ხის დაფები ქართული ორნამენტებით
არა მხოლოდ კერძების მრავალფეროვნებაა თვალში საცემი, არამედ სერვირებაც და ამიტომ ვიზუალურ მხარეს დიდი ყურადღება ეთმობა. კაკლისა და მუხის ხისგან დამზადებული სერვირების მასიური დაფები, ქართული ორნამენტების გრავირებით ცოლ-ქმრის - თამთა ჭაჭუასა და ერეკლე მაღლაკელიძის იდეითა და ძალისხმევით იქმნება. დღესდღეობით სხვადასხვა ფერისა და ზომის დაფებზე 23-მდე ქართული ორნამენტია და მათი რაოდენობა ეტაპობრივად კიდევ გაიზრდება.
თამთა ჭოჭუა:
- პროფესიით მარკეტერი ვარ, მაგრამ როგორც უმეტეს შემთხვევაში, შემოქმედებით ბავშვობიდან ვარ გატაცებული. ერთხელაც გადავწყვიტე ჩემი ჰობი პატარა ბიზნესად მექცია და დაახლოებით 2015 წელს ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება დავიწყე, რაშიც მოიაზრებოდა ჯერ ქალის სამკაულები, შემდეგ ლეპტოპის პლანშეტების ჩანთები და მოგვიანებით საბავშვო დეკორი. ეს ბრენდი დღემდე "მომყვება". 2019-ში ჩემს მეუღლეს გაუჩნდა იდეა, შეგვექმნა თანამედროვე ქართული სუვენირი, რომელსაც ექნებოდა ფუნქციონალური დატვირთვა და თან იქნებოდა ქართული სულის მატარებელი, ეროვნული ელემენტები. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქართულ სუვენირებში მოიაზრება: ყანწი, ხანჯალი, მაცივრის მაგნიტები და ა.შ., ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კაკლისა და მუხის ხისგან სერვირების დაფები, რომელიც ქართული ორნამენტებითაა გრავირებული. თავდაპირველად მათი ძიება ინტერნეტით დავიწყე, შემდეგ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სხვადასხვა წიგნში. შერჩეული და მოწონებული ორნამენტები გავაციფრულე და მათი დაფებზე გრავირება დავიწყეთ. ორნამენტების წარმომავლობა მეტად გასაგები რომ ყოფილიყო, შევქმენით ეკომეგობრული შეფუთვაც, დაფებს ნაჭრის ჩანთაში ვათავსებთ, ქრაფტის ქაღალდზე დაკრულ სტიკერზე კი მითითებულია ორნამენტის ისტორია: თუ რომელ საუკუნეშია აღმოჩენილი, რომელ ძეგლსა თუ ტაძარზეა და ა.შ. ასევე არის ქიუარ-კოდიც, რომლის დასკანერების შემდეგაც, ტელეფონი გუგლის რუკის იმ ლოკაციაზე გადაგიყვანთ, სადაც კონკრეტული ორნამენტია აღმოჩენილი. ამ ყველაფერში დიდი შრომა ჩავდეთ. დაფების ბრენდი 2020 წლის აგვისტოში ჩავუშვით, მაგრამ მანამდე იდეას დაახლოებით 3 წელი ვამუშავებდით. თავდაპირველად ჩვენი პროდუქციის გაყიდვა ონლაინსამყაროში დავიწყეთ. შემდეგ მონაწილეობა მივიღე ქალი მეწარმეების სხვადასხვა გამოფენაზე, მათ შორის იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული გამოფენა, რომლის დროსაც ჩვენი ბრენდი ძალიან ბევრმა უცხოელმა გაიცნო და 2021 წლის დადგომისთვის კორპორაციული შეკვეთები მივიღეთ. ამ ფაქტმა წარმოების გაზრდის შესაძლებლობა მოგვცა. უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროდუქცია გათვლილია ძირითადად ტურისტებსა და ემიგრანტებზე, თუმცა, ქართველი მომხმარებელიც ბევრი გვყავს, რომელიც ჩვენს პროდუქციას უმთავრესად სასაჩუქრედ ყიდულობს. ასევე წარმოდგენილი ვართ ონლაინსივრცეში სხვადასხვა პლატფორმაზე და ქართული სუვენირების მაღაზიებში. დაახლოებით 2 თვის წინ კი თბილისში, ჩვენი პატარა მაღაზიაც გავხსენით, სადაც ჩვენი პროდუქციის ადგილზე შეძენაც შესაძლებელია.
ყველაფერს მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებთ, მაგრამ როცა კორპორაციული შეკვეთებია, დასახმარებლად კიდევ 2 ადამიანს მივმართავთ და შეკვეთას ერთად ვასრულებთ. ჩვენ ბეთანიაში მიწა გვაქვს და სურვილი გაგვიჩნდა, სამომავლოდ იქ მცირე საწარმო ავაშენოთ, სადაც ჩვენთან ერთად 3-4 ადამიანიც დასაქმდება. ხის დამუშავებასა და სხვა ფიზიკურ შრომაში ისინი შეგვეშველებიან, ხოლო ჩვენ მხოლოდ გაყიდვებსა და მენეჯმენტზე გვექნება აქცენტი აღებული.
ანა კალანდაძე