"სიცილით, სიმღერით, შიშველი ხელებით და შეუპოვრად იბრძვიან საკუთარი და ჩვენი მომავლისათვის!.." - გზაპრესი

"სიცილით, სიმღერით, შიშველი ხელებით და შეუპოვრად იბრძვიან საკუთარი და ჩვენი მომავლისათვის!.."

მწერალი ბექა ქურხული ჟურნალ "გზას" მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

- იმის თქმა, რომ ბოლო დროს რამე წინსვლა ჰქონდა ქვეყანას, ძნელია, უფრო პირიქით - როგორ ფიქრობთ, მაინცდამაინც ახლა რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამ რუსული კანონის შემოღება და დამტკიცება?..

- სამწუხაროდ, ვერანაირ წინსვლაზე ვერ ვილაპარაკებთ!.. ვფიქრობ დღევანდელმა ხელისუფლებამ ბევრად გადააჭარბა წინამორბედებს - მიხეილ სააკაშვილს თავისი "ნაცებით" და ედუარდ შევარდნაძეს თავისი "მოქკავშირით!" დანაშაულშიც, სისულელეშიც და საკუთარ მოსახლეობასთან დაპირისპირებაშიც!..

ამდენმა უსამართლობამ და იმედგაცრუებამ საქართველოს მოსახლეობაში დამღუპველი, მაგრამ ამავე დროს სრულიად გასაგები ნიჰილიზმი და სასოწარკვეთა გამოიწვია. სამშობლო, რომელიც წინაპრებმა ყოველგვარი ლირიკისა და პათეტიკის გარეშე აქამდე ხმლით, სისხლითა და ბრძოლით მოგვიტანეს, ჩვენ თვალწინ მოსახლეობისაგან იცლება. მასობრივად მიდიან ემიგრაციაში. საქართველოში დედა აღარ დარჩა, მომვლელებად, ლუკმაპურის საშოვნელად მთელ ევროპაში არიან მოდებულები, რათა თითო გროში გამოაგზავნონ შვილების სარჩოდ...

საქართველოში ყოველი ხელისუფლება რაღაც გარკვეულ წყევლად გვექცა, თან ყოველი მომდენო წინამორბედზე უარესია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა თავისი "ახდენილი ოცნებით" და "გამჭვირვალედ რუსული კანონით" ყველა რეკორდი მოხსნა საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ღალატში... ასეთიც არაფერი დაგვიშავებია არც ღვთის და არც კაცობრიობის წინაშე...

არ ვიცი, რატომ დასჭირდათ მაინცდამაინც ახლა ამის გაკეთება, მით უმეტეს, რომ შარშანდელმა მარტის აქციებმაც აჩვენა საქართველოს მოქალაქეების უმძაფრესი რეაქცია და ნება. შეიძლება სწორედ ახლა მიიღეს პირდაპირი დირექტივა კრემლიდან და მათი უშუალო შეფისგან - პუტინისგან!.. შეიძლება რაღაც პარანოიდულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, არ ვიცი... ეს მხოლოდ ვარაუდებია. თუმცა ვიცი, მხოლოდ სრულ იდიოტს შეუძლია ჰქონდეს ილუზია, რომ ქართველი ერი, რომელმაც არა მარტო 35 წელია, არამედ 35 საუკუნეა წისქვილის ქვებივით გალეწა კაცობრიობის უძველესი ისტორიული ქრონიკები, "რობოკოპებით", "კრიმპოლით", მხუთავი გაზით და წყლის ჭავლით დააშინო ან ისეთი ბინძური და ცოტა კომიკური მეთოდებით დააშანტაჟო ან დააფრთხო, როგორიც ფარული ნომრებიდან გინება, თვალთვალი, მიყურადება და პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებაა...

ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ასეთი საქციელი ძვირი დაუჯდებათ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. საქართველოში რეალურად დე ფაქტო, საბჭოთა ხელისუფლება 9 აპრილს დაემხო... ამ ტრაგიკული და დიდებული ღამის შემდეგ, საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი სრულ ფიქციად იქცა. სწორედ ასევე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დე ფაქტო, რეალურად სწორედ "დიდი ქართული გაზაფხულის" დღეებში დაემხო. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კვაზიხელისუფლებამ სწორედ ახლა წააგო შემოდგომის არჩევნები!.. წააგო უშანსოდ!.. ამ წერა-კითხვის უცოდინარ პოლიტიკანებს ისტორიის სწავლას ვერ მოსთხოვ!.. ამიტომ პირდაპირ შევახსენებ - საქართველო დაუმარცხებელია!...

- თვეზე მეტია თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ახალგაზრდების აქცია გრძელდება, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის მიერ ორგანიზებულად მიიჩნევს. ხანგრძლივი პროტესტის, ევროპელი პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, უკან დახევას არ აპირებს... რას გეუბნება ეს რეალობა და როგორია შენი მოლოდინი?..

- წარმოუდგენელია, უფრო მეტი სისულელე, როდესაც ახალგაზრდობას, შენს საკუთარ შვილებს, მომავალს, ანუ დროს ებრძვი... ყველაფერს თავი რომ დაანებოთ, რაც უნდა ოლიგარქი, მილიარდერი და დესპოტი იყო და სტაფილოს წვენი სვა, მაინც მოკვდები, ეს ბავშვები კი დარჩებიან, მოვლენ და ორჯონიკიძის, მახარაძისა და ბერბიჭაშვილის გზას გაგიყენებენ. ამ "გამჭვირვალედ რუსულ კანონს" ერთი უცნაური და მარტივი ბარომეტრი აქვს - დასავლეთი, რომელიც შენი ქვეყნის რუკას აფხაზეთით და სამაჩაბლოთი აქვეყნებს და შენს ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ აღიარებს, გარანტად უდგება, ამბობს, რომ ეს ცუდი კანონია, ნუ აკეთებთ ამასო...

რუსეთი კი, რომელიც ჩვენი სამშობლოს რუკას, უმოწყალოდ დაჩეხილს და დაკუწულს აქვეყნებს მისი სისხლხორცეული ნაწილების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, ოკუპანტია და აგერ უკვე 223 წელია სისხლს გვანთხევინებს, დიდად გვიწონებს და მოგვიწოდებს ამ კანონის მიღებას... როდესაც ჩვენი მოსისხლე მტრები, დუგინი, სალავიოვი, რომლებიც ძალიან ნანობენ, რომ 2008 წელს თბილისიც არ გადაბუგეს, სიმონიანი, რომელიც შარშან მარტის აქციების დროს ბალისტიკური რაკეტებითა და ბავშვების ამოჟლეტით გვემუქრებოდა, მარია ზახაროვა აპლოდისმენტებს არ იშურებენ ბიძინას ხელისუფლების მიმართ და ტაშს უკრავენ ამ კანონს, - თუ თავს არ იტყუებ და არ იბრმავებ ან თუ ბანალურად გამყიდველი და მოღალატე არა ხარ, ხომ ცხადზე უცხადესია, ვის აძლევს ხელს ეს ყველაფერი და მართლაც, ვისი "გამჭვირვალე კანონიც" არის...

- ასევე ხშირად მოისმენდი, რომ "ჯენზის" დაუღალავი აქტიურობის, მათი ლაღი, თავისუფალი, თამამი გამოსვლებისა და ბრძოლის კვალდაკვალ ახალი საქართველო იბადება - რა დაგანახვა ამ დღეებმა და როგორია ჩვენი ქვეყნის მომავალი შენს ცნობიერებაში?

- ძალიან ნიჭიერი, უმაგრესი შვილები და უმცროსი და-ძმა მოგვეწია და ეს ჯერ კიდევ შარშანდელმა მარტის დღეებმა დაგვანახვა, როდესაც ახალგაზრდა მგლებივით იბრძოდნენ. თუმცა, წელს ამ გაბმულმა 50-დღიანმა პროტესტმა, რომლის სულის ჩამდგმელებიც და მთავარი ორგანიზატორებიც ეს პატარა გოგო-ბიჭები იყვნენ, უკვე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არ ვიცი, როდის გაიზარდნენ ეს ბავშვები ასე უცებ, ჩემი შვილების - სანდროსა და ეფემიას თანატოლები; არ ვიცი, რითი დავიმსახურეთ ასეთი შვილები, მაგრამ ამათ გამო ღირდა ომიც, სიკვდილიც და ის გიჟური სიცოცხლეც, რომლებიც ზუსტად ამ ბავშვების თანატოლებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვიარეთ...

ვინ გააჩერებს მათ, ასეთ ახალგაზრდებს, ასეთ ლამაზებს, ასეთ ლაღებს, მაისის ნაწვიმარ გუბეებში მათ მშობლიურ რუსთაველზე გემრიელად მოჭყაპუნეებს, ასეთ შეყვარებულებს, ასეთ შეუპოვრებს და მამაცებს, ასეთ მართლებს, რომელი ბიძინა ივანიშვილი, რომელი ეშმაკი და რომელი რუსეთი?.. ასე ფრენბურთის თამაშით, სტვენით, შაყირით და ცეკვა-სიმღერით გადაუვლიან ყოველივე არაწმინდას თავისუფლებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის, მათი სამშობლოს დიდების გზაზე!.. ეს ბავშვები დამოუკიდებელ საქართველოში გაჩნდნენ!.. ისინი დაბადებიდან თავისუფალი საქართველოს შვილები არიან და ამით ყველაფერია ნათქვამი.

361609095-6355384767911149-7385939502599563781-n-1717399332.jpg

- რამდენად რეალურია ევროპული კურსიდან გადახვევისა და უკან, სიბნელეში დაბრუნების საფრთხე?

- საფრთხე სრულიად რეალურია, იმიტომ, რომ ერთი პარანოიკი და პულსის დაკარგვამდე შეშინებული ადამიანის ძალაუფლების ხელში აღმოვჩნდით, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ყველაფერს იკადრებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად... ვგულისხმობ საძინებელში ჭვრიტინს, ფარული ნომრიდან რეკვას, დაპატიმრებას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას, რუსი ოკუპანტების ღია თუ ფარულ ჩართვას საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციებში. ასე რომ, უკან დახევა და ევროპული კურსიდან გადახვევა სრულიად გამორიცხულია - ქართველი მოსახლეობის შეშფოთებას მძიმე საფუძველი აქვს და უცებ ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების მომსწრენი გავხდით. ამიტომ, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ!.. საქართველომ, როგორც არასოდეს, ისე იზეიმა 26 მაისი, როდესაც მთელი თბილისი, ქუთაისი, ბათუმი ქუჩაში გამოეფინა და ურყევად გამოხატა თავისი ნება, რომ 26 მაისის ხალხი ვართ, 9 აპრილის ერი ვართ და არა ილიჩის ოქტომბრისა და 25 თებერვლის!.. აღარ გვაქვს უფლება ჩვენი წინაპრებივით დავმარცხდეთ, როგორც 1921 წელს, როგორც 1924 წლის ამბოხების დროს, ჩვენ არა გვაქვს უფლება შვილები მივატოვოთ ამ ბრძოლაში... მაშინ ჩვენს დარჩენილ სიცოცხლეს ჭიანი ტყემლის ფასიც აღარ ექნება!.. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ!.. და აუცილებლად "გავიმარჯვებთ სახელოვნად..."

- 90-იანი წლების მოვლენები, თავისი ბევრი მინუსითა და პლუსით, შენ თვალწინ განვითარდა - როგორც ბევრი ომგამოვლილი ადამიანი, რა რჩევას მისცემდი ამ ახალგაზრდებს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი?

- ომზე თუ ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ქართველი გმირები, რომლებიც დღეს უკრაინაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძვიან და საკუთარი სისხლის ფასად გვიცავენ ყველას!.. ორჯერ გახლდით უკრაინის ომში 2022 წლის მაის-ივნისში, 2023 წლის ზაფხულში და მაქვს პატივი ვმეგობრობდე ისეთ საამაყო ქართველ მეომრებთან, როგორებიც არიან რუსეთ-საქართველო-აფხაზეთის და ახლა უკვე უკრაინის ომის ვეტერანებიც: გოგა ჭყონია, არჩილ ხოფერია, დავით აბულაძე, გუთუ ჯღამაია, ბესარიონ ბენდელიანი, ახალგაზრდა მეომრების თაობა, ლაშა ლიპარტელიანი, გელა ქირია, ნიკო გიგოიძე, ბერდია კუკავა - ღმერთი ჰფარავდეთ მათ ურჯულო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საღვთო ომში!..

როდესაც ხელისუფლება აშკარად სპეკულირებს რუსეთის "ერთმორწმუნეობით", რაც სრული ბლეფი და ცინიკური სიცრუეა, თუნდაც იმიტომ, რომ 1801 წლიდან მოყოლებული, ყველა ქართველი მართლმადიდებელი წმინდანი და წამებული, სწორედ რუსეთის იმპერიის და მათი სატრაპების მიერაა მოკლული, მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენ ვართ ქართველები და ქართული ტრადიციების მატარებლები, რომლის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი თავისუფლებისადმი დაუცხრომელი ლტოლვა, მტრის წინაშე შეუდრეკლობა და თავზე ხელაღებული სიმამაცეა!.. და ამ ყველა თვისებას ატარებს ჩვენი ახალგაზრდობა!.. სწორედ ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლის ამოსავალი პრინციპია, თავისუფალი ნება, მოყვასის სიყვარული, შემწყნარებლობა და ყველა ამ თვისებას ატარებს დღეს ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდობა. ჩვენ ვართ ქრისტეს მეომრები, რომლებიც ვიბრძვით ქრისტიანული და ევროპული ღირებულებებისათვის და ვუპირისპირდებით შავბნელ, "ხლისტების" ბინძურ სექტად ქცეულ რუსეთის იმპერიას და მის "ნამესტნიკებს".

რაც შეეხება ახალგაზრდობისთვის რჩევის მიცემას - ისე მომწონს, ისე ვამაყობ მათით, ჩემი და ჩემი მეგობრების შვილებით, მოდი მათაც ჩამოვთვლი: ლევან თეთრაული, ფიქრია და ზალიკო ქიქოძეები, ლუკა პატაშური, ეფემია და სანდრო ქურხულები, გიორგი ანდრონიკაშვილი, და ვისი სახელებიც არ ვიცი, იმ ათეულათასობით მზესავით გოგო-ბიჭებით, რომ პირიქით, სიამოვნებით მივიღებდი მათგან აქეთ რჩევებს. თუმცა, მათ არ სცალიათ იმისთვის, რომ საკუთარ, 90-იან წლებს შემთხვევით გადარჩენილ წინაპრებს ჭკუა დაარიგონ. ისინი მაისის წვიმების შემდეგ დარჩენილ გუბეებში დააჭყაპუნებენ მთავრობის სასახლის წინ და სიცილით, სიმღერით, შიშველი ხელებით და შეუპოვრად იბრძვიან საკუთარი და ჩვენი მომავლისათვის!.. საკუთარი და ჩვენი თავისუფლებისათვის!..

მადლობა, იმედია, საქართველოში ძალიან მალე გათენდება!..

ლალი პაპასკირი