მანანა ფუტკარაძე: "...რამდენად უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი, შენი ერი, რომ ეს გრძნობა ქვებში ჩააქსოვო..." - გზაპრესი

მანანა ფუტკარაძე: "...რამდენად უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი, შენი ერი, რომ ეს გრძნობა ქვებში ჩააქსოვო..."

ამბობს, რომ ეს ხელოვნებაა, რომელიც მართალია საოცრად შრომატევადია, მაგრამ ნამუშევრების ხილვა ყველა დარდს ავიწყებს...

- 2000 წლიდან დავიწყე ქვებისგან დეკორაციების გაკეთება. ეს ნიჭი ბუნებრივად მაქვს. დედა ფანტაზიის მოყვარული გახლდათ, მისი თვალით დანახული, ყველაფერი ღვთაებრივი იყო. ამ სილამაზეებს რომ ვაწყობ, ყოველთვის დედა მახსენდება! სულ გვერდით მეჯდა და იდეებს მაწვდიდა, მან სამყარო შემაყვარა! ჩემი ძმა, მამუკა ფუტკარაძე "სუხიშვილების" "ოქროს ხანის" აღიარებული ლეგენდარული პიროვნებაა. რძალი - ნინო როგავა უკიდეგანოდ შეყვარებულია პოეზიაზე, სამყაროზე... ჩემი ძმა ხშირად იყო გასტროლებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სულ ვცდილობდი, მისთვის ლამაზი ეზო დამეხვედრებინა: რომ ჩამოვიდოდა, ეზოში ერთ ადგილზე ტრიალებდა: მსოფლიო მოვიარე და ასეთი სილამაზე არ მინახავსო... უდიდესი იმედისმომცემი სიტყვები იყო ჩემთვის ძმის ეს სიტყვები! ზუსტად მაშინ მომეცა სტიმული, მოტივაცია, რომელიც დღემდე მომყვება.

d6010f7e-be39-4053-889f-cebcd4d5b652-1718003214.jpg

- პირველად რა დაამზადეთ?

- ალბათ 20 წლის ვიქნებოდი, როცა ქოთნები, წყარო გავაკეთე და შემდეგ იმდენად დავიხვეწე, როცა გავთხოვდი, ჩემს ოჯახში, მთელ ეზოში სუპერდეკორაცია მოვაწყვე... შემდეგ მივიღე შეკვეთები და დღეს ვარ ქალბატონი "დიზაინერი", რომელიც პროფესიონალურ დონეზე ასრულებს დავალებას და ეზოების დეკორაციაზე ზრუნავს! ჩემი იდეების განხორციელებაში დიდი როლი მიუძღვის მეუღლეს, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მას. ახლა სიახლის ძიებაში ვარ... ჩემი შვილი გიორგი და რძალი ანი იდეებს მთავაზობენ. იმედია, მათი ოცნებების განხორციელებასაც შევძლებ.

dba5dc7c-ebdb-48c4-8385-7c5bb93bb205-1718003242.jpg

- რა მასალით იქმნება ეს დეკორაციები?

- ქვიშით, ცემენტით, წებოცემენტით... არანაირ ინსტრუმენტს არ ვიყენებ, ეს ჩემთვის მიუღებელია: მხოლოდ ჩემი ხელებით ვაკოწიწებ ყველაფერს! ნებისმიერი ქვისგან შემიძლია ნებისმიერი რამ გავაკეთო. ქვებს ჩემებურად ვესაუბრები და ვეფერები. ისინიც "მემორჩილებიან" და ეს საოცარი პროცესია. ეს საქმე შრომატევადია, მაგრამ სახალისო. წინასწარ არ ვფიქრობ, გამომივა თუ არა ჩანაფიქრი. ბოლოს შედეგს რომ ვიხილავ, ეს მიხსნის დაღლილობას, სიხარულით მავსებს.

სულ სხვა თვალით ვუყურებ სამყაროს, რადგან ჩემია, ორგანულია! ამ ყველაფრის კეთებაში გონებრივად არ ვიღლები, სულ ხალისით ვაკეთებ. განწყობა დიდი მაქვს... ბუნების წიაღი და ყვავილების სურნელება ჩემი მაცოცხლებელი ძალა, სული და გულია... შენი ოჯახი, ეზო, სადაც მთელი ცხოვრება უნდა ინავარდო, ადამიანს გაბედნიერებს! ოჯახში ყველაფერი მოფერებას ითხოვს: სულიერი თუ უსულო... ახალი საუკუნის კარიბჭეა ყველა ეს ჩემი შემოქმედებითი სვლა: როცა საკუთარ ნამუშევრებს ვათვალიერებ, ყველა დარდი თუ პრობლემა მაშინვე მავიწყდება! მე ბედნიერება მხვდა წილად, რომ ეს სიტყვები ხშირად გავიმეორო! რამდენად უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი, შენი ერი, რომ ეს სითბო და სიყვარული ქვებში ჩააქსოვო, ისინი აალაპარაკო....

71846e7b-26bb-4887-9a24-fabd58ceb58d-1718003227.jpg

ნინო როგავა:

- ხელოვნება წარმოსახვის ფიზიკურად გამოხატვაა ნამუშევარში. მანანას ხელნაკეთი ნივთები პირველად რომ ვნახე, აღფრთოვანებული დავრჩი. მისი ნატიფი და დახვეწილი გემოვნება, ინდივიდუალიზმი ყველას მოხიბლულს ტოვებს. თითოეული ნივთის შექმნის პროცესიც საოცრებაა! შთაგონებით, სიყვარულით, ცოცხალი განცდებითა და ემოციით ხდება ფორმირება, თითქოს მუსიკა იქმნება, ლექსი იწერება! მისი ქმნილებებიც ამიტომ გადასცემს სხვებს უმაღლეს და საუკეთესო გრძნობებს. დამერწმუნებით, რომ ღვთისგან მომადლებულ განსაკუთრებულ შესაძლებლობას თუ სიყვარული და კეთილშობილება არ ასაზრდოებს, შესაძლოა საშიშიც აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის. ამიტომაცაა განსაკუთრებულად ლამაზი, სიყვარულითა და სიკეთით სავსე სულის შემოქმედება!

სიყვარულით გაჯერებული ფანტაზია მთელ სამყაროს მოიცავს! ყოველი ქმნილება სულის ნაწილია და ავტორზე საინტერესო ამბებს გიყვება.

დღეს საქართველოში ეზოს კეთილმოწყობა ბუნებრივი ქვის კომპოზიციებით თუ ზოგადად, მთის და მდინარის ქვებით აქსესუარებზე მუშაობა იშვიათი საქმიანობაა. ამ მხრივაც, მანანა ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთია ალბათ რამდენიმე ხელოვანს შორის.

მანანა გაბრიჭიძე