ზურაბ ანთელავას დიდებული არჩევანი, ცხოვრების დევიზი და ურთიერთობის "ჩუქურთმები"
ვიზრდებით და მერე ბავშვობაში დაბრუნების სურვილი გვაქვს", - ამბობს მსახიობი ზურაბ ანთელავა. რას შეცვლიდა, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, რა ვერ ისწავლა დღემდე, რის გამო იღებს საყვედურებს და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1954 წლის 25 აპრილი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ექიმი. სამედიცინოზე ჩაბარება მსურდა, ეს ჩემი გვარის - ანთელავების პროფესიაა და მინდოდა, მეც ამ გზას გავყოლოდი, მაგრამ პიონერთა სასახლეში შემთხვევით შეხედვამ და შესვლამ, ტრაექტორია საერთოდ შემიცვალა.
- თვლით, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გააკეთეთ?
- დიახ, დიდებული არჩევანი გავაკეთე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ცოტათი უჟმურიაო.
- ასე რატომ ფიქრობენ?
- არ ვიცი, ერთი შეხედვით ასეთი შთაბეჭდილება რჩებათ, მაგრამ გაცნობის შემდეგ წარმოდგენა ეცვლებათ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...აუცილებლად იმავე გზას გავივლიდი, მხოლოდ ერთ რამეს შევცვლიდი, 1999 წელს ჩემთვის ტრაგიკული შეცდომა დავუშვი და ესპანეთში, ემიგრაციაში წავედი. ამ ნაბიჯს არავითარ შემთხვევაში აღარ გადავდგამდი. ამ წუთშიც ვგრძნობ, ამ გადაწყვეტილებამ უკან დამწია კი არა, შემოქმედებითად ლამის დამღუპა.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...როდესაც რუსთაველის თეატრის სცენაზე, ვაჟა-ფშაველას "ბაკური" წავიკითხე, მეათე კლასში გადავდიოდი. ძალიან დიდი ღონისძიება ტარდებოდა, რომელსაც მაშინდელი თეატრალური სამყაროს სახელოვანი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოსვლა რომ დავამთავრე, წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა. გავიფიქრე, არაფერი გამომივიდა-მეთქი და უეცრად ტაშმა იხუვლა. აკაკი ხორავამ ბრძანა, ამ ბავშვს ოლიმპიადიდან ოქროს მედალი მიეცითო.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ვინც მე ჯოხით შემაგდო (კარგი გაგებით) პიონერთა სასახლეში და ეს იყო მამიდაჩემი. პროფესიულ ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიხეილ თუმანიშვილს მიუძღვის. შემდეგ თელავში რომ წავედი, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა ნუგზარ ლორთქიფანიძემ. მას ჩემს "მამა მარჩენალს" ვეძახდი. შემდეგ იყო ნუკრი ქანთარია, რომლის ხელშიც მივაღწიე იმ ტიტულებს და წარმატებებს, რაც მაქვს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მშვენიერი, ბრწყინვალე, მოსიყვარულე ოჯახი მყავს. ამით ამაყი და ბედნიერი ვარ. ჩვენს ოჯახში ყველა ერთმანეთით ვამაყობთ. ოჯახში ჰარმონია უმნიშვნელოვანესია. კაცს შინ თუ არ გაქვს საქმე აწყობილი, გარეთ რომ გადიხარ, იქ სხვას უშლი ნერვებს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...სიმართლე.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...მიყვარდეს ყველა და ყველაფერი.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...პატიოსნება, თავაზიანობა და სამართლიანობის განცდა. მე ბავშვსაც კი ფეხზე ვუდგები.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...გამოსწორების რა გითხრათ, ამას აღარაფერი ეშველება, ძალიან პირდაპირი ვარ, მაგრამ სანამ რამეს ვიტყვი, მანამდე აუცილებლად ვფიქრობ. დაუფიქრებლად პირდაპირ მიხლა უზრდელობაა.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი. უფრო მეტად სხვის შეცდომებზე ვსწავლობ.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ის უნებლიეა და არა წინასწარ მოფიქრებული და შეგნებულად ჩადენილი. პატიებით ალბათ ყველაფერი უნდა აპატიო, მაგრამ არ უნდა დაივიწყო, ეს მთავარია.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ჩემი რეალობა ისეთია, როგორიც ბავშვობაში წარმომედგინა - თუ არ იშრომე და საქმეს პატიოსნად არ ემსახურე, არაფერი გამოვა. მერე დამნახავიც გამოგიჩნდება და დამფასებელიც. ახლაც ჩემი მომავალი რეჟისორებზეა დამოკიდებული. თუ ის დაგინახავს, გენდობა, მოგცემს მუშაობის საშუალებას, შენ უნდა შეძლო და ისე ითამაშო, რომ მაყურებელს შენი ნახვა კიდევ მოუნდეს.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ძალიან მეუხერხულება. ამ დროს დაჭიმულობისგან შეიძლება ისეთი რამ ვთქვა ან მოვიმოქმედო, ჩემზე წარმოდგენა სულ შეეცვალოთ. მით უმეტეს, ჩემი გამოცდილების მქონე ადამიანმა იცის, რომ ნათქვამი რეალობისგან ხშირად შორს არის. მე ძალიან მომთხოვნი ვარ.
- ალბათ ზედმეტად თვითკრიტიკულიც, არა?
- ასეა, ეს თვისებები თუ არ გაქვს, მწვერვალზე ვერ ახვალ - იმ მწვერვალზე, რომელზე ასვლასაც მთელი ცხოვრება ცდილობ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ბედნიერი, რომ სხვასაც ბედნიერება ვუწილადო.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უზრდელობას, თავხედობას, ღალატს...
- ამ დროს როგორ იქცევით?
- საბედნიეროდ, თავშეკავების უნარი გამომიმუშავდა. სხვათა შორის, ყმაწვილობიდან მაქვს ეს უნარი. მამიდამ მასწავლა, მიმახვედრა, რომ "ცხელ გულზე", "ცხელი გონებით" არაფერი უნდა მოიმოქმედო. ემოციის ტალღა უნდა ჩანელდეს, დაიწრიტოს და მერე გააზრებით, ცივი გონებით იმოქმედო. არასწორად ნასროლი სიტყვა, მოგეხსენებათ, ტყვიასავითაა, შეიძლება ადამიანს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენო. ხომ იცით, გაჩეხილი თავი ხორცდება და დაკოდილი გული - არასდროს.
- მეზარება...
- ...ახლა ზუგდიდში ვარ წამოსული, მარტო, მეუღლის გარეშე. კაცის ხელი, როგორი ოქროსიც უნდა იყოს, ქალის ხელს მაინც ვერ სჯობნის. საოჯახო საქმეები კი მეხერხება, მაგრამ მზრუნველი ადამიანის ხელი, საყრდენი ხელი გვერდით მაინც ყოველთვის სასურველია. ვხედავ, რაღაც არის გასაკეთებელი. ვიტყვი, - მერე გავაკეთებ-მეთქი, გადის დრო და ვხვდები, ჩემ გარდა არავინაა გამკეთებელი და საკუთარ თავს შემოვუძახებ ხოლმე, - მიდი, ზურიკო, მიდი, გააკეთე!
- სიყვარული ეს...
- ...ვერტიკალურია და თან ბრუნვადი, რა კარგად არის ნათქვამი "შერეკილებში", ესაა სიყვარული, რომ აღგაფრთოვანებს.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვფიქრობ ხოლმე, რა მოხდა? მაშინ ალბათ ლიტერატურული ნაწარმოებების გავლენა იყო; "სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა", "სჯობს საყვარელსა აჩვენო საქმენი საგმირონია". ამ ტალღაზე ვიყავი, სულ ვცდილობდი, რაინდულად მოვქცეულიყავი. ეს მაგარი შეგრძნებაა. ახლა რომ ვაანალიზებ, ეს თვისება მერეც გამყვა. ასეთი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ ჩემი მეუღლე არც გამომყვებოდა.
- თქვენი პირველი სიყვარული ცალმხრივი იყო?
- როგორც ხდება ხოლმე, პატარა ბიჭს ტვინი რომ გადაუტრიალდება, ცალმხრივი სიყვარულივით იყო.
- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...კარგ ადამიანთან თბილმა საუბარმა. ამ საუბარში 2 ჭიქა ღვინოს თუ ჩავრთავთ და პატარა "ჩუქურთმებს" დავამატებთ, უკეთესი იქნება. მამიდა მეუბნებოდა ხოლმე, - რომ ვიცოდე, ალკოჰოლი მავნებელი არ არის, ძალით დაგალევინებდიო. 2 ჭიქას რომ მივირთმევ, ქვაც კი მიყვარს, ღვინო გამოხატვის საშუალებაა.
- მაკვირვებს...
- ...დედაბუნება, ეს მუდამ ამოუცნობი სასწაული. ბუნების გაღვიძება, დაძინება, ნებისმიერი მოვლენა როგორ ხდება? ბუნება სულ ცდილობს, გადაგვარჩინოს, მაგრამ ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, უგუნურად ვიქცევით, ძალიან ბრიყვები ვართ და მერე ცხვირში გვირტყამს. ადრე თუ გვიან, ადამიანსაც ამოიცნობ, უმაღლესი მათემატიკის ფორმულასაც გაიგებ, ურთულეს ამოცანებს ამოხსნი, მაგრამ ბუნების საიდუმლოებებს - ვერასდროს.
- ვრისკავ...
- ...მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავაანალიზებ. საერთოდ, ბევრს ვფიქრობ, შეიძლება ეს ჩემი ბუნებაა, ჩემი ზოდიაქოს გავლენაა, მაგრამ ზოგჯერ დაფიქრება არც არის საჭირო, წყალში ისე უნდა გადაეშვა.
- ასტროლოგიით ინტერესდებით?
- რაც ასაკში შევდივარ, რომ ვუკვირდები, მასში ბევრი სიმართლეა. ვინმე ჩემი ახლობლის ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებას რომ წავიკითხავ და მერე ვაკვირდები, ძალიან ბევრ თანხვედრას ვპოულობ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ადამიანს თუ ზურგი შევაქციე და თვალი დავხუჭე, ის მერე ჩემთვის აღარ იარსებებს. შეიძლება ჩემ წინ იდგეს და ვერ ვხედავდე, ლაპარაკობდეს და არ მესმოდეს. მგონი, ეს ძალიან კარგი ფორმაა. ჩხუბს და დავიდარაბას, იმის მტკიცებას, შენ ხარ მართალი თუ მე, ასე მირჩევნია. მომხდარს გავაანალიზებ, შეცდომას აუცილებლად ჩემში მოვძებნი, ვიპოვი, ეს მაიძულებს ის მოვიშორო. შეცდომას მასში არასდროს ვეძებ, ჩემში ვეძებ - ის აქამდე რატომ მივიყვანე?
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...მლიქვნელობა, პირფერობა.
- საჭიროა?
- თურმე საჭიროა. "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". აი, ეს ფორმულა ვერ ვისწავლე - როდის, როგორ.
- მეშინია...
- ...სიცივის და სიკვდილის.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...პირდაპირობის გამო და ასევე მსაყვედურობენ, სხვას სულ თან ნუ ჰყვებიო. მე ეს მსიამოვნებს, ჩემებურად ვცდილობ, ადამიანს მხარში ამოვუდგე.
- თავისუფლება არის...
- ...როცა ნამდვილი, საღი აზროვნებით აკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე დიდ სიხარულს და სიკეთეს შენ მოგიტანს და მერე იმ ადამიანს, ვისთვისაც აკეთებ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ისეთ სამედიცინო კლინიკას გავხსნიდი, არც ერთ ბავშვს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა აღარ დასჭირდებოდა, წარმოუდგენელი შესაძლებლობების იქნებოდა ეს კლინიკა, უმაღლესი კლასის აპარატურით და ექიმებით. კიდევ ერთი სურვილი მაქვს: თეატრს გავხსნიდი, მოხეტიალე დასი იქნებოდა. წავიდოდი რომელიღაც ქალაქში, გავშლიდი კარავს, ვითამაშებდი სპექტაკლს და უკან დავბრუნდებოდი. ნუკრი ქანთარიას ჰქონდა ეს სურვილი და ბევრი ფული რომ მქონდეს, ამ მოხეტიალე დასს დავაფინანსებდი.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...ადამიანს ვერ ვუღალატებ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.
- მენატრება...
- ...ჩემი ბავშვობა, ჩემი სამყარო იქ არის. ყველანი ხომ ბავშვობიდან მოვდივართ. რა სასწაულია, ბავშვობაში ყველანი მალე გაზრდას რომ ვნატრობთ, ვიზრდებით და მერე ბავშვობაში დაბრუნების სურვილი გვაქვს. გუშინ მამიდაჩემთან ერთად გადაღებული ფოტო ვნახე, 5 წლის ვიქნები, ისეთი ბედნიერი სახე მაქვს...
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...თვალები უნდა დავხუჭო და 10-15 წუთით მაინც დავიძინო. ეს უნარი გამომიმუშავდა. არ არის აუცილებელი, ამ დროს შინ ვიყო. შეიძლება სადღაც სკვერში სკამზე ჩამოვჯდე, რამდენიმე წუთით თვალები დავხუჭო, გავითიშო და რომ გავიღვიძებ, უკვე შემიძლია პრობლემის მოგვარების გზები ვიპოვო.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ბავშვობაში მეუბნებოდნენ; "უნდა იცოდე, რა გვარისა ხარ, ანთელავას ცუდი საქციელი არ ეკადრება, ანთელავა უნდა იყოს სამაგალითო!" - ეს სიტყვები ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა, მთელი შეგნებული ცხოვრება ამ განცდით გავატარე, ამ სიტყვებზე მქონდა ყოველთვის სწორება. ჩემი წარმომავლობის, გვარიშვილობის, წინაპრების პატივისცემით ვიცხოვრე და შვილებსაც იმავეს ვასწავლი.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...შეძელით პატიება, იცოდეთ სიყვარული, ეს ორი ერთად ადამიანობას არ დაგვაკარგვინებს და თუ ადამიანობას არ დაკარგავ, ყველაფერი გექნება: ოჯახი, მეგობრები, სახელმწიფო...
თამუნა კვინიკაძე