აზრები და "შედევრები"... - გზაპრესი

აზრები და "შედევრები"...

მიიღეს "რუსული კანონი", მიიღეს ოფშორების კანონი, "გლობალური ომის პარტიად" გამოაცხადეს ფაქტობრივად მთელი დასავლეთი, "რუსული კანონის" მიღებით, გაურკვეველი ვადით დაბლოკეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მკვლელობის მუქარაში დაადანაშაულეს, გააფუჭეს ურთიერთობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, აშშ-თან ისე, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს სანქციებით ემუქრებიან და სახელმწიფო მდივანმა გვითხრა, რომ ამ ურთიერთობების გადახედვას იწყებს.

სამაგიეროდ, დაიმსახურეს ბევრი ქება მოსკოვიდან, დემონსტრაციულად ჩავიდნენ ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე, სადაც არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის პირველი პირი არ ჩასულა, ამით გაანაწყენეს კიდევ ერთი მეგობარი, ისრაელი (იხილეთ ისრაელის ელჩის განცხადება), ანაკლიის პორტი გადასცეს ჩინელებს. მანამდე ჩინელებთან გააფორმეს სტრატეგიული მოკავშირეობა.

და ამ ყველაფრის ფონზე, მაინც გვიმტკიცებენ, საგარეო კურსი არ შეცვლილაო.

ხელისუფლებისადმი და მისი წევრებისადმი აგრესიას ზრდის არა იმდენად მათი ქმედებები და გადაწყვეტილებები, არამედ უტიფრობის ის ხარისხი, რომლითაც ისინი ამ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს "აპრავებენ". დემაგოგიის და უტიფრობის ამ უმაღლეს ხარისხს სიგიჟემდე და სიძულვილამდე მიჰყავს ხალხი. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ასეა ახლაც. ეს სიგიჟე და სიძულვილი მერე ქუჩებშიც იღვრება და საბოლოოდ, სადამდე მიგვიყვანს, არავინ იცის.

ხელისუფლება კი დემაგოგიის მწვერვალებს სულ უფრო მეტად იპყრობს. წინა კვირაში ვენეციის კომისიის დასკვნაც გამოქვეყნდა ამ კანონზე და ეუთოს დასკვნაც. ვენეციის კომისიაზე თქვეს, - არაკომპეტენტურიაო, ეუთოს დასკვნაზე, - მის მომზადებაში სააკაშვილის უცხოელი ადვოკატიც ყოფილა ჩართული და აბა, რას დაწერდაო?! არადა, როგორც მერე გაირკვა, იმ კაცს დასკვნის დაწერაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია, მხოლოდ გარე ექსპერტად იყო მოწვეული, ხოლო ვენეციის კომისიის კომპეტენტურობას რაც შეეხება, აქ რა ვთქვა, არც კი ვიცი.

მაგრამ აღარაფერი გაგიკვირდებათ, თუ ლარის კურსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას წაიკითხავთ: "იყო ხელოვნური ჩარევის პირდაპირი ნიშნები. ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როდესაც ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა".

აი, ამას ამბობს სერიოზული სახით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ამის სჯერა ან ცდილობს ჩვენც დაგვაჯეროს, რომ ყველაფერი ცუდი, რაც ხდება, ჩვენს წინააღმდეგ "გლობალური ომის პარტიის" მოწყობილი შეთქმულების ბრალია. რამდენიმე დღის წინ თბილისში რომ კოკისპირული წვიმა მოვიდა და ქალაქი დატბორა, ალბათ ესეც "გლობალური ომის პარტიის გაჩალიჩებულია". პირადად მე კი ვაპირებ ვუჩივლო ვენეციის კომისიას - მათი არაკომპეტენტურობის შედეგად და მათ მიერ გამოქვეყნებული მცდარი ამინდის პროგნოზის დამსახურებით, წვიმის დროს მანქანის შუშები დამრჩა ჩაწეული და რაც დაემართებოდა, კი ხვდებით ალბათ. ჰოდა, ვენეციის კომისიას უნდა ავანაზღაურებინო.

სინამდვილეში, სულაც არ გვაქვს საქმე სახუმაროდ. რომ ვამბობდი, ამ კანონის შემდეგი ნაბიჯი რეპრესიები იქნება-მეთქი, "ოცნების" ჯერ კიდევ შემორჩენილი მომხრეები გაიძახოდით, მარტო გამჭვირვალობაა მოთხოვნაო. აგერ წაიკითხეთ, რას წერს "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი: "ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში... ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არა აქვს. სასამართლო პროცესები კი უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად, რომ მომავალში ჯაშუშობაზე ხელის მოწერის ცდუნება აღარასოდეს აღარავის გაუჩნდეს", - ანუ ვინც ამ კანონს აპროტესტებს, ყველას ჯაშუშებად გამოცხადებას, დაჭერას და თან, სატელევიზიო სასამართლო პროცესების მოწყობას უპირებენ, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო. არ დაგავიწყდეთ, "ხალხის ძალა" არის პარტია, რომელსაც ერთადერთი ფუნქცია აქვს: გაახმოვანოს ივანიშვილის ის აზრები, რისი თქმაც ჯერ თავად არ უნდა.

P.S. ჩვენ ამას გვიპირებენ და თავად კი იმაზე წუწუნებენ, აშშ სანქციებს რატომ გვიწესებს, რა წესიაო?! კალაძემ, - დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქციები არ იქნებაო. ჰოდა, აშშ-ს მინდა აქედან მივმართო: ვინც ესენი არ დაასანქციროს...