ისტორია უკვე დაწერილია - გზაპრესი

ისტორია უკვე დაწერილია

და დღეს საქართველო პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთში. შემთხვევითი არაა, რომ არ დავწერე "საქართველოს ნაკრები" და დავწერე "საქართველო". დიახ, დღეს მთელი საქართველო წერს ახალ ისტორიას, რადგან ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია, მას თვალყურს მილიონობით ადამიანი ადევნებს და აქედან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია. ეს ყველა ქართველი გულშემატკივრის ოცნება იყო და ახდა. ახლა უკვე ამ დღის მნიშვნელობას ის ხალხიც იაზრებს, ვისაც მანამდე ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებდა. მთელი საქართველო ერთიანია ერთი მიზნის გარშემო.

როცა თქვენ ამ სტატიას წაიკითხავთ, პირველი თამაშის შედეგი უკვე გეცოდინებათ და ბევრი რამ უფრო ნათელი იქნება, კერძოდ კი ის, რას უნდა ველოდოთ ჩვენი ნაკრებისგან ამ ევროზე, მაგრამ როგორც უნდა დასრულდეს ჩვენთვის ეს პირველი მოგზაურობა, ის მაინც ისტორიული იქნება და ამ ფაქტს ვეღარაფერი შეცვლის.

ალბათ ძალიანაც სიმბოლურია, რომ ევროპაში ჯერ ფეხბურთელები შედიან და იმედია, მალე მთელი ქვეყანაც შევალთ. საბერძნეთთან მოგებული ფინალის მერე ზეიმზე ხვიჩა კვარაცხელიას ნასროლმა ლოზუნგმა: "სად მივდივართ? ევროპაზე!" მალევე შეიძინა პოლიტიკური დატვირთვა და აქციებზე ხშირად ისმოდა: "სად მივდივართ? ევროპაში!.."

დღეს მთელი სტატიის ფეხბურთზე დაწერა მინდოდა, მაგრამ როგორც კი ეს დავაპირე, გამახსენდა ნაცემი აქტივისტები, ხელისუფლების მხრიდან მათ წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიები, დასავლეთის გამოცხადება "გლობალური ომის პარტიად", ევროპისკენ სავალი გზის ხელოვნურად დაბლოკვა; გამახსენდა, როცა საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, იმის მაგივრად, ყველას ამ ამბით გვეცხოვრა და გაგვეხარა, ხელისუფლებამ ე.წ. რუსული კანონი რომ შემოაბრუნა და ქვეყანა არია, ხალხი ერთმანეთს წაჰკიდა, ქუჩებში ხალხს პოლიცია და ზონდერები მიუსია, საკუთარ ხალხს ტერორი მოუწყო და ეს სიხარული არ შეგვარგო.

ოღონდ ეს ტერორი მხოლოდ ფიზიკური არაა. წინა კვირას დავწერე სტუდენტ ნიკო მანაგაძეზე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და მერე ფსიქოლოგიური ტერორიც მოუწყვეს, მის წინააღმდეგ დედის ფაქტორი გამოიყენეს, რომელიც ამ მთავრობის მხარდამჭერი აღმოჩნდა. ამის მერე რაღა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ ხელისუფლებამ ეს მაინც მოახერხა. ამერიკიდან დაბრუნებულ ვანო ჩხიკვაძეს, რომელიც კონგრესში გამოვიდა და ეს ხელისუფლება ამხილა, აეროპორტში "ტიტუშკები" დაახვედრეს, რომლებმაც მას მოღალატე და "სერგო ორჯონიკიძე" ეძახეს. იქვე სასწაულებრივად შემთხვევით გაჩნდნენ სამთავრობო არხები, ეს ყველაფერი გადაიღეს და მერე საკუთარ ეთერებში გააშავეს ის ორი ადამიანი, ვინც ამერიკის კონგრესში ამ ხელისუფლებაზე ცუდი ილაპარაკა; მიწასთან გაასწორეს, მოღალატეებად გამოაცხადეს, - აქაოდა, ქვეყანა "ჩაუშვეს", საკუთარ ქვეყანაზე გარეთ ცუდი ილაპარაკესო.

ის, რასაც ხელისუფლება, მისი ყველაფრის მკადრებელი პროპაგანდისტები და ასევე ყველაფრის მკადრებელი სამთავრობო მედია ამ ორი ადამიანის მისამართით აკეთებს, ჩვეულებრივი ნაძირლობაა. ადამიანებს ქვეყნის მოღალატეებად და ორჯონიკიძეებად აცხადებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ხელისუფლება ამხილეს. ტიპები ცდილობენ ქვეყანასა და მთავრობას შორის ტოლობის ნიშანი დასვან და მთავრობის მავნებლობის მხილება ქვეყნის ღალატად გამოაცხადონ. სოზარ სუბარმა ეთერშივე გამოაცხადა: ახალი შაჰ-აბასი გამოჩნდა ნატალია საბანაძის სახითო.

ანუ თქვენი ლოგიკით, რა გამოდის - ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და აქტივისტი, ვინც იმ "სისხლიანი ცხრა" წლის განმავლობაში ბრიუსელში ან ვაშინგტონში სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე საუბრობდა, ქვეყნის ჩაშვებით და ღალატით იყო დაკავებული? გამოაცხადეთ მაშინ ის ხალხიც მოღალატეებად. მიდით, გელოდებით! მაგრამ ამას თქვენ ვერ იზამთ, რადგან მთელი მაშინდელი ოპოზიცია ამას აკეთებდა. თქვენ უბრალოდ იმის იმედი გაქვთ, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს და რა საკენკსაც გადაუყრით, ყველაფერს შეჭამს. ასეთი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ ხალხზე და ამიტომაც ატენით იმ მდარე პროპაგანდას, რომელიც სამთავრობო მედიიდან იღვრება. იგივე სოზარ სუბარი მშვენივრად დადიოდა ბრიუსელში და სააკაშვილის რეჟიმის ცუდ საქმეებზე ჰყვებოდა. ჰოდა, რა გამოდის, ქვეყანას აშავებდა და ქვეყნის წინააღმდეგ მიდიოდა?..

P.S. წარმოდგენაც არ მინდა, რა გველოდება წინასაარჩევნოდ, რა ცოდვის კალოს დაატრიალებს ჩვენი ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტები, რა ცილისწამების ნიაღვარი წამოვა, ამიტომ გირჩევთ, მაქსიმალურად დატკბეთ ფეხბურთით, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგს მიაღწევს იქ საქართველო. ისტორია უკვე დაწერილია, ახლა მისი შედეგით უნდა დავტკბეთ და ჩვენს ქვეყანას პირველად ვუგულშემატკივროთ ევროზე.