„სამწუხაროდ, ჩემი პოლიტიკური გემოვნების გამო ვიღაცებისთვის მიუღებელი გავხდი“ - გზაპრესი

„სამწუხაროდ, ჩემი პოლიტიკური გემოვნების გამო ვიღაცებისთვის მიუღებელი გავხდი“

ის თვლის, რომ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მისაღები იყო ქვეყანაში და ხელისუფლების პოლიტიკას სრულად იზიარებს. მისი შეფასებები ხშირად ისმის და ოპონენტები მას დასანქცირებას უწინასწარმეტყველებენ. როგორ აღმოჩნდა პროფესიით იურისტი ქალი პოლიტიკაში, რამდენად მოსწონს დღეს თავისი არჩევანი? - ამ და სხვა საკითხებზე თამთა მეგრელიშვილი გვესაუბრება.

- გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მამიდაჩემის, ნინო მეგრელიშვილის ქორწილში სტუმრად ჩასულ დედაჩემს მოულოდნელად დაეწყო სამშობიარო ტკივილები და მე შვიდი თვის, გურიაში მოვევლინე ქვეყანას. ალბათ შეუცნობლად, ამ დღიდან დაიწყო ჩემი და გურიის სიყვარული და ჩემს ცხოვრებაში მთავარ ადამიანებად ჩემი გამზრდელი ბებია-ბაბუა, რეზო მეგრელიშვილი და ლამარა ბერაძე იქცნენ. ემოციური ბავშვი ვიყავი და ბუნებასთან, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობამ ძალიან მგრძნობიარე გამხადა. ლაღი და თავისუფალი ბავშვობა მქონდა. თბილად მახსენდება და მუდამ კადრებად გასდევს ჩემს ფიქრებს, თუ როგორ ვისხედით მე, ბებია და ბაბუა ჩვენი სახლის მწვანეში ჩაძირულ ეზოში და ბაბუა მასწავლიდა ვაზის ჯიშების გარჩევას, ბებია - შუაცეცხლზე მჭადის გამოცხობას, რომელსაც საგანგებოდ გახურებულ კეცზე აკრავდა და კაკლის ფოთლებს უფენდა; საშობაოდ ერთად ვამზადებდით მთვარის ფორმისა და გულში ჯვრის გამოსახულებით გურულ ღვეზელებს. ჩვენს ოჯახში კალანდა, ანუ ძველით ახალი წელი, თავისი მნიშვნელობით გამორჩეული დღესასწაული იყო. საგანგებოდ იხარშებოდა ღორის თავი, ეწყობოდა სუფრა და დიდი სანათესავო ამ დღეს ერთად ვიყავით. ბებიას და ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, ჩემი ბავშვობა დასრულდა, მათ გარეშე ახლა ეს ყველაფერი სახეცვლილია, მაგრამ ჩემსა და გურიას შორის გაბმული სიყვარულის ძაფები დღემდე უწყვეტია...

თბილისში დავამთავრე საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია, შემდეგ - სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მოგვიანებით მაგისტრის ხარისხი ავიღე საჯარო სამართლის მიმართულებით. დღეს უკვე ვფლობ დოქტორის ხარისხს საჯარო მმართველობაში. ვარ არაერთი საერთაშორისო კვლევის ხელმძღვანელი. ჩართული ვიყავი და ვარ სხვა მრავალ აქტივობაში. მქონდა ბედნიერება, როგორც ლექტორს, მემუშავა დაწყებითი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან აუდიტორიაში.

- რატომ აირჩიეთ იურისტობა?

- მანქანით მიმავალ მამას ტრაილერი დაეჯახა და მან ის უმწეო მდგომარეობაში, ცეცხლწაკიდებულ მანქანაში დატოვა. ძალიან დიდი უბედურება დატრიალდებოდა, რომ არა ღვთისნიერი ადამიანები, რომლებმაც მამა გადამირჩინეს. ამ ინციდენტით იმდენად დაუცველად ვიგრძენი თავი, რომ გადავწყვიტე ადამიანები უსამართლობისაგან დამეცვა.

- როგორც იურისტის პირველი ნაბიჯები როგორი იყო?

- სამართალმცოდნეობის დასრულების შემდეგ ჩავაბარე საკვალიფიკაციო გამოცდა და ვირიცხები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის იურისტთა რიგებში. რთული, საპასუხისმგებლო და ღირსეული საქმეა ემსახურო სიმართლეს, დაიცვა ადამიანები და უკეთესობისაკენ შეცვალო მათი ცხოვრება. იყო დასამახსოვრებელი და მძიმე საქმეებიც. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ: ცოლზე განაწყენებულმა ქმარმა გაშორებულის სტატუსით, მათ შვილზე შური იძია, თანხმობა არ მისცა შვილს საზღვარგარეთ გამართულ ტანვარჯიშის შეჯიბრებაზე წასულიყო. ხშირად მიფიქრია, რომ ამ ბავშვს ამით იქნებ მამამ მომავალიც წაართვა. არ შეიძლება მშობლების უთანხმოებას შვილების ინტერესები ეწირებოდეს. ბევრი ბავშვი იჩაგრება ასე... ასევე, მძიმე სტატისტიკაა ძალადობის მიმართულებით და მივესალმები სახელმწიფოს პოლიტიკას, მაღალ დონეზე კურირებდეს ქალთა უფლებების დაცვის საკითხს. მე სულ ძიების პროცესს ვაგრძელებ, მინდა განვვითარდე, ახალი ცოდნა შევიძინო და ამ ძიებისას ახალ პროფესიას, სახელმწიფოs მართვას შევეჭიდე. ამ მიმართულებით დოქტორის ხარისხი უკვე მოვიპოვე და მივხვდი, ეს ის სფეროა, სადაც საკუთარი თავი ვიპოვე.

- როგორ აღმოჩნდით პოლიტიკაში? რატომ აირჩიეთ პარტია "ხალხის ძალა"?

- აქტიური ადამიანი ვარ, ვფიქრობ, სამართლიანიც და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველთვის ღიად ვწერდი, ვსაუბრობდი და დღესაც იმავეს ვაკეთებ. ღიად ვუჭერ მხარს სახელისუფლებო გუნდს და ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას არავისთან ვმალავ. ამჟამად წარმოვადგენ პოლიტიკურ პარტიას - "ხალხის ძალა” და ეს მეამაყება, რადგან დაარსების დღიდან დღემდე, ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა ქართული პოლიტიკისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. "ხალხის ძალამ” პოლიტიკურ-კულტურული გარდატეხა დაიწყო, როცა ხალხთან ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე, როგორც პირველადზე, ღიად საუბარი გაბედა და დაუფარავად ამხილა ქართულ პოლიტიკაში და მის გარეთ არსებული ყველა არაჯანსაღი ძალა. ჩვენი პარტია დღეს საზოგადოებაში დიდი ნდობით სარგებლობს. ეს არის ეროვნული ძალა, რომელსაც ითხოვდა ქართული პოლიტიკური რეალობა და საზოგადოება.

- მართალია, თქვენ ასე დადებითად წარმოაჩენთ თქვენს პარტიას, თუმცა ასე არ ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. ქუჩაში გამოვიდა ბევრი ადამიანი ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლის მხარდამჭერი თქვენც ხართ. იმ ფონზე, როცა ჩვენი ყველა სტრატეგიული პარტნიორი ამბობდა, ეს კანონი არ მიიღოთო, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ამ ეტაპზე მისი მიღება? ხომ შეიძლებოდა, თუნდაც მას მერე მომხდარიყო ამაზე მსჯელობა, როცა გაირკვეოდა ევროკავშირში საქართველოს ბედი?

- "გამჭვირვალობის შესახებ კანონმა" ჯერ კიდევ მიღებამდე, მიღებულ კანონზე კარგად იმუშავა და გამოააშკარავა არა მხოლოდ ადგილზე მოქმედი აგენტურა, იგივე ჯაშუშები, არამედ პირდაპირ მათი დამფინანსებლები. ეს კანონი გახდა მხილების აქტი ქართულ სახელმწიფოში ყველა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ძალისა და ის უსაფრთხოების ახალ სტანდარტს ქმნის. სახელმწიფოს მოღალატეობის ასე ახლო კადრით დანახვამ და გააზრებამ მკვეთრად შეცვალა პროტესტის მონაწილეების, მათ შორის, უშინაარსოდ, მაგრამ გულწრფელი ემოციით გამოსული ახალგაზრდების პროცესისადმი დამოკიდებულება. ისინი ქუჩაში გამჭვირვალობის კანონის უარყოფის მიზნით აღარ გამოვლენ. მათ ამ პროტესტის უკან დაინახეს დიდი ფული, პოლიტიკურ აქტორთა კონკრეტული მითითება, გზავნილები და მიხვდნენ, რომ ისინი რაღაც უფრო დიდისთვის, კერძოდ, ფერადი რევოლუციისათვის იბრძოდნენ. გამჭვირვალობის კანონი არის უსაფრთხოების ახალი სტანდარტი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამართლებრივი აქტი, რომელიც მოურიდებლად ამხელს ყველა ანტისახელმწიფოებრივ ძალას და სწორედ ამისთვის, ასევე შეიქმნება ახალი, სამართლებრივი სტანდარტი გამოვლენილი ჯაშუშების სამართლებრივად დასასჯელად. გამჭვირვალობის კანონი არის ღირსების აქტი, რომელიც სახელმწიფოს სუვერენიტეტს და მშვიდობას შეგვინარჩუნებს.

- თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს კანონი დაგვაშორებს ევროპას და ამერიკას. ამაზე რას იტყვით?

- ერთია თქმა და მეორეა არგუმენტები. არც ერთი ექსპერტისგან არ მოგვისმენია წონადი არგუმენტი, რატომ არის ცუდი გამჭვირვალობა ან ის, რატომ არის ევროპისთვის, მაგალითად საფრანგეთისთვის მისაღები და არარუსული, ხოლო ქართული სახელმწიფოსთვის მიუღებელი და მაინცდამაინც რუსული?..

- სანქციები მოჰყვა ამ კანონის მიღებას. პირადად თუ შეგეხებათ სანქცია, როგორც პოლიტიკოსს, როგორ შეხვდებით ამ გადაწყვეტილებას?

- სანქცირებულთა სიაში არ ვიცი, რამდენად ვარ. ოპოზიციური სპექტრის ინფორმაციით, უნდა ვიყო, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს, რადგან მირჩევნია ჩემს ქვეყანას შეუნარჩუნდეს სუვერენიტეტი, ხარისხობრივი დამოუკიდებლობა, ღირსება და მე თუნდაც აშშ-ში არ მივდიოდე. არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის და მერწმუნეთ, ეს საკითხიც გადაიხედება.

- პოლიტიკოსი ქალის ამპლუა რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის?

- ჩემი სადოქტორო ნაშრომი "ქალის როლი საჯარო მმართველობაში" ჩემთვის გახდა მაგალითი იმისა, რომ პოლიტიკაში ქალის როლი განუზომლად დიდია. მეტიც, სახელმწიფოს ღირსებაა ქალი სრულფასოვნად მონაწილეობდეს პოლიტიკაში ყველა დონეზე და მიმაჩნია, რომ ასათვისებელია დიპლომატიის ის ხარისხი, რისი ჩადებაც პოლიტიკაში ქალს შეუძლია. მართალია, ბევრი რამ გაკეთდა ქართულ პოლიტიკაში ქალის სრულყოფილი მონაწილეობისათვის, თუმცა კიდევ მეტი შეიძლება. მინდა მეტი ქალი იყოს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. "დიპლომატია ქუსლებზე“ თუნდაც სამშვიდობო მიმართულებით ძალიან საჭიროა. რაც შეეხება ჩემს ამპლუას, მე ვიპოვე ის საქმე, რაც მიყვარს, გამიმართლა გუნდში, სადაც ყველა ჩვენგანის როლი სამართლიანადაა გადანაწილებული და მაინც, პოლიტიკაში ქალის როლი მარტივი არ არის. არ მოგატყუებთ, იყო სირთულეებიც, თუმცა დღეს ეს უკვე ჩემი ცხოვრების წესია და ეს ისაა, რაც გადავლახე, რაც მინდა და რაც მიყვარს.

- გვიამბეთ ოჯახზეც...

- ოჯახი ჩემი ციხესიმაგრეა და ეს პრინციპი განცდის დონეზე თითქოს კოდირებულიც მაქვს. სიმშვიდე მოაქვს ჩემთვის ოჯახთან ყოფნას. დედა, მაია ცინცაძე და მამა - ავთო მეგრელიშვილი არქიტექტორები არიან, ორივე ხატავს და თამამად ვამბობ, რომ ხელოვანი ხალხის ოჯახში გავიზარდე. საბედნიეროდ, მე და ჩემს დას, მარიტა მეგრელიშვილს გაგვიმართლა და მათ სიყვარულში აღვიზარდეთ. ყველაზე პრაგმატული მიდგომითაც კი ვთვლი, რომ ძალიან კარგი ოჯახი მყავს და მე მათში გამიმართლა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას - ადრეულ ეტაპზე იყო ლამაზი სიყვარულის ამბავი, რომელიც დასრულდა და საჩუქრად დღეს ჩვენ შვილი, ანანო მაისურაძე გვყავს. ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე, ის ჩემთვის სამაგალითო შვილია და ვმადლობ მისთვის უფალს. ანანო 16 წლისაა, ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავადაზნაურთა სკოლა-ლიცეუმში სწავლობს.

- თუ გრჩებათ დრო ოჯახისთვის და როგორი დედა ხართ?

- ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ყოველდღე შევძლო შვილთან განმარტოებით საუბარი, დასვენების დღეებში, როგორც წესი, თუ ამინდი ხელს გვიწყობს, ქალაქგარეთ გავდივართ. ვფიქრობ, რაც შვილს სჭირდება, ყურადღება, მეგობრობა და მზრუნველობაა და მე ანანოს ამას არ ვაკლებ. აქედან გამომდინარე, ალბათ ცუდი დედა არ ვარ.

- როგორი დიასახლისი ხართ?

- გურმანი ვარ და მიყვარს გემრიელი კერძების მომზადება. როგორც ამბობენ, ცუდად არ გამომდის. ჩემთვის ერთგვარი კომფორტია სახლში ყოფნა და გემოვნებიანი მუსიკის თანხლებით საქმის კეთება.

- რა არის თქვენი გატაცება?

- მიყვარს ჩანახატების, ნოველებისა და ლექსების წერა. ბავშვობიდან ვწერ ჩემთვის, თუმცა ერთი მოკრძალებული კრებულიც მაქვს. თავისუფალ დროს კითხვა და წერა სულის სიმშვიდე, სრული ჰარმონიაა.

- ვინ იყო თქვენი ლექსების პირველი შემფასებელი?

- პირველი შემფასებელი ჩემი ბავშვობის სიყვარული იყო, ისიც წერდა და ერთმანეთის მიმართ სიყვარულს ამ ფორმით გამოვხატავდით.

- სიყვარულმა დაგაწყებინათ ლექსების და ჩანახატების წერა?

- მანამდეც ვწერდი, მაგრამ არავის ვაჩვენებდი, ჩემთვის ვინახავდი, მერე თანამოაზრე რომ გამომიჩნდა, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს ბავშვურ შემოქმედებას. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, ეს ნაწერები ძალიან წრფელია და მართალია. საჯაროობაზე არ მაქვს პრეტენზია, ვწერ ჩემთვის. კრებული სახელწოდებით „სულის ანარეკლი“ 2021 წელს გამოიცა. რედაქტორ გამომცემელი პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებიაა, რომელმაც მაღალ დონეზე შეაფასა ჩემი ნოველები და ლექსები.

- კმაყოფილი ხართ თქვენი განვლილი გზით? რას შეცვლიდით, რომ შეგეძლოთ?

- კმაყოფილი ვარ განვლილი გზით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არაფერს შევცვლიდი. იყო შეცდომები, რომლებსაც არ დავუშვებდი, ახლა ამის შესაძლებლობა რომ მოეცათ. საერთოდ, განვლილ ცხოვრებაზე ფიქრი ერთგვარი ვალდებულებაა, უკვე გაკეთებულზეც და გასაკეთებელზეც დაფიქრება გვმართებს. ამ პროცესს სინანული მოაქვს და საცხოვნებელ გზაზე ეს დიდი მადლია და საჭიროცაა.

img-7970-copy-1719050335.jpg

- როცა საქმე პოლიტიკას ეხება, ბევრი ადამიანის აზრი არ ემთხვევა ერთმანეთს, ამის გამო კონფლიქტი ხშირად მოგდით ახლობლებთან ან მეგობრებთან?

- სამწუხაროდ, ჩემი პოლიტიკური გემოვნების გამო ვიღაცებისთვის მიუღებელი გავხდი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მე მათ გემოვნებას არ ვეხებოდი და დიდად არც მაინტერესებდა, მაგრამ რა გაეწყობა... მე ვფიქრობ, რომ სწორად ვარ იქ, სადაც ვარ და მეტიც, ჩემი არჩევანის არ მრცხვენია. მიმაჩნია, რომ ჩემი გუნდი ეროვნული ენერგიის მობილიზებას ახდენს და ქართული ინტერესებით სახელმწიფოს უკეთესი მომავლისთვის ბევრ რამეს გავაკეთებთ, მე ამისთვის მზად ვარ, ამიტომ უაზრო პოლემიკას თავს ვარიდებ. მერე რა, თუ პოლიტიკური გემოვნების გამო ვიღაცებმა მოღალატედ გამომაცხადეს, შეურაცხყოფა მომაყენეს, თუ მოღალატეობა სამშობლოს სიყვარულია, მაშინ მე მათგან ასეთი რეაქციებისთვისაც მზად ვარ.

- თუ დაგიკარგავთ პოლიტიკის გამო ახლობელი?

- კი, დამიკარგავს, მაგრამ ეს მხოლოდ მათი არჩევანი იყო და არა - ჩემი.

- რას ვერ აპატიებთ ადამიანს?

- უფალი ყველა ცოდვას შეუნდობს მონანულს და ამ გადასახედიდან მე ვინ ვარ, რამე არ ვაპატიო ადამიანს, მაგრამ ალბათ, მკვლელს ვერ შევუნდობდი.

- სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ...

- ვაპირებ კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო პოლიტიკურ პროცესებში, მინდა ჩემი მცირე წვლილი შევიტანო ადამიანების უკეთესი ცხოვრებისთვის. თუ ჩემი ქვეყნის და ადამიანთა მცირედი წრისთვის რაიმე ფასეულს გავაკეთებ, ვიტყვი რომ ცხოვრება შედგა. ხელებგაშლილი მადლიერი ავხედავ უფალს და ვეტყვი: ღმერთო გამოგვივიდა! მადლიერი ვარ და აქ ვარ!

თეა ხურცილავა