"ის ჩემი მეგობარი იყო..." - გზაპრესი

"ის ჩემი მეგობარი იყო..."

3 ივნისს, გამთენიისას მოხდა, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ნათია (ნასწია) გულბანი ადგილზე დაიღუპა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეუღლე, ბექა (გვარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ) თვითმხილველების თქმით, მაშინ აიყვანეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა. ოჯახის განცხადებით, ის ნათესავის სახლში მიდიოდა დახმარების სათხოვნელად და მიმალვას არ ცდილობდა.

ნათია ფანჯრიდან იმ დროს გადმოვარდა, როდესაც შინ იმყოფებოდა მისი დედამთილი და სტუმრად მყოფი ოჯახის ნათესავი. ისინი თვითმხილველები არიან. ჩვენ ვეცადეთ ბრალდებულის დედასა და ოჯახს გავსაუბრებოდით, თუმცა არც ერთი მათგანი კავშირზე არ გამოვიდა და მისმა რამდენიმე მეგობარმაც უარი გვითხრა ინტერვიუზე. ასევე, ვერ დავუკავშირდით გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც.

ნათია და ბექა მხოლოდ ოცი დღის დაქორწინებულები იყვნენ. იქამდე რამდენიმე თვე შეყვარებულის სტატუსი ჰქონდათ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი გვეუბნება, დაქორწინებამდე ექვსი თვე მსხვერპლი მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა ბოლოს მაინც შერიგდნენ და საცხოვრებლად მეუღლის სახლში გადასვლა გადაწყვიტა. თვითმხილველების თქმით, მოძალადე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათი სახლიდანაც ხშირად გამოდიოდა ჩხუბის ხმა, თუმცა ამას ოჯახი არ ადასტურებს. ადგილობრივ პრესასთან ეჭვმიტანილის დედა ამბობს, რომ ხმაური მხოლოდ სახლში სტუმრიანობასთან იყო დაკავშირებული და რადგან ესპანელებს ქართული არ ესმით, მათ ეს ჩხუბთან დააკავშირეს.

პოლიცია გვიდასტურებს, რომ არაერთხელ გამოიძახეს მეზობლებმა და გოგონას ძალადობის კვალიც აღმოაჩნდა, მაგრამ ამას გარდაცვლილი ნათია გულბანი უარყოფდა და სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა ძალადობის დასაფარად. მას არასოდეს შეუტანია პოლიციაში საჩივარი ქმრის წინააღმდეგ.

ნათია გულბანის ტრაგიკულად გარდაცვალება არც ერთ სახელმწიფო ორგანიზაციას არ დაუტოვებია ყურადღების მიღმა და საქმეში ჩართულია ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები, ასევე, ბარსელონაში არსებულმა ყველა კლინიკამ თხოვნით მიმართა იქ მყოფ საზოგადოებას, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ფემინიზმის მსხვერპლი ქალის ხსოვნისთვის; ბარსელონის მერმა ხაიმე კოიბინმა მერიის თანამშრომლებთან ერთად ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მის ხსოვნას.

ნათიას საცხოვრებელთან, ქართველებთან ერთად ყოველდღე იკრიბებიან ესპანელი ქალებიც. 24 საათის განმავლობაში მისი გარდაცვალების ადგილზე ანთია სანთლები და ყველა ერთხმად გმობს ძალადობას.

ჩვენ რამდენიმე მეზობელს გავესაუბრეთ. აი, რას გვიყვებიან ისინი:

ვ.ს.:

- ნასწიასთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა, თუმცა ახლო მეზობელი ვარ და სახლიდან ხშირად მესმოდა ჩხუბის ხმა. იმ ღამესაც, როდესაც მკვლელობა მოხდა, ხმაური გამოდიოდა. არიან თვითმხილველებიც, რომლებიც შეესწრნენ და საკუთარი თვალით იხილეს მათი კამათი. მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას. არა აქვს მნიშვნელობა, მასზე ქმარი ფიზიკურად ძალადობდა თუ ფსიქოლოგიურად. ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მოვითხოვთ ქალთა უფლებები კიდევ უფრო ძლიერად იყოს დაცული.

ბრალდებულის დედა ცდილობს გაანადგუროს სახლთან და მეტროს ამოსასვლელში განთავსებული წარწერები, სადაც ყველა ენაზე წერია "არ მოკლა", მათ შორის ქართულადაც. ჩვენ არ დავიღლებით, გავაკრავთ პლაკატს და იმაზე დიდ წარწერებს გავაკეთებთ, ვიდრე იყო, მანამ, სანამ ამის განადგურებით არ დაიღლებიან. მათ არ მივცემთ ნასწიას დავიწყების საშუალებას. ეს პატარა გოგო არის ძალადობის მსხვერპლი და ვთვლი, რომ ბრალდებული და მისი დედაც სათანადოდ უნდა დაისაჯონ, რადგან ის თვითმხილველია და ხელი არ შეუშალა შვილს. ასევე, მან გამოძიებისთვის ხელის შეშლაც სცადა, რათა საკუთარი შვილის დანაშაული დაეფარა...

- მართლაც ძალიან ბევრი ქალი შეიკრიბა ნასწიას გარდაცვალების ადგილზე, აქ ყველაფერი იასამნისფერია. მიუხედავად იმისა, რომ ის ქართველი იყო და არა ესპანელი, თქვენ არც ერთი დღე არ დაგიტოვებიათ მისი გარდაცვალების ადგილი, 24 საათი ვმორიგეობთ, რომ სანთელი არ ჩაქრეს. ქართველების სახელით, უდიდეს მადლობას გიხდით თანადგომისთვის.

- მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო. ფაქტი ის არის, რომ ტრაგედია დატრიალდა და პატარა გოგონა მოძალადე ოჯახის მსხვერპლი გახდა. კიდევ უფრო მეტად ვწუხვართ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ვერ შეძლო მისი დაცვა. ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს ქალთა უფლებების დაცვა და ქალებმა უნდა ისწავლონ, რომ არ გაჩუმდნენ და არ აიტანონ ძალადობა. ჩვენ კი ყოველთვის მათ გვერდით დავდგებით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება, არა აქვს მნიშვნელობა, ის რომელი ქვეყნის მოქალაქეა. ჩვენი მეზობლებისა და მთელი კატალონიის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი გოგოს ოჯახს და მთელ საქართველოს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს ტრაგედიაა. ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს ქალზე ძალადობა.

მ.ს.:

- ნასწია ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო, მასთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა იქამდე, სანამ ცოლად გაჰყვებოდა ბექას. ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბექა ძალიან ეჭვიანი იყო და არაერთხელ იძალადა მასზე. მეგობრები ვურჩევდით მასთან დაშორებას და ნათია ცდილობდა კიდეც მისგან თავის დაღწევას. რამდენიმე თვით დაშორდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც შერიგდნენ და ერთად ცხოვრებაც გადაწყვიტეს. მას შემდეგ ნათია ჩვენთან ბექაზე და მასთან კოფლიქტზე იშვიათად საუბრობდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ხშირად მალავდა ურთიერთობის ბევრ დეტალს. ალბათ იმიტომ, რომ რცხვენოდა ხმამაღლა ამაზე საუბრის და მისი ყველაზე დიდი დანაშაულიც ეს იყო. ხმამაღლა რომ ესაუბრა, იქნებ მისი გადარჩენა მოგვესწრო და ეს ტრაგედია არ დატრიალებულიყო ჩვენს თავს.

- თუ ამჩნევდით მასზე ფიზიკური ძალადობის ნიშნებს?

- რამდენჯერმე შევამჩნიე და როდესაც ვკითხე, სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა. არასოდეს უთქვამს, რომ ბექამ მასზე იძალადა.

- როგორ ფიქრობთ, ეს იყო თვითმკვლელობამდე მიყვანა თუ მკვლელობა? როგორც მეზობლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ეს იყო მკვლელობა და ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

- ჯერჯერობით, ჩემი აზრის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. ფაქტია, ჩვენი გოგო მკვდარია და ის იმ ოჯახში გარდაიცვალა, სადაც წესით, ახლა ბედნიერებით უნდა ტკბებოდეს. ნათია მოკლეს... ვთხოვ ყველა ემიგრანტს ბარსელონაში, არ დაიღალოთ, არ დანებდეთ და ისევე ვიბრძოლოთ სამართლის აღსრულებისთვის, როგორც ესპანელი ქალები იბრძვიან ჩვენი გოგოს გამო და ყოველდღე დგანან მკვლელობის ადგილზე ოცდაოთხი საათი.

ჩვენ ვესაუბრეთ პოლიციას. ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ვიდრე მოწმეები გამოჩნდებოდნენ, საქმის გამოძიება მიდიოდა სუიციდის მუხლით, ახლა კი გადაკვალიფიცირდა და დღეს საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით, ბრალდებული ბექა კი მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში და ის გირაოს გადახდით არ გათავისუფლდება - იქამდე დარჩება იქ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და მისი უდანაშაულობა არ დამტკიცდება ან ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

836a399e-71af-4633-9c6a-de1e6d7a40cd-1718470577.jpg

ადგილობრივი პრესის ცნობით, გარდაცვლილის სხეულზე აღმოჩენილია ძალადობის კვალი (სილურჯეები), რასაც პოლიცია არ გვიდასტურებს. ისინი ამბობენ, რომ გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებენ.

ამოღებულია გარდაცვლილის ტელეფონი და ყველა პირადი მიმოწერა, რაც სავარაუდოდ, ძალიან დაეხმარება პოლიციას საქმის სწორად გამოძიებაში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამთავრობო დელეგატმა და კარმენ მარტინეს პერეზმა დაგმო ქალზე ძალადობა და მოუწოდეს ინსტიტუტებს, ადმინისტრაციას და საზოგადოებას, გააერთიანონ ძალები, რადგან გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისათვის დახარჯული უზარმაზარი რესურსისა და დროის მიუხედავად, დისკრიმინაციული ხასიათის მქონე დამკვიდრებული სოციალური ნორმებისა და ტრადიციების გამო, ქალები და გოგონები კვლავაც განიცდიან ძალადობას სხვადასხვა ფორმით. მიმდინარე წელს ესპანეთში პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ მოკლულია 12 ქალი. ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა გლობალური უბედურებაა და სამწუხაროდ, მსოფლიოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევად რჩება.

ფიქრია რობაქიძე,

ჟურნალის "გზა" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონაში