ძირს ბუღალტერია! გაუმარჯოს რომანტიკას! - გზაპრესი

ძირს ბუღალტერია! გაუმარჯოს რომანტიკას!

რატომ "ძირითადად" და არა სრულად, ამას მალე გაიგებთ.

ალბათ ყველამ ნახა, რა ძალა აქვს სპორტის ამ სახეობას, როგორ გააერთიანა ერი და ბერი, ქალი და კაცი, "ნაცი" და "ქოცი"... არა, ვიტყუები. ყველა გააერთიანა, "ნაცის" და "ქოცის" გარდა. ისინი ამჯერად ბუდუმ გაყო. "ნაცები" ფიქრობენ, რომ ბუდუ ზივზივაძეს მწვრთნელი პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ ათამაშებს. ამ რწმენაში კიდევ უფრო განმტკიცდნენ, როდესაც მეორე თამაშში ის შეცვლაზეც კი არ შემოიყვანეს. და აი, აქ დაგვერხა! დაიწყო სასწაული შეთქმულების თეორიების გავრცელება.

ზოგადად, ნაკრების წარმატებამ და ევროზე გასვლამ კარგი ის მოიტანა, რომ ფეხბურთით ისეთი ადამიანებიც დაინტერესდნენ, აქამდე ეს თამაში 22 გადარეული კაცის მიერ ბურთის დევნა რომ ეგონათ. შედეგად ფეხბურთის შედარებით ახალბედა გულშემატკივრების მხრიდან ამ დღეებში ბევრი გულუბრყვილო კითხვა დაისვა და აზრი გამოითქვა (მაგალითად, რა უნდოდა ჩვენს მეკარეს სხვის საჯარიმოში? რამდენად ჯდება კაცურ გაგებაში თურქების მიერ ცარიელ კარში გოლის გატანა და ა.შ.), მაგრამ ეს სულაც არაა ცუდი. პირიქით, უნდა მივესალმოთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ასე შეაყვარა და მოანდომა ამ სპორტის გულშემატკივრობა მთელ ქვეყანას.

მე ამ სტატიას სამშაბათობით ვწერ, პორტუგალიასთან თამაში კი ოთხშაბათსაა. ასე რომ, როცა მას წაიკითხავთ, თქვენ უკვე ყველაფერი გეცოდინებათ. ითამაშა თუ არა ბუდუმ, გავედით თუ არა ჯგუფიდან, ჩვენი ნაკრების რომელმა წევრმა მოახერხა რონალდოსთან მაისურის გაცვლა (ნახევარი ნაკრები მისი ფანია ბავშვობიდან)... მანამდე კი ამ საფეხბურთო ისტერიამ ის მოიტანა, რომ მთელი ქვეყანა ფეხბურთთან ერთად ბუღალტერიითაა დაკავებული. ყველა ითვლის, რა უნდა მოხდეს სხვა ჯგუფებში, როგორ უნდა დასრულდეს თამაშები, რომ თუ ჩვენ პორტუგალიას ვერ მოვუგეთ, მაინც გავიდეთ. სრული ისტერიკაა, მიდის თითებზე ანგარიში და თვლა. ამ დღეებში ფეხბურთის გულშემატკივრების ერთი ნაწილი თავს ვდებთ საუკეთესო ტაქტიკოსობაზე და მეორე ნაწილი - საუკეთესო ბუღალტრობაზე.

მინდა გითხრათ, რომ პრინციპულად არ შევდივარ საფეხბურთო ბუღალტერიაში და არც ვაპირებ. რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა მეც მინდა, მაგრამ უფრო მეტად ნაკრების კარგი თამაში მსურს. პორტუგალიასთან ნაკრების პროგრესს ვგულშემატკივრობ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ იქნებ ცოტა ბურთი მეტად გავაგოროთ, ცოტა მეტად შევუტიოთ, ვიდრე ჩეხებთან იყო. სულ ესაა. უდიდესი შედეგი იქნება, თუ მსოფლიო პრესას ვათქმევინებთ, ეს ნაკრები შემთხვევით არ მოხვედრილა ევროპის ჩემპიონატზეო და გავიჩენთ გულშემატკივრებს სხვა ქვეყნებშიც. თბილისის "დინამო" მთელ საბჭოთა კავშირში იმიტომ კი არ უყვართ, რომ "თასების თასი" მოიგო (რუსებს, ბელორუსებს და ყახაზებს ეს ნაკლებად ადარდებდათ), იმიტომ უყვარდათ და ახსოვთ დღემდე, რომ ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. მისი ყურება ნეიტრალურ გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებდა. შედეგები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ სინამდვილეში ესაა ფეხბურთში მთავარი - ესთეტიკა! ამიტომ ძირს ბუღალტერია! გაუმარჯოს რომანტიკას!

თურქეთთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, ჩეხეთთან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ არ წავაგეთ. ის კი არა, კინაღამ მოვიგეთ. ამით ყველაფერია ნათქვამი ფეხბურთზე. იმედია, პორტუგალიასთან თამაშში ჩვენს სიტყვას ვიტყვით და ნეიტრალური გულშემატკივრების გულებშიც კვალს დავტოვებთ, ხოლო თუ ჯგუფიდანაც გავალთ, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება...

P.S. დავასრულებდი ამ სტატიას ამ კეთილ ნოტაზე, მაგრამ პოლიტიკამ მაინც ყველაფერი გააფუჭა. ორშაბათს გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ასახულია ჩვენი ნაკრების წევრები - მამარდაშვილი და კვარაცხელია ბიძინა ივანიშვილის უმცროს შვილთან, ცოტნესთან ერთად. ამ ფოტოში ცუდი და უცნაური არაფერი იქნებოდა, ის გერმანიაში შეკრებაზე რომ არ იყოს გადაღებული? ყველა გულშემატკივარს გაუჩნდა კითხვა: მეც შემიშვებენ, რომ ჩავიდე? თუ ასე თავისუფლად შეუძლიათ გარეშე პირებს შეკრებაზე შესვლა და ფეხბურთელებთან სურათების გადაღება, გერმანიაში ათასობით ქართველი გულშემატკივარია და რომ მიადგნენ ნაკრების სასტუმროს, შეუშვებენ ყველას? არა, ხომ? მაშინ ფედერაციამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვას, როგორ მოხვდა შეკრებაზე უცხო ადამიანი? თუ "მეფის" შვილისთვის ყველაფერი შეიძლება? ქვეყანა ვართ, თუ ერთი კაცის სასულთნო?