ეკა ბესელია: "დიდი იმედი მაქვს, რომ 2024 წელს საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება"
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობს საქართველოს უახლოეს მომავალზე პოლიტიკოსი ეკა ბესელია:
- ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა ყველა გააოცა. თქვენი აზრით, რატომ უპირისპირდებიან მმართველი პარტიის წევრები ასე მწვავედ დასავლეთს და რას მოუტანს ეს კონფლიქტი "ქართულ ოცნებას"?
- ძალიან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ანტიდასავლური რიტორიკა ყოველდღიურ მოვლენად იქცა. ისიც ნათელია, რომ ეს არის რუსული პოლიტიკის გაგრძელება საქართველოში. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ზუსტად იმ ენით, იმ ტერმინებით და დღის წესრიგით ელაპარაკებიან სტრატეგიულ პარტნიორებს, როგორც რუსული პროპაგანდის წარმომადგენლები. ეს არის ღია გალაშქრება საქართველოს მეგობრების წინააღმდეგ. გავა წლები და უპატიებელ, ისტორიულ შეცდომად ჩაითვლება ის, რომ ამგვარი საქციელით საქართველოს 30-წლიან მეგობრობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩრდილი მიადგა. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" დაავიწყდათ ამერიკისგან გამოწვდილი ხელი, რომელმაც საქართველო ურთულეს პირობებში, შიმშილობის ჟამს გადაარჩინა. დღეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს უწესებს "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებს, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი კრახია და სხვა არაფერი. რატომ აკეთებს ამას "ოცნების" ხელისუფლება? - ასეთია რუსეთის დღის წესრიგი. სხვა ახსნა მათ ქმედებებს და რიტორიკას უბრალოდ არა აქვს.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღებით, ხელისუფლებამ არანაკლებ სახიფათო "ოფშორების შესახებ კანონი" გადაფარა?
- რაც შეეხება კანონს "ოფშორების შესახებ", მართლაც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის "რუსული კანონით" გადაიფარა, თუმცა, ორივე ამ კანონს საზიანო შედეგის მოტანა შეუძლია. "რუსული კანონი" არასამთავრობო სექტორის საქმიანობაზე ცუდად აისახება და უარყოფით შედეგებს გამოიწვევს, ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს ის საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. "ოფშორების შესახებ კანონი" არანაკლებ რისკებს შეიცავს, რადგან ის საეჭვო კაპიტალის შემოსვლას შეუწყობს ხელს. ცხადია, ორივე კანონის მიღება და ამოქმედება რუსეთისთვის გაკეთებული საქმეა. ორივე ეს კანონი სახიფათოა და რა შედეგს მოგვიტანს, ჯერ კიდევ არ ვიცით. "ქართულ ოცნებას" რას მოუტანს? - ეს უკვე აშკარაა: ამ პოლიტიკურ ძალას ჰყავდა სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ახლა მის წევრებს ასანქცირებს - ეს არის მათი რიტორიკის შედეგი, რაც გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც დააზიანებს: სანქციები ამ სტრატეგიულ პარტნიორობას შეასუსტებს და მომავალ ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ის ზიანი გამოასწოროს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას მიაყენა. ფაქტობრივად, ეს არის ხელისუფლების კრახი, ფატალური შეცდომა, რომელიც მან არჩევნების წინ დაუშვა არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის წინაშე.
- ყველაფერს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის დასაცავად ვაკეთებთო, ამტკიცებენ...
- პირიქით, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ხარჯზე რუსეთის საამებელ პოლიტიკას ატარებენ. თავისი ქმედებით, ხელისუფლება ამ ქვეყანას მეგობრებს უკარგავს და რუსეთის პირისპირ მარტო ტოვებს - ეს არის სუვერენიტეტის ხელმყოფი და საფრთხის შემცველი პოლიტიკა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ასუსტებს. ყველაფერი ხელისგულზეა - თუ ვინმე ანგრევს დღეს ჩვენს სუვერენიტეტს, ეს სწორედ "ქართული ოცნებაა". ნებისმიერი რიტორიკა სუვერენიტეტზე და საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ყალბი და მოგონილია, რადგან ამით რეალურად რუსეთის ინტერესებს აძლიერებენ. სწორედ ეს არის ღალატი და სხვა არაფერი! შესაძლოა, მართლაც არსებობს რაღაც ჯგუფი ადამიანებისა, ვისაც ამ ყალბი პატრიოტიზმის და იმ პროპაგანდისა სჯერა, რასაც "ქართული ოცნება" ავრცელებს. ისინი ფსონს სწორედ ასეთ ხალხზე აკეთებენ, მაგრამ თუ ადამიანს კრიტიკული აზროვნება აქვს, ადვილად მიხვდება, რა ხდება სინამდვილეში. ასეთი ყალბი ფსევდოპატრიოტიზმი კავშირში არ არის საქართველოს რეალურ სუვერენიტეტთან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ამ სიცრუის სჯერა.
- ცნობილია, რომ ამერიკელებმა რამდენიმე მაღალჩინოსანი უკვე დაასანქცირეს. ხომ არ იქმნება საშიშროება, რომ სანქციების გამკაცრებით ისევ ქართველი ხალხი დაზარალდება?
- ყველას უნდა ესმოდეს, რომ სანქციები არ არის მხოლოდ მიმოსვლის შეზღუდვა ან მხოლოდ ვიზებთან დაკავშირებული საკითხები. როდესაც ვინმე სანქციების ქვეშ მოჰყვება, ეს იმას ნიშნავს, რომ რეპუტაციულად უკვე დანგრეულია - მას, როგორც საეჭვო და არასანდო პირს, ისე უყურებენ. სანქცირებულ პირებს ეს დამღა მთელი ცხოვრება დააქვთ. ისინი არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ ჩავლენ, არამედ სხვა ქვეყნებშიც. სადაც ჩავლენ, სისტემა ყველგან ამოიცნობს და გამოავლენს, როგორც არასანდო ადამიანს. ამიტომ, სანქციები დიდი დარტყმაა თითოეულისთვის, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში ეს ქვეყანასაც აზიანებს. რატომ? - ისინი ხელისუფლებაში არიან და მათთვის განკუთვნილ სანქციებს გარკვეული გავლენა ქვეყანაზეც აქვს. სწორედ ამ ზიანის შესამცირებლად, აშშ-მა მეგობრობის აქტი გამოსცა, ეს აქტი ითვალისწინებს, რომ ამერიკა საქართველოს დაეხმაროს ისე, როგორც მთელი 30 წელი ეხმარებოდა, აშშ-ის მთავრობის ეს ნაბიჯი უდავოდ პატივსაცემია.
- საქართველოში ათასობით ადამიანი იმედით შეხვდა "ქართული ქარტიის" შექმნას. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ქართული ოპოზიცია, რომ ერთიანობა შეინარჩუნოს და სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოს?
- "ქართული ქარტია" პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმაა, სადაც ევროპულ ოჯახში გაერთიანების გზაა ნაჩვენები. ეს არის ძალიან კარგი დოკუმენტი, რომელზეც საკმაოდ დიდხანს ვიმუშავეთ. პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა პოლიტიკურ ჯგუფებთან და კონსენსუსს მიაღწია. მან ყველაფერი იღონა, რომ ამ "ქარტიას" მაღალი მხარდაჭერა ჰქონოდა. "ქართულ ქარტიაში" შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნების დასრულებისთანავე, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ხელისუფლებაში კოალიციურად მოვლენ, ყველა სფეროში რეფორმები უნდა განახორციელონ - ეს უნდა იყოს მათი პირველი ნაბიჯი. ეს დოკუმენტი იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამომრჩეველმა იცოდეს: რომელ ოპოზიციურ პარტიასაც უნდა აძლევდეს ხმას, თუ ამ პარტიამ "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა, იმავე დღის წესრიგით უნდა იხელმძღვანელოს, რომელიც საერთო დოკუმენტშია მითითებული და განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ "ქარტია" თანხვედრაშია ევროკავშირის 9 პუნქტთან. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი "ქართული ქარტიის" მიერ დასახული გეგმის გათვალისწინება. როდესაც ყველა პუნქტს შევასრულებთ, ერთი წელი სავსებით საკმარისი იქნება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების ფანჯარა გაიხსნას.
- "ოცნების" მომხრეებს იმედი აქვთ, რომ ოპოზიცია კოალიციურ მთავრობას ვერ შექმნის და თუ შექმნის, ყველა ერთმანეთს დაერევა. რას უპასუხებდით ასეთ ხალხს?
- რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთს "დაერევიან", აქ სიამტკბილობით ცხოვრებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე, რომ მრავალფეროვანმა პარლამენტმა და სხვადასხვა ოპოზიციურმა ძალამ საერთო სამოქმედო გეგმით იარონ და ის ვალდებულებები შეასრულონ, რომელიც საქართველოს აქვს შესასრულებელი - ეს აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ასცდეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ გეგმის ირგვლივ გაერთიანება. პარტიებმა შეიძლება ნებისმიერ საკითხზე იკამათონ, მაგრამ მთავარია ის გეგმა შესრულდეს, რომლის სათავეშიც სალომე ზურაბიშვილი დგას. პრეზიდენტი ქართველი ხალხის მხარდაჭერას და თანადგომას ითხოვს. "ქართული ქარტია" მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთი გეგმის ირგვლივ შეკრება და საერთო საქმის მსახურება შეძლოს.
- თქვენი აზრით, აქციები უნდა გაგრძელდეს თუ უმჯობესია, 26 ოქტომბრამდე ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდეს?
- ვფიქრობ, ახლა ყველა საარჩევნო კამპანიაზე უნდა გადავერთოთ, თუმცა პროტესტის ცალკეული კერები უნდა არსებობდეს და ხელისუფლების თავნებობას შემხვედრი პასუხები მოჰყვეს. შეიძლება თვეში ერთხელ ან რაღაც პერიოდულობით, დიდი აქციებიც ჩატარდეს, მაგრამ ახლა მთელი ენერგიით, სრულად, საარჩევნო კამპანიაზე უნდა გადავერთოთ. ოქტომბერში არჩევნებისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს. იმედი მაქვს ხალხის მხარდაჭერისა და იმ ახალგაზრდების აქტიურობის, რომელიც წინა ფლანგზე დგას. ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე ერთად, ერთიანი მიზნებით და ამოცანებით მივიდეთ.
- დაბოლოს, თქვენთვის ელექტრონული არჩევნები უფრო მისაღებია თუ ჩვეულებრივი? რას ეტყვით ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს, რადგან მაინც გააყალბებენ?
- ელექტრონული არჩევნები სიახლეა და ვერ გეტყვით, როგორ იმუშავებს, მაგრამ მასაც ხომ ადამიანის ხელი მართავს? იმისათვის, რომ ჩვენი ხმა არ დაიკარგოს, არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მივიღოთ. "მიდი არჩევნებზე და დააფიქსირე შენი არჩევანი" - ეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დევიზი და ვალდებულება უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, ხმებს ვეღარ გააყალბებენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ 2024 წელს, საქართველოს ახალი, კოალიციური მთავრობა ეყოლება. ეს იქნება პროდასავლური კოალიცია, რომელმაც უნდა მოახერხოს და საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გახსნას მოლაპარაკების სივრცე ევროკავშირთან და ჩვენს დასავლელ მეგობრებთან.
ხათუნა ჩიგოგიძე