ვის მიართვა გალაკტიონმა თავისი ლექსები კახეთში სტუმრად ყოფნისას
გალაკტიონის ჩანაწერებს რუდუნებით უვლიდა კონსტანტინეს შვილიშვილი, კინოდოკუმენტალისტი და მწერალი კოტე ნაკაშიძე, რომელიც სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა. კიდევ ვინ ესტუმრა გალაკტიონთან ერთად ცნობილ აგრონომს და ამ ოჯახში სხვა რა რელიკვია ინახება, ამის შესახებ კოტე ნაკაშიძის მეუღლე მარიკა (მარიამ) შავლიაშვილი გვესაუბრება.
გალაკტიონის ლექსები
- ჩემი მეუღლის ბაბუა კოტე ნაკაშიძე 20-იანი წლების დასაწყისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მუშაობდა სოფელ მუკუზანში. ის იყო ქართული ლიტერატურის დიდი მოყვარული და პოეტებს შორის განსაკუთრებით გალაკტიონს ეთაყვანებოდა. 1922 წლის აგვისტოში კოტესთან ერთ-ერთ მეგობარს სტუმრად ჩაუყვანია გიორგი ქუჩიშვილი და გალაკტიონ ტაბიძე. პოეტებს მთელი აგვისტო მუკუზანში, კოტეს სახლში გაუტარებიათ. ერთ დღესაც გალაკტიონს კოტე ბაბუასთვის საწერი ქაღალდი, ნემსი და ძაფი უთხოვია. ქაღალდი მაშინ ძნელად იშოვებოდა, მაგრამ კოტეს ჰქონია სახლში და ისიც კი უთქვამს გალაკტიონისთვის: რომ არ მქონოდა, თბილისიდან ჩამოვატანინებდიო. რამდენიმე დღის მერე, მასპინძელს გალაკტიონმა საჩუქრად მიართვა თავისი ხელით აკინძული საკუთარი ლექსების პატარა ალბომი წარწერით - „ოჯახს თ. კოტე ნაკაშიძისას, მუკუზანში გატარებული დღეების სახსოვრად, მოწიწებით მიართმევს ამ ლექსებს გალაკტიონ ტაბიძე“. თითოეულ ლექსს მიწერილი აქვს თარიღი - 1922 წლის აგვისტო. სულ 6 ლექსია, მაგრამ რიცხვი არც ერთს არ აწერია. სავარაუდოდ, ეტყობა სხვადასხვა დღეს დაწერა. 90-იანი წლებში ეს ლექსები ჩემმა მეუღლემ ჯანსუღ ჩარკვიანს მიუტანა, რომელმაც გამოაქვეყნა ჟურნალში „დროშა“. გალაკტიონის ალბომი ფურცლების სახით შემოგვრჩა და ერთი ფურცელი, სადაც ორი ლექსი ეწერა, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა...
* * *
შუა-დღეს ვისმენ მდუმარე სმენით:
მე მესიზმრება სიცხე, პალმები.
რაღაც გული სწუხს... ვერ ვიტყვი ენით
რაზე ვოცნებობ, ვის ვესალმები.
მზე ჩადის მარჯნის ელვარე ბურში,
იქ, ქაოსებში, ზარებს აიტან,
გაექანები, რომ იმ ალმურში
გზა იყოს არსით და არსაიდან.
* * *
გამჭვირვალე შინდებით
იბურება ყვარელი.
ვაზით და სიმინდებით
მიდის დღე საყვარელი.
სჩანს ჩამავალ ჩრდილების
მწვერვალებზე მონთება
და ომგადახდილების
ლანდი მომაგონდება.
არის რაღაც ალაზნის
ვედრებაში - გვიანი
მას ვერასდროს ვერ ახსნის
თვალი ოცნებიანი.
მხოლოდ გული (ოჰ, გული)
ოხრავს დიდი ხანია -
რომ იქ დღეა ერთგული
და იქ, ალაზანია...
* * *
არ ვიცი, მქონდა თუ არა ფრთები
და გაქანებულ ელვის მანტია.
კარგია: ქარში მიდიხარ, კრთები,
ირგვლივ ფარული ანდამატია.
სხვებს ენატრებათ ლოჟა, პარტერი
და მოთამაშე ქალის დაირი,
მე კი ვიქნები მილიარდერი
უფრო სხვა ძალით და სხვანაირი.
შორიდან ისმის ქალაქის ყეფა,
არავის ფრთები აქ არ ჰქონია,
მე უფრო დიდი ვიქნები მეფე
ვინემ ეს სადმე გაუგონიათ.
* * *
მთელი სამი დღე მივდიოდით ქარვიან ველად
და აი თვალწინ გაიშალა ლურჯი იორი.
მარადი მთები შემორტყმოდნენ ხეობას მცველად,
უფრო დიადი არ მინახავს რამ მაგიორი.
მაგრამ შვენებათ ციურთათვის ჩვენ არ გვეცალა,
ვეშურებოდით უფრო იქით, რომ გაძარცული
ციხე-კოშკიდან საბურავი გადაგვეცალა
და ნანგრევებში დაგვეტირა ჩვენი წარსული.
ჩვენ მივდიოდით მთელი ღამე განწირულებით,
თვითეული ქვა გულში ფიქრებს სდევდა ხუნდებით.
მუკუზანში ვართ, მთებს ნისლებში მიერულებათ,
უთუოდ მალე ისევ ტფილისს დავუბრუნდებით.
გიორგი ქუჩიშვილის კრებული
- ცნობილია, რომ გიორგი ქუჩიშვილი და გალაკტიონი მეგობრობდნენ, პოეტების მეფე მას „პოეზიის თავადად“ აღიარებდა. იმავე 1922 წელს, მუკუზანში გალაკტიონთან ერთად მყოფმა გიორგი ქუჩიშვილმა თავისი კრებული აჩუქა კოტე ნაკაშიძეს შემდეგი წარწერით: „ნიშნად უზომო სიყვარულისა, იშვიათ ადამიანს - კოტე ნაკაშიძეს ავტორისაგან. 1922 წელი, მუკუზანი“. წიგნს არ აწერია გამოცემის წელი. მითითებულია, რომ გამოიცა პოლიგრაფიულ განყოფილებაში - ყოფილ პროფკავშირების სტამბაში. კრებულში შესულია ლექსები, ორი პოემა - „კოშკი“, „ვარსკვლავი“ და რამდენიმე პატარა მოთხრობა.
სახსოვარი დედისგან
- კონსტანტინე ნაკაშიძის ვაჟს ილიას, ჩემი მეუღლის მამას, დედამისმა რუსუდან ჩიქოვანმა უსახსოვრა 1924 წელს თბილისში გამოცემული ტერენტი გრანელის ლექსების კრებული „მემენტო მორი“, რომელსაც რუსულ ენაზე დააწერა: „შვილს - ილიას დედისგან, 1925 წელი, აგვისტო“. წიგნი დაიბეჭდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სტამბაში, ტირაჟია 1500 ცალი. ზუსტად 100 წელი გავიდა მისი გამოცემიდან. საყურადღებოა კრებულის ბოლო გვერდზე ტერენტი გრანელის ტექსტი სათაურით „ჩემი მადლობა“ და ქვემოთ წერია: „დიდ მადლობას ვუძღვნი ლიტერატურის და პოეზიის მეგობარს პორფილე თოფურიას, რომლის დახმარებით მე შეძლება მომეცა, დამებეჭდა ეს წიგნი. ავტორი“. დაბოლოს, კიდევ ერთი მინაწერია - მზადდება ტერენტი გრანელის მეორე წიგნი „პოეზია პლანეტების“. დრომ გააყვითლა ტერენტი გრანელის ეს კრებული, გალაკტიონის ლექსების ფურცლები და გიორგი ქუჩიშვილის წიგნი... ისინი ჩვენი ოჯახის ძვირფასი რელიკვიაა და თვალის ჩინივით ვუფრთხილდები.
კოტე ნაკაშიძის ბიოგრაფიიდან:
საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველი კონგრესი 1919 წლის 23-27 ნოემბერს გაიმართა, რომელზეც სხვა მონაწილეებთან ერთად მოხსენებით გამოვიდა კოტე ნაკაშიძე. ამ კონგრესზე გადაწყდა, რომ 1920 წლის 16 აპრილს, 5 საათზე სოფელ მუკუზანში ჩატარდებოდა საქართველოს მეღვინე-მევენახეთა საბჭოს თათბირი, რომელსაც დაესწრებოდნენ საბჭოს წევრები: პ. ავერკინი, კოტე ნაკაშიძე, ალექსანდრე თომას ძე თუშმალიშვილი, გ. ნახუცრიშვილი, ნ. კ. მაკარაშვილი, ლ. ა. გოგნიაშვილი და ასევე მოწვეული სტუმრები.
კონსტანტინე ნაკაშიძე აქტიურად გულშემატკივრობდა სასოფლო-სამეურნეო დარგების რეგიონებში განვითარების საკითხს. ამ თემას რამდენიმე წერილიც მიუძღვნა. ერთ-ერთი სტატიის სათაურია „რატომ სავსებით ვერ აღწევენ მიზანს სამინისტროს სკოლებთან არსებული სამეურნეო განყოფილებები“, რომელიც დაიბეჭდა 1915 წელს „სასოფლო გაზეთის“ მე-11 ნომერში. დარგობრივი სამეურნეო ცოდნის გავრცელება დაავალეს სოფლის სკოლების მასწავლებლებს. მათ სპეციალური ცოდნა არ გააჩნდათ, ამიტომ სწავლება რეალურ შედეგს ვერ იძლეოდა. ზოგ შემთხვევაში, განყოფილებას უძღვებოდა მებაღე-მასწავლებელი, ხოლო სასწავლო პროცესზე ზედამხედველობას სკოლის ინსპექტორი იღებდა თავის თავზე. კოტე ნაკაშიძე შენიშნავდა: „სამეურნეო განწყობილებებით განმსჭვალული ზედამხედველ-ინსპექტორები ჩვენში დიოგენის ფარნითაა საძებარი“. პრობლემის მოსაგვარებლად სამეურნეო განვითარების აქტივისტები საკუთარი ძალებით ქმნიდნენ დარგობრივ კურსებს და პრაქტიკულ საცდელ მეურნეობებს. ასეთი წარმატებული ინიციატივის შესახებ კოტე ნაკაშიძე იმავე სტატიაში წერს: „ამ მხრივ გაცილებით მეტი ღვაწლი მიუძღვის საქარის (შორაპნის მაზრა) სანერგის პრაქტიკულ სამეურნეო სკოლას. ამ სკოლის კურსდამთავრებულნი მოედვნენ სოფლებს და ავრცელებენ მევენახეობა-მეღვინეობას. თითქმის გურიის ყველა სოფელში შეხვდებით მათ ნაშრომ-ნამოქმედარს“.
კონსტანტინე ნაკაშიძის სიცოცხლე ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ურთიერთობას შეეწირა.
ნანული ზოტიკიშვილი