"ბარემ ძველ დროს დავუბრუნდეთ და ვინც არ მოგვწონს, ყველა ლინჩის წესით გავასამართლოთ!" - გზაპრესი

"ბარემ ძველ დროს დავუბრუნდეთ და ვინც არ მოგვწონს, ყველა ლინჩის წესით გავასამართლოთ!"

მაისში გამართული მრავალათასიანი აქციების შემდეგ, ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში სიმშვიდემ დაისადგურა. ზოგი ამას საფეხბურთო ციებ-ცხელებას აბრალებს, ზოგი კი მოახლოებულ არჩევნებს, რომელმაც ბევრი რამ უნდა გაარკვიოს. ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე პოლიტიკოსი დავით ჭიჭინაძე გვესაუბრა:

- ბატონო დათო, მთელი საქართველო შეშფოთებული ადევნებდა თვალს აქციის მონაწილეთა ცემის ფაქტებს, რომელიც მერე თბილისის ქუჩებშიც გაგრძელდა. ხომ არ არის საშიშროება, რომ ძალადობა მომავალშიც გაგრძელდეს და ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს?

- გეთანხმებით, ძალადობა ურთიერთობის ისეთი ფორმაა, რომელიც სიკეთით არასდროს მთავრდება. როცა ოპონენტებს შორის ასეთი მძაფრი დაპირისპირებაა და პოლიტიკური დებატების ნაცვლად, მოწინააღმდეგეს მუშტით უსწორდებიან, ეს პროცესი დიდი ხიფათის შემცველია. როცა შენ ცდილობ, ახალგაზრდობას, ანუ შენი ქვეყნის მომავალს ასე გაუსწორდე, იმ მომავალში შენი ადგილი აღარ არის; იმ მომავალში შენ არ აღგიქვამენ, როგორც ხელისუფლებას. როცა მომავალ თაობას ვერც სიტყვით არწმუნებ და ვერც საქმით, როცა მასზე არ ზრუნავ, ეს უკვე დასასრულია. ხელისუფლებაში ყოფნა რა არის? - მუდმივი ზრუნვა შენი ქვეყნის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ მომავალ თაობებს ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ. იმიტომ გირჩევენ რაღაც გამოასწორო, რომ სამუშაო ადგილები შექმნა და შენს ხალხს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნა, მაგრამ როცა შენ მიერ არჩეულ გზას მომავალი თაობა არ ეთანხმება, კომპრომისზეც უნდა წახვიდე. ცემა-ტყეპით ახალგაზრდებს ვერ მოუგებ - ეს გამორიცხულია. როცა მათ მიმართ უსამართლობას სჩადიხარ, აუცილებლად დამარცხდები!

- თქვენი აზრით, რით დასრულდება ეს სიტუაცია?

- ალბათ მოძალადეებს ისეთ სანქციებს დაუწესებენ, რაც მათთვის დამანგრეველი იქნება, ახალგაზრდები კი, დღეს იქნება თუ ხვალ, გამარჯვებას იზეიმებენ. რატომ? - მომავალი მათია. დიდი ილიასი არ იყოს, "აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია" და ეს მომავალი ამ ახალგაზრდობას ეკუთვნის.

- თქვენც ფიქრობთ, რომ ცემა-ტყეპა მათ შესაშინებლად გამართეს?

- თვითონ არიან მშიშრები და ამიტომ ჰგონიათ, რომ სხვასაც შეაშინებენ. საერთოდ, შენს ერს კარგად უნდა იცნობდე, როცა ამ ერის ხელისუფალი ხარ. როცა პრემიერ-მინისტრი პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც კი დაცვით დადის, ცხადია, მას ჰგონია, რომ სხვებსაც ადვილად შეაშინებს, რაც დიდი შეცდომაა: ქართველ ერში სიმხდალე ყოველთვის სირცხვილი იყო. გადავხედოთ ჩვენს წარსულს, თუნდაც, ჩვენი სპორტსმენების წარმატებას და საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ უშიშარი, ძლიერი ერის შვილები ვართ? "ოცნების" დეპუტატები იმის გამო ღელავდნენ, რომ მათ ახალგაზრდები ქუჩაში ხვდებოდნენ და "მონას" ეძახდნენ, ამის გამო შეიძლება ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდე? ის ადამიანი ასე ფიქრობს და პოლიტიკოსებს თმენის ვალდებულება ხომ აქვთ? მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი მანდატებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებენ და საქართველოს ინტერესებს ყიდიან. ამიტომ, საზოგადოება მათ არ ეთანხმება. მე არ მესმის, როგორ შეიძლება შენს მომავალს ასე უმოწყალოდ უსწორდებოდე და ეს არ გაწუხებდეს?

- ამ ახალგაზრდებს საყვედურობენ, რომ გრძელი თმა აქვთ, საყურე ან ტატუ აქვთ გაკეთებული...

- კრიტიკოსებს შევახსენებ, რომ მოდა ყოველთვის იცვლებოდა და იცვლება: ახალგაზრდა ბიჭები 1960-იან წლებშიც დადიოდნენ გრძელი თმით, თავიანთ თავს "ჰიპებს" ეძახდნენ და ჰიპების მოძრაობაშიც იყვნენ ჩართული. გავიდა ხანი და მოდაში სულ სხვა სტილი შემოვიდა: ბევრი დადიოდა გადაპარსული თავით და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ახალგაზრდებს ყველა ეპოქაში გამოხატვის სხვადასხვა მეთოდი ჰქონდათ, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ადამიანს გემოვნება ეცვლება და იერსაც იცვლის. გარეგნობის გამო შეიძლება ადამიანი დაამცირო და ცემა-ტყეპით გაუსწორდე? საინტერესოა, უცხოეთში რომ ჰყავთ შვილები სასწავლებლად გაგზავნილი, ისინი როგორ დადიან? ჩავიდნენ და იმათ უტყაპუნონ თავში... ასეთი დაუნდობლობა არავის შერჩენია და ამათაც არ შერჩებათ. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან იმიტომ, რომ გამორიცხულია, ძალადობრივი მეთოდებით დიდხანს გაძლონ. ამ ახალგაზრდებს ერთი ადამიანი კი არა, მთელი სისტემა სცემს! მმართველი პარტია გახდა მოძალადე - უბედურება ესაა, თორემ 2-3 ადამიანი რომ იყოს, იმათ როგორმე გამოვასწორებდით. სავალალო ის არის, რომ სისტემა ჩამოყალიბდა მოძალადედ და საკუთარი ხალხის მტრად.

- "ოცნების" წევრები დასავლელ პარტნიორებსაც მწვავედ აკრიტიკებენ და უპირისპირდებიან.

- მერყევები არიან: აქ აკრიტიკებენ, მაგრამ ევროპაში რომ ჩადიან, იქ რატომ არ ახსენებენ "ომის პარტიას"? ცხადია, სიმხდალის გამო, სიმხდალე კი, ყველაზე ცუდი რამ არის - ეს ყველაზე არაქართული მოვლენაა. თუნდაც ამიტომ არ არის "ქართული ოცნება" ქართული ძალა. იცით, მე რა მიკვირს? - ჯერ რომ ლანძღავენ და მერე ევროპაში გამართულ კონფერენციებზე მიდიან. თუ ვინმეს ლანძღავ, მაშინ მასთან აღარც უნდა მიხვიდე. ასე კომუნისტებიც კი არ იქცეოდნენ - დასავლეთს ისინიც ლანძღავდნენ, მაგრამ იქ საერთოდ არ მიდიოდნენ. ალბათ, ასე ამტკიცებენ, რომ მაგარი ბიჭები არიან და ევროპელების შიში არა აქვთ, მაგრამ იქ რომ მიდიან, რატომ ებოდიშებიან?

- ამბობენ, ძალადობა ძალადობას შობსო, თითქოს, ლოგიკური არგუმენტია...

- კი მაგრამ, როცა ხელისუფალი ძალადობას ძალადობით პასუხობს, ესე იგი, ის კარგი ხელისუფალი არ არის. ბარემ, ლინჩის წესებს დავუბრუნდეთ და ეგ იქნება. რა საჭიროა, ვითომ რომ იურისტობენ და რაღაც კანონებს წერენ? - ძველ წყობას დავუბრუნდეთ და ვინც არ მოგვწონს, ყველა ლინჩის წესით გავასამართლოთ. ახალგაზრდებს ყველაზე სახიფათო ადგილას - თავში ურტყამენ, რაც მერე არავინ იცის, რა დაავადებებს გამოიწვევს. ამიტომ ვამბობ, რომ მათ მომავალი არა აქვთ, რადგან არც ერთი ახალგაზრდა თანატოლების ცემას არ აპატიებს. ძალადობის გამოც პასუხს აგებენ, რაც მოპარული და მითვისებული აქვთ, იმის დაბრუნებაც მოუწევთ.

- რას ეტყოდით მათ, ვინც თავის გასამართლებლად, წინა ხელისუფლების დროს მომხდარ დანაშაულებს იხსენებს? თუნდაც, გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და სხვა ახალგაზრდების მკვლელობებს?

- კი მაგრამ, თვითონ არ იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობაში"? ეს ის ხალხია, რომელიც თავის დროზე სააკაშვილს უმშვენებდა მხარს. უბრალოდ, ამ ბოროტებას თვითონ არ სჩადიოდნენ. როცა გირგვლიანი დაიღუპა, 2006 წელი იყო, ეს ხალხი 2007-2008 წლებში სააკაშვილის მხარეს იდგა, მის საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა და აგიტატორადაც მუშაობდა. ამ ადამიანების წარსულს რომ გადახედავ, ცხადი ხდება, რომ ისინი "ნაციონალებმა" გამოუშვეს თავიანთი რიგებიდან, მაგრამ სულითა და ხორცით "ნაციონალებად" დარჩნენ. უმეტესობა "ქართულ ოცნებას" 2016 წლიდან შეუერთდა და მათი ვინაობა ყველამ კარგად იცის.

- დიდი კამათი მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას, რას გვეტყვით ამის თაობაზე?

- რომ შეიძინა, მშვენიერია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ინდულგენცია მიიღო? თუ შენს მომავალ თაობას ებრძვი და ანადგურებ, ამას ხელნაწერების შეძენა ვერ უშველის. იმ წიგნში რაც წერია, ის მაინც წაიკითხონ ყურადღებით. ერთმა პარლამენტარმა ისიც კი დაწერა, იოანე ზოსიმე V-VII საუკუნეებში ცხოვრობდაო! - 2-3 საუკუნე ვინ ცოცხლობს, ის მაინც გვითხრან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, ის მაშინ იყო მძლავრი, როცა აფიშირებას არ ახდენდა, ამიტომ გამოუცხადა ქართველმა ხალხმა ნდობა და ხელისუფლებაც ამიტომ ჩააბარა. ამ ხელნაწერის შეძენას ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგი დასჭირდა, მაგრამ რამდენი მილიონი აქვს მოპარული თითოეულ დეპუტატს, ახლა ისიც დავთვალოთ. ნებისმიერი ტენდერიდან შეიძლება იმაზე გაცილებით დიდი თანხის მოგება, რაც ამ ხელნაწერზე დაიხარჯა.

- დღეს ყველას გვაწუხებს ერთი კითხვა: დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები წერტილოვანი და ინდივიდუალურია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობაზე ცუდად ხომ არ აისახება?

- ვინც ფიქრობს, რომ სანქციები თითოეულ ოჯახზე არ იმოქმედებს, წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს სანქციები: როგორ შეიძლება ქვეყნის ელიტა დასანქცირებული იყოს და თითოეული ადამიანის ყოფაზე ეს არ აისახოს? ისინი ამ ქვეყნის ნაწილი არ არიან? ეს არის კატეგორია, ვისთანაც საქმეს არავინ დაიჭერს. რომ ვეღარ იმოგზაურებენ, ეს არავის აინტერესებს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სისტემაშია ჩართული, როცა ამ სისტემებში აღარაფერი გვესაქმება და რა სარგებელსაც ვიღებთ, იმასაც ვერ მივიღებთ, ეს ჩვენს ჯიბეზე არ აისახება?! სანქცირებულ ადამიანთან საქმის დაჭერას ყველა ერიდება, რომ თვითონაც არ მოჰყვეს ამ სიაში. ასე რომ, ეს კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. ერთადერთი იმედია, რომ იქნებ ჩვენი ხალხი და ქვეყანა დაინდონ. თუ დასავლეთი ჩვენს ინტერესებს არ გაითვალისწინებს, აშკარაა, რომ ხალხს და სახელმწიფოს დიდი პრობლემები შეექმნება.

a42fca71ef9addbde0e75a92d7916c97-xl-copy-1719050707.jpg

- ამასობაში ოქტომბრის არჩევნებიც მოვა...

- გგონიათ, რომ არჩევნებით რამეს დათმობენ? - მე არა მგონია! ერთი კითხვა მაწუხებს: რატომ განელდა ახალგაზრდების შემართება და პროტესტი? - რომ დაიშალნენ, ხელისუფლებამ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათი სათითაოდ დაჭერა და ცემა-ტყეპა. სანამ ერთად იყვნენ, სანამ აქციები იყო, დაცულები იყვნენ. დაჰპირდნენ, - დაიღლებით და მერე გცემთო, სწორედ ასე მოხდა... ამ ხელისუფლებამ ყოველთვის შეძლო ხმების მიტაცება და ახლაც არის საფრთხე, რომ არჩევნები გააყალბონ. ყველაფერი წაიღეს, ყველაფერი მოიპარეს, რაც კი შეეძლოთ, საარჩევნო ხმების ჩათვლით! სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკური სპექტრი ფინანსების იმედზეა და არა - ხალხის. არჩევნები საქართველოში ძალიან ძვირი სიამოვნება გახდა. იმ პარტიებს, რომლებიც მართლა ხალხზე არიან ორიენტირებული, რესურსი არა აქვთ, ამიტომ, მე დიდი იმედი არ მაქვს, რომ არჩევნებით რაიმეს მივაღწევთ. ალბათ, მერეც საბრძოლველი გვექნება. ამიტომ, ყველა ჯანსაღი ადამიანი უნდა გაერთიანდეს, ყველა, ვისაც ერთი აგურის დადება და ერთი კაცის დარწმუნება მაინც შეუძლია, ერთმანეთის გვერდით უნდა დადგეს. მოგეხსენებათ, საარჩევნო ადმინისტრაცია როგორ არის დაკომპლექტებული: ყველაფერი ისევ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმებით წყდება. 2021 წელს ახალი ხელისუფლება გვეყოლებოდა, ოპოზიცია პარლამენტში რომ არ შესულიყო. აბა, რა გითხრათ? - ასეთი სამარცხვინო პოლიტიკური ელიტა საქართველოს მგონი, არასდროს ჰყოლია, ამიტომ, გამოსავალს ახალ სახეებში, ახალ თაობაში ვხედავ - ქართველ ახალგაზრდებს გაცილებით მეტი სურვილი და შემართება აქვთ, ქვეყანაში სიტუაცია რომ შეიცვალოს, ვიდრე ოპოზიციას.

- ესე იგი, თქვენც ფიქრობთ, რომ ქართულ პოლიტიკას ახალი სისხლი სჭირდება?!

- აუცილებლად, მაგრამ თუ ახალგაზრდას წინა თაობის იმედი არა აქვს, მისადმი პატივისცემას კარგავს და ეს ძაფი წყდება. მე ქართველი კაცი უფროსის პატივისცემის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მთელი ჩვენი კულტურა ხომ ამაზეა აგებული - მეგობრობაზე, სიყვარულსა და უფროსის პატივისცემაზე, ამიტომ, ამ ბრძოლაში ყველა თაობა უნდა ჩაერთოს - ყველამ ერთად უნდა ვიხსნათ ჩვენი სამშობლო ამ ხელისუფლებისაგან!

ხათუნა ჩიგოგიძე