"ხატიას სოსოია" აღარ არის - გზაპრესი

"ხატიას სოსოია" აღარ არის

"სოსოიას" ეკრანზე გამცოცხლებელი

დიდებული მხატვარი და შესანიშნავი ადამიანი, ბატონი გელა ჭიჭინაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. გვიან ღამით წავიკითხე ბატონი გელას ქალიშვილის - ქრისტო ჭიჭინაძის "ფეისბუკსტატუსი", მამა გარდაიცვალაო. თითქოს გული ჩამწყდა, რადგან... ბატონ გელას პირადადაც ვიცნობდი, თორემ, ზოგადად, ვის არ ახსოვს ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს" მიხედვით გადაღებულ კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის მხატვრული ფილმი "მე ვხედავ მზეს" და მისი მთავარი გმირები ხატია და სოსოია, ეკრანზე მათი გამცოცხლებელნი: ულამაზესი ლეილა ყიფიანი და ძალზე სიმპათიური გელა ჭიჭინაძე. არც ერთი იყო მსახიობი და არც - მეორე, მაგრამ ორივე მათგანი გამორჩეულად შეიყვარა მაყურებელმა.

ბატონ გელას წლების წინ შევხვდი

ერთადერთხელ, შინ ვესტუმრე და საკმაოდ ხანგრძლივად ვისაუბრეთ. მახსოვს, ვკითხე, თავიდან რომ დაიწყოთ ცხოვრება, რა გზას დაადგებოდით-მეთქი? მიპასუხა, ალბათ, მაინც ამ შარაგზის გავლა მომიხდებოდაო, თუმცა მის ნაამბობში სინანული აშკარად იგრძნობოდა. რამდენჯერმე გადაიტანა ინსულტი და ბოლო წლებში ავადმყოფობდა კიდეც.

ულამაზესი წლები წარსულს ჩაჰბარდა და მხოლოდ მოგონებები დარჩა, "სოსოიამ" კი ცხოვრებაში საკუთარი "ხატიები" და სულ სხვა ცხოვრება აირჩია. ბატონი გელა ჭიჭინაძის მონათხრობით ვიცი, რომ თბილისის 61-ე საშუალო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობდა, ფილმ "მე ვხედავ მზის" გადაღებას რომ იწყებდნენ და მთავარი როლებისთვის ბავშვებს სკოლებში არჩევდნენ. იმხანად ის და მსახიობი მურმან ჯინორია იმჟამინდელი პიონერთა სასახლის დრამწრეზე დადიოდნენ, წრეს მსახიობი ვახტანგ ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა. მითხრა, ბევრ სპექტაკლში მთავარ როლსაც ვასრულებდიო. პარალელურად, სამხატვრო სკოლაშიც სწავლობდა, გია ფერაძესთან ერთად. სწორედ ამ უკანასკნელს მიუყვანია მარჯანიშვილის თეატრში, სადაც რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ "ჯარისკაცის ქვრივში" ზურიას როლი ათამაშა. ასე რომ, რაღაც სამსახიობო გამოცდილება მაინც ჰქონდა. ლანა ღოღობერიძემ ის ჯერ ფილმისთვის შეარჩია სკოლაში, შემდეგ კი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზეც შეათვალიერა. ბევრი კონკურენტი მყავდა, მაგრამ რატომღაც მე დამტოვესო, - მითხრა ბატონმა გელამ. თურმე, ყველას ეგონა, სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარებდა, - გამოცდის ჩაბარებაც არ დამჭირდებოდა, რადგან აკაკი ხორავას ჩემთვის ადგილიც კი ჰქონდა შენახული, მაგრამ მსახიობობას სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი ვამჯობინეო, - გამიმხილა.

მიამბო, - იმხანად ყველანი ახალგაზრდები და უდარდელები ვიყავით. რეჟისორი ბუბა ხოტივარი იქ მასობრივ ეპიზოდებში მონაწილეობდა. თენგიზ არჩვაძე ჩემთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი კაცი იყო. ძალიან დავმეგობრდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უფროსი იყო, თუმცა - არცთუ ბევრით. მისი დონის მსახიობი ამ თაობაში არც მეგულებაო. მახსოვს, სევდანარევი სიხარულით გაიხსენა ფილმის გადაღებები, - ქართლის ახალქალაქიდან დავიწყეთ, მერე სოხუმშიც ვიღებდით, ეშერაშიც, აფხაზეთის ტყეებში - თევზაობის ეპიზოდები იქ, მდინარის პირასაა გადაღებული. ძალიან ციოდა, წყალში ჩასვლის ეპიზოდს რომ ვიღებდით. - არ გაცივდესო, ჩაილაპარაკა, თურმე, "სოსოიას რუსმა, ანატოლიმ" - მსახიობმა გლებ სტრიჟენოვმა, ჩექმიდან "ჩეკუშკა" დააძრო და არაყი დამალევინა, არადა, ბავშვი ვიყავი და არაყს არ ვსვამდი. ერთმა ჭიქამ ტანში დამიარა და ისე შევხტი წყალში, თითქოს ტანკს ვუვარდებოდი. მოგვიანებით მეუბნებოდნენ, ანატოლიმ გაგალოთაო. დღევანდელი გადასახედიდან, არც მჯერა, რომ ის ბიჭი მე ვიყავი და ის პერიოდიც მე გამოვიარე! სულ სხვა ემოცია იყო მაშინ. ჩემს შვილებს, შვილიშვილებს, საერთოდ, ახალგაზრდებს რომ ვაკვირდები, სრულიად განსხვავებულები არიან, ჩვენ განცდაც კი სხვაგვარი გვქონდა. ჩემთვის დრამწრის სცენაზე უმნიშვნელო როლის თამაში იყო ყველაფერი და წარმოიდგინეთ, ამხელა ფილმში მთავარი როლი - ნოდარ დუმბაძის სოსოია მანდვესო!

sosoia11-45377-1719050145.jpg

თურმე ფილმამდე წაკითხული არც ჰქონდა "მე ვხედავ მზეს". - როლზე რომ დამამტკიცეს, მერე წავიკითხე. ვერ წარმოიდგენთ, როგორი პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა - 15 წლის ბიჭს ანცობაც მიყვარდა, გართობაც, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ცუდის გაკეთების უფლება არ მქონდა და ყოველთვის მობილიზებული ვიყავი. ცხონებულმა ჩემმა მშობლებმა ბავშვობიდანვე გამომიცხადეს ნდობა და დამოუკიდებელ ცხოვრებას მიმაჩვიეს. მცირეწლოვანი ვიყავი, მამაჩემმა თოფი რომ მანდოო, - ეს რომ მითხრა, მახსოვს, ჩავეკითხე, - ეტყობა, ძალიან გგავდათ სოსოია ან - პირიქით, თქვენ ჰგავდით მას-მეთქი და დამიდასტურა, - ასე გამოდის. შემდეგშიც, სოსოიას ამბავივით წარიმართა ჩემი ცხოვრება, მართლა ომი დაიწყო და ბევრმა უბედურებამ გადაიარა ჩემს კისერზე. პროფესიით არქიტექტორი კი ვიყავი, მაგრამ მაინც ხატვა ვარჩიე. ყოველთვის ნორმალურ ადგილას ვმუშაობდი, კარგ თანამდებობებზე, მერე კი... გავყიდე სახლ-კარი, ყველაფერი და ახლა ჯანმრთელობაც აღარ მივარგა - ოთხჯერ გადავიტანე ინსულტიო. სამწუხაროდ, ინსულტებმა ძალიან დაუმძიმა ჯანმრთელობის მდგომარეობა. რომ არ ენერვიულა, ვცადე, უფრო ხალისიან და სასიამოვნო მოგონებებზე გადაგვეტანა საუბარი. უპირველესად, ხატიას სოსოიაზე, ქალბატონ ლეილა ყიფიანზე ჩავეკითხე, როგორი იყო-თქო, და სახე გაუნათდა: ო, ხატია? მაგას ვენაცვალე! "ხატია" ზღაპარი გოგოა. მე და ლეილა ყიფიანს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, გადაღებისას დროსაც და მერეც. ეგეთი საყვარელი გოგო არა მგონია, კიდევ დაიბადოს. სულ პირმცინარი, თბილი და ლამაზი იყო. იმხანად ყმაწვილი ვიყავი, ასეთ ლამაზ და კარგ გოგონასთან რომ გათამაშებდნენ, შეუძლებელია, არ შეგყვარებოდა. ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი. გადაღებისას სიყვარულში გამოვუტყდი და იმდენი იცინა, მეწყინა და გავებუტე - ნახევარი ფილმი ისე გადავიღეთ, ხმა არ გამიცია, თუმცა ეს ამბავი არავის გაუგია. მერე მოსკოვში, ფესტივალზე შევრიგდით... ახლაც მერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ... ეს ყველაფერი იმდენი ხნის წინ იყოო! მეც "დავამშვიდე" ბატონი გელა, - ბავშვობაში ვის არ შეჰყვარებია-მეთქი! და იქვე დასძინა: თანაც, კარგი გოგო მიყვარდაო!

გადაღებების ამბებს თვალებგაბრწყინებული მიყვებოდა: თბილისში, პავილიონში ვიღებდით და არ მავიწყდება იპოლიტე ხვიჩია - რაც უნდა გაეკეთებინა, შეუძლებელი იყო, არ გაგცინებოდა... კიდევ, ლანა ღოღობერიძესთან ურთიერთობა მახსენდება კარგად. საოცარი ქალია, საყვარელი და მზრუნველი. გადაღების დასრულების შემდეგაც ძალიან ზრუნავდა ჩემზე. აკადემიაში ჩაბარებისას პრობლემები შემექმნა და ლანა დამეხმარაო.

გულწრფელად ჩავეკითხე, - მაინც რატომ არ ჩააბარეთ თეატრალურში-მეთქი? აღიარა, რომ მსახიობობაზე მეტად ხატვა უყვარდა, კარგად გავიცანი მსახიობის ცხოვრება და არ მომეწონა, ამიტომ სხვა ფილმებზეც უარი ვთქვი. მხოლოდ მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და ისევ ლანა ღოღობერიძის "ფერისცვალებაში" გადაღებას დავთანხმდი, ისიც იმიტომ, რომ პრაქტიკაზე არ წავსულიყავი და გია ფერაძესა და ჩემს სხვა მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი. სხვათა შორის, რეზო ჩხეიძემ "ღიმილის ბიჭებში" თემურის როლი შემომთავაზა, მაგრამ მერე რაღაც მოხდა და აღარ წავედი, ამიტომ ყველა დანარჩენ როლზეც უარი ვთქვიო..."

ღმერთმა გაუნათოს გზა ბატონ გელას მარადიული სამყოფლისკენ, გაუნათლოს სული და სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს.

მშვიდობით, ბატონო გელა, მშვიდობით, ჩვენო სოსოიავ!

P.S. "სად მიდიხარ, შენ, ჩემი სოფლის შარაგზაო, და საით მიგყავს ჩემი სოფელი. გახსოვს? ერთ დღეს შენ წამართვი ყველაფერი, რაც გამაჩნდა ამ ქვეყანაზე. მე გთხოვე მაშინ, შარაგზაო, და შენ დამიბრუნე, რაც შეგეძლო, და მე მადლიერი ვარ შენი", - ამბობს ნოდარ დუმბაძის სოსოია და მიდის "უსასრულოდ"...

ირმა ხარშილაძე