"ყველაზე მძიმე საბრძოლო მოქმედებების ზონაში ცხოვრებაა..." - გზაპრესი

"ყველაზე მძიმე საბრძოლო მოქმედებების ზონაში ცხოვრებაა..."

აქაურობას აგრესორი რუსეთი შეუჩერებლად უტევს. ჩვენი სამხედროების თქმით, სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია... ოლქიდან ხალხის, როგორც ორგანიზებული, ასევე ინდივიდუალური ევაკუაცია არ წყდება. რუსეთი ამ ტერიტორიასაც ებღაუჭება და თუ რამე არ შეიცვალა, მასაც დავკარგავთ..." - ამბობს ჟურნალ "გზასთან" საუბარში ხარკოველი სერგეი სიდკო.

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვისა და მისი ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვოლჩანსკის მიმართულებით, ქალაქ სუმიზე რუსეთის არმიის იერიშები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრესორის შემოტევას იგერიებენ. მათივე თქმით, ამისთვის რამდენიმე ადგილიდან ძალების მოხსნა და ხარკოვისკენ გადმოტანამაც მოუწიათ, მაგრამ ღირდა...

სიდკოს თქმით, ორივე ქალაქი, ხარკოვი და სუმი რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და რუსეთს ბუფერული ზონის შექმნა ამ ტერიტორიაზე კომფორტულ უპირატესობას მისცემს. ამიტომაც, მათი სამხედროები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან და პოზიციებს არ თმობენ.

- მასწავლებელი ვარ, ხარკოვის ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლი. გაკვეთილები ხან ონლაინ გვაქვს, ხანაც სკოლაში მივდივარ, რაც ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია... რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინელი სამხედროების მაქსიმალურად შევიწროება უნდათ, რათა ჩვენმა ხალხმა დივერსიული და პარტიზანული რეიდები მოსაზღვრე ბელგოროდის და სხვა რაიონებში ვეღარ ჩაატაროს... არადა, ვიდრე რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განადგურების ბრძანება სრულყოფილად ამოქმედდება, ეს ერთადერთია, რაც რუსეთისთვის დისკომფორტის შესაქმნელად გვრჩება.

როგორც გაირკვა, რაოდენობრივი უპირატესობის მიუხედავად, არც მათ აქვთ ყველაფერი რიგზე - ამ მიმართულებაზეც არ ჰყავთ იმხელა ძალა, რომ ერთიანი შეტევით ვითარება გადატეხონ და ხარკოვი აიღონ. რუსეთის ძალებმა ბელგოროდთან მოსაზღვრე ქალაქ ვოლჩანსკზე ინტენსიური სახმელეთო შეტევა 10 მაისიდან დაიწყეს და ამ ხნის განმავლობაში უამრავი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა. არაფერს ვამბობ სამხედრო დანაკარგებზე. ვიცი, რომ მათი უამრავი სამხედრო, მობილიზებული თუ შვებულებაში წასული, გაქცევის გზებს გეგმავს, მაგრამ ჩვენ არ დავსხმივართ თავს, ისინი შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში.

- უამრავმა ადამიანმა დატოვა ხარკოვი. თავად არ გიფიქრიათ წასვლაზე?

- არა, ჯერჯერობით არ მიფიქრია. მოხუცი მშობლები მყავს, აქ ვმუშაობ, აქ ვცხოვრობ. დიახ, ბევრი წავიდა, მაგრამ ვიცი, რომ მათ შორის ბევრი არ არის ბედნიერი - შეიძლება ომს გაერიდო, ბომბების ხმა არ გესმოდეს, მაგრამ ის, რომ შენი სამშობლო ცეცხლის ალშია გახვეული, სულ თან გდევს, მასზე გეფიქრება. სამშობლო მხოლოდ მიწა და შენობები ხომ არ არის, მათიანები, უკრაინელი ხალხი დავრჩით აქ რუსული ბალისტიკური რაკეტების პირისპირ და მჯერა, რომ ეს მათაც აწუხებთ. ზოგს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, ზოგსაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს. ომის პირისპირ ცხოვრება იოლი არ არის, ყველას არ შეუძლია რამდენიმე დღე უშუქოდ იჯდეს ტყვიების ზუზუნში. ომს ან ეჩვევი, ან ვერა... ვფიქრობ, ევროპაც გვიან, მაგრამ თანდათან ფხიზლდება - წინააღმდეგ შემთხვევაში, ასობით ათას უკრაინელ ლტოლვილს, ახალ-ახალ ტალღას არ მიიღებს... ჩვენ ომს შევეჩვიეთ. ხანდახან, როდესაც ამინდი გვიწყობს ხელს, პარკებშიც გავდივართ, სადაც ერთმანეთს ვნახულობთ, ჩვენს მოსაზრებებს ვუზიარებთ.

- პარკებში სეირნობა საშიში არ არის?

- დიახ, არის ადგილები, სადაც საშიშია, ხელისუფლება და ადგილობრივი ადმინისტრაციები ამის შესახებ მუდმივად გვაფრთხილებენ, მაგრამ წარმოუდგენელი და შეუძლებელია სულ სარდაფში ვისხდეთ. თუ მასობრივი შეტევა არ არის, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ანეიტრალებს რუსულ დრონებს... ომში ყველაზე მეტად ვსაუბრობთ იმედზე, გამარჯვებაზე, სიცოცხლეზე, სიყვარულზე, სხვა შემთხვევაში, ფიზიკურად კი არა, მორალურადაც გავნადგურდებოდით და მტერსაც ხომ ეს უნდა - შეგვაშინოს, გაგვტეხოს, საკუთარი მიწა-წყლიდან აგვყაროს, სადაც შემდეგ კოლაბორაციონისტებს დაასახლებს. ასე იქცევა ჩვენს მიწებზე, რომლებიც ბოლო წლებში წაგვართვა ყირიმში, დონეცკში, ლუგანსკსა და მარიუპოლში. აშკარაა, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის გამწარება არ უჭირთ. როგორც ყოველთვის, ახლაც არ ერიდებიან სამოქალაქო ობიექტებს, საცხოვრებელ კორპუსებს. გამუდმებით ისმის საჰაერო განგაში, რაკეტებისა და ჭურვების ხმა. ვფიქრობ, ის პრობლემა, რომ აქამდე დასავლელი მოკავშირეები უფლებას არ გვაძლევდნენ მათ მიერ მიცემული შორი მოქმედების საარტილერიო იარაღი უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიებზე არსებული, რუსეთის სამხედრო ძალის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, ძალიან დიდი პრობლემა იყო. ამიტომაც შეიქმნა ე.წ. რუხი ზონა, ანუ ტერიტორია, რომელიც რუსეთის მხრიდან იბომბება, მაგრამ უკრაინის არმია საპასუხო ცეცხლს ვერ ხსნის. იმედია, ამ პრობლემის არსი გაიაზრეს და მიხვდნენ, რას ნიშნავს ჩვენებისთვის თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება.

საფორტიფიკაციო ზოლის არარსებობის გამო, თავდაპირველად უკრაინის არმია უკან იხევდა, ახლა ჩვენმა ბიჭებმა ზოლი გაამაგრეს. რუსებს გარკვეულ ზონებში წინსვლა აქვთ, რამდენიმე დასახლებული პუნქტიც მიიერთეს, ანუ ოჯახები გაყოფილია და მხოლოდ ინტერნეტით უწევთ კომუნიკაცია, მაგრამ იმედია, გერმანიის მიერ მოცემული თანხმობა, ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების გასანადგურებლად "პატრიოტის" გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ ომში ახალ მუხტს შეიტანს.

ლარს სვენსონ-ივარსენი:

- იმ ადგილთან ახლოს, სადაც მე ვცხოვრობ, თქვენი თამარ მეფის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიაა. საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავს, ომამდე - უფრო მეტი ჰყავდა. ახლაც ტარდება ღვთისმსახურება. მე ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი, საქართველო, თქვენი ტრადიციები... არაერთი ფილმი მაქვს ნანახი აფხაზეთის, სამაჩაბლოს, 2008 წლის ომზე, როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური. ჩვენ, საქართველოსა და უკრაინას თითქოს ერთი ბედი გვაქვს, დამოუკიდებლობის მიღების დღიდან საერთო მტრის წინაშე გვიწევს ბრძოლა... ქართველი ბიჭები ლომებივით იბრძვიან უკრაინის ომში, არაერთი შეეწირა კიდეც ოკუპანტთან ომს. მანამდე უკრაინელები აფხაზეთში იყვნენ ქართველების დასახმარებლად. მე ვიცი, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და მჯერა, რომ ამ საერთო სენს ერთად დავამარცხებთ, ორივე ქვეყანა იმსახურებს იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამისთვის დიდი მსხვერპლი გავიღეთ და უკრაინა დღემდე ღვრის სისხლს. ვიცი, ეს ყველაფერი მალე არ დასრულდება, მაგრამ აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით უნდა დამთავრდეს.

- ის ტაძარი, რომელიც ახსენეთ, 2022 წელს რუსეთის საჰაერო ძალების დაბომბვისას დაზიანდა.

- დიახ, ჩამტვრეული იყო ფანჯრები, კარი და ეკლესიის კედლები, დაზიანდა საეკლესიო ჭურჭელიც. ის 2012 წელს არის აშენებული. ეს ქართული ტაძარი არ არის. აქ ქართველები ცხოვრობენ, მაგრამ თავიანთი ტაძარი არ ჰქონიათ, განსხვავებით სომხებისგან - მათ აქვთ თავიანთი სალოცავი. არადა, როგორც ვიცი, ქართველები უფრო მეტნი არიან უკრაინაში. ზოგადად, ხარკოვი მრავალეთნიკურობით გამოირჩევა - აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ და რუსებიც, ისინი ძირითადად შერეული, რუსულ-უკრაინული ოჯახები არიან. ასევე, გერმანელები - ისინი, ვინც იქ წლების წინ ჩაასახლეს ისე, როგორც ჩემი წინაპრები. ახლა, ომის პირისპირ ცხოვრება ყველას გვიჭირს.

- ხარკოვის ოლქში აგრესორის შესაკავებლად, სარეზერვო ძალების მობილიზება მოხდა. რა ხდება ახლა თქვენთან?

- ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, სიმშვიდეა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათი შეჩერება შეძლეს. თუმცა, ომი გრძელდება. დროდადრო აფეთქების ხმა ინტენსიურად ისმის, მაგრამ ვუძლებთ. ძირითადად ბალისტიკური რაკეტებით გვიტევენ. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები მუშაობს... ამას წინათ ჰიპერმარკეტზე მიიტანეს საავიაციო დარტყმა, რა დროსაც დაიღუპა სულ მცირე, 16 ადამიანი და 43 დაიჭრა... როგორც გაირკვა, მართვადი საავიაციო ბომბებით მიიტანეს იერიში. დარტყმის შედეგად გაჩენილ ხანძარს 16 საათზე მეტხანს აქრობდნენ...

ხან დენი არ გვაქვს, ხან წყალი, არაფერს ვამბობთ ინტერნეტსა და სხვა რამეებზე - რას ვიზამთ, ომია. ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, დენიც გვაქვს და წყალიც, მათ შორის, ცხელიც, შედარებით სიმშვიდეა. ამ პირობებშიც, ვიღაცები ტოვებენ აქაურობას და მიდიან. მათიც გვესმის.

- სამხედრო პირი ხართ?

- არა, მე არ ვარ სამხედრო. შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვამაც არ მომიწია, მაგრამ იმ მძიმე დღეებში მოხალისე ვიყავი. ორი წლის წინ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ დამაჯილდოვა კიდეც ამისთვის. მაშინ ომი ახალი დაწყებული იყო, ძალიან მძიმე დღეები გვედგა. მე და ჩემს მეგობრებს პროდუქტები გადაგვქონდა და მშვიდობიან მოსახლეობას ვურიგებდით. ზოგი ადგილზე მოდიოდა და ვაძლევდით. მხოლოდ პროდუქტი არა, იყო ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები, ანუ ყველაფერი, რაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სჭირდებოდa. მე გერმანელი საზოგადოების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ვიყავი. სხვათა შორის, ვინაიდან მე შვედურ-გერმანული წარმომავლობა მაქვს, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრიც ვარ. როგორც გითხარით, ჩვენთან, ხარკოვში არაერთი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ომამდეც ძალიან მშვიდობიანად ვიყავით და ახლაც ასე ვაგრძელებთ - ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. ჩემ გარშემო უამრავი ადამიანი მუშაობს მოხალისედ - ტვირთავენ და ცლიან ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც შემდეგ სხვები არიგებენ.

- ელოდით, რომ რუსეთი ასეთ მასშტაბურ ომს დაიწყებდა?

- 50/50-ზე... არ მინდოდა ამის დაჯერება, რომ რუსეთი თავს დაგვესხმებოდა, მაგრამ მიამიტი აღმოვჩნდი. 2022 წლის თებერვლის ბოლოს, როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა, პანიკა გვქონდა. ხალხმა სახლების, ქალაქების დატოვება დაიწყო. დროთა განმავლობაში ყველაფერს ეჩვევა ადამიანი, მათ შორის, ომსაც და სიკვდილსაც, მაგრამ მაშინ პირველი ეიფორია იყო და ყველას გვეშინოდა.

lars4-1718608972.jpg

- თავად არ გიფიქრიათ წასვლაზე? როგორც მითხარით, შვედურ-გერმანული წარმომავლობა გაქვთ...

- დიახ, ჩვენი თანამემამულეები, როგორც უკრაინაში, ასევე მთელ საბჭოთა სივრცეში იყვნენ გაფანტული. აქ ბევრი გერმანელი ყაზახეთიდან ჩამოვიდა, კონკრეტულად ჩემები - ლატვია-ესტონეთიდან ჩასახლდნენ ხარკოვში... გერმანული დიასპორის წარმომადგენლობა ყველგან დადის, ყველა ქვეყანაში, აფხაზეთშიც კი, უკრაინის გარდა. აქ არ ჩამოდიან, ომია და არ რისკავენ, არადა, ვალდებული არიან ეს გააკეთონ. ძალიან ბევრს უნდოდა გერმანიაში დაბრუნება, მაგრამ საქმე ის არის, რომ გერმანიაში არ არსებობს რეპატრიაციის პროგრამა. არც ვფიქრობ ამაზე, უკრაინაში ვცხოვრობ და ამ ომში იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ ზოგადად ვამბობ - გერმანიისთვის, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოში ფლაგმანია და სამაგალითო ქვეყანა, თითქოს არც ვარსებობთ... არადა, სხვა ერებს, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების უფლება აქვთ. ასე ხდება ისრაელში, თურქეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში... ყველგან არსებობს რეპატრიაციის პროგრამა და დაბრუნების მსურველები ამით სარგებლობენ კიდეც... გერმანელები კი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, დღემდე სტალინის დროინდელ დასახლებებში ცხოვრობენ. რატომ? - გაუგებარია... იმედია, რუსეთი ვერ შეძლებს ხარკოვის აღებას.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ჩვენი სამხედროების შემართება. ბოლო ხანებში ხარკოვის გასამაგრებლად დიდი ძალის მობილიზება მოხდა. უკრაინისთვის ეს მნიშვნელოვანია. ყველაფრის მიუხედავად, ხარკოვში შეძლებისდაგვარად მუშაობს თითქმის ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება, საავადმყოფოები, ჰოსპიტლები, სამედიცინო პუნქტები. თუ ინტენსიური დაბომბვა არ არის, მუშაობს სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები. სკოლები და საბავშვო ბაღები ძირითადად ონლაინრეჟიმში არიან.

- ხარკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?

- დედ-მამასთან, ჯერჯერობით ცოლ-შვილი არ მყავს... მშობლები დასაქმებული არიან და მეც ვმუშაობ. ომია, მაგრამ ცხოვრება მაინც გვინდა, სამსახური ამ მძიმე პერიოდის გადატანაში გვეხმარება.

- რა არის ყველაზე მძიმე?

- საბრძოლო მოქმედებების ზონაში ცხოვრება ოჯახთან ერთად. როდესაც ბალისტიკური რაკეტებით გიტევენ, შენი თავი არც კი გახსოვს, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ შენს მშობლებს, საყვარელ ადამიანებს არაფერი დაემართებათ... ერთხელ, მოხალისედ მუშაობისას იმდენი ადამიანი მოგვაწყდა, რომ ერთ დღეში ორჯერ მოგვიწია საწყობში წასვლამ, რომ დახმარება ყველასთვის საკმარისი ყოფილიყო. ეს ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის, რადგან ჩემს ხალხს ვეხმარებოდი, მე და ჩემი მეგობრები მათ აქ დარჩენის ძალას, იმედს ვაძლევდით.

ლალი პაპასკირი