"გადაგვიღე ერთი, რამე რომ მოგვივიდეს, ტელევიზორში საჩვენებელი სურათი არ გვაქვსო" - გზაპრესი

"გადაგვიღე ერთი, რამე რომ მოგვივიდეს, ტელევიზორში საჩვენებელი სურათი არ გვაქვსო"

ზაირა მიქატაძემ, რომელიც პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები ომში გამოეცადა. როგორც თავად ამბობს, ისეთი მშიშარა იყო, თოფის ხმის გაგონებაც კი აფრთხობდა: "ზამთრის მოსვლა იმის გამო მეჯავრებოდა, რომ ოზურგეთის რაიონში, ჩემს სოფელ კონჭკათში მონადირეები შაშვების ხოცვას იწყებდნენ... მომავალი პროფესიის, უფრო სწორად, სამშობლოს სიყვარულმა მიბიძგა, შიში დამეძლია, ომში წავსულიყავი და ჩემი სიტყვა მეთქვა კონფლიქტის გაშუქებით", - ამბობს ჟურნალთან "გზა" ქალბატონი ზაირა, რომელსაც დღესაც სამხედრო ფორმა აცვია.

- როგორ მოხვდით ფრონტის ხაზზე?

- ომი რომ დაიწყო, რესპუბლიკური საავადმყოფო ჰოსპიტლად გადააკეთეს. ერთხელ ჰოსპიტლიდან რეპორტაჟს ვაკეთებდი და ერთ-ერთ პალატაში რომ შევედი, "თეთრი არწივის" მებრძოლი, გოჩა ხიზამბარელი დამხვდა. მასთან საუბრისას სურვილი გამოვთქვი, რომ ომში წასვლა მინდოდა. გოჩამ მითხრა, - ჩემს ბიჭებს გაგაყოლებო. ამ თემაზე ვსაუბრობდით, როცა პალატის კარი გაიღო და გია ქარუმიძე შემოვიდა. ისეთი ბიჭი იყო, ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავდა. ერთი სიტყვით, ომში პირველად გიამ წამიყვანა, მერე გზა გავიკვალე და მარტოც დავდიოდი. პირველი შოკური ემოცია ბაბუშერის აეროპორტში მივიღე. ომი მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი, ეს საშინელება იყო, სულ სხვა სიტუაცია დავტოვე დედაქალაქში და სულ სხვა სიტუაცია დამხვდა ბაბუშერის აეროპორტში. თვითმფრინავი დამჯდარი არ იყო, ხალხი ტრაპისკენ გამორბოდა, ჯარისკაცებს დაჭრილები მოჰყავდათ... ყველა იმას ცდილობდა, როგორმე თვითმფრინავში მოხვედრილიყო. თვითმფრინავში ერთ მხარეს თუთიის კუბოები იყო ერთმანეთზე დაწყობილი, მეორე მხარეს დაჭრილები იწვნენ... ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი გახლდათ... პირველად რომ ჩავედი ბაბუშერის აეროპორტში, მწვანე მანქანა დაგვხვდა - რაფს ეძახდნენ. ავტომატიანი მეომრებით იყო სავსე, მართლა ფილმში მეგონა თავი... საბოლოოდ, ბაბუშერის სამხედრო ნაწილში მივედით. იმ ღამესვე საშინლად დაგვბომბეს. ჩანთაში რვეული და კალამი მედო, ამოღება მინდოდა, ჩანაწერი რომ გამეკეთებინა, მაგრამ ფეხი ძლივს მოვიკიდე მიწაზე, ყველაფერი ტორტმანებდა. აფხაზეთში ჩასვლისთანავე მივხვდი, ომი რა არის სინამდვილეში.

- და რა არის ომი სინამდვილეში?

- უჰ, ომი ჯოჯოხეთია დედამიწაზე. ომის სინამდვილე არის ის, რომ ერთ წუთში ნადგურდება ყველაფერი, რაც ღმერთს და ადამიანის ხელს შეუქმნია. ბაბუშერის აეროპორტში ვნახე ქალი, რომელიც მოთქვამდა, - ჩემს თავს კი ვშველი, მაგრამ მთელი ცხოვრების ნაამაგარს ვტოვებო. ომის შემდეგ ქართველების მიტოვებული სახლ-კარის ნახვის საშუალება მომეცა, მაგრამ ნეტავ არ მენახა! ეს სურათი არაფრით ჩამოუვარდებოდა საბრძოლო მოქმედებების სიმძიმეს. უბრალოდ, უპატრონოდ იყო მიტოვებული ერთ დროს ულამაზესი ეზოები, აფხაზები ვერ გასწვდნენ, ვერ აითვისეს ქართველების ნასახლარები, ყველაფერი გატყევებული იყო... მე ვნახე შიშით აცახცახებული ბავშვები, რომლებსაც არ სჭირდებოდათ იმის თქმა, რომ დაბომბვისას მიწაზე გაწოლილიყვნენ; მომაკვდავი ადამიანები ვნახე და ეს ყველაფერი არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან... ომი არის საქართველოში, მემორიალურ დაფაზე გაჩენილი უწვერულვაშო ბიჭების სახელები და გვარები, ასევე იქ, აფხაზეთში მემორიალურ დაფებზე გაჩენილი უწვერულვაშო ბიჭების სახელები და გვარები, გამწარებული და გაშავებული დედები, ცარიელი საფლავები, რომელიც ამ დრომდე ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს ელოდება...

- თქვენ, ვისაც სანადირო თოფის გეშინოდათ, როგორ შეეჩვიეთ იარაღს?

- სხვათა შორის, ბიჭები მავარჯიშებდნენ და ალღო მალევე ავუღე, თუმცა იქ მე იარაღი არ გამომიყენებია. ტაბელური იარაღი არ მქონდა, რადგან ომში ჟურნალისტის სტატუსით ვიყავი. ერთმა მეტყვიამფრქვევემ თავისი ავტომატი დამითმო, რომელსაც იმისთვის ვიყენებდი, რომ კონდახზე ფურცელი დამედო და დამეწერა. როდესაც ჩასაფრება იყო ან შეტევაზე ვიყავით, ბიჭები ისროდნენ, მე კი მიწაზე ვწვებოდი და ავტომატის კონდახზე დადებულ ფურცელზე ვწერდი.

- აღნიშნეთ, რომ აფხაზეთის ომში იარაღი არ გამოგიყენებიათ, ე.ი. სხვა დროს გამოიყენეთ?

- რა თქმა უნდა, მე ახლა სარეზერვო სამსახურში ვარ და სწავლებებს გავდივარ, საომარი მოქმედებები ღმერთმა გვაშოროს.

- რამდენი წლის ხართ?

- 54 წლის ვარ და მესამე წელია, ჯარში გახლავართ.

- აფხაზეთის ომის დროს, სიკვდილისთვის თუ ჩაგიხედავთ თვალებში?

- მახსოვს, ერთხელ ტყვიამ ისე ახლოს ჩამიქროლა, ზუზუნის ხმაც კი გავიგონე. არ შემეშინდა, პირიქით, გამიხარდა, რომ გადავრჩი და ხტუნვა დავიწყე. ბიჭებმა დამცინეს, ეგ რა გადარჩენაა, უნდა დაიჭრა და რომ გამოხვალ მდგომარეობიდან, მერე უნდა თქვა, გადავრჩიო. საბედნიეროდ, მე ასეთი მომენტი არ მქონია. ისე კი ომში ყოველი წუთი დასაფასებელია, რადგან შეიძლება ის უკანასკნელი იყოს. როდესაც ომში მიდიხარ, მებრძოლი ხარ თუ ჟურნალისტი, 90%-ით მკვდარი ხარ. როდესაც ბომბების ქვეშ გადაადგილდები, იქ შემთხვევითი ტყვიაც ბევრია და დამიზნებულიც. ცოდვა გამხელილი სჯობს და ერთხელ, ტამიშთან შეტაკებისას გულში გავივლე, ნეტავ რამ წამომიყვანა ამ ომში, ჩემი კურსელები აუდიტორიებში სხედან და მე სად ვარ-მეთქი. ივლისი იყო, მთელი ღამე იწვიმა, მერე "ურალით" მოგვიწია გადაადგილებამ, მე სხვებთან ერთად ძარაზე ვიდექი, მთლიანად დავსველდი, რამდენიმე საათი სველი ტანსაცმელი მეცვა, ტანზე შემაშრა. არ ვიცი, ამის გამო მომცა სიცხე, შიშის გამო თუ ორივემ იმოქმედა. იქვე ახლოს, სადაც ჩვენ ვიყავით, ანუ კინდღში ერთი მიტოვებული სახლი იდგა. ბიჭებს ვუთხარი: იმ სახლში რომ ავიდე, საშიში ხომ არ არის-მეთქი? - არა, ვინ გაბედავს შემოსვლას, მთელი დანაყოფები აქ ვართ, მაგრამ მოდი, აუტკივარ თავს ნუ აიტკივებო და მართლაც, დაახლოებით 5 წუთში იმ სახლიდან ავტომატების კაკანი ატყდა. თურმე აფხაზები ყოფილან გამაგრებული... სასწაულმა გადამარჩინა...

- ომში სოხუმის დაცემამდე იყავით?

- 27 ივლისს სამშვიდობო ხელშეკრულება რომ დაიდო, წამოვედი. ომი რომ განახლდა და მობილიზაცია გამოცხადდა, ბიჭებთან გავიქეცი და ვუთხარი, რომ მეც მათთან ერთად წავიდოდი. უარი მითხრეს, ისინი უკვე ძალიან ახლობლად მიმიჩნევდნენ, მტკივნეულად აღიქვეს ჩემი ომში წასვლა, მით უფრო, რომ ჩვენს მხარეს, როგორც ამას სამშვიდობო ხელშეკრულება ითვალისწინებდა, ყველანაირი იარაღი გამოტანილი ჰქონდათ აფხაზეთიდან. წესით, საბრძოლო მოქმედებების არეალიდან ორივე მხარეს უნდა გამოეყვანა მძიმე საბრძოლო ტექნიკა. ჩვენ ყველაფერი გამოვიტანეთ და გამოვიყვანეთ, რუსებმა და აფხაზებმა - არაფერი. ქართველები მძიმე ტექნიკის შეყვანას ვეღარ ასწრებდნენ და ჩვენი ბიჭები, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით მიდიოდნენ, მხოლოდ ის იარაღი მიჰქონდათ, რისი ხელში დაჭერაც შეიძლებოდა. აი, ამ სიტუაციის გამო აღარ წამიყვანეს, - ჩვენც ალალბედზე მივდივართ, შენ სად წაგიყვანოთო?! მე არ ვეპუებოდი, წასასვლელ გზებს ვეძებდი, კომენდატურაში ვრეკავდი. გავიგე, რომ ვასიკო ჭიჭიაშვილი მიდიოდა, დავუკავშირდი და შევთანხმდით, რომ ერთად წავიდოდით. "ღრმაღელეს" მეტროსთან უნდა შევხვედროდით. არ მოვიდა თუ ვერ მოვიდა, არ ვიცი, ეს იყო 22 სექტემბერი. მარტო აღარ წავედი, რადგან არ ვიცოდი, ჩემი ბიჭები ისევ ბაბუშერაში იყვნენ თუ სადმე სხვაგან. ისიც ვიფიქრე, მარტო რომ წავსულიყავი და ხიფათში აღმოვჩენილიყავი, ისევ ბიჭებისთვის არ შემექმნა პრობლემა და შინ დავბრუნდი. როგორც შემდეგ გავიგე, იმ დღეს ვასიკო გაფრენილა, ის იმ თვითმფრინავის ბორტზე იყო, რომელიც 22 სექტემბერს ჩამოაგდეს რუსებმა. მაშინაც სასწაულმა გადამარჩინა.

965029-459214967500231-1721503085-o-1718002721.jpg

- როგორც ვიცი, აფხაზეთში უამრავი გაუხმაურებელი გმირობის ფაქტი იყო. თქვენ თუ შესწრებიხართ მსგავს ამბავს?

- ერთხელ ტამიშში შევედით და ვნახეთ, რომ ყველა სახლს ცეცხლი ეკიდა. წესით, ასეთი სურათი არ უნდა დაგვხვედროდა, ბატალიონის მეთაური მაშინვე მიხვდა, ალყაში ვართო, მაგრამ უკან დახევაზე და თავის გადარჩენაზე არც კი უფიქრია, ბიჭებმა ცოცხლად გადარჩენილი მოსახლეობის ძებნა დაიწყეს. ერთ-ერთი სახლის სარდაფში ასზე მეტი ქალი, ბავშვი და ასაკიანი მამაკაცი იყო.

7 კილომეტრი ბიჭებმა ისე გამოიარეს, თითოს ხელში ორ-ორი ბავშვი ეჭირა და თან მტერს იგერიებდა. ამ ოპერაციაში ვინც მონაწილეობდა, ყველა გმირია. მერე დედა რომ გავხდი, ჩემი საკუთარი შვილი ხელში რომ მყავდა და დავიღლებოდი, მაშინვე ტამიში გამახსენდებოდა, - 7 კილომეტრი, ტყვიების ქარცეცხლში ისე ვატარე ბავშვი, დაღლა არც მიგრძნია, ახლა ტყვიას მაინც არავინ მესვრის-მეთქი.

- ქართულ ბატალიონებს შორის დაპირისპირება აფხაზეთის ომში მართლა იყო?

- დაპირისპირების შემსწრე არ ვყოფილვარ, პირიქით, შემსწრე ვარ იმისა, თუ როგორ გაერთიანდა სახელმწიფო გადატრიალების დროს ორად გაყოფილი ქართული არმია. 13 თუ 14 ივლისი იყო, ტამიშის ალყა გაირღვა და ქართველები გაერთიანებული ძალებით სოხუმისკენ დაიძვრნენ... 23-ე ბრიგადის ერთ-ერთი მეომარი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, - დღეს ქართული ჯარის გაერთიანების დღეა, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთო. აი, ამის შემსწრე ვარ! თუმცა, მერე ფოთში ისიც ვნახე, როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ლოთი ქობალიასა და სამთავრობო ჯარები.

- აფხაზეთში მებრძოლებიდან ვინც კი ოდესმე ჩამიწერია, ყველას აქვს ნათქვამი, რომ აფხაზეთი პოლიტიკოსებმა გაყიდეს. თქვენ როგორი განცდა გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- აფხაზეთის ომის დროს ბავშვი ვიყავი, თანაც, სამხედრო სფეროში სრულიად გამოუცდელი და ვერაფერს ვხდებოდი, ახლა კი ვიცი, რომ აფხაზეთი დიახ, გაყიდულია. თუნდაც უკრაინის ომთან გავავლოთ პარალელები: რასაც დღეს უკრაინის ჯარი ათავისუფლებს, ის მისსავე კონტროლის ქვეშ რჩება, აფხაზეთში ასე არ ხდებოდა, ქართველები დაიკავებდნენ ტერიტორიას და რამდენიმე დღეში უკან დახევის ბრძანებას იღებდნენ. მერე ისევ უწევდათ იმ ტერიტორიისთვის ბრძოლა მეორედ და ხშირად, მესამედაც კი. აი, ამაზე მაშინვე ლაპარაკობდნენ მებრძოლები; ვერ ხვდებოდნენ, რატომ ტოვებდნენ მსხვერპლის ფასად აღებულ დასახლებებს.

- როგორი იყო ომის შემდგომი ცხოვრება?

- ძალიან ძნელი! ომის პერიოდშიც კი, თბილისში რომ ჩამოვდიოდი გამოცდების ჩასაბარებლად ან ჩაწერილი მასალის ჩამოსატანად, ვერ ვიძინებდი. დაბომბვის ხმა რომ არ მესმოდა, რაღაც უჩვეულოს მოლოდინი მქონდა. სიმშვიდეში ცხოვრება აღარ შემეძლო. ომის შემდგომი პერიოდი, დაღუპული მეომრების ჭირისუფლობამ, მათ საფლავებზე ზრუნვა-კეთილმოწყობამ გადამატანინა. არ არსებობდა კანონი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ვალდებული იქნებოდა, დაღუპული მეომრების პატივით დაკრძალვაზე ეზრუნა. ერთ-ერთ მეომარს სხვისი საფლავიდან მორჩენილი ბეტონით გავუკეთე საფლავი. დამირეკავდა სასაფლაოს დირექტორი და მეტყოდა, რომ აი, დღეს ვიღაც აკეთებს საფლავსო. ავიდოდი და სიცივეში, სიცხეში, მთელი დღე ველოდებოდი ორ თუ სამ ვედრო მორჩენილ ბეტონს, მერე გადმოვიტანდი მეომრის საფლავზე და ჩავასხამდი. აი, ასე, ნაწილ-ნაწილ, წვალებით გავუკეთე მას საფლავი. დაღუპულების ოჯახებში დავდიოდი და მასალებს ვაკეთებდი. მე რომ ეს საზრუნავი არ მქონოდა, ალბათ იმ პერიოდს ვერ გადავიტანდი. რედაქციაში ხშირად მეუბნებოდნენ, - შენ ჟურნალისტი ხარ, ნუ გახდი მეომრების ჭირისუფალიო, მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად მოქცევა, ეს ბიჭები ხომ ჩემი სამშობლოსთვის იბრძოდნენ და კვდებოდნენ. როგორ შემეძლო ვყოფილიყავი მხოლოდ ჟურნალისტი, რაღაც დამეწერა და დამესვა წერტილი?!

9b2c4224-52fd-4370-a5ec-bc4d614628c4-1718002709.jpg

- უკრაინაში რუსულმა ინტერვენციამ ალბათ თქვენი ტკივილი განაახლა.

- ზუსტად თქვით, კი, ნამდვილად ასე იყო. გამიჩნდა სურვილი, უკრაინაში წავსულიყავი, მოვლენები გამეშუქებინა და ამ ფორმით გამომეხატა თანაგრძნობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს სურვილი სამსახურში გამოვთქვი - ვმუშაობ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. ჩემმა დირექტორმა კობა კობალაძემ მითხრა, რომ გამიშვებდა. მართლაც, გამიკეთა მივლინება და ორი კვირით წავედი. ქართველ პარტიზანებთან მოვხვდი. ძალიან ახლოს ვიყავი ფრონტის ხაზთან, ბიჭები ხერსონთან კონტრშეტევისთვის ემზადებოდნენ და სიტუაციის შესასწავლად გავიდნენ. მეც გავყევი. მეთაური ყოყმანობდა: ხან მეუბნებოდა, შეგიყვანო ფრონტის ხაზზეო, ხან ამბობდა, - ვერაო. მე უკვე საკმაოდ ბევრი და საინტერესო მასალა მქონდა მოგროვებული, ამიტომ აღარ ჩავაყენე უხერხულ მდგომარეობაში და ისინი ხერსონის მისადგომებთან დავტოვე. მეორე თუ მესამე დღეს გავიგე, რომ ათი კაციდან მხოლოდ სამი გადარჩა უვნებლად: ზოგი მძიმედ დაიჭრა, ზოგი დაიღუპა, მათ შორის, დაიღუპა აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთან ერთადაც მთელი დღე გავატარე. საოცრად პატრიოტი იყო. მეუბნებოდა, ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა რუსეთისგან ბევრი სიმწარე ვიწვნიეთ, ახლა ამ ურჩხულის დამარცხების დრო მოვიდა, გამარჯვება აუცილებლად იქნებაო. გამარჯვებამდე მისი სიკვდილის ამბავი გავიგე და გული მომეწურა, მთელი სიმძაფრით განმიახლა აფხაზეთის ტკივილი... ის დღე გამახსენდა, ნიკუშა თურმანაული რომ დავიტირე, - დედაშენი ცოცხალს გელოდება, ჯერ ისიც არ იცის, მკვდარი რომ ხარ, მე გტირი პირველი-მეთქი (ხმა გაებზარა. - ავტ.). აღარ მეგონა, აფხაზეთის ომის შემდეგ კიდევ თუ გამოვცდიდი იმ გრძნობას, რასაც ჯერ კიდევ თბილი მეომრების ცხედრებთან შეხება იწვევს, მაგრამ ეს მოხდა უკრაინაშიც. მე არ მაქვს განცდა, რომ ახლა ომი უცხო ქვეყანაშია, უკრაინელი მეომრების daRupvas ისევე განვიცდი, როგორც აფხაზეთში განვიცდიდი ქართულების დაცემას ბრძოლის ველზე. თუმცა, უკრაინის ფრონტზე ქართველებიც იღუპებიან, თანაც, არცთუ იშვიათად. იქ ყოფნის დროს ლევან სახელაშვილი ჩავწერე, ჩემი წამოსვლის შემდეგ კი მალევე გარდაიცვალა და გამახსენდა აფხაზეთში, ბიჭები რომ მეტყოდნენ: გადაგვიღე ერთი, რამე რომ მოგვივიდეს, ტელევიზორში საჩვენებელი სურათი არ გვაქვსო და მართლაც, მერე პირველ არხზე გადაცემა "მარადიული ხსოვნა" რომ გადიოდა, ჩემი გადაღებული ფოტოები მიმქონდა... იმედია, რუსული ბოროტების იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება უკრაინის ფრონტზე!

ხათუნა ბახტურიძე