სროლა ფსოუზე, მოკლული "ცხენოსნობის მაფიოზი" და "პლაჟების ომი" აფხაზეთში - გზაპრესი

სროლა ფსოუზე, მოკლული "ცხენოსნობის მაფიოზი" და "პლაჟების ომი" აფხაზეთში

ადგილობრივების თქმით, თითქოს ეს უკვე ტრადიციაა - რეგიონში გავლენიანი დაჯგუფებები ერთმანეთში სისხლისმღვრელ ბრძოლას იწყებენ. არაერთხელ ჩაცხრილეს ადამიანები საკუთარ ავტომანქანებში, ღია კაფე-რესტორნებში, ესროლეს ქუჩებში, რასაც ძალიან ხშირად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. მომხდარის შემდეგ დაკავებულებს სასჯელის სიმბოლურ ვადას აძლევენ, რომელსაც კრიმინალებისთვის ძალზე კომფორტულ ადგილას, დრანდის ციხეში ატარებენ ან მას შემდეგ, რაც სიტუაცია ჩაწყნარდება, გარკვეული თანხით აღწევენ თავს.

ბოლო შემთხვევა ასეთია - ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვართან მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, მათ შორის მცირეწლოვანი დაიჭრა. ე.წ. პოლიციას თავდამსხმელები იდენტიფიცირებული ჰყავს და მათ ეძებენ.

ადგილობრივების თქმით, ცნობილია, რომ რუსულნომრიანი მანქანის მისამართით, აფხაზეთში პოპულარული, საცხენოსნო სპორტის მეპატრონის, ასლან კამლიას შვილი ისროდა. კამლია ყოფილ ე.წ. ხელმძღვანელობასთან, რაულ ხაჯიმბასა და მის კლანთან ძალზე დაახლოებული პირი იყო. მისი ორგანიზებით ჩატარებულ საცხენოსნო შეჯიბრებას, რომელიც აფხაზეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ე.წ. პოლიტიკური ელიტა არასდროს აკლდება. აფხაზები ცხენოსნობას ტრადიციების შენარჩუნებად და წინაპრების პატივსაცემ საქმედ მიიჩნევენ.

კამლიას, რომელიც აფხაზეთის დამსახურებული მწვრთნელი და არაერთი მედლის მფლობელია, ადგილობრივები ირონიით "ცხენოსნობის მაფიოზსაც" უწოდებდნენ, რადგან წლების განმავლობაში ევროპიდან ჯიშიანი ცხენები ჩამოჰყავდა. "არ არის გამორიცხული, რომ კამლიების ოჯახის აწყობილ ბიზნესს ვიღაც ახალი კადრი ეპოტინებოდა, რაც უმცროსმა კამლიამ არ მოითმინა", - წერენ ადგილობრივები. მათივე თქმით, კამლიების ოჯახის წევრები დღემდე საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობენ, თუმცა ისე, როგორც სხვა კლანურ მმართველობებში, ხელმძღვანელი პირების შეცვლას ბიზნესის წართმევის ტრადიცია სდევს ხოლმე თან აფხაზეთში და ადგილობრივთა თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ბჟანიას კლანიდან ვინმე ამ ბიზნესის ხელში ჩაგდებას ცდილობდეს. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრში ჩანს რუსულნომრიანი მანქანა, რომელსაც ტყვია მძღოლის მხარეს აქვს მოხვედრილი. ვიდეოს ავტორი ჰყვება, რომ მისმა ახლობელმა დაინახა, როგორ მოხვდა ტყვია ფეხში მცირეწლოვან გოგონას და შუახნის კაცს, რომელიც ხმაურზე შეჩერდა და სროლის მიმართულებით იყურებოდა.

kamlia1-1719816421.jpg

კრიმინალურ ჭაობში მცხოვრები რეგიონის მოსახლეობა, ხელმძღვანელობისგან იარაღის ამოღებას შეცდომად მიიჩნევს და ე.წ. შსს-გან მათთვის იარაღის დაბრუნებას, მისი ტარების უფლებას ითხოვს, რადგან თავს დაუცველებად გრძნობენ. მათთვის სანდო და მით უფრო, საკმარისი არ არის ინფორმაცია, რომ ოკუპირებული გაგრის "პროკურატურამ" რუსეთის ე.წ. საზღვართან რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის, რობერტ კიუტის განცხადების თანახმად, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, სხვა თავდამსხმელები, ანუ კამლიას თანამონაწილეებიც "აფხაზეთის მოქალაქეები არიან", ფსოუს საზღვარზე მუშაობა მალევე აღდგა და უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს კიუტის არ სჯერა, რადგან რეგიონში ცნობილია ე.წ. კრიმინალურ ელემენტებთან მისი ახლო კავშირების შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა წერს, რომ ტურისტულ სეზონზე ამგვარი ფაქტები მათ ძალიან აზარალებს, მაგრამ ბჟანიას გუნდს ეს ნაკლებად ადარდებს, რადგან ოპოზიცია სუსტია და მათი რეიტინგიც ყოველდღიურად იკლებს. ამიტომაც, ასეთი შემთხვევის დროსაც კი, მათი ხელმძღვანელობა დღეგამოშვებით მოსკოვში დადის და თავიანთი ბიზნესშემოსავლის გაზრდასა და სტაბილიზაციას ცდილობს.

გაგრელი ირინა ბენია წერს, რომ 23 ივნისის შემდეგ, ღამე რეიდები არ შეწყვეტილა. ჩაკეტილი იყო ქალაქიდან გასასვლებებიც, თუმცა, აქვე დასძენს, რომ ე.წ. პოლიციის ობიექტურობის არ სჯერა, ვინაიდან არაერთხელ უნახავთ, თანხის აღების სანაცვლოდ, როგორ გაათავისუფლეს დამნაშავე.

- როდესაც ამაზე ვსაუბრობ, მეუბნებიან, ეს ვერ იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული, ალბათ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა, იჩხუბა ან რამე დაამტვრია, რესტორანს, კაფეს მატერიალური ზიანი მიაყენა და ამის გამო ციხეში ჯდომა არ ღირს, იქიდან გამოსწორებული არავინ გამოდისო. არადა, როგორც სხვა ბევრი რამ, ესეც თავის მოტყუებაა. იქ, სადაც ადრე ვცხოვრობდი, ნარკომანების ბუდე იყო. სულ რამდენიმე დღეში გავიგე ყველა სადარბაზო, გვარი, სართული, ვინ რომელ სახეობაზე მუშაობდა. შეიარაღებული ადამიანები მოდიოდნენ, დღისით, მზისით და ევაჭრებოდნენ. ზოგს "ნისიად" უნდოდა, ზოგი თანხის ნაწილს ტოვებდა, დანარჩენს ამ დღეებში მოგცემო. გამყიდველი უძალიანდებოდა, იყო გაწევ-გამოწევა, სროლა. გამოვიძახებდით პოლიციას და რამდენიმე საათის შემდეგ, ორი-სამი საწყალი, მხრებაწურული პატარა ბიჭი მოვიდოდა. არაერთხელ უთქვამთ: რას ელოდებით ჩვენგან, ანგარიშზე დასარეკიც კი არ გვაქვსო... მოკლედ, ნახევარი საათი დარჩებოდნენ, რაღაც ქაღალდზე ხელს მოაწერინებდნენ და სულ ეგ იყო. შემდეგ გავიგეთ, რომ მხოლოდ დებოში, ხმაური და უწესრიგობა ფორმდებოდა, სულ ეს იყო. ძლივს გავყიდე ის ბინა და სხვაგან გადავედი. ბოლომდე უსაფრთხოდ არსად ვართ, მაგრამ იმ უბანს ნამდვილად სჯობს.

ინგა გულია:

- როგორც კი აფხაზეთის საზღვარზე გადმოვდივართ, წესრიგისა და სტაბილურობის განცდა ხომ არავის გვაქვს, ვხვდებით, რომ კრიმინალური სიცილიის მსგავს პატარა კუნძულზე ვართ და სრულად შესაძლებელია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ატეხილ სროლას შევეწიროთ... ჩვენი ხელმძღვანელობა თვითმფრინავიდან არ ჩამოდის, დამნაშავეებს ვერ უმკლავდებიან, თანდათან მორალურად გადავგვარდით, თითქოს ყველაფერი მისაღები გახდა ჩვენთვის, სამაგიეროდ გვეუბნებიან, რომ სოხუმში აეროპორტს აგვიშენებენ, საიდანაც ჩვენ, რასაკვირველია, ვერ ვიფრენთ, ამით კი ისევ ბჟანია-კიუტის ოჯახის წევრები და რუსი ბიზნესმენები, ან სულაც, სამხედროები ისარგებლებენ. ჩვენ თურმე უნდა ვიამაყოთ, რომ ამ სეზონზე აფხაზეთში 100 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა. ეს იმიტომ ხომ არა, რომ ყირიმი რეგულარულად იბომბება და დამსვენებლები იქ ჩასვლას ვერ რისკავენ?..

პრობლემები შარშანდელზე მეტი გვაქვს - დენი კიდევ უფრო შემცირებული გრაფიკით მოგვეწოდება; დღე-ღამეში მხოლოდ რამდენიმე, უმეტესად, სამი-ოთხი საათით გვაქვს წყალი; ყველაფერი გაძვირდა; პლაჟები იმაზე მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე წინა წლებში იყო, თუ არ ჩავთვლით იმ მონაკვეთებს, რომელთაც გავლენიანი პირები ფლობენ, ისინი კი "უბრალო" ადამიანებს იმ ადგილას წამოწოლის უფლებასაც არ აძლევენ. ასე რომ, "პლაჟების ომსაც" მოვესწარით... სხვა ადგილებში უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის და ხალხი წამოწოლას, მზეზე მიფიცხებას ვერ ბედავს.

kamlia4-1719816436.jpg

ლენა ქეცბა:

- ცალკე თავსატეხად გვექცა რუსი გიდები, რომლებმაც აფხაზეთში გზებიც კი არ იციან, მაპით გადაადგილდებიან, მაგრამ თავიანთი ქვეყნიდან ტურისტები შემოჰყავთ, უკვე თავიანთ სასტუმროებში უმასპინძლდებიან, თავიანთი კვების ობიექტებში დაჰყავთ, ჩვენ კი ზედაც არ გვიყურებენ... ლუკმაპური წაგვართვეს და თურმე არ უნდა გავაპროტესტოთ... რაც მთავარია, აეროპორტს გვიშენებენ და თურმე, უმადურები არ უნდა ვიყოთ. მერე რა, რომ საჰაერო ტრანსპორტით ჩვენი პოლიტელიტა და რუსი მაღალჩინოსნები იფრენენ.

სროლების დროს მოკლული ასლან აკაბას კლასელის, ლევან ლაგვილავას თქმით, ის და აკაბა იმ პერიოდში გაიზარდნენ, როდესაც მათი თანატოლი ბიჭების გასართობი მხოლოდ ხულიგნობა და ნარკოტიკის მოხმარება იყო, მათ "დანაღმული ველი" ფრთხილად გაიარეს, ბევრი რამ ნახეს, მაგრამ გადარჩნენ. აკაბა პატიოსნად მუშაობდა და ოჯახს არჩენდა:

- მას სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ახლაც სამუშაოდ მიდიოდა და შემთხვევით ტყვიას ემსხვერპლა. დიახ, "შემთხვევით ტყვიას", რომელიც ათობით წელია უკვე, თითო-თითოდ გვხოცავს. ეს ხომ პირველად არ მომხდარა, ამ ხნის განმავლობაში არაერთი უდანაშაულო ადამიანი შეიწირა. ამას წინათ მომხდარს შეგახსენებთ: დააკავეს ომის ვეტერანი, რომელსაც შინ დატენილი, თვითნაკეთი პისტოლეტი ჰქონდა და არავინ იცის, რას აპირებდა... გარშემო ადამიანები ორმხრივ სროლებს აწყობენ, რომელსაც ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები ეწირებიან, თუმცა, შემდეგ ყველაფერი ძველებურად გრძელდება და ყველანი მშვიდად ველოდებით იმ დროს, როდესაც დამნაშავეები აფხაზეთს დატოვებენ, სადმე გაიქცევიან და იქ გააგრძელებენ ერთმანეთის ხოცვას... მათ, ვინც საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყვნენ, "მფარველები" ჰყავს, ეხმარებიან, "გამოაძვრენენ". ეს დანგრეული, მორალისგან დაცლილი სისტემა ფიზიკურად უსწორდება და სიკვდილამდე სცემს იმ ადამიანებს, ვისაც ამ მაფიოზებთან შედარებით, სიმბოლური დარღვევები აქვთ...

ადგილობრივების თქმით, უამრავმა ადამიანმა იცის, რომ 23 ივნისს, ფსოუს საზღვარზე გავლენიანი ადამიანის შვილი ისროდა და მამამისის განყოფილებაში დაბარებით, ძალიან მარტივად შეიძლება მისი პოვნა, დაკავება, თუ უკვე რუსეთში არ არის გადასული. თუმცა, საცხენოსნო სპორტის მფლობელს, როგორც ჩანს, ე.წ. პროკურატურასა და შსს-შიც ჰყავს სანაცნობო წრე და თავად პოლიციასაც არ სურს გამოძიების სწორი მიმართულებით წაყვანა. ამიტომაც, ისრების სხვებზე გადატანას ცდილობენ.

საქმე ის არის, რომ მომხდართან დაკავშირებით რამდენჯერმე ითქვა რუსი სამხედროების წვლილზე, რომელთა მიმართაც ადგილობრივებს არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ ხმამაღლა ამაზე საუბარს ერიდებიან.

ზემფირა ჩაჩიბაია:

- აქ ვიღაცები რუსი სამხედროების წინააღმდეგნი არიან და პრობლემის სათავედ მიიჩნევენ, მათ წვლილს არავინ უარყოფს (მოსახლეობაში მუდმივად ვრცელდება ხმა, თითქოს ისინი რეგიონში იარაღს ყიდიან, რომლითაც შემდეგ არაერთხელ მომხდარა ორმხრივი სროლა, ძარცვა-ყაჩაღობა), მაგრამ ჩვენ ერთი მუჭა ხალხი ვართ და არ უნდა გვესმოდეს, რაზე მივდივართ?.. ეს სიტუაცია თქვენ მოგწონთ?.. ჩვენ ახალი მტერი არ გვჭირდება. ისედაც კარგად, თავგამოდებით და დაუნდობლად ვხოცავთ ერთმანეთს. აფხაზეთში წესრიგი არასდროს იქნება. ის ადამიანი, ვინც ფსოუს საზღვარზე ისროდა, რამდენმა ვიცით ვინ არის?.. მე მგონი, უმეტესობამ. მათ ოჯახს ვინ არ იცნობს, წლებია პოზიციები გამყარებული აქვთ და გავლენების დათმობა არ უნდათ. როდესაც კანონი არ არსებობს, საკუთარი თავის დასაცავად, თავად უნდა იბრძოლო, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ ამ ადამიანს არაერთხელ ჩაუდენია სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული, დაუკავებიათ კიდეც, მაგრამ "საჭირო პირების" ჩარევის შემდეგ, მალევე გამოუშვიათ. აფხაზეთში ყველაფერი რომ ფულით წყდება, ესეც ხომ ვიცით.

რუსი სამხედროების მიმართ გამოთქმულ აზრს მაშინვე გამოეხმაურა კიდევ ერთი ადგილობრივი მარინა კვარჩია - მისი თქმით, რუსი სამხედროები თავად "ხელისუფლებას" სჭირდებათ, რათა სავარძლები არ დაკარგონ.

"ჩვენ კი ღირსეული, თავის ხალხზე მზრუნველი პრეზიდენტი გვჭირდება და არა გასტარბაიტერი, რომელიც აფხაზეთზე მეტ დროს მოსკოვში ატარებს, ახლაც მოსკოვშია და გვერდითა ოთახიდან უსამძიმრებს პუტინს დაღესტნის ამბებს - გეგონება, ჩვენთან ნაკლები ხდება. ლამის ყოველდღე უგზო-უკვლოდ იკარგებიან ადამიანები, იხოცებიან ავტოსაგზაო შემთხვევებით, ნარკოტიკების მოხმარებით, მაგრამ ესენი ღრუბლებში დაფრინავენ. ჩვენი ხალხი, პირდაპირ რომ ვთქვა, სულელი აღმოჩნდა".

ლალი პაპასკირი