"მგონი, დედაჩემს არ მოვწონვარ, სულ მიყვირისო..." - გზაპრესი

"მგონი, დედაჩემს არ მოვწონვარ, სულ მიყვირისო..."

ესმა ონიანის სახელობის სტუდიის მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა... წლებია, რაც თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში ეს სტუდია ფუნქციონირებს. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი უნივერსიტეტის რექტორის - არქიმანდრიტ ადამის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, რომელიც უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად, ხელს უწყობს სოციალური მსახურების იდეის განხორციელებას... სტუდიაში შექმნილია მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამები, სამუშაო გარემო, მატერიალური რესურსები, რომლებიც მონაწილეთა მრავალფეროვან ინტერესებსა და შესაძლებლობებს ემსახურება. 2024 წელს უნივერსიტეტმა თავისი საქმიანობა გააფართოვა - სასწავლო ციკლებში სკოლის მოსწავლეები ჩართო. ისინი სტუდიაში შეისწავლიან ხაზვას, ფერწერას, კომპოზიციას, ძერწვას, კერამიკის, შუშისა და სხვა მასალის ნაკეთობების მოხატვას, დიზაინს და ა.შ. მოსწავლეებმა მესხურ დარბაზში ნახევარწლიანი მუშაობის შედეგი წარმოგვიდგინეს...

მაია კაციტაძე, ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო სტუდიის პედაგოგი:

- სტუდიაში სოციალურად დაუცველებსაც ვასწავლით... დღევანდელი გამოფენა 6 თვის შრომის შედეგია - სტუდია იანვარში ჩამოყალიბდა. შემაჯამებელი გამოფენა მოვაწყვეთ. პლუს, ნახატები მამა ადამის ლექსებს მივუძღვენით - დარბაზის 1 კედელი მისი ლექსების ილუსტრაციებს ეკუთვნის.

- როგორ აფასებთ ბავშვების ნამუშევრებს?

- კარგ შედეგებს ველოდით, რადგან ბავშვებთან მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება გვაქვს. მათთან მუშაობა ძალიან გვიყვარს. ვიცოდით, რომ აუცილებლად კარგ შედეგს "დავდებდით" და ასეც არის. ბავშვებმა ისწავლეს ფერებთან მუშაობა, კომპოზიციის შექმნა. პლუს, მამა ადამის ლექსებს რომ ვკითხულობდით, ვიაზრებდით, გარკვეულ ეპიზოდებზე ერთად ვმსჯელობდით - რა შეიძლებოდა ნახატში აგვესახა და რა - არა. ამ მუშაობამ მოსწავლეების აზროვნებასაც ხელი შეუწყო. ბავშვების ფსიქიკაზე ფერებიც ახდენს გავლენას. მაგალითად, ბავშვი, რომელიც სტუდიაში მოდის და ნახატები სულ მუქ ფერებში აქვს შესრულებული, წლის ბოლოს უკვე "ფერადდება" - ხატვისას ნათელ ფერებს იყენებს, რაც ფსიქოლოგიაზეც მოქმედებს. ხშირად სახტად დავრჩენილვარ, ბავშვებს ისეთი რაღაცები გაუკეთებიათ. ზოგჯერ მოსწავლე ოჯახში ბულინგის მსხვერპლია. ის ამას არ ამჟღავნებს, მაგრამ ნახატებში გადმოსცემს ხოლმე. მაგალითად, დედიკოს პორტრეტი ჰქონდათ დასახატი. ერთმა ბავშვმა დახატა დედა, შეჭმუხნილი წარბებით, დიდი, მრგვალი პირით და წვეტიანი კბილებით. რომ შევხედე, შემეშინდა, გამიკვირდა... ვუთხარი, - რა კარგია. დედიკო ასე რატომ დახატე-მეთქი? მიპასუხა, - მგონი, დედაჩემს არ მოვწონვარ, სულ მიყვირისო... დედებს თავიანთი შვილები უყვართ, მაგრამ ბავშვები ყვირილს, უხეშად ნათქვამს ზრდასრულ ადამიანებზე ათჯერ მძაფრად აღიქვამენ. ამიტომ პატარებთან ცოტათი ფრთხილად უნდა ვიყოთ...

- ასეთ სიტუაციებში როგორ იქცევით?

- ვერ ჩავერევი, მშობელს ჭკუას ვერ ვასწავლი, თუ როგორ მოექცეს შვილს, მაგრამ ხშირად ბავშვებს დედის საქციელს განვუმარტავთ და ვეუბნებით, რომ მშობლებს ისინი ძალიან უყვართ, მათზე უკეთესი არავინ ჰყავთ. რატომღაც, პატარები ჩვენთან ძალიან "იხსნებიან"... ჩემთან ერთად, კიდევ ერთი პედაგოგი - ქალბატონი იზოლდა თავაძე მუშაობს. ამჯერად გამოფენაზე დაახლოებით 60 ნამუშევარია წარმოდგენილი...

ანიტა კახიანი, 5 წლის:

- ჩემი უფროსი დაიკო ხატავდა და ამის სურვილი მეც გამიჩნდა. მასწავლებლები ყოველთვის ამბობენ, რომ ფერებს კარგად ვარჩევ. სახლშიც ხშირად ვხატავ და ვმღერი. ხატვაზე სიარულზე ვოცნებობდი. მშობლებმა დაბადების დღეზე საჩუქარი გამიკეთეს და 1 თვე იზა მასწავლებელთან მატარეს. 4 ნახატი შევქმენი. გოგოც დავხატე, რომელსაც ხელში ბუშტი უჭირავს, მაგრამ ის ნახატი სახლში მაქვს. გამოფენაზე "შაშვი და ეკლესია" გამოვიტანე. მის დახატვაში მასწავლებელი დამეხმარა. ჩემთვის ეს პირველი გამოფენაა. ნახატი მამაოს ლექსისთვისაც დავხატე... ფანქრებით ხატვაც მიყვარს და პლასტილინითაც ვძერწავ. ჯერ სკოლაშიც არ დავდივარ. საბავშვო ბაღშიც მახატვინებენ ხოლმე. იქ კურდღელი დავხატე. მასწავლებელს მოეწონა და მითხრა, - ნამდვილი მხატვარი ხარო! მომავალში მხატვარი უნდა გავხდე და პოლიციელიც... გამოფენაზე დედასა და დაიკოსთან - მარიამთან ერთად მოვედი...

მარიამ კახიანი, 7 წლის:

- თავდაპირველად სახლში ვხატავდი. დედას ვთხოვე, ხატვაზე შევეყვანე... შემდეგ მასწავლებელი მეხმარებოდა, მასწავლიდა... მერე დამოუკიდებლად დავიწყე ხატვა. გამოფენაზე 4 ნამუშევარი წარმოვადგინე. ერთ-ერთზე დედიკო დავხატე. ძალიან მოეწონა. ძველი თბილისიც დავხატე, ასევე - სააღდგომო ნახატი... "დათვი და გოგონა" მამა ადამის ლექსის მიხედვით შევქმენი...

ელენე ჩითინაშვილი, 7 წლის:

- 5 წლამდე ძალიან კარგად ვხატავდი. დედამ გადაწყვიტა, ხატვაზე შევეყვანე. მინდოდა, სტუდიაში უფრო მეტი მესწავლა. გამოფენაზე წარმოვადგინე "ბროწეულები და დამჭკნარი ფოთლები", "მეტეხის ტაძარი"... ასევე, გოგონა დავხატე, რომელიც მდელოზეა: ერთხელ ცას და ღრუბლებს რომ შევხედე, მინდორზე მომინდა გოგონა დამეხატა... მხატვრობას ვაპირებ. კიდევ, სიმღერა და ცეკვა მაინტერესებს... გამოფენაზე ჩემს საგულშემატკივროდ დედიკო და ბებია არიან. მათ ჩემი ნახატები ნანახი ჰქონდათ, მაგრამ მაინც მოვიდნენ და მგულშემატკივრობენ...

ec0a4d96-25dd-4760-8944-4991340fccf5-1718609546.jpg

არქიმანდრიტი ადამი:

- 12 წლის წინ, ჩვენს უნივერსიტეტში, ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო სტუდია დავაფუძნეთ. ერთი მხრივ, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ესმა ონიანი ძალიან ცნობილი მხატვარია, მაგრამ მისი სახელობის არაფერი იყო საქართველოში. სტუდიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უამრავი ხალხი ესწრებოდა: ხელოვნებათმცოდნეები, მხატვრები და ა.შ. ვიფიქრეთ, რომ სტუდიას მხოლოდ გამოფენები არ მოეწყო და 2 ჯგუფი (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების) ჩამოვაყალიბეთ, რათა ერთგვარი სოციალური მისია შეგვესრულებინა. მადლობა ღმერთს, ჩემი ძველი მეგობარი - დათო თოთიბაძე გამოჩნდა, რომელსაც სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა - 60-იანი წლებიდან მოყოლებული, მხატვრობის ცოცხალი მატიანე გახლავთ. თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა. ვისაც სურვილი აქვს, ყველას შეუძლია, კვირაში 3-ჯერ სტუდიაში მოვიდეს და შეისწავლოს სახვითი ხელოვნების საფუძვლები, რა არის კომპოზიცია, როგორ იმუშაოს ფანქრით, საღებავებით და ა.შ. გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფს რაც შეეხება, ეს ძალიან მინდოდა, რადგან მსურველებმა ნივთების კეთება დაიწყეს. ბევრისთვის ეს საშუალება იყო, რომ ხელნაკეთი ნივთები გაეყიდათ და შემოსავალი ჰქონოდათ. ეს იყო ჩვენი სოციალური კონტრიბუცია... ჩვენთან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც დადიოდნენ... 2024 წლის დასაწყისში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. მათ სამხატვრო სკოლაში მუშაობის კარგი გამოცდილება ჰქონდათ. ეს პედაგოგები და ბავშვები ჩვენთან სიხარულით დავპატიჟეთ, სკოლის მოსწავლეებისთვის ხელოვნების საფუძვლები რომ გვესწავლებინა...

დღეს დაღლილი ვიყავი და ბავშვებს ისე ვერ მოვეფერე, როგორც მინდოდა (იღიმის). არაჩვეულებრივი, უსაყვარლესი მოსწავლეები არიან... ჩემი ლექსების მიხედვით ნახატების შექმნას რაც შეეხება, ეს ჩვენგან დაფარული პროცესი იყო. მასწავლებლები რომელ ლექსებსაც საბავშვოდ მიიჩნევდნენ, მოსწავლეებს უკითხავდნენ, აზრს ეკითხებოდნენ - რა დაიხსომეს, რა აღიქვეს, ნახატში რისი ასახვა შეეძლოთ... ჩემთვის ბავშვების ნამუშევრები უფრო საინტერესოა, ვიდრე პროფესიონალი ილუსტრატორების. პროფესიონალმა ნამუშევრის ლამაზად, კარგად შექმნა იცის, ბავშვი კი მოულოდნელობებითაა სავსე - არ იცი, რაზე გააკეთებს აქცენტს. მაგალითად, ლექსი - "დათვი" ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული: ქობულეთში, სასტუმროს აივნიდან დავინახე ქალბატონი, რომელსაც ჭილოფის ქუდი ეხურა და დათვის ყბააკრული ბელი დაჰყავდა. ვისაც ბელთან ერთად ფოტოს გადაღება სურდა, იღებდა... ლექსი იმის თაობაზე დავწერე, თუ როგორ იყენებენ ბელს სათავისოდ და დათვს, რომელიც ძლიერი ცხოველია, ასე ჩაგრავენ... აქ ცოტა ალეგორიაცაა, რომ შეიძლება, ადამიანმა ამ ცხოვრებაში თავისი მისიის განხორციელება ვერ მოახერხოს... მივმართავდი ბელს - არ დაგავიწყდეს, რომ შენ დათვი ხარ და ერთ მშვენიერ დღეს ამ ყველაფერს თავს დააღწევ-მეთქი. საინტერესოა, რომ ამ ლექსის წაკითხვისას ბავშვის გონება იმან მიიტაცა, რომ ზღვის პირას ახალგაზრდა ქალი დათვთან ერთად დგას - პატარამ თავის ნახატში აბსოლუტური ჰარმონია "წამოსწია წინ" (იღიმის). ნახატი რომ დავინახე, ცოტათი შევცბი, ისეთი კარგი გამოვიდა - ნამუშევრიდან სინათლე "წამოვიდა"... ნებისმიერი ნაწარმოების შემოქმედს თავისუფლება უნდა მისცე. მთავარია, მისი სული ხარობდეს. დღეს დავინახე, რომ ჩვენს ძვირფას მოსწავლეებთან მეტი კონტაქტია საჭირო. პედაგოგობა ძნელია - ბავშვებს უნდა შეეწირო... ერთ ამბავს გავიხსენებ: შობის დღესასწაულის პერიოდში, ნაძვის ხის ძირში კანფეტები, შოკოლადი მოვფინე. ეტყობა, ბავშვები კანფეტებს იღებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ნაძვის ხის ერთ-ერთ ტოტზე წერილი დამხვდა - დიდი მადლობა კანფეტებისთვისო და გვარ-სახელი იყო მიწერილი. თითქოს ეს არაფერია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ბავშვმა საჭიროდ მიიჩნია, მადლობა გადაეხადა. ეს გოგო-ბიჭები ამ ცხოვრებას ახალისებენ. მგონი, ამ ბავშვების მადლიერები უნდა ვიყოთ - მათ ისეთი სხივი, ენერგია და სინათლე შემოიტანეს, რაც ჩვენ გვჭირდება...

ეთო ყორღანაშვილი