აწეწილი ნერვები - გზაპრესი

აწეწილი ნერვები

ერთია, როგორ ჭაობში მიათრევენ ქვეყანას და მეორეა ქვეყანაში გამეფებული ტერორი. ფაქტობრივად, დღე არ გავა, ხელისუფლების დაქირავებულმა "ტიტუშკებმა" რომელიმე აქტივისტს არ სცემონ. რამდენიმე დღის წინ სტუდენტ ნიკო მანაგაძეს სცემეს დღისით, მზისით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. სწორედ ის აორგანიზებდა პროტესტს ირაკლი კობახიძის ლექციების დროს. ამ ამბიდან ორი დღე არ იყო გასული, უკვე "სირცხვილიას" აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს დაესხნენ თავს.

წინა კვირებში რაც ხდებოდა, ეს კარგად იცით, რამდენ პოლიტიკოსს და აქტივისტს სცემეს უმოწყალოდ. შეიძლება, რომელიმე გულუბრყვილომ იკითხოს, იქნებ ხელისუფლება არ დგას ამ თავდასხმების უკანო. ამაზე მარტივი პასუხი არსებობს: მაშინ გამოიძიონ და თავდამსხმელები დაიჭირონ. ფაქტობრივად, ყველა ამ თავდასხმაში მონაწილეთა ვინაობა ცნობილია, რადგან ბევრი მათგანი კამერაზეა გადაღებული, მაგრამ აქამდე ხელისუფლებას არც ერთი არ გამოუძიებია, სამაგიეროდ, სასწრაფოდ დააკავეს ხულიგნობის მუხლით გოგონა, რომელმაც დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს აეროპორტში მონა ეძახა. შესაბამისად, სწორედ ის ფაქტი, რომ აქამდე არც ერთი მოძალადე არ დასჯილა, გვაძლევს საფუძველს, გადაჭრით ვამტკიცოთ, რომ ამ ტერორის უკან ხელისუფლება დგას.

უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რაიმე თავდაცვის საშუალება ვიყიდო და ქუჩაში ისე ვიარო: ან ბეიsბოლის ჯოხი, ან რამე ასეთი. გაზის პისტოლეტის ყიდვას ვფიქრობდი და მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება კანონს ცვლის და მისი ტარების ნებართვაც უკვე პოლიციისგან დაგვჭირდება, ანუ ეტყობა, ბევრმა დაიწყო შეძენა და ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინა. "ნაცების" დროსაც კი არ მიფიქრია იარაღის ყიდვა. ასეთი ვითარება შექმნა დღევანდელმა ვითომ "ჰუმანურმა" ხელისუფლებამ ქვეყანაში.

მოვითხოვ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების წინ დადოს პირობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის ყველა მოძალადეს, ვინც ამ დღეებში ხალხს ატერორებდა; იქნება ეს უბრალო "ტიტუშკა", თუ ძალოვანი უწყების თანამშრომელი და არ მოიქცევა ისე, როგორც "ოცნება" მოიქცა, როცა ძალოვან უწყებებში მოკალათებული "ნაცების" დროინდელი ყველა წვრილფეხა თუ მსხვილფეხა მოძალადე გადაიბარა და შეიფარა. მაშინ ბევრს უკვირდა, რატომ არ სჯის "ოცნება" მოძალადე პოლიციელებს ან პროკურორებსო და აგერ გამოჩნდა, რატომაც არ დასაჯა. მასაც სჭირდება ასეთი ხალხი.

ეს ხელისუფლება მოძალადის სახელს ვeღარასდროს მოიშორებს და შესაბამისად, აქეთა მხარეს მართებს მეტი სიფრთხილე და ჭკუა. ხელისუფლების წარმომადგენლების სახლებთან "მოღალატის" და სხვა წარწერების გაკეთება, გარდა იმისა, რომ ზოგადად არასწორი მგონია, ხელისუფლება ასეთ დროს ცდილობს, თავის მომხრეებს აჩვენოს, რომ აქ ჩმორი არავინაა და მას შეუძლია უფრო ბრუტალურად პასუხების გაცემა. შედეგად ვიღებთ ძალადობების სერიას, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოუსწორებელ დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ თქვენ უნდა გამოიჩინოთ კეთილგონიერება და პროტესტის ერთადერთ ფორმად დაამკვიდროთ მშვიდობიანი მრავალათასიანი აქციები, რაც აქამდე კარგად გამოგდიოდათ.

ხელისუფლების ხელში ძალადობის კიდევ ერთი იარაღია პროპაგანდის მძლავრი მანქანა. მაგალითად, ლამის ყოველდღე გაუჩერებლად გვიმეორებენ, დასავლეთს და ოპოზიციას, აქ "მაიდნის" მოწყობა უნდათ და ხომ გახსოვთ, ამას მერე რა მოჰყვაო. თან ჰგონიათ, მაგარ რამეს ამბობენ, ანუ უკრაინის ბედის გაზიარებით გვემუქრებიან, არადა, მათი დამრიგებელი ამით საკუთარ თავს აყენებს იანუკოვიჩის გვერდით; ფაქტობრივად გვეუბნება, რომ ის ქართველი იანუკოვიჩია და მისი გაშვების შემთხვევაში პუტინი ქართველებზე შურს იძიებს... საქართველოში "მაიდანი" და რევოლუცია ნამდვილად არ იქნება, რადგან ახლოა არჩევნები და ყველა ამბობს, რომ საბოლოო მიზანი სწორედ 26 ოქტომბერია.

ამ ფონზე ირაკლი კობახიძე გერმანიაში ჩადის "უკრაინის აღდგენის ფორუმზე", სადაც ზელენსკიც იქნება. საინტერესოა, რა უნდა თქვას იქ კობახიძემ, ჩვენ ყველაფერში დამნაშავედ უკრაინის დღევანდელი მთავრობა და დასავლეთი გვგონია, სიტყვა "უკრაინიზაციას", როგორც საკუთარი ქვეყნის განადგურების ეპითეტს, ისე ვიყენებთ და ახლა ჭკუა უნდა დაგარიგოთ, როგორ უნდა აგეცილებინათ ომიო?! რა თქმა უნდა, ამას არ იტყვის. იქ სულ სხვანაირად აჭიჭიკდება, მაგრამ უკრaინელებს ხომ ყველა მისი სიტყვა კარგად ახსოვთ. საინტერესოა, გაბედავს თუ არა შეხვდეს ზელენსკის (ეს სტატია რომ დაიბეჭდება, ამ კითხვებზე პასუხი უკვე გეცოდინებათ)...

P.S. თუმცა ზელენსკისთან შეხვედრას რა უჭირს, მთავარია, ოლივერ ვარჰეის არ გადაეყაროს სადმე. ირაკლი კობახიძეს ორი დაუძინებელი მტერი ჰყავს: ოლივერ ვარჰეი და ქარი. ვარჰეი იმიტომ, რომ როგორც თავად ამტკიცებს, მკვლელობით დაემუქრა და ქარი კიდევ ერთნაირად უწეწავს თმას და ნერვებს. ამიტომ ვილოცოთ, ბერლინში არ იყოს ვარჰეი და არ იყოს ქარი.