"16 წლიდან ვმუშაობ. არ მახსოვს, ერთი დღე ჩამეგდოს..."
სადაც მძიმე შრომის, ხანგრძლივი, დამღლელი გზისა და სწავლის შემდეგ, სტაბილურობას აღწევენ. სწორედ ამით იზიდავს იქაურობა ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ილია ბასილაშვილი ერთ-ერთია იმ ასობით ათას ქართველს შორის, ვინც გერმანიაში საკუთარი თავი იპოვა, მძიმე შრომის, დამღლელი, უძილო ღამეების შემდეგ და წარმატებამაც არ დაახანა. თუმცა, მისი თქმით, სწორედ ახლა, გაჩერება არ შეიძლება...
- 16 წელია გერმანიაში ვცხოვრობ. მაშინ ძალიან გავრცელებული იყო ქართველი ახალგაზრდების "ოპერად" წამოსვლა და მეც ამ გზას დავადექი. ეს ევროპაში ლეგალურად წამოსვლის ერთადერთი გზა იყო. ჩემი თანატოლები, რომელთაც საბაზისო დონეზე იცოდნენ გერმანული, ჩამოდიოდნენ, გერმანულ ოჯახებში ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, ბავშვებს უვლიდნენ, თან ენას სწავლობდნენ და განვითარებაზე ფიქრობდნენ. ამის კარგი მაგალითი იყო ჩემი და, რომელიც გერმანიაში ჩემზე ერთი წლით ადრე ჩამოვიდა. როგორც ბევრი სხვა დანარჩენი, ისიც ფიქრობდა, რომ ორი-სამი წელი დარჩებოდა და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებოდა. თუმცა, შემდეგ გერმანელზე გათხოვდა და არაჩვეულებრივი ოჯახიც აქვს.
- თავად რას საქმიანობ?
- გერმანიაში წამოსვლამდე, თბილისში გოეთეს ინსტიტუტში ჩავაბარე, "ა 1" სერტიფიკატი ავიღე, თითქოს ბევრ რამეში მზად ვიყავი, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი, ვიზას მომცემდნენ თუ არა... მაინც ვთვლი, რომ გამიმართლა და მომცეს. პირველად ქალაქ კელნში ჩამოვედი. ეს არის საპორტო ქალაქი. იქაურების ოჯახში ვცხოვრობდი და ბავშვებს ვუვლიდი. იმავდროულად, კვირაში სამჯერ, გერმანული ენის საღამოს კურსებზე დავდიოდი. თუმცა, სირთულეები მქონდა - სამი ოჯახი გამოვიცვალე. პირველ შემთხვევაში, ბავშვების მშობელმა სამსახური დაკარგა და მომვლელისთვის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა; მეორე ოჯახში ოთხი ბავშვი ჰყავდათ, მათ შორის, ტყუპიც. რაც უნდა მყვარებოდა ბავშვები და ენერგიული ვყოფილიყავი, ამდენს ვერ მოვუვლიდი. შემდეგ ვიპოვე მესამე, ძალიან კარგი გერმანული ოჯახი, რომელთაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ. სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებული, მარწყვისა და სხვადასხვა ხილის პლანტაციები ჰქონდათ, რომლის მოვლაშიც ვეხმარებოდი და ამაში ცალკე მიხდიდნენ. მაშინ ახალგაზრდებს "ოპერობაში" 260 ევროს უხდიდნენ, მე კი, ამათი დამსახურებით, თვეში 500-600 ევრომდე ავდიოდი. მაშინ არც 260 ევრო იყო ცოტა, იმიტომ, რომ ქირას არ იხდიდი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამგზავრო ბილეთი და სმა-ჭამაც მათი იყო.
ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბევრი სირთულის გავლა მომიხდა, ფეხზე რომ დავმდგარიყავი. ბევრჯერ დავეცი. ყველას, ვინც ამ გზას გადის, უამრავი პრობლემის გადალახვა უწევს. გვერდით არ მყავდნენ მშობლები, რომ დაეყვავებინათ და გავემხნევებინეთ. არადა, ზოგჯერ თბილი, სანუგეშო სიტყვა მართლაც ქვეყანას მერჩივნა.
ვერ ვიტყვი, რომ უზრუნველი ბავშვობა მქონდა, რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობდი სოფელში, მშობლებს ხან რაში ვეხმარებოდი, ხან - რაში. სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი. დედ-მამამ შრომას ბავშვობიდან შეგვაჩვიეს. პატარები ვიყავით, როდესაც დედა ბოსტანში ან ვენახში ბარავდა და ჩვენ გვერდით გვიყენებდა, ვიდრე ერთ კონკრეტულ ნაწილს არ მოვრჩებოდით, სათამაშოდ არ გვიშვებდა. ერთგვარი მიზანდასახულობაც მაშინ გამოვიმუშავე - მინდოდა, დროზე დამესრულებინა, რომ დამსახურებული დასვენებაც გამომემუშავებინა. ზოგჯერ ჩემს თავზე ვხუმრობ, ამიტომაც მაქვს გლეხური ხელები და თითები, ბავშვობიდან ბარი და თოხი, შემდეგ კი ჭამ-ჭურჭელი არ გამიგდია ხელიდან-მეთქი. შესაძლოა, ესეც გამომადგა. მას შემდეგ, რაც "ოპერობას" შევეშვი და ვიზა გავაგრძელე, ისეთი შემთხვევებიც კი მახსენდება, მხოლოდ მოხარშული კარტოფილი და მაკარონი რომ მქონია.
ენა ჯერ კიდევ არ ვიცოდი კარგად, მაგრამ გაჩერებისა და უკან დახევის დრო არ იყო - საცხოვრებლად ბერლინში გადმოვედი და იტალიურ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა. სად იყო საქმე ასარჩევად, რასაც შემომთავაზებდნენ, ყველაფრისთვის ვიყავი მზად. ევროპაში არც ერთი პატიოსანი სამუშაო სათაკილოდ არ მიიჩნევა, ამითაა აქაურობა გამორჩეული.
- იტალიური ენა იცოდით?
- ჩემი გერმანულით გავედი ფონს, მერე კი, ცოტა ენაც ვისწავლე... შემდეგ თანდათან სალათების მომზადება დავიწყე და ეს საქმე მე ჩამაბარეს. სამზარეულოში ყოფნა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ გამოცდილება ხომ მჭირდებოდა. ყველა შესაძლებლობა და შანსი, რომელსაც ვიღებდი, უნდა გამომეყენებინა. თანდათან ვისწავლე პიცის ცხობაც. იტალიელებივით ცომს მეც ჰაერში ვატრიალებდი. ეს სფერო, გასტრონომიას ვგულისხმობ, თუ ძალიან არ გიყვარს, შეუძლებელია გაუძლო. მე კი ნამდვილად მიყვარდა... განვითარება მჭირდებოდა და ერთ-ერთ პრესტიჟულ კომპანიაში, მიმტანის პროფესიას დავეუფლე. ეს ორგანიზაცია გადამზადებულ კადრებს ბანკეტებზე, შეკრებებსა და სხვადასხვა სახის წვეულებაზე გზავნიდა.
იმავდროულად, გერმანული ენის კურსებზე დავდიოდი... ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო, რადგან ქირით ვცხოვრობდი, ჯანდაცვის დაზღვევა და ზოგადად, ცხოვრების ყველა ხარჯი თავად უნდა დამეფარა. გამომუშავებაზე ვიყავი. უხეშად რომ ვთქვათ, რასაც ვმუშაობდი, იმას ვჭამდი... შემდეგ ჰანოვერში გადავედი, სადაც ადგილობრივ უნივერსიტეტში, საერთაშორისო მენეჯმენტისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე ჩავაბარე, პარალელურად, სხვადასხვა რესტორანში ვმუშაობდი მიმტანად. ყველაზე მეტხანს პერუელების რესტორანში გახლდით და მაშინ ესპანურიც ვისწავლე, სასწავლებელშიც არჩევითი ენა ესპანური მქონდა. ეს ქვეყანაც ძალიან მიყვარს და ენაც. ახლა, როდესაც ჩემს კაფეში ესპანელები შემოდიან, მათ ენაზე ვესაუბრები, რაც ძალიან ახარებთ.
იქ სწავლის დასრულების შემდეგ, ისევ ბერლინში ჩამოვედი, რადგან ეს ქალაქი ყოველთვის მიყვარდა. 2016 წელს გერმანიის დედაქალაქში გადმოვედი საცხოვრებლად და ონლაინმაღაზია გავაკეთე, სადაც ქართულ ღვინოს ვყიდდი. ჩემდა საბედნიეროდ, ინტერესი დიდი იყო. ეს მაღაზია დღემდე მაქვს, საქართველოს, ქართულ ღვინოს ვუკეთებ რეკლამას და სურვილის შემთხვევაში, ევროპის ნებისმიერ წერტილში ვგზავნით... შემდეგ, სამხატვრო გალერეა გავხსენი, სადაც ინტეგრირებული მქონდა ალკოჰოლური სასმელებით - ანუ დამთვალიერებელს შეეძლო, ჩვენი ღვინო გაესინჯა... იმავდროულად ერთ-ერთ ბარში მიმტანად ვმუშაობდი, რადგან შემოსავალი მჭირდებოდა. ერთ დღესაც ჩემმა დამ დამირეკა - პატარა კაფესთვის ფართობი ქირავდება, ხომ არ დაინტერესდებოდიო? იცოდა, რომ სულ მინდოდა, კვების სივრცის გახსნა. ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია ძალიან მიყვარს და სტაბილური შემოსავლის გარდა, სულ ვფიქრობდი, რომ ასე უფრო მშვიდად ვიგრძნობდი თავს.
- კონკურენცია დიდი იყო?
- დიახ, საკმაოდ, მრავალფეროვნების მოყვარული ბერლინის მოსახლეობა ჯერ დააინტერესო, შემდეგ კი მოიზიდო და შეიჩვიო ისე, რომ თავისუფალ დროს შენს კაფეში მოვიდნენ, იოლი არ არის. ამიტომ, რაღაც განსაკუთრებული უნდა შემეთავაზებინა - ეს შინაურული, ოჯახური გარემო იყო, სადაც განიტვირთებოდნენ, თავს მყუდროდ იგრძნობდნენ. თავიდან მხოლოდ ღვინით ინტერესდებოდნენ, შემდეგ კი უკვე ქართული პროდუქტების გასინჯვის შესაძლებლობა მივეცი.
წლების განმავლობაში დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომ თვეში ერთხელ ქართული ღვინის ფესტივალს ვმართავთ. გერმანელების გარდა, საქართველოთი ინტერესდებიან სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. არაერთხელ უკითხავთ, საქართველო სად მდებარეობს, დედამიწის რომელ წერტილში და ჩვენც ვუხსნიდით. თუმცა, ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა. გერმანიაში საქართველო, ქართული სამზარეულო უკვე ბევრმა იცის. ზოგიერთი პირდაპირ გვიკვეთს ამა თუ იმ ბრენდის ღვინოს - თქვენს ქვეყანაში ვიყავი, იქაურობა ძალიან მომეწონა და იქ გასინჯული ღვინო უნდა შეგიკვეთოთო.
ფრანკფურტში წიგნის ფესტივალი რომ გაიმართა, რომელსაც საქართველო მასპინძლობდა, მას შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ბევრმა გაიცნო - ეს ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ბერლინი მულტიკულტურული ქალაქია, რომელშიც მუდმივად ძიებაში მყოფი უამრავი ეროვნებისა და კულტურის მქონე ადამიანი ცხოვრობს. მათი მხრიდან ქართულზე მოთხოვნა სულ იზრდება. როდესაც სხვაგან შენს ქვეყანაs წარმოადგენ, ეს ძალზე დიდი პასუხისმგებლობაა, გამუდმებით განვითარებაზე უნდა იფიქრო, თან ეს ყველაფერი საინტერესოდ უნდა შეფუთო.
- ალბათ, ისეთ სიტუაციაშიც აღმოჩენილხარ, როდესაც გიფიქრია - აღარ მინდა არაფერი, ჩემს ქვეყანაში უნდა დავბრუნდეო...
- არა, არასდროს. 16 წლიდან ვმუშაობ და ამ დროის განმავლობაში სულ მქონდა ჩემი ე.წ. სახარჯო ფული, იმდენი, რამდენსაც გამოვიმუშავებდი, ხან ცოტა მეტი, ხანაც ცოტა ნაკლები, მაგრამ უმუშევარი არასდროს ვყოფილვარ. შრომა მოტივაციას და იმედს მაძლევს, რომ ხვალ უფრო კარგი დღე გათენდება. ბავშვობაში გადატანილმა მატერიალურმა პრობლემებმა მწარე, მაგრამ საჭირო გამოცდილება მომცა. ჩემს ქვეყანაში დაბრუნებით ვერაფერს მოვიგებდი, მეტიც, ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევდა. პრობლემებისთვის არავინ არის მზად, უბრალოდ, ამან როგორმე უნდა გაგაძლიეროს და ფეხზე წამოდგომა შეძლო. ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია, არც მქონდა ამის უფლება. ჩემი მიზანი იყო, რამე ჩემი მქონoდა, მთელი ცხოვრება სხვისი კვების ობიექტში ვერ ვიმუშავებდი და ჩემს თავს ვპირდებოდი, რომ ოდესმე ამას თუ შევძლებდი, ჩემს თანამშრომლებთან დამოკიდებულებაში ყველა იმ დაუმსახურებელ შენიშვნას, საყვედურს, უსამართლო დამოკიდებულებას გავითვალისწინებდი. უსამართლობას ვერ ვიტან და ყოველთვის, როდესაც ასე მექცეოდნენ, სულ რომ ქუჩაში დავრჩენილიყავი, სამსახურიდან მაინც მოვდიოდი. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია მეგობრული გარემო. ადამიანი მარტო ვერაფერს გააკეთებს, აუცილებლად სჭირდება გვერდში ისეთი ადამიანები, ვისაც ენდობა და დაეყრდნობა. ეს მხოლოდ თანამშრომლებს არ ეხებათ, უკვე წლებია სტუმრებთანაც ვმეგობრობ. კოვიდპანდემია რომ დაიწყო, ჩვენი პირველი რეაქცია იყო ასეთი: რა უნდა ვქნათ, სახლში ვისხდეთ?.. შრომა არ მეზარება, მაგრამ ჩემი დიდი მინუსი ის არის, რომ თანხას ვერასდროს ვაგროვებ. ამიტომ, როდესაც შევამჩნიე, რომ ყველაფერი იკეტებოდა, ძალიან შემეშინდა: თუ ყველაფერი დახურეს და მუშაობა არ იქნება, ქირა როგორ გადავიხადო-მეთქი? ამ რთულ ვითარებაში, ჩემი გერმანელი მეზობლები მოდიოდნენ და კონვერტით მაგიდაზე თანხას მიდებდნენ: 100, 50, 20 ევროს, ვისაც რამდენი შეეძლო - ეს ჩვენგან, ნურაფრის შეგეშინდება, გვერდში დაგიდგებით და ეს რთული პერიოდი ერთად გადავიტანოთო. თითქოს ძალზე გაწონასწორებული, უემოციო გერმანელებისგან ეს ყველაფერი ძალზე ემოციური იყო. ერთ კვირაში კაფეს მეზობლად მცხოვრებმა გერმანელებმა 5 ათასი ევრო შემიგროვეს.
- რა რეაქცია გქონდა?
- ვიტირე... მათ ბევრი ლაპარაკი არ უყვართ, მაგრამ როდესაც მატყობდნენ, რომ მათი ჟესტი, თანადგომა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ცრემლები მომდიოდა, ღიმილით მეუბნებოდნენ: - შემდეგ, როდესაც ყველაფერი გაივლის, ჭიქა ღვინოზე დაგვპატიჟე და ბარი-ბარში ვიქნებითო. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ეს ხალხი მართლა ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ისინიც შემეჩვივნენ. აქ ჩემთან გაიცნეს ადამიანებმა მეზობლები, რომლებსაც მანამდე "სახეზეც" კი არ იცნობდნენ. შემოსული მომხმარებლები ხან მეუბნებოდნენ, აქ ვცხოვრობო, ხან ხელით მიმანიშნებდნენ. ჰოდა, როდესაც გვერდიგვერდ მცხოვრები ადამიანები ცალ-ცალკე მაგიდასთან სხდებოდნენ, ვეკითხებოდი, მარტო რატომ ჯდები, ის შენი კარის მეზობელია-მეთქი. შემდეგ უღიმოდნენ ერთმანეთს და დღეს უკვე ურთიერთობენ, თან ხუმრობენ: რატომღაც სხვა კარის მიღმა მცხოვრები ადამიანი არასდროს გვაინტერესებდა, მისი გაცნობის სურვილიც კი არასდროს მქონია, ახლა კი მეგობრები ვართო... მათში მეზობლობის კულტურა არ არსებობს და ძალიან მიხარია, რომ მათთვის ამდენი შევძელი. ახლა კი ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს ფეხბურთზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე. მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც საქართველოში, თბილისში, კახეთში, თუშეთში, სამეგრელოში, სვანეთშია ნამყოფი და მეორედ, მესამედაც უნდათ წასვლა. ძალიან მოსწონთ ის უშუალობა, რასაც სტუმარმასპინძლობის დროს იჩენენ. ეს ჩვენთვის საკმაოდ უცხოაო.
ადგილობრივების გარდა, უამრავი ტურისტიც შემოდის, მაგრამ ჩემთვის მეზობლებთან ახლო ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია.
- ქართული კერძების მიმართ ინტერესი თუ იზრდება...
- დიახ, ძალიან მოსწონთ ხაჭაპური და მხალეული. ბევრმა მკითხა, - ხინკალი თუ გაქვთ? საქართველოში გვაქვს გასინჯული და გემო დღემდე მომყვებაო. ასევე იციან აჭარული, იმერული, მეგრული ხაჭაპური. ეს 5-6 წლის წინ წარმოუდგენელი იყო... ასეთი დამოკიდებულება განვითარების სტიმულს მაძლევს და ვფიქრობ, ახლა გაჩერების დრო არ არის. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს სად, რომელ უბანში გახსნი კვების ობიექტს - რამდენად ხალხმრავალია, რა კულტურის, როგორი ცხოვრების წესის მქონე ადამიანები ცხოვრობენ. ამიტომ, წარმატების პირველი ნაბიჯისთვის ჯერ ადგილი უნდა შეისწავლო და შემდეგ იქ შექმნილ ვითარებას მოარგო.
ახლა უკან რომ ვიყურები, მართლა მძიმე გზა გამოვიარე, თავისი მიწაზე დანარცხებითა და წამოდგომით, მაგრამ ყველას, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას, ვურჩევ: არასდროს დანებდეთ. ის მარცხიც საჭიროა, რათა კიდევ უფრო ძლიერი წამოდგეთ ფეხზე, ადამიანების ცნობა ისწავლოთ. შესაძლოა, ეს პირველ და მეორე ჯერზე არ გამოგივიდეთ, მაგრამ მესამედ აუცილებლად გამოვა. საკუთარი თავის რწმენა არასდროს დაკარგოთ - გულში სულ იმეორეთ: "მე ეს შემიძლია!" და რაც მთავარია, თუ რამის მიღწევა გინდათ, უნდა იშრომოთ. ყოფილა შემთხვევები, ერთი გამოძინება მართლა ყველაფერს მერჩივნა, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: ახლა ძილის დრო არ გაქვს, როგორმე ფეხზე უნდა დადგე-მეთქი და დილაუთენია სახლიდან გამოვარდნილი, მთელი დღე ფეხზე ვიდექი. თუმცა, წვალებად ღირდა.
ლალი პაპასკირი