როგორ მიმდინარეობდა ბრძოლა მცირერიცხოვანი ერების გარუსებისათვის
1924 წლის აგვისტოს აჯანყება, 1937 წლის რეპრესიები... იმ დროისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდგომი პერიოდის ამსახველ ეპიზოდებს, რამდენიმე იუმორით გაჯერებულ ამბავსაც, თავის მოგონებებში აღწერს ისტორიკოსი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე ჩოლოყაშვილი, ხოლო მისი ქალიშვილი, ქალბატონი რუსუდანი, რომელიც გახლავთ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელი, საყურადღებო ფაქტებს გაიხსენებს.
კონსტანტინე ჩოლოყაშვილი:
"მე რომ დავიბადე (1922 წელს), პაპის სახელი - დავითი მერქვა. ორი კვირისა ვიყავი, როცა მამა დამიხვრიტეს... და კოტე დამარქვეს, მამაჩემის სახელი. დიდედამ და დედამ მტაცეს ხელი და ჩამოვედით კახეთიდან თბილისში. აღმოსავლეთ საქართველოში ბევრი არაქართველი მოსახლეობა იყო და ეს გამოიყენეს თავადების წინააღმდეგ. ჩოლოყაშვილის ხსენება არ შეიძლებოდა ქაქუცას და მამაჩემის დახვრეტის გამო. ქართველებმა ჩამოგვიყვანეს თბილისში, თორემ ჩაგვქოლავდნენ. თბილისში ვერავისთან მივდიოდით, საშიში იყო. ცნობილი ექიმის, ალექსანდრე ალადაშვილისთვის უთხოვია დედას დახმარება. მას უკითხავს: რა არის თქვენი ქალობის გვარი? - ჩერქეზიშვილიო. - ამის შემდეგ თქვენ ყველანი ხართ ჩერქეზიშვილებიო... და მთელი ბავშვობა სულ ვიძახდი, ჩერქეზიშვილი ვარ-მეთქი. თუკი ვინმეზე მანიშნებდნენ, ეს კარგი კაციაო, ვეტყოდი: თუ კარგი ძია ხარ (ან დეიდა), ჩოლოყაშვილი ვარ, მაგრამ ჩერქეზიშვილი უნდა ვთქვა-მეთქი. დედას ალადაშვილმა შეასწავლა საოპერაციო ექთaნის ხელობა, სამსახური დააწყებინა და თან, პატარა ოთახი გამოგვიყვეს, სადაც ვცხოვრობდით. შემდეგ მამიდაჩემის მეუღლე, ცნობილი სამხედრო მოღვაწე გადაიყვანეს მოსკოვში და იმათ ისე მოახერხეს, რომ თავიანთი ერთი ოთახი მოგვცეს ბარნოვის ქუჩაზე სკოლის პირდაპირ.
* * *
ბარნოვზე, 53-ე სკოლასთან ახლოს გადმოასახლეს ლავრენტი ბერიას დედა და და, რომელიც მუნჯი იყო. ერთხელ მოვდივარ და მესმის, ეს ქალი ბღავის. დედა ეუბნება: გაჩუმდი, ჩვენს ოჯახს იმდენი უბედურება აქვს ჩადენილი, რომ პასუხი უნდა ვაგოთო. კლასში ორნი ვიყავით რეპრესირებული. ჩვენ სხვანაირად, ძალიან ფაქიზად გვექცეოდნენ მასწავლებლები, მაგრამ მერე დადგა 37 წელი და უცბად ვიგრძენით, როგორ აიღეს ჩვენზე ხელი და გადავიდნენ ახალრეპრესირებული ბავშვების პატრონობაზე. ჩვენ უკვე დაბინავებულად ჩაგვთვალეს. მოსწავლეების უმეტესობას დედებიც დაუპატიმრეს. მამაჩემი იარაღით ებრძოდა ამათ, ქაქუცას გვერდით იყო. 1922 წელს დახვრიტეს ქაქუცას გამო.
* * *
უნივერსიტეტის ეზოში საფლავებთან დგას შალვა ნუცუბიძე. ერთი ეკითხება:
- რაო, ბატონო შალვა, ამათთან ხომ არ გინდა წოლაო?
- ნამდვილად, შენთან დგომას, ამათთან წოლა მირჩევნიაო.
ბატონ შალვა ნუცუბიძეს ეუბნებიან:
- ბატონო შალვა, გვერდწითელი (პრორექტორი) გეძებდათო.
- სულ წითლებმა ვერაფერი დამაკლეს და გვერდწითელი...
* * *
ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვაზე, ვაშლოვანის ქუჩაზე მეც მივედი. მითხრეს, შესვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებაო. გამოასვენეს, არც ხალიჩა, არაფერი... ნათესავებმა, - ხელით ცოტა მანძილზე გავასვენოთო. - არა, არა, აქვე დაასვენეთო და მანქანაზე დაასვენეს. დავითვალე, 48 კაცი ვიყავით. მოვედით უნივერსიტეტთან, ხალხი გამოსულია. პროცესია გაჩერდა. მძღოლმა თქვა, გაფუჭდა მანქანაო... უნივერსიტეტის წარმომადგენელი ქუდს იქნევს - ჩქარა, ჩქარა! თაყაიშვილი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. გამოსამშვიდობებელი სიტყვა თქვეს აკაკი შანიძემ და ქრისტინე შარაშიძემ (მენშევიკური მთავრობის ერთადერთმა ქალბატონმა), იმათი გვირგინები იყო მხოლოდ. მეორე დღეს ვაკის სასაფლაოზე დილითვე წავედი, ნათესავი გარდაგვეცვალა და საფლავის ადგილი უნდა შემერჩია. დავინახე მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ბატონი აკაკი, მივიდა ექვთიმეს საფლავთან, აკაკუნა და აკაკუნა... ფირფიტა მოუტანია წარწერით და დაამაგრა.
* * *
ერთმა იკითხა: ჩეკისტიც ხომ კაცია, კარგი არაფერი გაუკეთებიაო? ვიღაც ქალმა თქვა: დაჭერილები როცა ვიყავით, იქ იყო ქალი, რომელიც მათრახით საშინლად გვცემდა. მერე კაცმა, გვარად აბაშიძემ გამოართვა მათრახი, იმას უნდა ვეცემეთ. მან გვითხრა: მე არ დაგარტყამთ, მაგრამ თქვენ იყვირეთო. მერე იმ აბაშიძემ თავი მოიკლა - ფანჯრიდან გადახტა.
* * *
გიორგი ჩუბინაშვილის იუბილე მიჰყავს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილს. გამოაცხადა: უკანასკნელად სიტყვას იტყვის აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი. შეუსწორეს, - „უკანასკნელად“ არ უნდა გეთქვაო. ბატონმა გიორგიმ გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო: ბატონებო, მუშაობაში ყველა ხელს მიშლიდა - პარტიაც და მთავრობაც, მხოლოდ ცოლი მეხმარებოდაო. დარბაზი გაისუსა. მაშინ ყველა ასე ამბობდა: მე არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი პარტიისა და მთავრობის დამსახურებააო... ამ დროს მუსხელიშვილი ამბობს: მე ხომ ვთქვი, უკანასკნელად ლაპარაკობს-მეთქი! ატყდა ტაში, სიტუაცია განიმუხტა.
* * *
ოციან წლებში სერგია ერისთავი მთავრობის სახლის წინ შეხვდა რევოლუციონერ სერგო ქავთარაძეს და ჰკითხა:
- აქ დარაჯი რად გიყენიათ?
- რომ არავინ დაგვეცეს თავს!
- ქვეყნად რაც ყაჩაღები იყვნენ, ყველა აქა ხართ და ვინღა უნდა დაგეცეთო?.."
რუსუდან ჩოლოყაშვილი:
- ხალხთა ძმობისა და ერთიანობის ლოზუნგით ბრძოლა მიმდინარეობდა ყოველივე ეროვნულის წინააღმდეგ, უფრო სწორად მცირერიცხოვანი ერების გარუსებისათვის. ამას ემსახურებოდა მეფის რუსეთის პოლიტიკა, როდესაც ისინი ქართული ტაძრების გათეთრებას ახდენდნენ, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას ებრძოდნენ, გიმნაზიაში სწავლება რუსულ ენაზე შემოიღეს და ა.შ. ყოველივე ეროვნულთან დაპირისპირებად უნდა ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ ჟურნალ-გაზეთებისა და სპორტული გუნდებისათვის გეოგრაფიული სახელების დარქმევა არ ხდებოდა. იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში, აუცილებლად კომუნისტური ლექსიკიდან უნდა დართვოდა რაიმე სიტყვა, მაგალითად: „საბჭოთა აჭარა“, „საბჭოთა აფხაზეთი“. ასე გაჩნდა სპორტული გუნდების სახელებად მშრომელთა სულისკვეთების გამომხატველი სიტყვები: „ლოკომოტივი“ - რაც ნიშნავს მატარებლის წამყვან მანქანას, „ტორპედო“ - წყალქვეშა ჭურვი, „დინამო“ - ელექტროგენერატორი, „მეშახტე“, „მეტალურგი“ და სხვა.
გაზეთების სახელები კი იყო: "კომუნისტი", "ახალგაზრდა კომუნისტი", "ლენინელი", "სტალინელი", "ლენინის დროშით", "სტალინის დროშით", "ბოლშევიკური სიტყვა", "კომუნიზმის გზით", "წითელი დროშა", "ინდუსტრიული ქუთაისი", "კოლექტივიზაცია", "წითელი დეპოელი", "კოოპერაციის საყვირი" და მისთანანი. რაიონული გაზეთების სახელწოდებების დამთხვევები რომ ნაკლები ყოფილიყო, ამ სიტყვებს სხვადასხვა ბრუნვაში სვამდნენ.
* * *
- 70-იან წლებში იყო მცდელობა ფეხბურთის გუნდ „დინამოსთვის“ დაერქვათ „იბერია“, მაგრამ ვერ მოახერხეს. მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების მოსვლის მერე გახდა ეს შესაძლებელი, რომლის დამხობის შემდეგაც გუნდს ისევ სასწრაფოდ დაუბრუნეს ადრინდელი სახელი. ამასთანავე, ახალგაზრდები ცდილობდნენ „გოლის“ ნაცვლად, მედიასაშუალებებში დაემკვიდრებინათ ტერმინი „ლელო“. რასაკვირველია, არც ეს გამოუვიდათ. ამაზე ორგანოების თანამშრომელმა ჩაიცინა: "ლელო, ლელო, საქართველო, არა?!" სტადიონზე ეს შეძახილი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ცვლილებას, ამას კი ვერ დაუშვებდნენ.
* * *
- დისიდენტური მოძრაობის პარალელურად, საზოგადოება ჩუმ-ჩუმად არალეგალურ ლიტერატურას ეცნობოდა. უკვე დაპატიმრებულები იყვნენ ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა. ეროვნული სულისკვეთება და საბრძოლო მუხტი ქვეყანაში უკვე მწიფდებოდა და საზოგადოების უფრო და უფრო ფართო წრეს ითრევდა. საკავშირო ხელისუფლებას ეს არ შეაჩერებდა. ამას მოჰყვა მოთხოვნა, - დისერტაციები რუსულ ენაზე დაწერილიყო თვით ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც კი. აღარ იყო საკმარისი, ავტორეფერატები რომ მუდმივად რუსულად იბეჭდებოდა და დოკუმენტაციაც რუსულად იგზავნებოდა მოსკოვში, „ვაკში“ - უმაღლეს საატესტაციო კომისიაში. სამეცნიერო ხარისხი ხომ მათ უნდა მოენიჭებინათ, ეს მოთხოვნა წლების მანძილზე სრულდებოდა. შემდეგ უკვე თბილისში ჩამოვიდა ცეკას მდივანი ლიგაჩოვი კატეგორიული მოთხოვნით - საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, მსგავსად სხვა რესპუბლიკებისა, სწავლება რუსულ ენაზე ყოფილიყო. თითქოს ის არ კმაროდა, ძირითადად მეცადინეობა რუსული სახელმძღვანელოებით რომ ხდებოდა.
* * *
- რუსული დამპყრობლური პოლიტიკის გათვალისწინებით იცვლებოდა და იქმნებოდა სამეცნიერო მიმართულებები ჰუმანიტარულ სფეროში - ენათმეცნიერებაში, ისტორიაში... ხდებოდა ურჩ, ჭეშმარიტებას გამოდევნებულ მკვლევართა ყოველმხრივი შევიწროება, სამსახურიდან დათხოვნის ჩათვლით. რუსული ინტერესების გამათვალისწინებელ ალღოიან „მოღვაწეთ“ კი ყველა გზა ხსნილი ჰქონდათ აკადემიკოსობის მინიჭების ჩათვლით. ქართველმა ხალხმა ყველაფერი ითმინა და აიტანა, მაგრამ როცა დღის წესრიგში მშობლიური ენის წართმევა დადგა, მოთმინების ფიალა აივსო. 1978 წლის 14 აპრილის გამარჯვებიდან 10 წლის შემდეგ, ეროვნულმა მოძრაობამ ქვეყანაში შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ამას მოჰყვა 1989 წლის 9 აპრილი... ყველაფერი 1991 წლის 9 აპრილით დაგვირგვინდა - საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით... მახსოვს, მამაჩემის ადრეული პერიოდის კადრების ფურცელი მაქვს ნანახი, სადაც წარმომავლობის გრაფაში ეწერა „თავადი“...
ნანული ზოტიკიშვილი