"საბალეტო სკოლაში ჩემი მშობლები პედაგოგებს სთხოვდნენ, როლები არ მოეცათ..." - გზაპრესი

"საბალეტო სკოლაში ჩემი მშობლები პედაგოგებს სთხოვდნენ, როლები არ მოეცათ..."

რომელ ქვეყანაშიც უნდა ჩავიდეთ, ყველგან ოვაციებით ხვდებიან. არაჩვეულებრივია, როგორც რეპეტიტორი, რადგან ყველაფერს დეტალებში ხედავს და რამე თუ არ გამომდის, ისეთ რჩევას მაძლევს, ყველაზე დიდი პრობლემაც მარტივად მოსაგვარებელი ხდება..." - ამბობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტის მსახიობი სოფია ცინცაძე... იგი თავად გვიამბობს, თუ როგორ შეძლო თავდაუზოგავი შრომით, მონდომებით ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა და წარმატებების მიღწევა...

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. მუსიკოსების ოჯახიდან ვარ, ოთხი წლიდან დავეუფლე ვიოლინოს... დიდი ინტერესის გამო, ხუთი წლის ასაკში დეიდაჩემმა გამაცნო ბალეტის ხელოვნება და საბალეტო სასწავლებელში შემიყვანა, მიუხედავად ჩემი ოჯახის განსხვავებული პოზიციისა... მონაცემებით დიდად არ გამოვირჩეოდი, მაგრამ გამორჩეული გახლდით აღნაგობით... ათი წლის, ბალეტის მისაღები გამოცდის გავლის მერე, უფასო ჯგუფში მოვხვდი... სწავლების პირველი ხუთი წელი არ გამოვირჩეოდი, ყოველთვის საშუალო მოსწავლე ვიყავი. თუმცა, რაც უფრო მეტხანს ვიმყოფებოდი ამ სამყაროში, მით უფრო მიყვარდებოდა და მოტივაცია მიჩნდებოდა, რომ უკეთესი გავმხდარიყავი... ოჯახში მეწინააღმდეგებოდნენ, რადგან შედეგს ვერ ხედავდნენ. პარალელურად ვსწავლობდი ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო აკადემიაში, სადაც ყოველთვის პირველი ვიყავი. ამიტომ ოჯახი უპირატესობას ჩემს მუსიკალურ განათლებას ანიჭებდა, ვიდრე ცეკვას. საბალეტო სკოლაში ჩემი მშობლები პედაგოგებს სთხოვდნენ, როლები არ მოეცათ. ცოტა რომ წამოვიზარდე, ჩემებს წინააღმდეგობა გავუწიე. მოთხოვნა წამომიყენეს, თუ ერთ წელიწადში ვერ გავხდებოდი ერთ-ერთი გამორჩეული, ბალეტიდან გამომიყვანდნენ... რა თქმა უნდა, ამ ერთი წლის განმავლობაში თავი არ დამიზოგავს, საკუთარ თავზე დილიდან საღამომდე ვმუშაობდი, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად... ერთ წელიწადში დავიწყე სოლო პარტიების ცეკვა, შემდეგ წამყვანი პარტიების შესრულება ქორეოგრაფიული სასწავლებლის სპექტაკლებში. ამით მშობლებს დავუმტკიცე, რომ ჩემი სფერო ბალეტია და არა - ვიოლინო...

ბალეტის მეორე კურსზე დასში მიმიწვიეს, როგორც დამხმარე, ჩამნაცვლებელი, რადგან მსახიობები აკლდათ. ბუნებრივია, ყურადღებას არავინ მაქცევდა, ჩემთვის კუთხეში რეპეტიციებისას ვსწავლობდი კორდებალეტის პარტიებს... სპექტაკლის წინადღეს, გენერალურ რეპეტიციაზე ერთ-ერთმა მსახიობმა ფეხი დაიზიანა, შემცვლელი კი არ ჰყავდა. ამ დროს მე დამინახეს, მითხრეს, სანამ სცენაზე გავიდოდით, რამენაირად მესწავლა და ჩამენაცვლებინა... ისე ვისწავლე, არც ერთი მომენტი არ შემშლია. ქალბატონმა ნინო ანანიაშვილმა პირველად მაშინ დამინახა, შემამჩნია... ამის მერე რეპეტიციებზე მეტ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ...

17 წლის ასაკში საბალეტო დასში მოვხვდი... სამწუხაროდ, პანდემია დაიწყო და ორი წელი დასში უქმად გავატარე...

- როგორ გადაიტანეთ პანდემიის ორი წლის სირთულე?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული არ იყო, რადგან ბორჯომში, ბებიასთან წავედი. ყოველდღე ვიდეოზარებით გვქონდა ვარჯიში დასის რეპეტიტორებთან, ფორმა რომ არ დაგვეკარგა... თუმცა, ორი წლის მერე თეატრში რომ გავედით, ცოტა მაინც გაგვიჭირდა ფორმის დაბრუნება. დაახლოებით სამი თვე მოგვყავდა სხეული ფორმაში... პანდემიის შემდეგ დასში სრულფასოვნად ცეკვა დავიწყე; თითქმის ყველა კორდებალეტის ცეკვაში ვმონაწილეობდი... ერთ დღესაც მაკნატუნაში მომცეს საინტერესო პერსონაჟი: ფრანგული თოჯინა... ამ პარტიის შესრულებისას დიდი მოწონება დავიმსახურე და ნელ-ნელა უკვე ორეულების, სამეულების ცეკვა დავიწყე...

როცა გამოცდილება მომემატა, პირველად უნდა მეცეკვა პარტია "დონ კიხოტში", ანუ ეს ჩემი პირველი სოლო გამოსვლა იყო... თავდაუზოგავად ვმუშაობდი, მაგრამ სამწუხაროდ, სპექტაკლამდე სამი კვირით ადრე ტერფის არეში ტკივილები დამეწყო. ამას ყურადღება არ მივაქციე, დატვირთვას ვაგრძელებდი. ვგრძნობდი, რომ ტკივილი უფრო მეტად მიმძაფრდებოდა. სპექტაკლის დღეს გამაყუჩებელს ვიღებდი, პარტია რომ მეცეკვა... სპექტაკლზე ვიცეკვე და მეორე დღეს ფეხი გამისივდა. ექიმთან რომ მივედი, სტრესული მოტეხილობა აღმომაჩნდა, რაც ქრონიკულ ბზარში გადამეზარდა. შემდეგი ორი თვე მკურნალობაში, რეაბილიტაციაში გავატარე... მერე კი რეაბილიტირებული, სრულიად განახლებული ენერგიით დავბრუნდი თეატრში. სამწუხაროდ, დროდადრო თავს მახსენებს ეს ე.წ. ქრონიკული ბზარი და სპექტაკლებს გამოვეთიშები ხოლმე... არა უშავს, მთავარია ვიცი, როგორც გავუმკლავდე პრობლემას და ცეკვას ვაგრძელებ...

- გასტროლებზეც გვიამბეთ..

- საბედნიეროდ, ბევრი გასტროლი გვქონდა... ჩემი პირველი გასტროლი ესპანეთში იყო, სადაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. აქაც ერთ-ერთმა მსახიობმა ფეხი დაიზიანა და მის ნაცვლად ჩამსვეს... საინტერესო გასტროლი იყო. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, რადგან დასის ახალი წევრი ჯერ მსახიობებთან ახლოს არ ვიყავი... ესპანეთში მივხვდი, თუ როგორი კეთილი და მზრუნველი კოლეგები მყავს. რთულ დროს ხელს არ გკრავენ, ყოველთვის დაგეხმარებიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავი ერთი დიდი ოჯახის წევრად ვიგრძენი. ბევრ ქალაქში ვიცეკვეთ, აუდიტორია ძალიან თბილად გვხვდებოდა და აპლოდისმენტებით გვაცილებდნენ... ყველაზე დასამახსოვრებელი გასტროლი ომანში გვქონდა: თეატრი ძალზე შთამბეჭდავი იყო, მთლიანად მარმარილოსი გარედან, უზარმაზარი სცენით... უმდიდრესი, ძალიან განსხვავებული ქვეყანაა...

გასულ წელს ვიყავით იტალიაში, ქალაქ ტურინში... ახალი, თანამედროვე ბალეტი კარმინა ბურანა (ილია ჟივოის ქორეოგრაფიით) წარვადგინეთ, ასევე "მაკნატუნა"... ვმონაწილეობდით იქაურ ოპერის მომღერლების გუნდთან.

საინტერესო და შთამბეჭდავი სამუშაო პროცესი გავიარეთ. როგორც მომღერლებისთვის, ასევე ჩვენთვისაც პირველი სპექტაკლი იყო, სადაც ბალეტი და ოპერა ერთად მონაწილეობდა, ერთმანეთთან კავშირი გვქონდა. ამ სპექტაკლების პრემიერებიც გაიმართა და ბევრი გამოხმაურებაც მოჰყვა... იტალიაში გასტროლების დროს ბევრი დრო არ გვქონდა, რომ მუზეუმები, ქალაქი კარგად დაგვეთვალიერებინა... ქუჩები იყო უზომოდ ლამაზი, შენობების არქიტექტურა - შთამბეჭდავი. ასევე ძალიან მომეწონა ტურინის სამეფო სასახლე, გამორჩეული იყო ულამაზესი ბაღითა და შიდა არქიტექტურით. ასევე შთამბეჭდავი იყო საეკლესიო ნაგებობები... დასვენების დღეს მატარებლით გადავედით მილანის დასათვარიელებლად... დუომო ვნახეთ, ულამაზესი იყო...

img-8960-copy-1718003444.jpg

- ალბათ, სამოდელო სფეროდანაც გქონიათ შემოთავაზება...

- სიმართლე გითხრათ, გვერდიდან ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემს თავს მაგ სფეროში ვერ ვხედავ... საკუთარი თავის აღქმის უნარი მაქვს და ვგრძნობ, როგორც მოდელს, არ გამიმართლებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ სპორტული სხეული მაქვს, ფეხებზე დიდი კუნთები, რაც მოდელისთვის არაშესაბამისია...

- საბალეტო ხელოვნების გარდა, სხვა პროფესიასაც დაეუფლებით?

- მომავალში ვფიქრობ, მაგრამ ჯერჯერობით ბალეტს დიდი დრო მიაქვს...

- როგორი გარემოა დღეს ხელოვანისთვის საქართველოში და თუ გიფიქრიათ საზღვარგარეთ წასვლაზე?

- საზღვარგარეთ წასვლაზე არ მიფიქრია, რადგან მინდა ჩემს ქვეყანაში ვიყო... თეატრი წინსვლის ყველანაირ საშუალებას გვაძლევს, არაფერში გვზღუდავს. როგორც აქ გვაქცევენ ყურადღებას, გვზრდიან, არა მგონია, სხვაგან ასეთი ყურადღება იყოს. თანაც, ქალბატონი ნინო მსოფლიო დონის ბალერინაა, რომელ ქვეყანაშიც უნდა ჩავიდეთ, ყველგან ოვაციებით ხვდებიან. არაჩვეულებრივია, როგორც რეპეტიტორი. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და ასევე გამორჩეული პიროვნებაც. ვაფასებ და მიხარია, რომ ჩვენი ხელმძღვანელია.

img-0390-copy-1718003432.jpg

- დღეს ოჯახიდან თუ გრძნობთ მხარდაჭერას? თქვენს სპექტაკლებს ესწრებიან?

- რა თქმა უნდა, ესწრებიან და მოსწონთ, სცენაზე რომ მხედავენ, ჩემით ამაყობენ... ისე ჩაუღრმავდნენ ბალეტის ხელოვნებას, რომ ხანდახან შენიშვნასაც მაძლევენ, რაც მსიამოვნებს.

- ვიოლინოზე ისევ უკრავთ?

- სიმართლე გითხრათ, რაც კოლეჯი დავამთავრე, ინსტრუმენტს აღარ ვეკარები... რაღაცნაირად მგონია, რომ ემოციურად არ ვარ მზად, ისევ დავიჭირო ხელში... თუმცა ვფიქრობ, ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ვგეგმავ ჩემს თავზე გავაგრძელო მუშაობა. რთული გზა ავირჩიე, მაგრამ მყავს ადამიანი, ვინც ყოველთვის გვერდით დამიდგება და ძალას შემმატებს მაშინ, როცა ჩემს თავში არ ვიქნები დარწმუნებული.

მანანა გაბრიჭიძე