"სასიამოვნო პროცესია მუსიკალური ნაწარმოების ტილოზე გადმოტანა"
ეს არ იქნებოდა მიუწვდომელი. მინდოდა სიამოვნება მიეღოთ ხატვის სწავლის პროცესით და ფერებთან ურთიერთობით დამტკბარიყვნენ", - ამბობს მხატვარი ანა მამისაშვილი, რომელიც ხატვის თერაპიულ მხარეზე გვესაუბრება.
- მუსიკოსების ოჯახში დაიბადე, გაიზარდე და ალბათ შენც მუსიკოსად გზრდიდნენ. როდის გადაწყვიტე, რომ მხატვარი უნდა გამხდარიყავი?
- ალბათ მხატვრობა ჩემი სულიერი მდგომარეობა იყო, ხატვის ტექნიკის სწავლა კი 18 წლის ასაკში დავიწყე. დიახ, ჩემი ოჯახის წევრები მუსიკოსები არიან - დედა მუსიკათმცოდნე, მამა და ბაბუა - კომპოზიტორები, ბებია - სოლფეჯიოს პედაგოგი, მუსიკათმცოდნე, დეიდა - მევიოლინე. ჩემშიც თითქოს მუსიკოსს ეძებდნენ. ხატვას რომ ვახსენებდი, წარმოუდგენელი იყო ყველასთვის. ამიტომ ბავშვობაში ვწერდი, ჩემს ემოციებს ფერებში ვხედავდი და სიტყვებით გადმომქონდა. ბებია დედის მხრიდან ფილოლოგი იყო და ფიქრობდა, რომ მის საქმეს გავაგრძელებდი. ძალიან ბევრი მოთხრობა-ჩანახატი, ლექსი მქონდა, რომელთაც საგულდაგულოდ ვმალავდი. ის იყო ემოციების გადმოტანის კარგი საშუალება, თუმცა სულ მინდოდა ხატვის სწავლა. ფერებს ბგერებად და სხვადასხვა სურნელად აღვიქვამდი, ყოველ ემოციას სხვადასხვა დროს განსხვავებული ფერი და ფორმა ჰქონდა. მინდოდა ეს შთაბეჭდილებები ტილოზე გადმომეტანა. სკოლის დამთავრების შემდეგ აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, თუმცა არანაირი საფუძველი არ მქონდა ამისთვის, გარდა ჩემი ოცნებისა. მაგრამ მინდოდა მეცადა და გამეგო, შეიძლებოდა თუ არა ჩემი მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად ოცნება ამეხდინა. ძალიან მონდომებული ვიყავი. საკმაოდ რთული იყო პირველი ეტაპი, რადგან გონებაში არსებული ბარიერები უნდა გადამელახა. უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი პირველი მასწავლებლის, ია ფიცხელაურის, რომელსაც სჯეროდა ჩემი, მოთმინებით ეკიდებოდა ჩემს განცდებს და თანდათანობით ხელშესახები გახდა ეს სფერო. შრომისა და მოთმინების შედეგად, 9 თვეში აკადემიაში საკმაოდ მაღალი ქულებით ჩავაბარე. შემდეგი ეტაპებიც იყო სირთულეებით დატვირთული, თუმცა ამ პერიოდის გავლის შემდგომ გადავწყვიტე, ისეთი ხატვის კურსი შემექმნა, სადაც ყველას შესძლებოდა ხატვასთან კავშირი ჰქონოდა, ეს არ იქნებოდა მიუწვდომელი. მინდოდა სიამოვნება მიეღოთ ხატვის სწავლის პროცესით და ფერებთან ურთიერთობით დამტკბარიყვნენ; გადმოეტანათ ემოციები და შემოქმედებით პროცესში ჩართულებს დაევიწყებინათ ყოველდღიური პრობლემები, მოეხდინათ საკუთარი თავის რეალიზება შემოქმედებითი კუთხით. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ხშირად ჩემს შემოქმედებაზე წინ ვაყენებ მოსწავლეებთან ურთიერთობას.
- თუ არის გამორჩეულო სტილი ან მიმდინარეობა, რომელიც მოგწონს?
- ერთის დასახელება გამიჭირდება, ბევრი მიმდინარეობა მომწონს. თითოეულს თავისი ადგილი აქვს და ძალიან საინტერესოა. მიყვარს აღორძინების ეპოქის ნამუშევრები, ასევე იმპრესიონიზმი და აბსტრაქციონიზმი. ეს ის მიმდინარეობებია, რომელთა გამოვლისა და განცდის სურვილი მაქვს ხოლმე. როდესაც ამ სტილში ვქმნი რაიმე ნამუშევარს, თითქოს დროში ვმოგზაურობ. აღორძინების ეპოქიდან აღებული მაგალითები ხატვის სწავლის დროს საინტერესო ტექნიკების დამუშავებაში გვიწყობს ხელს. იმპრესიონისტული ფერწერა ბევრი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას გვაძლევს განათებისა და ფერების კვლევაში; აბსტრაქციონიზმი კი შეგრძნებების, გრძნობების, ემოციების გამოსახვის საშუალებას იძლევა და გვაჩვევს აბსტრაქციულ აზროვნებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადამიანის აზროვნებისთვის.
- ანა, რას აძლევს ადამიანს ხატვა?
- მხატვარი ქმნის ახალ სამყაროს, რომლის შემოქმედი თვითონაა. ასევე, ხატვა ერთგვარი აღსარებაა ავტორისთვის. თუ ის ინტუიციურად ხატავს, ყოველთვის გამოაქვს მთავარი, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გარეთ გამოტანა შვებას ჰგვრის. ის უზიარებს მთელ სამყაროს თავის ტკივილს ან სიხარულს, ემოციურ განწყობას. ყველაზე კარგ თერაპიად მაშინ ჩაითვლება ხატვა, როდესაც ის თავისი პრობლემების სუბლიმირებას მოახდენს და რესურსებად გადააქცევს, რადგან ტილოზე გადმოტანილი მდგომარეობა მას დაუბრუნდება და აავსებს. ასევე ხატვა სხვადასხვა ტექნიკითა და მასალით ეხმარება ადამიანს გამოიმუშაოს გარკვეული უნარები. შეიძლება მივამსგავსოთ მსახიობის როლებში შესვლას. თითოეულ მასალას და ტექნიკას, ფერთა კომბინაციას სჭირდება გარკვეული როლის მორგება, ამავე დროს წარმოიქმნება ახალ-ახალი ამოცანა, რომელთა ამოხსნაც მხატვარს დამოუკიდებლად უწევს. შეიძლება პარალელი გავავლოთ პრობლემებისადმი დამოკიდებულებასთან. თუ ნახატში მთელი არსებით ჩავეფლობით, ეს საკითხები რეალური და ძალიან მგრძნობიარე ხდება, შესაბამისად, ამ "პრობლემების" გადაჭრა და რთული სიტუაციიდან გამოსვლა, კიდევ ერთი საფეხურით გვწევს წინ და ზოგისთვის თავდაჯერებულობაზეც დადებითად მოქმედებს. თუ ამ ყველაფერს გავაცნობიერებთ და ამ თვისებებს რეალობაშიც გადმოვიტანთ, რთულ სიტუაციებში უფრო მოქნილებიც გავხდებით. ალბათ ხმამაღალ ნათქვამად ჩამითვლიან, რომ ხატვას ამდენი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ნამდვილად ასეა, თუ მას თერაპიის მიმართულებით წავიყვანთ. ასევე ოცნებების ვიზუალიზაციაშიც იყენებს ზოგი და მათ ახდენაშიც კი ეხმარება.
- უამრავი ფსიქოლოგიური კურსი გაქვს გავლილი. როგორ გგონია, ფსიქოლოგია გეხმარება ხატვაში თუ პირიქით?
- ბავშვობიდან მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში და რატომ იქცეოდნენ ისე, როგორც იქცეოდნენ. როგორ ყალიბდებოდა პიროვნება და რა აძლევდა მას თავდაჯერებულობის საბაბს. თუმცა ადამიანი საოცარი არსებაა, მისი შესწავლა ურთულესია. ფსიქოლოგიის შესწავლა მეხმარება როგორც მოსწავლეებთან ურთიერთობაში, ასევე ხატვაში. პორტრეტის შექმნისას ვიზუალს ბევრი საინტერესო ემოცია ეტყობა, რომლის აღქმასა და გადმოცემაში ინტუიცია, შეგრძნება, ხოლო პატარა დოზით თეორიული ცოდნაც მეხმარება. ასევე არტთერაპიული ტექნიკები, რომელთა დამუშავების შემდგომ ხატვა სხვა ეტაპზე გადადის, იხსნება ახალი შესაძლებლობების კარი და საინტერესო სამყაროები, რომელთაც აღმოჩენა საკუთარ თავში ახალ შემოქმედებით ტალღას წარმოშობს.
სხვათა შორის, სასიამოვნო პროცესია მუსიკალური ნაწარმოების ტილოზე გადმოტანა. საინტერესოა, რომ ერთი და იგივე მელოდია სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად აღიქმება და სრულიად განსხვავებული კომპოზიციები შეიძლება მივიღოთ როგორც ფერთა პალიტრით, ასევე ფორმებითაც. სტუდენტობის პერიოდში ხშირად ვხატავდი მსგავს კომპოზიციებს. ყველაზე მეტად კი შუმანის "ზმანებამ" იმოქმედა ჩემზე, რადგან სამჯერ დავხატე დაახლოებით ერთწლიანი, 3-წლიანი და რამდენიმეთვიანი შუალედით. სამივე ძლიერ განსხვავდება. მელოდიას აქვს დასაწყისი, განვითარება და დასასრული, ნახატში კი ეს თანამიმდევრობა ერთ დროში უნდა გადმოიცეს. ძალიან საინტერესო პროცესია.
რამდენიმე შემთხვევა მახსოვს, როდესაც არტ-თერაპიის ტექნიკების გამოყენების შემდგომ ადამიანის ფერთა პალიტრა შეიცვალა. მაგალითად გოგონას ნახატებში, რომელსაც მხოლოდ შავი და ლურჯის გამოყენების სურვილი ჰქონდა, თანდათანობით ემატებოდა ფერები, ბოლოს კი შავს თითქმის აღარ იყენებდა. ნახატები ფერწერული და სიხარულის მომტანი გახდა.
დღეს ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა პატარ-პატარა დისტრესით. ზოგი მეტად მგრძნობიარეა და განცდებიც ძლიერი აქვს. რაიმე საქმის მცირე დროში მოსწრებაც შეიძლება თავის ტკივილის მიზეზი გახდეს. ამ დროს რაიმე ჰობით განტვირთვა სასარგებლოა. ხატვა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამისთვის. ჩვენ გარშემო სამყარო ფერადია. თითოეულ ფერს თავისი ვიბრაცია აქვს, რომელიც ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ჩვენი ემოციებიც ფერებთან არის კავშირში. თუ ადამიანს რომელიმე ემოცია მოჭარბებულად აქვს, შესაბამისად, მას ემოციური ბალანსი დარღვეული ექნება, ამის დასაბალანსებლად სპეციალური არტთერაპიული ტექნიკები არსებობს, რომელიც ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობით სრულდება, თუმცა არტ-თერაპიის არსის გამოყენებით ხატვის პროცესშიც ხდება ფერთა ბალანსის დამუშავება. ვირჩევთ ფერთა იმ გამას, რომელიც ჩვენში მეტად დეფიციტურია და ასევე პოზიტიური შინაარსის სიუჟეტებს ვამუშავებთ. გარდა იმისა, რომ ფერები ჩვენზე დადებითად მოქმედებს, ასევე ვქმნით ფორმებს, ვეხებით სხვადასხვა სახატავ მასალას და ვართ შემოქმედები; რაც მთავარია, ჩვენი გონება არ დარბის არც წარსულში და არც მომავლის ფიქრებში, ვართ აქ და ამჟამად, რაც გვეხმარება განვიტვირთოთ, დავისვენოთ, შევქმნათ რაღაც ახალი.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფერებს აღიქვამენ ბგერებად, ანუ ესმით ფერები, სურნელს ხედავენ ფერებად... მათ სინესთეტიკებს ეძახიან. ასეთი ადამიანების დაკავშირება ხელოვნებასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი ამ უნარის გამოყენება მხატვრობაში ან მუსიკაში განსაკუთრებულად საინტერესო შედეგებს გვაძლევს. მკვლევრების აზრით, სინესთეტიკები დედამიწის მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ, მაგრამ საოცრად საინტერესონი არიან. თუმცა შემოქმედი და მგრძნობიარე ადამიანებიც უკავშირებენ ამ შეგრძნებებს ერთმანეთს, მათ შორის განსხვავება ისაა, რომ სინესთეტიკისთვის თითოეული ფერი კონკრეტულ ბგერასთან ან სურნელთან არის დაკავშირებული და მთელი ცხოვრების მანძილზე არ იცვლება, ხოლო ჩვენი ასოციაციებისა და ემოციების ცვლასთან ერთად, შეიძლება ბევრჯერ შეიცვალოს მათი თანხვედრა. ამ უნარის გამოყენება გვეხმარება საინტერესო აბსტრაქციების შექმნასა და განტვირთვაში. მხატვრობა მოგზაურობაა, თან იმ სამყაროში, რომელსაც თავად ქმნი.
ფსიქოთერაპიაში არის ცალკე განხრა - არტ-თერაპია, სადაც ხელოვნების საშუალებით ხდება ადამიანის სტრესებზე მუშაობა. ერთ-ერთი არის ხატვა. თუმცა აქ სულ სხვა პროცესები მიდის. ამ დროს ფსიქოთერაპევტთან ერთად ხდება მუშაობა, ხატვა, საუბრები, რომლის დროსაც ადამიანი თავად აცნობიერებს სტრესების მიზეზებს. სხვა არის ხატვა, როგორც ჰობი ან თუნდაც პროფესიული ხატვა. მასაც თერაპიული დატვირთვა აქვს, თუმცა განსხვავებული მოქმედების მექანიზმები გააჩნია. ესეც არის ძლიერი ინსტრუმენტი ემოციებთან სამუშაოდ, ბალანსისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად, ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც. მხატვრობის საშუალებით ისეთი განცდების გადმოტანაა შესაძლებელი, რომლის გადმოცემას სიტყვებით ვერ ახერხებს ადამიანი. გამოხატვის ეს ფორმა ყველაზე უსაფრთხოა და ამცირებს სტრესულ მდგომარეობას. ნახატზე მუშაობისას ჩვენი გონება ფოკუსირდება კონკრეტულ მოცემულობაზე, დეტალების დამუშავებაზე, რომლის დროსაც ყველა ყოფით პრობლემაზე ფიქრი ქრება და გონება ისვენებს, იძენს ახალ უნარებს, არის აქ და ამჟამად.
არტ-თერაპიის შესწავლის შემდგომ ჩემს მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდებში ჩავამატე თერაპიული კუთხით მიდგომა, რომელიც ძირითადად ბუნებრივად მიმდინარეობს და არ არის აქცენტირებული. ამისთვის ნახატთან მუშაობის სამი პრინციპი გამოვყავი: 1. ინტუიციური ნახატი; 2. ემოციების ტრანსფორმაცია და 3. სასწავლო ნახატი. სამივე სამუშაო ძალიან სასარგებლოა. ვფიქრობ, ყველამ უნდა გამოცადოს, ვისაც ხატვასთან აქვს შეხება. ხატვის სწავლის დროს ბევრი ბარიერის გადალახვა გვიწევს, ეს კი აძლიერებს ადამიანში თვითშეფასებისა და განწყობის ამაღლებას.
- აუცილებლად უნდა გკითხო ბებია-ბაბუაზე...
- ბებია-ბაბუას ურთიერთობა ჩემთვის სამაგალითო იყო. ისინი ყოველდღე შეყვარებულები იყვნენ. ოჯახში მხოლოდ სიყვარული და სითბო ტრიალებდა. ბაბუას - კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის მთავარი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი ძალა სიყვარული იყო, ლექსების კრებულსაც ასე დაარქვა - "მხოლოდ სიყვარული". ბედნიერი ვარ, რომ ამ ლექსების ილუსტრაციების შექმნა მომანდო. ის ასევე საოცარი პედაგოგი იყო. სულ სხვა სამყაროში ამოგზაურებდა თავის სტუდენტებს. მისი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ ყოველთვის სამაგალითო გახლდათ. ბებიაც პედაგოგია, მისთვისაც უდიდესი ბედნიერებაა მოსწავლეებთან ურთიერთობა. ასევე დედის მხრიდან ბებიაც პედაგოგი იყო (ფილოლოგი). ამ სამი ადამიანის მაგალითი მავსებს და მაბედნიერებს.
- შენი ოჯახიც გაგვაცანი, მეუღლე და შვილი...
- მეუღლე არქიტექტორია. ის ერთ-ერთ გამოფენაზე გავიცანი. ისიც ხატავს და ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს მისგან. როცა რაიმე ახლის ძიებაში ვარ, ყოველთვის სჯერა, რომ გამოვა, რასაც დავიწყებ. ჩემი შვილი 6 წლისაა და ჯერჯერობით დიდად არ ინტერესდება ხატვით. თუმცა ჯერ ალბათ ვერ გავიგებ. ვფიქრობ აუცილებლად მოუნდება, მაგრამ როდის, არ ვიცი. ზოგადად, ხატვის სწავლა სკოლის დაწყებიდან შეიძლება, თუმცა უფრო მსუბუქად, რათა ბავშვებმა შეძლონ შემოქმედებით პროცესებში საინტერესო აღმოჩენების გაკეთება. წესების ჩარჩოებში მოქცევა ვფიქრობ, არ ღირს. კანონები ცოტა მოგვიანებით უნდა გავაცნოთ, როცა უკვე არ იქნება საშიშროება იმისა, რომ შეიზღუდებიან. ბავშვებთან კიდევ უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. შვილის დაბადების შემდეგ საბავშვო თემატიკამ დამაინტერესა, სამი საბავშვო წიგნი და ორი ზღაპარი მაქვს ილუსტრირებული.
რუსუდან გელაშვილი